როგორ ტყუვდებიან მოქალაქეები კომუნალური გადასახადების გადახდისას - "თელასის" ქვითრებში შეცდომებს ვაწყდები"

საზოგადოების ზოგიერთი წარ­მომადგ­ენელი აცხადებს, რომ "თელასის" კომუნალური გადასახადის ქვითრებში, მოხმარებული ელექტროენერგიის გამოანგარიშებისას, ცდომილებებს აწყდება. "კვირის პალიტრა" ერთ-ერთ მოქალაქეს გაესაუბრა და მისი არგუმენტები მოისმინა.

გ.რ.: - ყოველთვის არა, მაგრამ პერიოდულად "თელასის" ქვითრებში ცდომილებებს ვაწყდები. შარშან "ფეისბუკზე" შემთხვევით ვნახე ქვითრის ფოტო და პოსტი,­ რომლის ავტორიც დარღვევებზე წერდა. მანამდე ამას ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ შემდეგ დავინტერესდი და როცა ჩემი ქვითარი გადავამოწმე, აღმოჩნდა, რომ მეც იგივე პრობლემა მქონია - გადასახადი არ იყო დაანგარიშებული დახარჯული კილოვატების შესაბამისი ტარიფით.


- რას გულისხმობთ?
- ხომ არის დაწესებული
დახარჯული­ კილოვატების მიხედვით 3 სახის ტარიფი? ქვითრის უკანა მხარესაც დატანილია განმარტება წვრილი, ნაკლებად შესამჩნევი შრიფტით: "101 კვტსთ-ის ჩათვლით - 12,98 თეთრი/კვტსთ; 101-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით - 16,992 თეთრი/კვტსთ; 301-დან და მეტი - 21,4760 თეთრი/კვტსთ". მე დახარჯული მქონდა 285 კვტსთ, ანუ მეორე კატეგორიის ტარიფის შესაბამისი რაოდენობა, თუმცა "თელასს" გადასახადი უმაღლესი ტარიფით ჰქონდა დაანგარიშებული. მიზეზის მოსასმენად კომპანიაში დავრეკე. მათ ამიხსნეს: მარეგულირებელს დადგენილი აქვს ტარიფი, 30 დღეში რამდენ ელექტროენერგიასაც დახარჯავთ, გადასახადი იმის მიხედვით უნდა დავიანგარიშოთო. ჩემს ქვითარზე 29 დღის ანათვალი იყო. ამიტომ, როგორც ჩანს, ზეპირად დაუმატეს, საკუთარი ვარაუდით, რომ 30-ე დღეს ჩემ მიერ დახარჯული კილოვატების რაოდენობა საკმარისი იქნებოდა დანახარჯის მაღალი ტარიფით დასათვლელად. რომ ვიკითხე, რატომ არ მოვიდა თქვენი წარმომადგენელი 30-ე დღეს მონაცემების ჩასაწერად-მეთქი, პასუხი არ გამცეს. მოკლედ, სამართლის ძიებაში თვე-ნახევრის განმავლობაში მომიწია ბიუროკრატიულ ლაბირინთებში სიარულმა "თელასსა" და მარეგულირებელ კომისიას შორის. საბოლოოდ მარეგულირებელმა, მართალი ხართო! დაახლოებით 15-ლარიანი ცდომილება მეორე თვის გადასახადში გაას­წორეს და შემდეგი თვის თანხა სამართლიანად გადამახდევინეს. ასე დასრულდა პირველი გაუგებრობა.

2017 წლის ნოემბერ-დეკემბერში კი­ ზუსტად იგივე განმეორდა. ისევ 29 დღის ანათვალი ჰქონდა აღებული "თელასის" წარმომადგენელს. დახარჯული მქონდა 295 კვტსთ და მიანგარიშეს მესამე ტარიფით (301 კილოვატიდან ზემოთ). დავრეკე კვლავ კომპანიაში და მარეგულირებელში გადამამის­ამართეს, კვლავ ვიარე წინ და უკან. საბოლოოდ ისევ მითხრეს, მართალი ხართო. ამჯერად განსხვავება ის იყო, რომ არჩევანი შემომთავაზეს - თუ გნებავთ, კომუნალურის გადახდა დააგვიანეთ, "თელასს" ჩვენ ვაცნობებთ, რომ ზედმეტი თანხა გამოგდით გადახდილი და დენი არ ჩაგიჭრანო. პირველად თუ თვე-ნახევარი დამჭირდა, ამჯერად მალევე ვიპოვე სამართალი. თუმცა მალევე, 2017 წლის დეკემბერ-2018 წლის იანვრის ქვითარი რომ მომივიდა, ისევ ცდომილება აღმოვაჩინე. ამჯერად 34 დღეზე იყო თანხა დაანგარიშებული, შესაბამისად, დანახარჯი მეტი გამოდიოდა - უმაღლესი ტარიფის შესაბამისი. ისევ დავრეკე "თელასში"... თუმცა ამ ქვითარმა სხვა შეკითხვაც გააჩინა.
განაგრძეთ კითხვა