როგორ უნდა მოუაროთ კონდიციონერს, რომ დიდხანს გემსახუროთ და როგორ უნდა შეარჩიოთ - სპეციალისტის რჩევები მომხმარებლებს

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება კონდიციონერის ყიდვისას და რა უნდა გავითვალისწინოთ ექსპლუატაციის დროს - ამ და სხვა რჩევებს გვაძლევს კონდიციონერების ხელოსანი ბუხუტი ჯიჯელავა.

- ადგილი, სადაც ვაყენებთ კონდიციონერს, სწორად უნდა შეირჩეს და ამასთან ერთად, ელექტროობა უნდა იყოს მოწესრიგებული. ხანდახან უხარისხო დამაგრძელებელს იყენებენ და ეს აისახება კონდიციონერზე, წყობიდან გამოდის. ზოგადად, სჯობს მზიან მხარეს დააყენოთ, იმ ოთახში, სადაც ფანჯრებია და ცხელი ჰაერი შემოდის. ძირითადად, მისაღებ ოთახში ან ლოჯიაში აყენებენ.

- უფანჯრო ოთახში დაყენება შეიძლება?
- კონდიციონერის გარე ბლოკი როგორც წესი, შენობის გარეთ მონტაჟდება,
მაგრამ შეიძლება ვთქვათ, დერეფანში გადიოდეს, თუმცა ამ შემთხვევაში აუცილებელია სივრცე იყოს.

- კონდიციონერის შესაძენად 500 ლარი თუ ეყოფა ადამიანს?
- მინიმალური ფასი 800 ლარია. ამ ფასის კონდიციონერი ჰყოფნის 30 კვ.მ. ფართობს.

- როცა ამბობენ - კარგი კონდიციონერია, რა უპირატესობა იგულისხმება სხვებთან შედარებით?
- კარგია მაშინ, როცა შერჩეულია შესაბამისად, ე.ი. სწორად არის განსაზღვრული სიმძლავრე ფართობის მიხედვით. „ცუდია“, როცა 80 კვ.მ. ფართობზე დაყენებულია ისეთი კონდიციონერი, რომელიც გათვლილია მხოლოდ ოცი კვადრატულისთვის.

- რა სიმძლავრის კონდიციონერები არსებობს?
- მოსახლეობისთვის 4 ტიპისა გამოიყენება: 30კვ.მ.-ს სჭირდება 9000 BTU სიმძლავრის; 12000 - 40კვ.მ.; 18000 - 60კვ.მ. და 24000 - 80კვ.მ.

- პორტატულ კონდიციონერებზე რას იტყვით?
- ჩვენთან დიდად არ იყენებენ, იმიტომ, რომ ძალიან პატარა ფართზეა გათვალისწინებული - 5 კვ.მ. და არც ფასია მცირე. სამი წლის წინ, დაახლოებით 600 ლარი ღირდა, ახლა მეტი ეღირება.

- გამოძახებაზე მისული ხედავთ, რომ კონდიციონერი არასწორ ადგილზეა დამონტაჟებული, ეუბნებით კლიენტს?
-კი, ზოგი ითვალისწინებს ჩემ რჩევას, ბევრი - არა.

- დიდხანს რომ გვემსახუროს, რა წესები უნდა დავიცვათ?
- აუცილებელია, პირველ რიგში, ფილტრების გაწმენდა, მინიმუმ წელიწადში ორჯერ მაინც. ჩვენ ამას ყოველთვის ვეუბნებით მომხმარებელს, მაგრამ ან ავიწყდებათ ან ყურადღებას არ აქცევენ. ელექტროობის და გაწმენდის პრობლემებია ყველაზე ხშირად კონდიციონერის დაზიანების მიზეზი.

- ფილტრის გაწმენდას ხელოსანი სჭირდება?
- ამას თავადაც შეძლებთ, კონდიციონერს ხუფი ადვილად ეხსნება. ამოიღებთ ფილტრებს, გარეცხავთ, გაამშრალებთ და ჩადებთ. ვინც სახლში ჭურჭელს რეცხავს, ის ფილტრებსაც გარეცხავს. ეს არ არის პრობლემა, ხოლო გარეთა ბლოკის რადიატორის წყლით გაწმენდას შესძლებთ მაშინ, თუ ბინა დაბალ სართულზეა. სიმაღლეზე მუშაობას ხელოსანი სჭირდება, ამისთვის სპეცმანქანას ვიყენებთ.

- ვენტილატორი ან სოლენოიდი რამდენად ხშირად ფუჭდება?
- ორივე ძალიან იშვიათად ზიანდება, თუმცა ფილტრის შემდეგ ვენტილატორი ჭუჭყიანდება ყველაზე ხშირად და მისი გაწმენდა რთულია, მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია. ვენტილატორი შეიძლება გატყდეს მაშინ, თუ ბავშვმა სახაზავი შეყო, როცა ჩართულია.

- ტემპერატურა რამდენ გრადუსზე დაბლა არ უნდა დავაყენოთ?
21-ზე დაბლა არ უნდა იყოს, ზედა ზღვარი 24 გრადუსიდან და მეტი - ინდივიდუალურია.

- როცა დაზიანებას თავად განსაზღვრავს მომხმარებელი და ამ დროს, სულ სხვა რამ გხვდებათ, ასეც ხდება?
- როგორ არა, კონდიციონერი არ მუშაობს და მომხმარებელი მეუბნება, რომ ფრეონის დამატება უნდაო, სინამდვილეში - გასაწმენდია.

- რა პრობლემებს აწყდებით ხოლმე კლიენტების მხრიდან?
- მაგალითად, კედლის გახვრეტა არ შედის მონტაჟში, ეს ცალკე თანხა ღირს. კლიენტს კი არ უნდა ხოლმე თანხის დამატება!

- სასაცილო სიტუაცია არ შეგხვედრიათ?
- კონდიციონერი არ მუშაობსო, უთქვამთ და აღმოჩენილა, რომ პულტის ელემენტია დამჯდარი, გამომიცვლია და შესანიშნავად მუშაობდა...

- აუცილებელი რეკომენდაციები კიდევ ერთხელ ჩამოვაყალიბოთ.
- სანამ შეიძენთ, გასათვალისწინებელია: ოთახის ფართობი, ფანჯრების რაოდენობა და ზომა, ოთახის იზოლაცია, კონდიციონერის სიმძლავრე. სწორად ექსპლუატაციისთვის, ზოგადად, სახლის სისუფთავეს მიქციეთ ყურადღება. ვინც ბინას იშვიათად ალაგებს, ბევრი მტვერი გროვდება და ამ შემთხვევაში, უფრო ხშირად დასჭირდება გასუფთავება კონდიციონერის შიდა და გარე ბლოკებს. ხარისხს რაც შეეხება, შეიძლება ითქვას, რომ უფრო გამომდგარი და კარგი ხარისხის კონდიციონერებია იაპონური „დაიკინი“, „პანასონიკი“, „ჰიუნდაი“...

ნანული ზოტიკიშვილი

კომენტარები

dato 2022-06-17 14:41
ეგ ხელოსანი ნორმალურია? კედლის გახვრეტის გარეშე მონტაჟი შეიძლება? რა უნამუსობაა, კედლის გახვრეტაზე ცალკე ფულის მოთხოვნა? აბა გარე და შიგა მოწყობილობების კედელზე მიმაგრებას რა უნდა?

კომენტარის დამატება