როგორ უნდა შეარჩიოთ სახლი, რომ არ მოტყუვდეთ - #თაკოსრჩევები


ოცნების ასრულება არასდროს არის მარტივი, თუმცა სახლის შერჩევა-ყიდვა თუ ასეთი რთული და სტრესული იყო ვერ წარმოვიდგენდი. ოცნებობ, რომ ერთ დღეს მოაგროვებ ფულს, მერე დაიწყებ ბინის ძებნას , რამდენიმე მათგანს დაათვალიერებ და ჰოპ, ერთ თვეში ახალი ბინის კარს გააღებ. ოჰ, რეალობა როგორ დაგანარცხებს ძირს. ეს ეტაპები სრულად გავიარე ოცნებიდან- ვარდისფერი სათვალის მოხსნამდე, ახლა კი გამოცდილება იმის საშუალებას მაძლევს, სახლის შერჩევის პროცესში რჩევები მოგცეთ.
1. პირველ რიგში მკაცრად შეჯერდით ოჯახის წევრებთან, რამდენ ოთახიანი და რა თანხის ფარგლებში უნდა შეიძინოთ ბინა. ვინაიდან, ძებნის

პროცესში მადა ყოველთვის იზრდება (იქნებ 5 000 დავამატოთ და უკეთესი ვიყიდოთ) ამ დროს კი თქვენ ძვირფას დროს კარგავთ თქვენთვის მიუწვდომელი სახლების ნახვაში. ამიტომ თუ მაგალითად 50 000 დოლარის ფარგლებში ყიდულობთ სახლს, 55 000 დოლარზე მეტი ღირებულების სახლის ძებნა-ნახვაზე დრო აღარ უნდა დაკარგოთ. ვინაიდან მფლობელი საშუალოდ დასახელებულ ფასს მაქსიმუმ 5 000 დოლარს დააკლებს (ფორსმაჟორის გარდა).


2. მკაცრად უნდა ჩამოყალიბდეთ რომელ, უბანს ანიჭებთ უპირატესობას. მაგ. 50 000- 60 000 დოლარით სამ და მეტ ოთახიან და ბინას თავისუფლად შეიძენთ გარე-უბნებში, შედარებით ახლო პერიფერიებში, დიდუბეში, დიღმის მასივში, საბურთალოზე, ისანში, ნაძალადევში და. ა. შ. ამიტომ გადაწყვიტეთ რომელი ტერიტორიაა თქვენთვის მისაღები და შეამცირეთ ძებნის არეალი. უბნის არჩევის პროცესში გაითვალისწინეთ მისი ეკოლოგიური მდგომარეობა, მისასვლელი გზების სიმრავლე (აარიდე თავი საცობებს), მცდარი ურბანული განვითარების საშიშროებას (ოცნების სახლი ერთ დღეს გეტოს რომ არ დაემსგავსოს), საზოგადოებრივი სივრცეების რაოდენობას ( ერთი საქანელა 50 ბავშვზე რომ არ იყოს გათვლილი). მაშ ასე, უკვე იცით რომელ უბანში ყიდულობთ სახლს, ეს ავიწროებს ძებნის არეალს.



3. აუცილებლად უნდა გადაწყვიტოთ , როგორ კორპუსში ყიდულობთ ბინას, იქნება ეს ძველი აშენებული, ახალი თუ მშენებარე. (იქნებ ჩემი პირადი მაგალითით დაგეხმაროთ ამ არჩევანში. მე საცხოვრებლად დიღმის მასივი შევარჩიე, ეს უბანი ახალ აშენებული კორპუსების სიმრავლით არ გამოირჩევა , ამიტომ 50000 $-ით ან უხარისხოდ ნაშენები ან ჩაუბარებელი კორპუსის 3 ოთახიანი მომდიოდა ან არადა კარგი კომპანიის 2 ოთახიანი ბინა 52დან -58 კვადრატამდე. ამიტომ ჩემს შემთხვევაში ძველი კორპუსი გადავწყვიტეთ და 80 კვადრატამდე სრული სამ ოთახიანი ბინის ძიებას შევუდექით).
4. დღეს ვისაუბროთ ძველ აშენებულ სახლებზე, ახალ კორპუსები და მათი პრობლემები ცალკე ბლოგს საჭიროებს. (აქვე ვინმეს, რომ არ ეგონოს ძველ კორპუსებს უწევს პროპაგანდასო, ჩემი შემდგომი სახლი აუცილებლად ახალ აშენებული იქნება. )


როცა ძველ აშენებულ კორპუსს ირჩევ, შედარებით ნაკლები თავის ტკვილია, საძიებო ნამდვილად არ გაქვს კორპუსი რეესტრში არის თუ არა გატარებული ან მერიას აქვს თუ არა ჩაბარებული.
1. კორპუსი დაათვალიერეთ საფუძვლიანად , ხომ არ არის დამსკდარი კედლები, სადარბაზოში ჩამოიარეთ ყველა სართული, ასე არა მარტო დაზიანებებს შეამჩნევთ სართულებზე, მეტ ნაკლებად სოციუმის შესახებაც მოიპოვებთ ინფორმაციას. თუ თქვენ ბოლო სართულებს ყიდულობთ, აუცილებლად ადით სახურავზე და თავად შეამოწმეთ მისი მდგომარეობა. (აღარ ვისაუბრებ ბოლო სართულის რისკებზე წყლის ჭავლის, ლიფტის თუ წვიმის შესახებ. )
თუ საშუალება გაქვთ, ჩადით სარდაფში. ძველი კორპუსების მთავარი პრობლემა სწორედ მწყობრიდან გამოსული საკანალიზაციო და წყლის სისტემებია, რომელიც ცუდ სუნსაც იწვევს და საძირკვლის მდგრადობასაც ასუსტებს.( ეს დეტალი უყურადღებოდ არ დატოვოთ თუ პირველს სართულს ყიდულობთ, თუ არ გინდათ სადარბაზოს კანალიზაცია თქვენს სააბაზანოში იხილოთ.)
2. შეეცადეთ გამონახოთ ნაცნობი ადამიანი კორპუსში, რომელიც მეტ ნაკლებად გეტყვით კორპუსის ავ-კარგიანობას. მნიშვნელოვანი ინფორმაციაა გაიგოთ, რატომ ყიდის ძველი მეპატრონე ბინას, ბევრ კითხვას გასცემს ეს პასუხს.



3. რა თქმა უნდა, ბინას ერთი ნახვით არავინ ყიდულობს, ამიტომ შეეცადეთ, ხელმეორედ მისვლა დროის სხვა მონაკვეთსა და ამინდში მოახერხოთ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საქმეში მაკლერები არიან ჩართულნი. კარგად იციან, რა დროს უკეთესი ჩანს კონკრეტული ბინა. მაგ. ( ერთ-ერთი კორპუსის მაღალ სართულზე ქარში ჭაღები საოცრად ქანაობს, ამიტომ მაკლერმა იცის რომ მყიდველი იქ ქარის დროს არ უნდა მიიყვანოს. ან მაგ. რემონტიან სახლს ძირითადად საღამოს საათებში განახებენ ასე ბევრი ნაკლი შეუმჩნეველია და ა. შ.)
4. კუთხის ბინის ყიდვისას კარგად  დააკვირდით მის კედლებს, ხომ არ სველდება ან ნესტიანდება. უმჯობესია, ესეთი ბინა შეამოწმოთ წვიმის დროს როგორც შიგნიდან ისე გარედან, თვალსაჩინო გახდება წვიმა კედლებს ასველებს თუ არა და რა გელით ზამთრის პერიოდში.
5. ყურადღება მიაქციეთ ეზოში საპარკინგე ადგილს, გამწვანებას მის მოპირკეტებას და ა. შ.


6. ძველ კორპუსში ხშირია მიშენება, ამიტომ სანამ ასეთ სახლს შეიძენთ, კომპეტენტურ ადამიანს შეამოწმებინეთ მისი მდგრადობა. ამის არ გათვალისწინება არ შეიძლება.
ზოგადად ძველი ბინის ყიდვისას შეამოწმეთ ის საკადატრო კოდით საჯარო რეესტრში, ( ზუსტი მისამართის მითითების შემთხვევაში საკადასტრო კოდს ამოაგდებს ) ნახავთ ბევრ საინტერესო ინფორმაციას, კორპუსის აშენების წელს, თქვენს სამეზობლოში თუ არის რეგისტრირებული ავტოფარეხები ან სახურავი, მერე რომ არ გაგიკვირდეს 8 სართულიანი 9-იანი რომ გახდება. შეამოწმეთ გარშემო ნაკვეთებიც სარეკრეაციო ზონაა თუ შესაძლებელია ხვალ კორპუსი ამოიზარდოს.
7.ზოგიერთი ბინა საჯარო რეესტრში ძველი აზომვითი ნახაზითაა დარეგისტრირებული (. მაგ. კომუნისტები საცხოვრებელ ფართში არ თვლიდნენ აბაზანას აივანს და სამზარეულოს დაა. შ. ამიტომ მისი ფართი 60 კვ. იქნება გატარებული. თანამედროვე აზომვით კი შესაძლოა 80 კვ მდე გამოვიდეს. ამიტომ ეს რეესტრში ძველ მეპარტონეს აუცილებლად გაასწორებით, მისი ვალდებულებაა. ხელახალი აზომვა 100 ლარამდე ჯდება, რეესტრში გატარება პლიუს 55 ლარი. ( თუ ბანკით ყიდულობთ ბინას, ამ დეტალს აუცილებლად შეგასწორებინებთ ბანკი. )
8. ძველ ბინაში შესვლისას როცა პატრონი გეუბნებათ, სრულად ახალი გარემონტებულიაო, იმის ნახევარი თუ გამართლდა, როცა დაიცლება, მადლობელი უნდა იყოთ. ამიტომ მზად იყავით ფსიქოლოგიურად. თუ ბინის "ხელის შევლებას" აპირებთ, არ ენდოთ მეპატრონის გამოცვლილ სანტეკნიკას . განსაკუთრებით ყურადღებით იყავით იმ ბინის მიმართ, რომელიც მეპატრონეს გაქირავებული ჰქონდა. პატარ პატარა "ბომბები" დაგხვდებათ ყველა კუთხეში.


9. ყიდვის შემდეგ გადაამოწმეთ რეესტრში, რამდენი ადამიანია ჩაწერილი ბინაში და მოაწესრიგეთ ეს საკითხი, მათ შორის როგორც წყლის კომპანიაში, ასევე დასუფთავების სამსახურში. შესაძლოა რამდენიმე თვე ტყუილად იხდიდეთ რამდენიმე სულის გადასახადს.
10. ძველი მეპატრონისაგან, თუ რა თქმა უნდა აქვს, დაიტოვეთ გაყვანილობის გეგმა, როგორც ცენტრალური გათბობის მილების, ასევე გაზის და წყლის მილების შესახებ. ზეპირად მაინც ჩაინიშნეთ, რომ მომავალში შემთხვევით ლუსმანით ან სხვა რამით არ დააზიანოთ.
11. გამოცვალეთ კარისა და აივნის საკეტი (გაქირავებულ ბინაზე მითუმეტეს).
12. ყურადღებით დააკვირდით კედლებს ფანჯრებთან, აბანოსთან სამზარეულოში, ნესტის კერებს რომ მიაგნოთ.
13. თუ რემონტს აპირებთ ( ამის შესახებ უკვე დავწერე წინა რჩევებში) დააკვირდით კედლებს და იატაკს სადაც უფრო გაშავებულია დაბინძურებულია, გაცვეთილია, ესეიგი ამ სახლში ისინი ყველაზე დატვირთული და ფუნქციური ნაწილია, მომავალი რემონტის დროს კი გაითვალისწინეთ, ეს ადგილები მეტად დაიცვათ ცვეთისგან და ხარისხიანი მასალები გამოიყენეთ.

თამარ თაბუკაშვილი

კომენტარები

მარინა 2020-11-14 11:44
ამდენი ხანი კარკასებს ვყიდულობ ვარემონტებ და ვყიდი არც ერთ გამყიდველს 5000$ არ დაუკლია დიდი შეღავათია თუ 500 ან 600$ დააკლო????

კომენტარის დამატება