ქართველი ხელოვანის მიერ თექით შექმნილი საოცრად რეალისტური ნამუშევრები

ნელი ბაჩიაშვილი ახალგაზრდა ხელოვანია, რომლის ხელნაკეთი თოჯინები საოცრად რეალისტურად ასახავს ემოციას, ხასიათსა და სითბოს. ნელიკომ ჰობიდ დაწყებული საქმე ნელ-ნელა პროფესიად აქცია. მისი ნამუშევრები მნახველს გულგრილს არასოდეს ტოვებს.

- ვცხოვრობ თელავის რაიონში, სოფელ რუისპირში. ბავშვობიდან ვძერწავდი. ჩემი სათამაშო პლასტელინი იყო და ფიგურების აწყობა ძალიან მიყვარდა. შემდეგ თიხაზე დავიწყე მუშაობა. შემდეგ ტიხრული მინანქარი შევისწავლე, თაბაშირში კვეთა. ბოლოს დავინტერესდი თექით.


- გაიხსენეთ თქვენი პირველი ნამუშევარი.
- 7 წლის წინ მქონდა პირველი მცდელობა, რაც ნამდვილად არ იყო წარმატებული. თუმცა არ დავნებდი, გავაგრძელე მუშაობა საკუთარ
თავზე. ვცდილობდი, დამეხვეწა ფიგურები და ნელ-ნელა გავაუმჯობესე. შემდეგ პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევარი იყო ანიმაციური გმირი “დიდი გამყინვარებიდან“ - სიდი, რომელიც მალევე გაიყიდა. სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი. შემდეგ მომხმარებლის მოთხოვნას მივყევი. რისი შექმნაც სურდათ, მაწვდიდნენ იდეას და მე ვქმნიდი.




- თუმცა დღეს თქვენს ნამუშევრებში ცხოველები ჭარბობს…
- დიახ, ახლა ცხოველების ასლებს ვქმნი ფოტოს მიხედვით და ადამიანის პორტრეტულ თოჯინებს. ზოგადად ცხოველები ძალიან მიყვარს. ამჟამად 4 კატა და 2 ძაღლი მყავს. ეს რაოდენობა ხშირად მერყეობს. თუ ქუჩაში პატარა დაუცველი არსება შემხვდა, სახლში მომყავს, ვერ ვტოვებ, შემდეგ ვცდილობ გავაჩუქო. უამრავი ასეთი შემთხვევა მქონდა და ბევრი კარგი ადამიანი შემხვდა, ვინც იჩუქა და ბედნიერი ცხოვრება მისცა ჩემს გაჩუქებულ ცუგებს და ფისოებს.



თუ ვერ გაჩუქდა, ვიტოვებ ხოლმე. ხშირ შემთხვევაში მიკვეთავენ ისეთი ცუგების და ფისოების ასლებს, რომლებიც უკვე აღარ ჰყავთ. ამიტომ, მათთვის დიდ ემოციასთან არის ეს თოჯინები დაკავშირებული. იყო დრო, როდესაც ჩემი ფანტაზიით ვქმნიდი ნამუშევრებს, მაგრამ დიდი ხანია ამისი დრო აღარ მაქვს, რადგან მუდმივად დატვირთული ვარ შეკვეთებით. მადლობა ჩემს მომხმარებლებს ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის. ისინი მაძლევენ დიდ სტიმულს, რომ გავაგრძელო და განვავითარო ჩემი საქმე.






მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება