აუცილებელი ინფორმაცია სამკურნალო ბალახეულზე

 

აქ წარმოდგენილი მცენარეები საქართველოს ველ-მინდვრებში ფართოდაა გავრცელებული და თითქმის ყველა მხარეში გვხვდება. ეს ბუნების დამამშვენებელი ყვავილები ძალიან ბევრი სასარგებლო თვისების მატარებლები არიან. მთავარია, მათი ცნობა შეგეძლოთ, შეგროვება არ დაიზაროთ და გამოყენება იცოდეთ.


თავშავა
თავშავა გავრცელებულია თითქმის ყველგან. ყვავილობს ივნის-აგვისტოში.
ფესვის გარდა ნედლეულად იყენებენ მთელ მცენარეს; ნედლეულს აგროვებენ ყვავილობის პერიოდში. ჭრიან დანით ან ნამგლით, აშრობენ შენობებში, რომლებიც კარგად ნიავდება და შემდეგ აცლიან ყვავილებსა და ფოთლებს უხეშ ღეროებს.
თავშავას მიწისზედა ნაწილი შეიცავს 1,2%-მდე ეთერზეთს, 12,5%-მდე სეკვიტერპენებს, ასკორბინის მჟავას, სათრიმლავ ნივთიერებებს. თესლში ნაპოვნია

28%-მდე გამშრალი, ცხიმოვანი ზეთები. თავშავას ეთერზეთს სასიამოვნო სუნი აქვს და შეიცავს მცირე რაოდენობით ანტისეპტიკურ საშუალებას – თიმოლს.
თავშავას გამოყენება დაუშვებელია ორსულობის პერიოდში.
მისი ნაყენი გამოიყენება გაცივების, ბრონქიტის, ყივანახველის, ხუთვის, ფილტვის ტუბერკულოზის, გასტრიტების, ნაწლავების ატონიის, ქალური დაავადებების, მტკივნეული მენსტრუაციის, რაქიტის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და მაღალი სექსუალური აღგზნების დროს. მას იყენებენ აგრეთვე ყელში გამოსავლებად და აბაზანების მისაღებად. თავშავას ზეთს ან სპირტიან ნაყენს იწვეთებენ კბილის ღრუში ტკივილის დროს.
ნაღველმდენი გზებისა და ნაღვლის ბუშტის დაავადების დროს აიღეთ 1 ჩაის კოვზი თავშავა, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ადუღებული წყალი, გააჩერეთ 1 სთ, გაწურეთ. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 1 დღე-ღამისა. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში 3-ჯერ.
თავშავას ძირითადად იყენებენ სხვა მცენარეებთან ერთად, ნაკრებების სახით.

ორკბილა
ორკბილა ბალახოვანი მცენარეა. სიმაღლით 15-60 სმ, იშვიათად 10 სმ-მდე იზრდება.
კახეთში იჭი ეწოდება, რაჭაში – მამლიყივილა.
ორკბილას აგროვებენ აყვავებამდე ან ყვავილობის დასაწყისში. ამ დროს ჭრიან თოთო კენწეროებსა და ფოთლებს, ხოლო გვიანი შეგროვების დროს ჭრიან მხოლოდ გვერდითი ტოტების წვეროებს. აშრობენ ჩრდილში, სხვენზე ან ფარდულებში თხელ ფენად გაშლილს. გამხმარ ნედლეულს ინახავენ მშრალ, ბნელ ადგილას, ქაღალდის პარკებში. შენახვის ვადა ორი წელია.
ორკბილა შეიცავს ფლავონოიდებს, კუმარინებს, ასკორბინის მჟავას, კაროტინს, სათრიმლავ ნივთიერებებს, ლაქტონებს, ამინებს, დიდი რაოდენობით მანგანუმს.
ორკბილას ახასიათებს ანთებისა და ალერგიის საწინააღმდეგო თვისებები. მას ფართოდ იყენებენ დიათეზიანი ბავშვების სამკურნალოდ აბაზანების სახით.
ხალხურ მედიცინაში ორკბილას იყენებენ როგორც სუსტ შარდმდენ და ოფლისმომგვრელ საშუალებას, აგრეთვე სასუნთქი გზების დაავადების დროსა და მადის მომგვრელ საშუალებას. ზოგჯერ მას ხმარობენ რაქიტის, ნიკრისის ქარების, ღვიძლის დაავადების დროს. ორკბილას ახასიათებს სუსტი დამამშვიდებელი თვისება.
ორკბილას ნაყენის მოსამზადებლად 10 გრ (3 სუფრის კოვზი) ბალახი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი და გააცხელეთ მდუაღერ წყლის აბაზანაში 15 წუთი, შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წუთის განმავლობაში. გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ. მიღებული ნაყენი შეავსეთ საწყის მოცულობამდე ანადუღარი წყლით (200 მლ),
მიიღეთ 1/2-1/3 ჭიქა 2-3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
ოფლის და შარდმდენ საშუალებად ორკბილას ნაყენი შემდეგნაირად მზადდება: 1 სუფრის კოვზ ბალახს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე, გააჩერეთ 10 წუთი და მიიღეთ 2-3-ჯერ დღეში თითო სუფრის კოვზი. ასეთივე სახით მომზადებულ ნაყენს თუ გააჩერებთ 10-12 საათს თბილ ადგილას და შემდეგ 1/3-1/2 ჭიქას მიიღებთ 2-3-ჯერ, იგი კარგი სისხლგამწმენდი საშუალებაა.
აბაზანებისათვის ყოველ 10 ლიტრ წყალზე იღებენ 1 ჩაის ჭიქა ნაყენს, საზოგადოდ, ნაყენს ინახავენ გრილ ადგილას არაუმეტეს ორი დღე-ღამისა.

დიდგულა
დიდგულა მსხვილი ბუჩქნარია. ყვავილები წვრილია, სურნელოვანი, მოყვითალო-მოთეთრო, შეკრებილია მრავალყვავილედოვან ფარებად.
დიდგულას ქართლ-კახეთში დუდგულას ეძახიან, ზემო იმერეთში - ხეკროს, ქვემო იმერეთში - ანწლს, რაჭაში - ხრეკოლას, გურიაში - ხელთოფას. ვარაუდობენ რომ ამ მცენარის ლათინური სახელწოდება წარმოდგა ირანული მუსიკალური საკრავიდან - სამბუკი, რომელსაც დიდგულას ღეროდან ამზადებენ.
დიდგულა გვხვდება ფოთლოვანი ტყეების ქვეტყეებში, ბუჩქნარის ბარდებში, ხშირად ნახავთ ბაღებსა და პარკებში.
ნედლეულად ძირmshoblebiითადად იყენებენ ყვავილებს. აგროვებენ მთელ ყვავილედს მათი სრული გაშლის შემდეგ. აშრობენ ჩრდილში, შემდეგ კი, ხეხავენ ცხრილზე ყვავილის ყუნწის მოსაცილებლად. ნედლეულის შეგროვებისას შესაძლებელია შეყვეს მყრალი დიდგულა, რომლის მტვრიანები წითელი ფერისაა, აგრეთვე წითელი დიდგულა. წითელი დიდგულას ყვავილები უფრო პატარა ზომისაა, მომწვანო; ბუსუსიანი ყვავილის ყუნწით.
დიდგულას ქიმიური შემადგენლობა არ არის კარგად შესწავლილი. ცნობილია, რომ ყვავილი შეიცავს ოფლმდენ გლიკოზიდს, ფლავონურ გლიკოზიდ რუტინს, ეთერზეთის კვალს. გლიკოზიდი სამბუცინიგრინი აღმოჩენილია მხოლოდ ახალ ყვავილში, გაშრობის შემდეგ ის ორთქლდება.
დიდგულას პრეპარატებს იყენებენ როგორც ოფლმდენ საშუალებას გაცივების, ქრონიკული ბრონქიტის, ბრონტოექტაზების დროს. ასევე იყენებენ გრიპისა და ანგინის საწინააღმდეგოდაც. მისი პრეპარატები გამოიყენება აგრეთვე ღვიძლის ზოგიერთი დაავადების, ხოლო როგორც შარდმდენი საშუალება - თირკმლის დაავადების დროს, თუ თან ახლავს შეშუპება.

ყვავილის ნახარშს ივლებენ პირის ღრუსა და ცხვირ-ხახაში ანთებითი პროცესების და რინიტისა და ანგინის დროს. გარდა ამისა მას იყენებენ საფენების სახით დამწვრობის, ჭრილობებისა და ძირმაგარების დროს, მიოზიტების, ნევრალგიისა და სახსრების ტკივილებისას. ბუასილის დროს რეკომენდებულია ყვავილის ნაყენის ან ნახარშის აბაზანის მიღება. დიდგულას ყვავილის ნაყენის მისაღებად აიღეთ 5 გ (1 სუფრის კოვზი) ნედლეული, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და გააცხელეთ წყლის აბაზანაში 15 წთ-ის განმავლობაში. გააცივეთ 45 წთ, გაწურეთ და დაასხით ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. ნაყენი შეინახეთ გრილ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ თბილი სახით 1/2 - 1/3 ჭიქა 2-3-ჯერ დღეში.
დიდგულას ნაყოფს ხალხურ მედიცინაში იყენებენ როგორც სუსტ საფაღარათო საშუალებას, ხოლო ქერქის ნახარშს - როგორც ოფლმდენ და შარდმდენ საშუალებას.
დიდგულას ნაყოფისაგან ტკბილი ნაყენის მისაღებად აიღეთ დიდგულას 200 გ სიროფი (ვაჟინი) 1 ლ არაყი და 1 ჩაის ჭიქა წყალი. სიროფი გახსენით წყალში, დაუმატეთ არაყი და დადგით 3-4 დღე.
დღეგრძელთა სასმელის მისაღებად 1 სუფრის კოვზ გამშრალ ნაყოფს დაასხით 0,5 ლ წყალი, მოხარშეთ, გაწურეთ, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი თაფლი და მიიტანეთ სუფრასთან ცხელი სახით

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი