"რუსეთი ვალდებულად თვლის თავს, უპატრონოს საქართველოს..." - უცნაური წარწერები და უცნობი ფაქტები ეროვნული გალერეიდან

თბილისში ერთ-ერთი საინტერესო ნაგებობაა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, რომლის დაარსების ისტორიას და მის შესახებ მნიშვნელოვან ფაქტებს გაგაცნობთ. შენობა, რომელშიც ის არის განთავსებული, 1888 წელს რუსეთის იმპერატორის გადაწყვეტილებით აიგო რუსეთის სამხედრო-ისტორიული მუზეუმისთვის, რომელსაც შემდგომ დიდების ტაძარი ეწოდა. პირველი მსოფლიო ომის დროს, დიდების ტაძარმა არსებობა შეწყვიტა, რადგან მისი ექსპოზიციის ევაკუაცია მოხდა.
გვესაუბრება ხელოვნებათმცოდნე მაკა ბეჟუაშვილი:

- გალერეის არქიტექტორია გერმანელი ალბერტ ზალცმანი, რომელიც თბილისში მუშაობდა. სხვათა შორის, შენობის პროექტი დაკარგულია. არსებობს მხოლოდ ფრაგმენტი და ის ინახება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.
ეს ნაგებობა არის რომის საგამოფენო სასახლის პროტოტიპი. მისი ფასადია გადმოღებული, ოღონდ გამარტივებული და შეცვლილი სახით.
ეროვნული გალერეის არსებობა უდიდესი საზოგადო მოღვაწისა და მხატვრის დიმიტრი შევარდნაძის სახელს უკავშირდება. მან განათლება მიიღო მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში, ჩამოდის თბილისში და სამუზეუმე საქმის ერთადერთი მცოდნე, 1916 წელს მხატვართა საზოგადოებას აარსებს. დიმიტრი ძალიან განათლებული კაცი ყოფილა. როგორც მისი თანამედროვენი ამბობენ, მან ზუსტად იცოდა, როგორ შეესხა ხორცი თავისი იდეებისთვის. დღევანდელი ტერმინით რომ ვთქვათ, არაჩვეულებრივი მენეჯერი გახლდათ. დიმიტრი შევარდნაძის მიზანია მხატვართა შეკავშირება, მათი დახმარება და პირველ რიგში, ხელოვნების გალერეის დაარსება.



ამისთვის ის ეძებდა შენობას და ქალაქის ცენტრში არსებული დიდების ტაძარი, რომელიც აღარ ფუნქციონირებდა, აღმოჩნდა შესანიშნავი ნაგებობა საგამოფენოდ. რთული მოლაპარაკებების შედეგად, დიმიტრი შევარდნაძემ მიაღწია იმას, რომ 1920 წლიდან დაიწყო ეროვნული გალერეის არსებობის ისტორია. მანამდე დიმიტრიმ მიზნად დაისახა - თუკი რამე ფასეული არსებობდა ხელოვნების სფეროში (ქართული და არაქართულიც), მათთვის თავი მოეყარა. ამისთვის მთელი საქართველო შემოიარა. რა მივიღეთ? მოგროვდა ფერწერა, ჭურჭელი, ბრწყინვალე სპარსული კოლექცია, თბილისელი მხატვრების ნამუშევრები. ეს ყველაფერი, ძირითადი სართულის ორი ფლიგელის სამ-სამ ნაწილად დაყოფილ სივრცეში განთავსდა, ხოლო შუა ნაწილში სახელოვნებო ბიბლიოთეკამ დაიდო ბინა. რადგან მხატვრებს აღარ დარჩათ საგამოფენო ადგილი, შევარდნაძემ ზრუნვა დაიწყო ახალი შენობის მოძიებაზე. მან ყურადღება შეაჩერა მეტეხის ციხის შენობაზე და მისი რეკონსტრუქციის პროექტიც შექმნა. 1937 წელს უკვე არსებობდა თანხმობა მეტეხის ციხის მუზეუმად გადაკეთების შესახებ, მაგრამ დიმიტრი შევარდნაძე დახვრიტეს, ამას ვეღარ მოესწრო. მალე გალერეა გადასცეს ახალშექმნილ მხატვართა კავშირს და საგამოფენო ცხოვრება გაგრძელდა.



- დიმიტრი შევარდნაძის ნამუშევრების შესახებ გვიამბეთ.
- ტილოების მწირი რაოდენობა შემოგვრჩა. ესენია ნატურმორტები, ჩანახატები, პორტრეტები. ის ძალიან გემოვნებიანი ფერმწერი იყო. დიმიტრი წერდა: "მხატვრობისთვის სამწუხაროდ ვერ ვიცლი. იმდენად დიდი დატვირთვა მაქვს სხვა მიმართულებით, რომ ხატვაზე უარს ვამბობ." მას კინოს მხატვრობაშიც ჰქონდა ნამუშევრები, შექმნა უნივერსიტეტის გერბი, დამოუკიდებელი საქართველოს ფულადი ნიშნების ესკიზები. შევარდაძეს სულ ორი ათეული წელი მოუწია მოღვაწეობა და უამრავი რამ მოასწრო. დიდია მისი წვლილი ფიროსმანის ნამუშევრების მოძიებაში. ის მარტო არ იყო ამ საქმეში, მაგრამ რაც ეროვნული მუზეუმის საგანძურშია თავმოყრილი, სწორედ შევარდნაძის ინიციატივის შედეგია. ფიროსმანი ერთადერთხელ მოიწვიეს მხატვართა კრებაზე, სადაც იგი გაიცნეს მხატვრებმა და მას დასახმარებლად მცირედი თანხა გადასცეს. ცნობილია, რომ ფიროსმანი ძალიან ამაყი კაცი იყო. მან თანხა მადლიერებით აიღო, მაგრამ თქვა, რომ ამით საღებავებს იყიდდა და მათთვის ტილოს შექმნიდა. მხატვარი ასეც მოიქცა და გალერეას გადასცა "ქორწილი კახეთში".



- რა ფონდებია თქვენთან და რა რაოდენობის ექსპონატებს მოიცავს?
- ფონდები (ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, კერამიკა) გადაეცა ხელოვნების მუზეუმის საგანძურს. 1933 წლისთვის გალერეა 6000 ექსპონატს ფლობდა. საბჭოთა პერიოდში, გასული საუკუნის 90-იან წლებამდე, ყველა დარგის ექსპონატთა რაოდენობამ 30 000-ს მიაღწია, თუმცა იმ არეულ ხანაში გალერეა არაერთხელ გაძარცვეს და ბევრი რამ დაამტვრიეს. 1937 წლის მერე, გალერეაში მხატვართა კავშირი მუდმივად აწყობდა საშემოდგომო-საგაზაფხულო და საკავშირო გამოფენებს. თითოეულ გამოფენაზე სახელმწიფო თანხას გამოყოფდა, რითაც ნამუშევრების შესყიდვა ხდებოდა. ასე შეიქმნა დარგობრივი ფონდი. ეს შეწყდა 90-იან წლებში და მას შემდეგ, ფონდის შევსება ამ გზით აღარ ხდება.



- რომელია მუდმივმოქმედი გამოფენები?
- ერთი დარბაზი ეთმობა ფიროსმანს, მეორე კაკაბაძე-გუდიაშვილს. წარმოდგენილია ი.ნიკოლაძე, ე.ახვლედიანი, ქ.მაღალაშვილი, შ.ქიქოძე, კ.ზდანევიჩი. ე.ი. გვაქვს, ფიროსმანი და ქართველი მოდერნისტები. ქეთევან მაღალაშვილი ფაქტობრივად დიმიტრის მეუღლე იყო. მაღალაშვილიც აქ მუშაობდა, იყო ფერმწერ-პორტრეტისტი და რესტავრატორი. მუდმივმოქმედი გამოფენების გარდა, პირველ სართულზე მიმდინარე გამოფენები იცვლება. გალერეის დანიშნულება ისაა, რომ მუდმივად ასახოს ქართული და საერთაშორისო მოვლენები.



- ძველი, საარქივო ჩანაწერებიდან რაიმე ფაქტი გაგვაცანით.
- შენობის ფასადზე იყო 10 დაფა, სადაც ჩამოთვლილი იყო რუსეთ-კავკასიის ომები, ისინი მოიხსნა. გარდა ამისა, შესასვლელში ყოფილა წარწერა რუსულ ენაზე, რომლის შინაარსი ძალიან გულისმომკვლელია. ეს არის ნაწყვეტი იმპერატორ ალექსანდრეს 1801 წლის მანიფესტიდან და წერია, რომ "რუსეთის იმპერია თავისი კეთილშობილების, ღირსების და ადამიანურობის ფარგლებში, თავს თვლის ვალდებულად უპატრონოს საქართველოს და დაამყაროს აქ მართლმსაჯულება, უსაფრთხოება და დაიცვას თითოეული მოქალაქე". წარწერა აღარ არსებობს, თუმცა მათი პათოსი დღესაც ზუსტად იგივეა.

ფოტოები მოგვაწოდა საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა


ნანული ზოტიკიშვილი

კომენტარები

ნათია 2019-07-06 16:52
ამასწინათ პუტინმა განაცხადა, ქერჩი რუსეთის ტერიტორიააო და იმიტომ წავიღეთო, ერთი კითხეთ აფხაზეთი და ხცინვალი ვისი ტერიტორიაა. მერე ვილაპარაკოთ იმაზე რა ვალდებულება აქვს რუსეთს აღებული, როგორი ურთიერთობა უნდა ქონოდა ჩვენთან.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები