"ბოლო დროს იმატა დიზაინერულმა სახლებმა, შედარებით გახალისდა ინტერიერი, თუმცა ხშირად ვამჩნევ შაბლონურ დეტალებს..." - ფოტოგრაფის თვალით დანახული თბილისური სახლების ინტერიერები

სამყარო სავსეა საოცარი ამბებით, საუცხოო კადრებით და შთამბეჭდავი ისტორიებით. გარეთ ბევრნაირი ინსპირაციის პოვნა შეიძლება, ზოგჯერ ისეთისაც, როგორსაც არ მოელი. ჟურნალისტი და ფოტოგრაფი ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი ასეთ კადრებს წლების განმავლობაში აფიქსირებს და აგროვებს. მისი შემოქმედებითი საქმიანობა 17 წელს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში ბევრ საპასუხისმგებლო და მინშვნელოვან პროექტზე აქვს ნამუშევარი, მათ შორის ინტერიერის და დიზაინის სფეროში. როგორია მისი ხედვა, რა მოსწონს თანამედროვე ინტერიერში და რამდენად დაიხვეწა წლებთან ერთად თბილისური სახლები - ამაზე ალექსანდრე თავად გვიამბობს.

- ჟურნალისტად ვმუშაობ 2004 წლიდან, მას შემდეგ, რაც
ირმა ლორიამ მიმიღო საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს პირველ არხზე სტაჟიორ-კორესპონდენტად. ჩემი ჰობია ფესტივალების კეთება. ჩემი და ჩემი მეგობრების შექმნილი Second Life FesQval ორჯერ გახდა ელექტრონავტის მფლობელი საუკეთესო ივენთის ნომინაციაში. მას შემდეგ კი ბევრ სხვა ფესტივალზეც მიმუშავია.

- ფოტოგრაფიით როდის და რატომ დაინტერესდით?
- პატარაობაში მეგონა, რომ ფოტოგრაფირების ცოდნა იყო მხოლოდ რჩეულების ხვედრი. სურათის გადასაღებად როცა მივყავდი მაიას, ლილის ან დალის (დედა და ბებიები) რომელიმე პარკში, ეს იყო ჩემთვის ზეიმი. განა სურათი მიხაროდა, არა, რაღაც იდუმალი პროცესის მონაწილე ვხდებოდი უცნაური სიტყვების თანხლებით „ახლა ჩიტი გამოფრინდება”. სამი წლის ასაკში ვერაფრით ვხვდებოდი, როგორ შეიძლებოდა კონკრეტული ჩვენი ცხოვრების მომენტი გაჩენილიყო პრიალა ფურცელზე. მერე ჩემმა დეიდაშვილმა ლევანმა, რომელსაც ძველი "სმენა" ჰქონდა, რაღაცნაირად გამარკვია ანალოგ ფოტოგრაფიის პრინციპებში. ჩემთან ერთად ამჟღავნებდა და ბეჭდავდა ფოტოებს, მერე ქაღალდი და ქიმიკატები გამოგველია და ვინაიდან იმდროინდელ საქართველოში ძალიან რთული იყო მათი შოვნა, ჩვენი გატაცება დავაპაუზეთ, რაც ძალიან დიდ დარდად ჩამყვა. შემდეგ ბებიაჩემმა მისი სამსახურიდან ჩამოწერილი გაფუჭებული "ზენიტი" და "ჩაიკა" მაჩუქა, რომლებიც გავაკეთე და დავიწყე გადაღება. როგორც ხვდებით, ყველაფერი მაინც ოჯახიდან მოდის, რისიც ძალიან მადლიერი ვარ. ასევე მადლიერი ვარ ფოტოკლუბ boke.ge-ს, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ჩემი განათლების და სწორი საზოგადოების პოვნის საქმეში.

- ძირითადად რა თემატიკის ფოტოებს იღებთ, რა არის თქვენი ინტერესის სფერო?
- ჩემი ფოტოგრაფია ორი ნაწილისგან შედგება, კომერციული ნაწილი, რითაც საარსებო ფულს ვშოულობ არქიტექტურის და ინტერიერის ფოტოგრაფიაა, ასევე პორტრეტები და Lifestyle. ვმუშაობდი რედ ბულის ამიერკავკასიის ზონის კონტრაქტორ ფოტოგრაფად, ეარბიენბის ფოტოგრაფად, შესაბამისად ვიღებდი ინტერიერებს და სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებს. პირველი ახდენილი ოცნება იყო ჟურნალ „ანაბეჭდში“ მუშაობის დაწყება შორეულ 2005 წელს, როცა ჩემი დაბეჭდილი ფოტოების ნახვისას თავი ნამდვილ ფოტოგრაფად ვიგრძენი.
ჩემი ფოტოგრაფიის მეორე ნაწილი ის ფოტოგრაფიაა, რაც გულს მიხარებს. მაქვს დაახლოებით 60 კამერა, რომლებითაც ექსპერიმენტებს ვატარებ. განსაკუთრებით მიყვარს პოლაროიდებით გადაღება, სულ სხვა ემოცია მოაქვს. იმის გადაღება რაც უბრალოდ შენ გინდა და არა კომერციას, არის ერთ-ერთი საშუალება იმისა, რომ შემოქმედებითი წვა არ გაგიქრეს. მერე ეს ნამუშევრებიც უნდა გამოაქვეყნო ან გამოფინო, რადგან ფოტოგრაფისთვის მისი ნამუშევრების რეალიზაცია და სხვისი ემოციის მიღება აუცილებელია. 

- რამდენად რთულია ფოტოგრაფის პროფესია? ყველაზე ხშირად რა პრობლემებს აწყებდით ხოლმე?
- რთულია იმდენად, რამდენადაც ყველა სხვა პროფესია, რომელიც გინდა, რომ კარგ დონეზე აკეთო. სჭირდება დიდი დრო და ენერგია, მუდმივად ახალი რამის სწავლა და ტექნიკურ პროგრესზე მიყოლა. პრობლემებს ადრე ვაწყდებოდი ქუჩაში გადაღებისას, ასე ორიათასიანების დასაწყისში. ადამიანებში კამერის დანახვა საშინელ აგრესიას იწვევდა. ახლა კი სოციალურმა ქსელებმა ადამიანები კამერებს შეაჩვია და აგრესია დიდწილად გააქრო. როცა ეარბიენბიზე ვმუშაობდი, დიდ პრობლემას ვაწყდებოდი საქართველოში კლიენტების არაპუნქტუალობის გამო. ხშირ შემთხვევაში ადამიანს, რომელსაც რაიმე უნდა გადაუღო, შენი დრო ფეხებზე ჰკიდია. ალბათ ერთმანეთის ფეხებზე დაკიდება და ტოტალური აროგანტიზმი საქართველოს ბოლო პერიოდის ძალიან დიდი პრობლემაა, არა მხოლოდ ჩემი.

- რა უნარებია საჭირო, რომ წარმატებულ ფოტოგრაფად იქცე?
- აუცილებელია, რომ ბევრი გადაიღო. სულ ერთია რა კამერით, რა ტექნიკით. დროთა განმავლობაში გიყალიბდება სიმპათიები, ინტერესები და მათზე დაყრდნობით შემდეგ საკუთარი ხელწერა. როცა გიგროვდება დიდი ფოტობანკი, შემდეგ უნდა ისწავლო მათი კლასიფიცირება და ფოტოების სერიებად დაჯგუფება. და რაც მთავარია, აუცილებლად უნდა იცოდე სოციალური ქსელების სწორა მართვა, რათა შენი ფოტოები ბევრმა ადამიანმა ნახოს, იყიდოს ან თუნდაც შენს გვერდზე რეკლამა განათავსოს. ფოტოგრაფების მთავარი კომერციული იარაღი ახლა ინსტაგრამია, რომლის საშუალებით მარტივად შეგიძლია მილიონიან აუდიტორიას მისწვდე.

- ვინაიდან ჩვენი ჟურნალის თემატიკა ინტერიერია, მინდა ძირითადად ამ თემას შევეხო. ინტერიერის მშვენიერი ფოტოები გაქვთ გადაღებული. როცა ინტერიერი არ მოგწონთ, მაინც იღებთ ასეთ გარემოს?
- კომერციული შეკვეთა ძალიან მნიშვნელოვანია ფოტოგრაფის საარსებოდ. შესაბამისად, ნებისმიერ ინტერიერს ვიღებ. ზოგს სიამოვნებით, ზოგს საჭიროების გამო. დისკომფორტი ობიექტთან, ან საკუთარი კომფორტის ზონიდან გასვლა არის ერთ-ერთი საშუალება იმისა, რომ საინტერესო რეზულტატი მიიღო.

- გადაღებების დროს რა ტენდენციებს ამჩნევთ - რა არის დღეს მოდური თანამედროვე ბინებში?
- შორეულ 2011 წელს, როცა არქიტექტურისა და ინტერიერის გადაღება დავიწყე, დიდ გაურკვევლობას იწვევდა ჩემს რედაქტორთან ამდენი მასიური მუქი ფერის ავეჯი სახლში. ამერიკელებისთვის გაუგებარია ძველი ქართული ტენდენცია, რომ აუცილებლად უნდა გქონდეს ტრილიაჟი, დესეო, პრიალა ტყავის შავი სამეული, უზარმაზარი ყავისფერი მაგიდა, ბევრი დიდი სკამით - იმის მიუხედავად ეტევა, თუ არა. ჩემი რედაქტორი ვერაფრით იგებდა, რატომ აპატარავებდნენ ქართველები ჭერს თაბაშირმუყაოს კონსტრუქციებით და ასევე, რატომ გმანავდნენ ფანჯრებს. რაღა დაგიმალოთ, მეც ვერ ვიგებ. ტურიზმის განვითარებამ, ეარბიენბიმ, პინტერესტმა და ინსტაგრამმა შემდეგ შედარებით გაახალისა ქართული ინტერიერი და სკანდინავიური ელემენტები შემოიტანა. თანდათან იმატა დიზაინერულმა სახლებმა, რაც ძალიან მახარებდა, შემდეგ რაღაც შაბლონური დეტალების შემჩნევა და მათზე რეაგირებაც დავიწყე. მაგალითად, მძულს იკეას სტაფილოსფერი 10-ევროიანი ნარინჯისფერი მეტალის მაგიდები, მძულს თითბერის დეტალები ინტერიერში, ასევე მძულს გუბის იაფფასიანი სკამები, მძულს ნამდვილი გუბის სკამებიც. მძულს კონდიციონერი კედელზე, რადგან ესაა ყველაზე უშნო რამ, რაც შეიძლება წარმოიდგინო, გუბის ფეიქი სკამების შემდეგ.

- ალბათ ხშირად გიწევთ დიზინერის მიერ დაპროექტებული და შესრულებული ინტერიერის გადაღება. გყავთ ფავორიტი დიზაინერები, რომელთა ინტერიერებიც ყველაზე მეტად მოგწონთ? ვის გამოარჩევდით საქართველოში და რატომ?
- დიდი სიამოვნებით ვმუშაობ თინათინ ძირკვაძესთან, ნიკოლოზ ლეკვეიშვილთან და ქეთი ნადიბაიძესთან ერთად. თინა თვით სიმყუდროვეა, ქეთოს სახლები მთელ ამბავს გიყვება, ნიკოლოზის სახლები კი მისი ფუნქციურობით მიყვარს.

- თქვენი სახლი თუა მოწყობილი თქვენთვის მოსაწონი დიზაინით? თქვენ თუ იღებდით მონაწილეობას საკუთარი სახლის მოწყობაში და როგორი სტილი გიზიდავთ?
- ჩემი ბინა მდებარეობს 1928 წელს თბილისში აშენებულ საცხოვრებელი კონსტრუქტივიზმის ერთ-ერთ იშვიათ ნიმუშში ჭონქაძეზე. მაქვს მაღალი ჭერი, თეთრი კედლები, დიდი ფანჯრები და დიდი დარაბები. სახლი გადამევსო ტექნიკით და წიგნებით, რაც უკვე დისკომფორტს მიქმნის, თუმცა მგონია, რომ მაინც ძალიან საყვარელია. ხმელთაშუაზღვისპირეთის დიზაინი რომ სკანდინავიურზე შევაჯვაროთ და დავუმატოთ არ-დეკო, დაახლოებით ეგ სტილი მიყვარს.

- ხშირად მოგზაურობთ. რა ადგილი უკავია მოგზაურობას თქვენს ცხოვრებაში? რამდენად საიტერესოა თქვენთვის ბუნების ხედების, საუცხოო ადგილების გადაღება?
- მოგზაურობა აუცილებელია, რომ ახალი რამეები ნახო, იგრძნო, შემდეგ კი ამ ყველაფერმა შენს წარმოსახვაში ჰპოვოს ექო. სხვანაირად ახალი რამეების შექმნა გაგიჭირდება. მოგზაურობისას ვიღებ ძირითადად რიკოს და ფუჯის პატარა ციფრული კამერით და ორი ფირის კამერით. დიდი კამერით ბოდიალი მძულს.

- საქართველოში მოგზაურობის დროს ყველაზე შთამბეჭდავი, დასამახსოვრებელი რა გინახავთ?
- საქართველოში ყველაზე დასამახსოვრებელი რაც მინახავს, არის ჭიათურა და მარტვილი. ორივეგან პირველად წასვლაზე გაოცებული დავრჩი. ჭიათურაში ჩავატარეთ ჩვენი პირველი ფესტივალი second life-იც. ყველაზე დასამახსოვრებელი კადრი არ ვიცი, მაგრამ ანაკლიის ადმინისტრაციის შენობასთან ნახირის ნახვა იყო ძალიან შთამბეჭდავი, შემზარავი და სიმბოლური.

- დღეს რა პროექტებზე მუშაობთ და სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
- სამეგრელოში პარტია "ევროპული საქართველოს" დაკვეთით გავაკეთე ზუგდიდის მიმდებარე სოფლების ფოტო პროფილები. ახლა ამ ფოტოებს უნდა გზა ვანახოთ და გამოფენა - ალბომი გავაკეთოთ. სამეგრელო არის ადგილი, რომელმაც ლოქდაუნის დეპრესია გადამატანინა თავისი არანორმალური სილამაზით და საოცრად ტკბილი ხალხით, ამიტომ მინდა რომ მადლობის ნიშნად ფოტოებმა საუკეთესო რეალიზაცია ჰპოვონ.





მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები