გატაცება, რომელიც საყვარელ საქმედ იქცა - "იმდენ დადებით ემოციას ვიღებ, ეს მაბედნიერებს..."

ნათია ბედენაშვილი პროფესიით ექიმი და ეკონომისტია. ამასთან, გატაცებულია ხელოვნებით და ულამაზეს სამკაულებს ქმნის. არაერთი შთამბეჭდავი ნამუშევრის ავტორია. 

- არაერთი გატაცება მაქვს, მიყვარს ცურვა და თხილამურებით სრიალი. ვგიჟდები მოგზაურობაზე და ვცდილობ მოვინახულო სხვადასხვა ქვეყანა. ერთი პერიოდი გატაცებული ვიყავი ფოტოგრაფიით. მამამ პროფესიონალური აპარატიც კი მაჩუქა და ეს ჩემი გატაცება ძალიან გამომადგა ახალ წამოწყებაში - ჩემს მიერ შექმნილი აქსესუარების ფოტოებს თავად ვიღებ.
სამკაულები ყოველთვის მიყვარდა, შესაძენად მუდამ განსაკუთრებულს ვეძებდი, რათა გამელამაზებინა თითოეული დღე. ორიოდე წლის წინ დავიწყე სამკაულების დამზადება. ვანებივრებდი საკუთარ თავს და
მეგობრებს. ბევრჯერ მივიღე დადებითი შეფასება ახლობელი ადამიანებისგან. სწორედ მეგობრების და ოჯახის მხრიდან მიღებული მოტივაციის საფუძველზე გადავწყვიტე საკუთარი გვერდის შექმნა, სადაც ჩემს დამზადებულ ხელნაკეთ აქსესუარებს განვათავსებდი.
დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს მეგობრებს და ოჯახის წევრებს ჩემი ბრენდის დაარსებაში და მადლობა მინდა გადავუხადო მათ გვერდში დგომისა და იმ ენერგიისთვის, რასაც დღემდე ვგრძნობ.

შარშან ზაფხულში პირველი ფოტოები განვათავსე ფეისბუქის და ინსტაგრამის გვერდზე. სიმართლე გითხრათ, არ მოველოდი, თუ ამხელა მოწონებას დაიმსახურებდა თითეული ჩემი დამზადებული აქსესუარი. ბევრი კომენტარის, შეფასების და მოწონების ფონზე მეც უფრო მეტ მოტივაციას ვგრძნობდი და ვცდილობდი ყოველდღიურად სიახლე შემეთავაზებინა მომხმარებლისთვის. მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ ჩემი ოჯახის წევრები ჩაერთვნენ დასახმარებლად. დღემდე გვერდში მიდგანან და ყველანაირად ცდილობენ წვლილი შეიტანონ ამ საქმიანობის განვითარებაში.

- სამკაულზე მუშაობა რამდენად რთული აღმოჩნდა თქვენთვის?
- პირველი ეტაპი თითქოს იყო უფრო მარტივი, ჰობიდან დაწყებული ისტორია, მაგრამ გარდა აქსესუარის დამზადებისა, რომელსაც საკმაოდ დიდი დრო, ენერგია და კონცენტრაცია სჭირდება, აუცილებელი იყო ლოგოს დამზადება, შეფუთვაზე ზრუნვა და ა.შ. ისევ მეგობრების და ოჯახის წევრების დახმარებით ეს ეტაპიც მალევე გადავლახეთ. სამკაულებს ძირითადად ღამის საათებში ვამზადებ. დღისით სამსახურში ვარ. ბევრჯერ ყოფილა, დილის 3-4 საათზე დამიძინია, მაგრამ იმხელა დადებით ემოციებს ვიღებ, რომ ეს ამად მართლა ღირს.

- რა მასალას იყენებთ სამკაულების შესაქმნელად?
- როდესაც პირველად დავიწყე სამკაულების დამზადება, ზაფხულის პერიოდი იყო და მარტივი ბისერებით და სხვადასხვა აქსესუარით ვამზადებდი. მიყვარს ყველა ფერი, ჩემს გარდერობშიც ყველაფერი ფერადია. მაქსიმალურად ვცდილობ თითოეული მინერალი თუ სხვადასხვა დეტალი იყოს საუკეთესო. ძირითადად ვიყენებ ბუნებრივ და ნახევრად ბუნებრივ მინერალებს და ანტიალერგიულ უჟანგავ ფურნიტურას.

- არის ეს საქმე, რომელიც გინდათ, მთელი ცხოვრება აკეთოთ, თუ სხვა ინტერესებიც გაქვთ?
- მსიამოვნებს აქსესუარების დამზადების პროცესი, რაღაც განტვირთვას და სიმშვიდეს ვპოულობ ამ ყველაფერში. ინტერესები, რა თქმა უნდა, მაქვს, მაგრამ დღეს ეს საქმე მიქმნის დადებით გარემოს, მაძლევს პოზიტივს, ვიტვირთები ემოციებით და ვფიქრობ არ გავჩერდე, კიდევ უფრო მეტი ვიშრომო, კიდევ უფრო მეტი გავაკეთო, კიდევ უფრი მეტი შევქმნა და კიდევ უფრო მეტ ქალს გავულამაზო დღე ჩემი აქსესუარებით.






მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები