"ჩემი შვილი ჩემი ნამუშევრების პირველი შემფასებელია..." - ხელოვანი დედის გზა ხატმწერობიდან დეკორატორობამდე

საოცარი სიზუსტით შესრულებული ხატები, განსხვავებული ტექნიკითა და ეკოლოგიურად სუფთა საღებავებით მოხატული სარკეები, მაქსიმალური სიზუსტით დაცული პროპორციები და ხეზე დატანილი ორნამენტები ხატმწერი-რესტავრატორისა და ფერმწერის, თამთა თოიძის შემოქმედების განუყოფელი ნაწილია. მის მიერ დაწერილი ხატები არა მარტო ტაძრებში, არამედ კერძო კოლექციებშიც ინახება, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ხატწერის რესტავრატორი ორნამენტებით რამდენიმე წლის წინ დაინტერესდა, ხის მოხატვის იდეა კი გამოცდილებამ უკარნახა.


– პროფესიით ხატმწერი-რესტავრატორი და ფერმწერი ვარ. მიყვარს ჩემი პროფესია, მაგრამ როდესაც ოჯახი შევქმენი, რესტავრაციის ექსპედიციებში უკვე ვეღარ ვახერხებდი წასვლას და ამიტომ ალტერნატიული
ვერსიის ძიება დავიწყე, რომ ოჯახს თვეობით არ დავშორებოდი. მეუღლესთან ერთად ახალ სახლში გადავედით და ინტერიერისთვის დაგვჭირდა ნივთები. ძიების პროცესში მივხვდი, რომ შემეძლო ისეთი რამის შექმნა, რაც ჩემთვისაც საჭირო და სასარგებლო იქნებოდა, თან კომერციული სახით მისი რეალიზებაც შემეძლებოდა. პირველი მცდელობა სარკის დიზაინის შექმნა იყო, რაც წარმატებულად განვახორციელე და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა შეკვეთების თვალსაზრისით. შემდეგ ჟურნალების მაგიდა გავაკეთე და ესეც წარმატებული აღმოჩნდა. მესამე მცდელობა სასაჩუქრე ჩანთებისა და საფულეების გაფორმება იყო და ასე ნელ-ნელა სხვადასხვა ნივთს და ინტერიერისთვის განკუთვნილ საგანს ვაფორმებდი და ვქმნიდი ჩემებურად.

– ხატვა როდის დაიწყეთ და დღეს რა ადგილი უკავია მას თქვენს ცხოვრებაში?
– ვხატავდი მთელი ცხოვრება, ეს უფრო ღრმა ბავშვობიდან მოდის და ასე ვთქვათ, ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ის ჩემთვის არის ძალა, რაც განცდებისა და ემოციების გამოხატვისა და თუნდაც განტვირთვის ყველაზე ჩემეული საშუალებაა.

– ხატწერით როდის დაინტერესდით?
– ეკლესიურ ოჯახში გავიზარდე და ხშირად დავყავდი მშობლებს ტაძარში. ვაკვირდებოდი ფრესკებს და ვგრძნობდი, როგორ აღფრთოვანებასა და მისტიკურ შეგრძნებას მმატებდა მათი ყურება. ხატი სხვა სამყაროში გამავალი რამ არის, ისეთი რაღაც, რაც სიტყვებით არ გამოითქმის და შინაგანად უნდა იგრძნო. მოკლედ რომ ვთქვა, ეს ის სამყარო იყო და არის, რაც წუთიერი სამყაროდან საუკუნო სამყაროში მიგიძღვება. მიხარია, რომ ეს არჩევანი გავაკეთე ცხოვრებაში და ხატმწერ-რესტავრატორი გავხდი.

– ფრესკებზე მუშაობის დროს რას გრძნობთ?
– ჩემი პროფესია ძირითადად ფრესკების რესტავრაციაა და მეამაყება, როდესაც ვიაზრებ, თუ რაოდენ დიდ საქმეს შევეჭიდე იმ პერიოდში, როცა ექსპედიციებში ვმუშაობდი. ისტორიული ნიმუშის აღდგენა განმაცვიფრებლად სხვანაირ სახიათზე განგაწყობს ამ წუთისოფლის მიმართ, სხვანაირად აღიქვამ სამყაროს... ეს ნამდვილად საპასუხისმგებლო და შრომატევადი საქმიანობაა.

– როგორც აღნიშნეთ, ხატავთ სარკეებს, ზარდახშებს და სხვა ნივთებს. ხატმწერს ხის მოხატვის იდეა რატომ გაგიჩნდათ?
– ხე ისეთი მასალაა, რაც ინტერიერს საოცრად უხდება, თან ხატწერაში ხეში შესრულებული ნამუშევრები უფრო ხარისხიანია და ეს მის სრულყოფილებაზეც მიანიშნებს.

– რა ტექნიკით იქმნება თქვენი ნამუშევრები?
– ვცდილობ, ბუნებრივი საღებავები გამოვიყენო, სახლში პატარა მყავს და პირველ რიგში მის გამო ვუფრთხილდები გარემოს, შემდეგ კი, რა თქმა უნდა, მომხმარებლებზე ვფიქრობ. თანაც მინდა, ჩემმა ნამუშევრებმა დროს გაუძლოს და ამიტომ ხარისხიან მასალებს ვიყენებ. როგორც გითხარით, მყავს შვილი _ შვიდი თვის დავითი, რომელიც ჩემი ნამუშევრების პირველი შემფასებელია (ისეთი მოუსვენარია, რომ საღებავებს და ნამუშევრებს ხელით ეხება). თუ ჩემი ნამუშევარი მოსწონს, ძალიან ამაღელვებლად გამოხატავს ამას. სწორედ მის გამო გადავწყვიტე, რომ ჩემი საღებავები ყოფილიყო ეკოლოგიურად სუფთა.

– მუშაობის დროს რა არის თქვენი ყველაზე დიდი მოტივაცია?
– ხელოვნების გარეშე არსებობა არ შემიძლია, ჩემი ცხოვრების განუყრელი თანამგზავრია, რომელიც განტვირთვისა და ემოციების გადმოფრქვევის საშუალებასაც მაძლევს. ეს ხშირ შემთხვევაში სამყაროს სიყვარულის ჩემეული გარდაქმნილი ვერსიაა.

– როცა თქვენს მიერ მოხატულ სარკეში იყურებით, რას გრძნობთ?
– პირველ რიგში, სარკეში სანამ ჩემს თავს შევხედავ, ორნამენტებს ვაკვირდები და მათ სხვანაირ ინტერპრეტაციაზე ვფიქრობ ხოლმე. ამ დროს ხშირად იბადება იდეები, გიპყრობს და გიზიდავს მისი ფერების იდუმალება. ეს არის ჩემი ორნამენტების საიდუმლო ხიბლი.
ესკიზებს არ ვიყენებ. როცა ჩარჩოს ან მასალას შევარჩევ, შემდეგ ინსტინქტურად ვმოქმედებ და ფერებსაც და ორნამენტებსაც მუშაობის პროცესში ექსპრომტად ვქმნი.

– როგორი მოსავლელია ასეთი, ხელით მოხატული ნივთები?
– როგორც ნებისმიერ ხელოვნების ნიმუშს ან ინტერიერის ინვენტარს უფრთხილდები, იგივენაირად ითხოვს ჩემი ნამუშევრები გაფრთხილებას.

– ოჯახის წევრებს თუ მოსწონთ თქვენი საქმიანობა, თუ გრძნობთ მათ მხარდაჭერას და რამდენად მნიშვნელოვანია ეს?
– რომ არა ჩემი ოჯახის მხარში დგომა, ამას ნამდვილად ვერ შევძლებდი.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
– სამომავლოდ ვგეგმავ სახელოსნოს გახსნას, სადაც მოეწყობა გამოფენები და მეყოლება მოსწავლეებიც, რადგან ჩემი საქმით დაინტერესებული ადამიანების რიცხვი უფრო და უფრო იზრდება.



მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება