„ქართული ლუვრი“ - „ერთი ღამის სასახლის“ საიდუმლო და ბანქოში გაცვლილი ცოლი


XIX საუკუნის II ნახევარში საქართველოს გერმანიიდან სტუმრად ორი ძმა - პრინცი კონსტანტინე და ალექსანდრე ოლდენბურგი ეწვია. ორივენი გენერლები იყვნენ. მათ საქართველო ძალიან მოსწონებიათ. ალექსანდრე განსაკუთრებით გაგრამ მოხიბლა და გადაწყვიტა, იქ კურორტი მოეწყო, რისთვისაც სპეციალურად ჩამოიყვანა საუკეთესო არქიტექტორები - ააგო ულამაზესი შენობები, მოაწყო რეკრეაციული პარკი და ხელოვნური ტბა. კურორტი გაგრა 1903 წელს გაიხსნა.

რაც შეეხება კონსტანტინეს, მან ფრანგული ღვინის ჩამოსხმა დაიწყო და თბილისიდან ფოთამდე რკინიგზა გაიყვანა. როგორც ამბობენ, ბოჰემური ცხოვრების დიდი მოყვარული ყოფილა. იმ პერიოდში ქუთაისში კულტურული ცხოვრება დუღდა. 1882 წლის
მაისში, როდესაც კონსტანტინე ოლდენბურგი ქუთაისში ჩავიდა, იქ იმ დროისთვის ცნობილი მხატვარი, მიხაი ზიჩი იმყოფებოდა, რომელიც “ვეფხისტყაოსნის” ილუსტრაციებს ხატავდა.



გადმოცემის თანახმად, “საზოგადო საკრებულოს” ეზოში, სპეციალურად მოწყობილ სცენაზე მხატვრის მიერ საგანგებოდ შერჩეული, კოსტიუმებში გამოწყობილი პერსონაჟები პოემიდან ნაწყვეტებს აცოცხლებდნენ. ამ წარმოდგენების მოთავე გენერალ ბიძინა ჩოლოყაშვილის მეუღლე, ნინო წერეთელი გახლდათ. სანახაობას უამრავი მნახველი ჰყავდა.

ნესტან-დარეჯანის როლს თავად ტარიელ დადიანის მეუღლე, სილამაზით განთქმული აგრაფინა ჯაფარიძე ასრულებდა. გერმანელ პრინცს თავადის მეუღლე ისე მოსწონებია, რომ მასთან ერთი ღამის გატარების სანაცვლოდ დადიანისთვის მილიონი ოქრო შეუთავაზებია.




უხამსი წინადადება

ჩვენამდე ლეგენდის რამდენიმე ვერსიამ მოაღწია. ერთ-ერთის თანახმად, დადიანმა ცოლი ბანქოში წააგო, მაგრამ ყველაზე გავრცელებული ვერსიით, მას ბევრი ვალი ჰქონია და პრინცის მაცდურ წინადადებას ამიტომაც დათანხმდა. აგრაფინასთან მისულმა ოლდენბურგმა, თავადის ცოლისგან ასეთი პასუხი მიიღო: “შენ ფული ჩემს ქმარს გადაუხადე და ამიტომაც მას მიაკითხეო!” მშვენიერი ქალის გონივრული პასუხით მოხიბლულ პრინცს უკითხავს, რისი გაკეთება შემიძლია თქვენი გულის მოსაგებადო. მან კი თბილისის ცენტრში სასახლის აშენება მოსთხოვა.

გოტიკური სტილის ნაგებობა, რომელშიც ჰარმონიულადაა შერწყმული აღმოსავლური, ქართული და ევროპული არქიტექტურის დეტალები, 1895 წელს, იმ დროისათვის ცნობილმა არქიტექტორმა, პაულ შტერნმა 6 თვეში ააშენა. მთავარი დარბაზის კედლები, სადაც წვეულებები და მეჯლისი იმართებოდა, ფრესკებით ყოფილა მოხატული, ხოლო ბროლის იატაკზე არეკლილი განათება წყლის ეფექტს ქმნიდა. ამბობენ, სასახლეში მისულ სტუმრებს კაბებიც კი აუკეცავთ.



ნაგებობის სტილი, ერთი მხრივ, “აგურის გოტიკას” ენათესავება, ხოლო მეორე მხრივ, ისლამური არქიტექტურისათვის დამახასიათებელ დეტალებს იმეორებს.

ოლდენბურგის სასახლე თბილისურ ტრადიციულ არქიტექტურასაც მნიშვნელოვნად სცილდება: ციხე-დარბაზის ტიპის ნაგებობას აქვს ღია ტერასა, ქვის მოაჯირებიანი კიბე, შუა ბასტიონი აზიდული ციცაბო სახურავით და სამსართულიანი კოშკი საიდუმლო ოთახით; მთავარ ფასადზე თავმოყრილი შეისრული თაღები, კედელში ჩასმული ვარდულები, მოაჯირის წვრილი სვეტები გოტიკური სტილიზაციის უჩვეულო და საინტერესო ნიმუშს ქმნის.

გუმბათს პრინცის საგვარეულო გერბი ამშვენებს, რომელზეც ფრთიანი ცხენია გამოსახული. ამ სიმბოლოს მაგიური დამცავი ძალა ჰქონია. მთავარი კი “სიყვარულის კოშკია”, სადაც ხვეული კიბით ავდივართ... კოშკში საიდუმლო ოთახია, რომელში მოხვედრაც მხოლოდ სხვენის გავლითაა შესაძლებელი. სწორედ ამ ოთახში ხვდებოდნენ ერთმანეთს იმ ცნობილი ამბის შემდეგ აგრაფინა და პრინცი...

ეს სიყვარულის ისტორია ამით არ დასრულებულა. აგრაფინა ქმარს გაშორდა და ცოლად ოლდენბურგს გაჰყვა, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ოლდენბურგები რომანოვების ძალიან ახლო ნათესავები იყვნენ. არც ერთი გვარის წარმომადგენლებს არ აწყობდათ ეს ქორწინება, ამიტომ ოლდენბურგს პრინცის ტიტული ჩამოართვეს და გამოუცხადეს, რომ მის ბავშვებს არ მისცემდნენ გვარს და სამეფო კარზე არასოდეს დაუშვებდნენ. მიუხედავად ამისა, მან მაინც შეირთო ცოლად აგრაფინა ჯაფარიძე, რომელიც გრაფინია ზარნეკაუ გახდა.



ხალხს ამ ამბავზე ლექსიც კი შეუთხზავს: “აგრაფინა კისკისაო, დადიანმა პრინცს მისცაო”, რომელსაც თავშეყრის დროს მხიარულად დაამღერებდნენ ხოლმე.

გრაფს და გრაფინიას შვილებიც შეეძინათ და ბედნიერად ცხოვრობდნენ მანამ, სანამ კონსტანტინე მოულოდნელად შეუძლოდ არ გახდა. სამკურნალოდ საქართველოდან გაემგზავრა, მაგრამ მალე გარდაიცვალა. არც აგრაფინას ეწია კარგი ბედი. შვილების სიკვდილს მოესწრო, ბოლშევიკებმა კი მთელი ქონება ჩამოართვეს... გადმოცემის თანახმად, გრაფინიას ამ ამბიდან დიდხანს აღარ უცოცხლია...

...ბოლშევიკებმა ულამაზეს სასახლეში ბროლის იატაკი აყარეს, ფრესკებით მოხატული კედლები გადაღებეს, უნიკალური ავეჯი გაიტანეს და იქ ყრუ-მუნჯთა სკოლა-ინტერნატი გახსნეს.



ამჟამად შენობა, რომელიც “ხელოვნების სასახლედ” იწოდება, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმია (1980-იანი წლებიდან). 2014 წლის 9 ივლისს, მკვლევარმა ვანო ჯახუამ, იამანიძის ქუჩაზე მდებარე აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის შენობაში, უნიკალურ ბუხარს მიაკვლია, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში, გრაფ ოლდენბურგს ეკუთვნოდა. ბუხარი “ვენერა”, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშია, რომელიც მსოფლიოში ერთადერთი ეგზემპლარია, ქალაქ ვიტებსკში, ბრონისლავ იაკობის ძე ლისოვსკის საქვეყნოდ განთქმულ ქარხანაში, რუსეთის იმპერატორის კარის ოსტატების მიერაა დამზადებული. ბუხარი რესტავრირებული იქნა და ამჟამად ხელოვნების სასახლეშია გადატანილი.

აი, ასეთი საინტერესო ამბები უკავშირდება კარგარეთელის ქუჩაზე მდებარე შენობას, რომელსაც ქალაქელები “საქართველოს ლუვრსაც” კი ეძახიან...

თეა ინასარიძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები