მეგი გვენეტაძის დეკორატიული გრაფიკა - საოჯახო ნივთები, რომლებიც ხელოვნების ნიმუშებად იქცევა

მეგი გვენეტაძის დეკორატიულ გრაფიკას ყოველწლიურად სულ უფრო მეტი თაყვანისმცემელი ემატება. დღემდე ხუთი პერსონალური გამოფენა ჰქონდა, შემოდგომაზე მეექვსე თავის 20 მოსწავლესთან ერთად გამართა. დამთვალიერებელთა პირველი რეაქციები ერთმანეთს ყოველთვის ძალიან ჰგავს, ყველა გაკვირვებული კითხულობს: “ამას როგორ აკეთებს?!”, “ეს დახატულია?!”, “რა ნერვები აქვს?!”. ამ დროს ხატვა მისთვის არა ნერვების შლა, არამედ თერაპიაა და აქვს იმის ნებისყოფა, რომ უამრავი წვრილი ფიგურითა თუ წერტილით კომპოზიცია შექმნას.

პირველი ნაბიჯები
რაც თავი ახსოვს, ხატავს. სკოლაში ყველა “სტენდი” და გაზეთი მისი დახატული იყო. ლამაზი კალიგრაფიის გამო მასწავლებლები რამის

დასაწერად სწორედ მას მიმართავდნენ. დედა კარგად ხატავდა და მულტსტუდიაში ფაზიორად მუშაობდა (კლასიკურ ანიმაციაში გარდამვალი კადრები, რომელსაც მხატვარი ხატავს ანიმატორის მიერ დახატულ კადრებს შორის – ავტ.). შვილს გატაცებას უწონებდა და ხელს ყველანაირად უწყობდა. ბავშვობისას რამდენიმე ხატვის წრეზე დადიოდა. სკოლის დამთავრების შემდეგ კი დედამ მულტსტუდიაში ფაზიორად მიიყვანა. სიზუსტეს და ტუშით ხატვას იქ მიეჩვია. მიუხედავად დიდი სურვილისა, რომ სამხატვრო აკადემიაში ჩაებარებინა, იმ პერიოდში ეს არ მოხერხდა. თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ, ხელოვნების ინსტიტუტში ფერწერის ფაკულტეტზე სწავლობდა და დღეს პროფესიით მხატვარ-დეკორატორია...



შინ
შინ მუშაობს, სადაც ჩვეულებრივი ქალის დღის რეჟიმით ცხოვრობს - სახლის დალაგება, სადილების მომზადება, ქმარ-შვილის მოვლა. სახლის საქმეების პარალელურად, შუალედებში ხატავს. ძნელია შეთავსება. უწინ ხშირი იყო ხატვაში გათენებული ღამეები, მეასე პლანზე ინაცვლებდა შიმშილის შეგრძნება, ახლა კი დილით ადრე დგება, რომ ახალამოწვერილი მზის შუქზე მუშაობა მოასწროს.

თუმცა მანამდე ათწლიანი პაუზა ჰქონდა. დაოჯახდა, ბავშვები გაჩნდნენ, არც საამისო პირობები იყო და არც დრო. შემდეგ დედა გარდაეცვალა, რამაც მასზე მძიმედ იმოქმედა. შეიძლება უმოქმედობა დიდხანს გაგრძელებულიყო, მაგრამ ერთ დღეს, შინ ძველი, თითქმის გამხმარი ზეთის საღებავები იპოვა. გადაყრა დაენანა, მათ შორის შედარებით “ცოცხლები” ამოარჩია და პალიტრას მიუახლოვდა. მხატვარმა მრავალწლიანი პაუზის შემდეგ “წვიმის თოჯინა” დახატა. მას შემდეგ მუშაობა აღარ შეუწყვეტია და ამბობს, რასაც ვაკეთებ, ყველაფერს დედის ხსოვნას ვუძღვნიო.



სტიმული
“წვიმის თოჯინა” “ფეისბუქზე” თავის გვერდზე რომ განათავსა, ნახატმა დიდი მოწონება დაიმსახურა. წერდნენ უცნობებიც და ნაცნობებიც. “თოჯინას” ლექსებსაც კი უძღვნიდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ხალხის რეაქციებმა სტიმული მისცა, ეს საქმე გაეგრძელებინა. პირველი ნამუშევარი გერმანიაში გაიყიდა, შემდეგ - ევროპის სხვა ქვეყნებშიც.

საერთოდ, უცხოელები უფრო თამამად გამოხატავენ თავიანთ ემოციას, ვიდრე ქართველები. როცა მათ რამე მოსწონთ, ავტორს ღიად სწერენ. წლების წინ ერთმა გოგონამ, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს, მისი ნახატი შუშაზე გადაიტანა. რასაკვირველია, მხატვრისთვის ეს სასიამოვნო ფაქტი იყო, რადგან ვიტრაჟი ძალიან ლამაზი გამოვიდა. ვინაიდან მისი ნამუშევრების ფლობის სურვილი ბევრს აქვს, ორიგინალის მაგივრად ზოგი პრინტს იძენს, რაც გაცილებით ხელმისაწვდომია, პრინტების დამზადება მხატვრის გადაწყვეტილებაა.

თბილისში რამდენჯერმე “შეხვედრია” თავის ნამუშევარს. ერთხელ, მეგობრის ახლობელთან სტუმრად მისულს მის ნახატზე უთხრეს, იცი, ეს მეგი გვენეტაძის ნამუშევარიაო. როგორც აღმოჩნდა, დიასახლისს მეუღლემ აჩუქა და სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა, როცა გაიგო, ვინ იყო მისი სტუმარი.



ფურცლებიდან - ნივთებზე
რამდენიმე საღებავის მიქსით თითქმის ყველა მასალაზე კარგად იხატება, განსაკუთრებით კი ხეზე. საღებავს ლაქით ფარავს, როგორც ქაღალდზე, ისე ნივთებზე. თუმცა, დეტალებს საიდუმლოდ იტოვებს. უფრო სწორად, მხოლოდ მოსწავლეებს უზიარებს, რომლებიც დღეს უკვე მრავლად ჰყავს. ხატვით სხვადასხვა ასაკის ადამიანები ინტერესდებიან. საინტერესო ისაა, რომ არც ერთი არაა მხატვარი და არასოდეს შეხება არ ჰქონიათ ამ სფეროსთან. ბუნებრივია, სწავლების კურსი ინდივიდუალურია. პირველ გაკვეთილებზე მათემატიკის რვეულის მიტანა ევალებათ, სადაც ორი-სამი თვე სიმეტრიის დაცვას სწავლობენ...

თავად მეგიმ ქაღალდიდან ნივთების მოხატვაზე მალე გადაინაცვლა. პირველად კობალტის თეფში მოხატა. უკვე მოხატული აქვს: საკრავები, მაგიდა, სკამი, სკივრები, უამრავი თეფში, ბოთლები, ჩაიდნები, სააღდგომო კვერცხები... ამბობს, რომ მისი ნივთები ყველას მისაღებ ოთახში გამოსაჩენ, ასე ვთქვათ, “საპატიო” ადგილას უდევს.



მხატვრის ოცნება
დიდი ზომის ავეჯის მოხატვაზე ოცნებობს. ვთქვათ, ფორტეპიანოს, ბუფეტის და ა.შ. “ყველაფრის მოხატვაზე ვფიქრობ, პროდუქტების გარდა”, - ამბობს ღიმილით.

რაც უფრო რთულია რაღაც დეტალის გაკეთება, ხატვა მით უფრო სიამოვნებს. რომელიმე კომპოზიციაზე მუშაობას როცა ასრულებს, გული ძალიან სწყდება, თუმცა, ნამუშევარსა და ნამუშევარს შორის ინტერვალი მაქსიმუმ სამი დღეა და მერე ისევ ახალი იდეა იბადება. ესკიზს წინასწარ არასოდეს ქმნის. ჰოროსკოპით ტყუპია, გაორებული აზრებით. ამიტომ მუშაობა ესკიზის მიხედვით რომ დაიწყოს, ის ნახატზე სულ სხვაგვარი გამოვა. წინაწარ არაფერს ინიშნავს. ერთადერთი, რაც არ იცვლება, ლურჯისადმი სიყვარულია. საღებავებშიც ყველაზე მეტად ლურჯი ტონი ჭარბობს და ნამუშევრებზეც. წავა, წამოვა და მაინც ლურჯს უბრუნდება. მას ვერც ერთი ფერი ვერ უცვლის...

“ვინ მოსთვლის, კიდევ რამდენი ნივთია, რომელმაც ჩემს ხელში უნდა გაიაროს. ბევრი ჩანაფიქრი მაქვს, ძალიან ბევრი, სულ ხატვაზე ვფიქრობ, ვერ ვისვენებ”, - ამბობს ისეთი ანთებული თვალებითა და განცდით, თითქოს პირველად უნდა შეეხოს საღებავებსა და ფუნჯებს. მე კი ვუყურებ მეგის “ცარიელ” ნივთებს, რომლებიც ულამაზესი კომპოზიციების წყალობით, ახალ და გაცილებით ხალისიან სიცოცხლეს დაიწყებენ.

ანა კალანდაძე

კომენტარის დამატება