ყველაზე ძველი სახლი ქობულეთში და ხავსმოდებულ კარ-მიდამოში მცხოვრები ესაძეების წყვილი

ზღაპრებში აღწერილი გარემო და მისი პერსონაჟები შენ თვალწინ იმ წუთიდან ცოცხლდება, როცა ქობულეთიდან 14-15 კოლომეტრის მოშორებით სოფელ ლეღვაში, ერთ-ერთი ეზოს ჭიშკარს შეაღებ და ხავსით დაფარულ მიწაზე დადგები. წამიერად გაგეფიქრება, ეს სიზმარია თუ რეალობა, მაგრამ როცა სახლის პატარა ხის კიბეს მასპინძლები ჩამოუყვებიან, ღიმილით მოგესალმებიან და თავიანთ არარეალურ სამყაროში შეგიპატიჟებენ, ხვდები, რომ არ გძინავს.

მერი მახარაძესა და სოსო ესაძეს 2022 წლის სექტემბერში ქორწინებიდან 60 წელი უსრულდებათ, ანუ ბრილიანტის ქორწილი აქვთ. ეს ყველაზე ძვირფასი, ელვარე ქვაა და შესაბამისად, წყვილის თანაცხოვრების მრავალწლიანი სტაჟიც სწორედ
ამიტომ იწოდება ბრილიანტის ქორწინებად.

წყვილს სამი შვილი ჰყავს: ბიჭიკო, ლევანი და მზია. დედ-მამასთან ერთად მათი შუათანა - ლევანი ცხოვრობს. სოფლისა და ოჯახის შესახებ საუბარი სწორედ მას ვთხოვე. ბატონ ლევანსა და მის დედმამიშვილს უმაღლესი განათლება რუსეთში აქვთ მიღებული. უფროსი აგრონომია, უმცროსი - ექთანი, ხოლო ბატონი ლევანის ცოდნა სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით იმ ინფორმაციის მოპოვებაშიც დამეხმარა, თუ რა მდგომარეობა იყო უწინ და არის ამჟამად სოფელ ლეღვაში.

წლების წინ ამ ადგილას კარგად ყოფილა განვითარებული მეჩაიეობა და მოჰყავდათ ციტრუსი. 1941 წლამდე სოფელ ლეღვაში მხოლოდ 240 კომლი ირიცხებოდა, 1985 წლის მონაცემებით - 745, ხოლო დღეს - 1200-ზე მეტი. დღესდღეობით ჩაის კულტურა აღარ არსებობს, ის თხილმა ჩაანაცვლა. ამ საკმაოდ დიდ სოფელში ფუნქციონირებს 3 სკოლა, არის ავტოგასამართი სადგური, 4 სასურსათო მაღაზია, აფთიაქი, ამბულატორია, ყოფილა პატარა ბაღიც, მაგრამ ახალი შენდება და წელს 100-ზე მეტ პატარაზე გათვლილი საბავშვო ბაღის გახსნა იგეგმება.

ლეღვას ერთ-ერთ უბანში, რომელსაც ცხრაფონა ჰქვია, წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი დგას. ამ სოფელში დაღუპულა სანადიროდ წასული მანუჩარ გურიელი და ის იქვე დაუკრძალავთ. 1608 წელს მამამისმა - მამია II გურიელმა გარდაცვლილი შვილის სახელზე ეკლესია ააგო. მოგვიანებით ის ოსმალეთის შემოსევისას განადგურდა. გასული საუკუნის 90-იან წლებში მცირე დარბაზული ნაგებობა აღადგინეს და დღემდე ფუნქციონირებს, ჰყავს თავისი მრევლი და იქ ყველა ქრისტიანული რიტუალი ტარდება. რაც შეეხება სოფლის ახალგაზრდობას, ისინი ძირითადად ბათუმში, მშენებლობებზე არიან დასაქმებული ან თურქეთში ჩაის საკრეფად მიდიან. ისევე, როგორც საქართველოს რეგიონების უმეტესობაში, აქაც იგივე ვითარებაა - ხალხი სამუშაოდ დედაქალაქისკენ ინაცვლებს ან ემიგრაციაში მიდის...

ლევან ესაძე:

- სახლი მამაჩემის ბაბუის ბაბუას ეკუთვნოდა. მე მეხუთე თაობა ვარ. 4 ოთახისგან შედგება. სიგრძეში 7 მეტრია, ხოლო იატაკიდან ჭერამდე მანძილი 2 მეტრი და 75 სმ-ია. მასალად წაბლის ხეა გამოყენებული. ჭერი და იატაკი თხემლის ხისგანაა დამზადებული, როგორც ამ ხეს გურიაში ეძახიან. სხვათა შორის, მუხა და თხემლი ყველაზე კარგად უძლებს წყალს. სახურავი აკეთის კრამიტითაა დახურული. ბებია მეტყოდა ხოლმე, - ეს კრამიტი აკეთიდან ურმით არის ნაზიდიო. იმ დროს ელექტროობა არ იყო, ამიტომ ყველაფერი ხელის შალაშინითა და ცულით არის დამუშავებული. სახლს სამი მხრიდან, გარედან შემოკრული აქვს ხის ფიცრები, რომლებიც კედლიდან დაახლოებით 17-18 სანტიმეტრითაა დაშორებული. ეს იმისთვის კეთდებოდა, რომ თაგვს ფეხი არ მოეკიდებინა და კედელი არ გამოეხრა, ამავდროულად, სიცხეში სახლში სიგრილე რომ ყოფილიყო. მოკლედ, ერთგვარი კონდიცირებაც ხდება. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი