გუგა თევდორაძის სახლი-სახელოსნო - „ნახატი ოჯახის წევრივითაა და არა მხოლოდ მასპინძლის გემოვნებაზე მეტყველებს...“

მის ხელწერას ყველგან იცნობ: ფერადი ლანდშაფტები, პეიზაჟები და ნატიურმორტები, წელიწადის ყველა დროში გამოგზაურებს. წმინდანების, ანგელოზების, ფანტასმაგორიული პერსონაჟების კეთილი, უშუალო, ზოგჯერ მიამიტი გამომეტყველება, მნახველს მაშინვე დადებითად განაწყობს ტილოზე დასახლებული ადამიანების მიმართ და არა მხოლოდ - მათი ავტორის შესახებაც გექმნება შთაბეჭდილება. თითქოს მხატვარი ვერ ხედავს ამქვეყნად ვერანაირ ბოროტებას, მაგრამ იქნებ ხედავს და უბრალოდ სურს, რომ სწორედ ისეთი კეთილი იყოს სამყარო, როგორიც მის ტილოებზეა?! ამას აუცილებლად ვკითხავ გუგა თევდორაძეს...



ინტერიერიდან - ექსტერიერში

მხატვრის სახლის მიგნება რთული არ არის - ქუჩიდანვე იწყება გუგა თევდორაძის
სამყარო. გარეთ მხვდება და თავისი სახლი-სახელოსნოსკენ მიმიძღვის. კიბეს ავილევთ და ინტერიერში შევდივართ. კედლებზე გამოფენილი ნახატები და ზოგადად ეს გარემო, გათბობს და სულიერი სიმყუდროვის განცდას გიქმნის. მასპინძელი თავისი ფერწერასავით ორიგინალურია. მის ახალ ნამუშევრებს ვეცნობი: „ბალერინასა“ და „შეყვარებულ გოგონას“. მათი ხატვისას, ფერმწერს თავისი ჩვეული პალიტრისთვის არ უღალატია - ზეთით შექმნილი ტილოები სიკეთეს ასხივებს...


ძველი და ახალი სივრცე

...სასაუბროდ ვსხდებით და ის მიყვება, როგორ დაიწყო ყველაფერი: თბილისში, თაბუკაშვილზე, მხატვარი მამის ლადო თევდორაძის სახელოსნოში გაატარა ის წლები, როცა ჩვენ ყველანი ერთ-ერთ გასართობად ხატვას მივმართავთ. სახელოსნოში მისტიკური და ინტიმური გარემო იყო, სადაც დრო თითქოს ჩერდებოდა. ძალიან ენატრება იქაურობა და საუბარში იგრძნობა, რომ იმ სახელოსნოს გამო, მცირე ხნით სიამოვნებით დაბრუნდებოდა წარსულში.



ბევრი ფერებთან თამაშს ბავშვობასთან ერთად ეთხოვება, თუმცა, ზოგისთვის ეს საქმე პროფესიად იქცევა და მთელი ცხოვრების განმსაზღვრელი ხდება. მამას არაფერი უსწავლებია, შეიძლება ითქვას, რომ მისგან მხოლოდ მხატვრობის მიმართ დამოკიდებულება, სიყვარული დაინახა და როცა პროფესიის არჩევაზე მიდგა ჯერი, მან უბრალოდ იმ ფერთა სამყაროში სვლა განაგრძო, სადაც 4 წლიდან იდგა. ბავშვობიდან იცოდა, ვინ იქნებოდა და ახლაც ფიქრობს - თუ არა პალიტრა, რა შეიძლება იყოს სხვა...

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე რომ გადავიდნენ, სახლი და სახელოსნო გაერთიანდა. ახლა მამა იმერეთში, ფარცხანაყანევში ცხოვრობს და იქ მუშაობს, ხოლო ამ კედლებში გუგა თავისი ოჯახით დარჩა და ყოველდღიურ რეჟიმში ქმნის თავის ფერად სამყაროს.


კოლექციონერები

პასტელში შესრულებული პირველი ნახატი 14 წლის ასაკში გაყიდა, ჰოლანდიელმა შეიძინა. ორმოცამდე ნამუშევრის ფოტო არ აქვს, რადგან ისე გასხვისდა, რომ იმ მომენტისათვის ფოტოს გადაღება ვერ შეძლო. დღეს მისი ნამუშევრები უამრავ ქვეყანაშია: ამერიკა, ინგლისი, გერმანია, ჰოლანდია, ესპანეთი, შვეიცარია, ინდოეთი, ფინეთი და ა.შ. დღეს გუგას ნამუშევრებს არაერთი ქვეყნის კერძო კოლექციონერი ფლობს. ცოტა ხნის წინ ავსტრალიიდანაც მისწერეს და არ არის გამორიცხული, მომავალში მისი ნახატი ამ კონტინენტზეც მოხვდეს...



უხარია, რომ კიდევ ბევრი ნამუშევარი იმ ქართველთა ოჯახებშია, რომლებიც პატივს სცემენ მის შემოქმედებას. ნამუშევარი საზღვრებს რომ არ ტოვებს, თითქოს ამით გული უფრო მშვიდდება. ყოველდღიურად დიდ მადლობას ეუბნება უფალს, რომ შესწევს ძალა, კიდევ ბევრი ახალი სიცოცხლე შესძინოს ტილოს.

მამა-შვილის მუდმივმოქმედი გამოფენა გალერეა „თევდორეში“ დაახლოებით 15 წელია არსებობს.


ნახატი, როგორც ოჯახის წევრი

არის ასეთი ტენდენცია და არა მხოლოდ დღეს, ალბათ სულ იყო, როცა ბევრი შეძლებული ადამიანი ნამუშევარს მხოლოდ მათი მხატვრული ღირებულებების მიხედვით როდი იძენს, არამედ მისი ავტორის გახმაურებული სახელის გამო. ასეთი ბევრი კოლექციონერი არ არის, უმთავრესად მაინც ისეთებს ვხვდებით, ვისაც რეალურად მხატვრის ხელწერა ან რომელიმე კონკრეტული ნამუშევარი განსაკუთრებით მოსწონს და მათ იძენს. ყოფილა ისეთი შემთხვევაც, როცა კოლექციონერ ოჯახებს შვილიშვილები მიუყვანიათ გუგასთან და ბავშვებს თავად შეურჩევიათ ნახატი თავიანთი ოთახისთვის.



ახალ გარემოში რომ ხვდება, პირველად ნახატი იქცევს ყურადღებას და შემდეგ სხვა ნივთები. როგორც ამბობს, ნახატი ოჯახის წევრივითაა და ის არა მხოლოდ მასპიძლის გემოვნებაზე მეტყველებს, არამედ მაშინვე „უყვება“, თუ ვისთან მოხვდა. ამიტომაა კარგი, თუ ხელოვნებასთან ზიარებას ბავშვობიდანვე დავაწყებინებთ შვილებს.


„ვხატავ იმას, რასაც განვიცდი“

- გუგა, ყოველთვის დადებითი პერსონაჟები და ტილოებიდან გადმოსული სითბო... რატომ ვერ ხედავ და არასოდეს ხატავ იმ აგრესიას და ბოროტებას, რაც ყოველდღიურადაა ჩვენ გარშემო, თუ არ გინდა დანახვა?

- კარგი კითხვაა, მომეწონა (იღიმის). როგორ ხდება, გეტყვით: რასაც შინაგანად განვიცდი, იმას ვხატავ. ხატვისას მთელი ჩემი გული და სისუფთავე გადამაქვს ტილოზე, თორემ, დანახვით ძალიან კარგად ვხედავ, ირგვლივ რაც ხდება (იღიმის). მძიმე აურასა და ყოფაში მინდა ადამიანებმა გაიღიმონ. თუმცა, ასე სპეციალურად არ ვიქცევი, ნამდვილად არ ვხატავ იმისთვის, რომ სხვებს მოეწონოს, პირველ რიგში ნამუშევარი მე უნდა მომწონდეს. მასში უნდა იგრძნობოდეს სიცოცხლე და ის, რაც შეგავსებს. ხელოვანი ხატვისას მხოლოდ იმაზე უნდა ფიქრობდეს, თუ რა შექმნას და როგორ, და არა ფინანსურ მხარეზე. ხან ძალიან მდიდარი ვარ და ხან არა, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ მდიდარი კაცი ვარ, რადგან ხატვა შემიძლია და ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია... რაღაც არამიწიერად ვთვლი ამ ყველაფერს. როგორ ვთქვა?! ფიქრებითა და შეგრძნებებით უფრო „ზევით“ ვარ, ვიდრე „ქვევით“...

- რა ხდება შენთვის შთაგონების წყარო?

- შთაგონება აბსოლუტურად ყველაფრისგან მოდის, რამე განსაკუთრებული არ მჭირდება... ხატვა უკვე იმდენადაა ჩემში გამჯდარი, ეს თავისით ხდება. ღამე რომ გამაღვიძო, მივალ ტილოსთან და პატარა ისტორიას შევქმნი.




პერსონაჟები, მასშტაბები და გარემო

გუგას შექმნილ ტილოებზე პერსონაჟები არ მეორდებიან, ყველა ერთმანეთისგან განსხვავდება. რაოდენობრივად თუ მივუდგებით, ამ სამყაროში ანგელოზები ჭარბობს. ხატვისას საკუთარი თავის მიმართ განსაკუთრებით კატეგორიულია და თვლის, რომ მხატვარი არასოდეს უნდა განმეორდეს. დიდ მასშტაბებზე ხატვა ურჩევნია, ასეთ დროს მეტ თავისუფლებას გრძნობს. სანამ ტილომდე მივა, უამრავი მონახაზია და გონებაში ბევრი კომპოზიცია ენაცვლება ერთმანეთს, მაგრამ მხოლოდ ფუნჯის ხელში აღების მომენტში წყდება, ვინ „დაიბადება“ ტილოზე. ეს მისთვის სასწაული წუთებია და განსაკუთრებით უყვარს.…წლების წინ შექმნილი ნამუშევრების მიმართ კრიტიკული თვალი ბუნებრივია, ახლა ბევრ კომპოზიციას სულ სხვანაირად ხედავს, მაგრამ არ ცვლის, არაფერს ამატებს, რადგან ისინი უკვე ისტორიაა და წარსული შეგრძნებების გამოძახილი.

საერთოდ, თითქოს ერთგვარი წესია, რომ მხატვრისთვის აუცილებელია სახელოსნო ცალკე იყოს და იქ მუშაობდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში გუგასთვის მთავარია, სიმშვიდე იყოს იმ გარემოში, სადაც ხატავს. ფაქტია, ეს ფუფუნება მას აქვს და ამაში დიდი წვლილი მიუძღვის მის მეუღლეს ნინი გაბიანურს. დღეც მუშაობს, მაგრამ განსაკუთრებით უყვარს ხატვა ღამით, თანაც მუსიკის თანხლებით. მუსიკალური გემოვნება ჟანრობრივად მრავალფეროვანია, ბოლო დროს განსაკუთრებით ელექტრონული მუსიკა იზიდავს.




საჩუქარი ქალაქს

როცა ტილოზე საუბრობს, ეს მისთვის იმდენად „ჰაი კლასია“, რომ აღარ უნდა იმაზე ლაპარაკი, რომ ოდესღაც რაღაც ავეჯი თუ კედელი მოხატა. მხატვარი ვარ და ეს რა გასაკვირიაო, თუმცა, მაინც ვთხოვ, ამაზე როგორც ფაქტზე, ისე მაინც ისაუბროს:

„...რაღაცას ვხატავდი, მისაფრქვევი საღებავი მომრჩა და სახლის გვერდით კედელი მოვხატე. აივნიდან რომ ვიყურები, ახლა ფერად კედელს ვხედავ. არ ჩავუღრმავდები იმას, თუ რომელ ფერს რა დატვირთვა აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში იყო მხოლოდ ის მიდგომა: მეტი ფერი ქალაქს, ქვეყანას და კარგი განწყობა ადამიანებს. მინდოდა ხალისი ყოფილიყო ირგვლივ და მგონი გამოვიდა. შემდეგ უკვე ჩემი სახლის გარე ფასადზეც დავხატე რამდენიმე კომპოზიცია.

- და რაც შეეხება „ფაბრიკას“? იმ სივრცეშიცაა შენი მოხატული კედელი...

- დიახ. ადრე, საკმაოდ დიდი თანხა შემომთავაზეს იმისათვის, რომ ერთგან კედელი მომეხატა, მაგრამ მაშინ ეს არ გავაკეთე. რაც შეეხება „ფაბრიკას“, ფესტივალი ტარდებოდა, მონაწილეობა მივიღე და მოვხატე. საღებავების უმეტესი ნაწილი მე ვიყიდე. ეს ჩემი მხრიდან უბრალოდ საჩუქარი იყო და ამ გზით, რამდენიმე კომპოზიცია, აბსოლუტურად უსასყიდლოდ ვაჩუქე ჩემს ქალაქს“.

დაბოლოს, 2018 წლის მარტში გუგა თევდორაძეს რიგით მეოთხე პერსონალური გამოფენა ჰქონდა, სახელწოდებით „ვარდისფერი გზა“. როდის იქნება შემდეგი პოეტური სათაურის ექსპოზიცია, რთულია პროგნოზირება. მთავარია, ფერმწერი არ ჩერდება, ხატვა მისი ყოველდღიურობაა, რა მნიშვნელობა აქვს ციფრებსა და თარიღებს?!

ანა კალანდაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები