"ყველას მოსწონს და უნდა ასეთ სახლში ცხოვრება" - როგორ მზადდება სახლი ბორბლებზე და რამდენ ხანს ძლებს

გიორგი მესხი დიდი ხანია აკეთებს კატერებს, იახტებს და ხის სახლებს, რომლებიც საბურავების მეშვეობით გადაადგილდება. ჩვენ სწორედ ამ ბორბლებიანი სახლებით დავინტერესდით. როგორც თავად ამბობს, ეს პროფესია მისთვის ძალიან ძვირფასი და სასიამოვნოა. ის გვიყვება, როგორ აკეთებს მსგავს სახლებს და რა უნდა გაითვალისწინოს მან, ვინც მსგავს სახლში დასახლებას გადაწყვეტს:

- მრავალნაირად შეიძლება ამ სახლების გაკეთება. ეს არის ჩვეულებრივი ხის სახლი, თუმცა გადაადგილდება საბურავებით. კეთდება ხისგან, იწყობა რკინის კარკასზე, შიგნით გამოყენებულია კვადრატული მილი, ე.წ. ტრუბა კვადრატი, შუაში იზოლაცია იდება. მისი გამძლეობა მოვლაზეა დამოკიდებული - 5 წელიწადში ერთხელ რომ შეიღებოს,
25 წელი მაინც გაძლებს.

- მსგავს სახლებში შეიძლება ცხოვრება თუ მხოლოდ ღამის გათევაა შესაძლებელი?
- არა, ჩვეულებრივად, შეიძლება რომ იცხოვრონ ადამიანებმა. ამის ყველა პირობაა. შიგნით აბაზანაა, საპირფარეშო, ხელების დასაბანი და სამზარეულო. მაღლა საძინებელი და მისაღებია. 5 მეტრი აქვს სიგრძე, 2. 40 სიგანე, 3.65 - სიმაღლე. 4 ადამიანი ჩვეულებრივად დაეტევა, მაგალითად, ცოლ-ქმარი და 2 ბავშვი.

რით გადაადგილდება, ალბათ დიდი მანქანა სჭირდება ასეთი სახლის გადაადგილებას?
- სახლს აქვს თავისი სპეციალური ნომერი, ისევე როგორც მანქანას, გამოაბამ მანქანაზე და წაიყვან. ოღონდ ცოტა ძლიერი მანქანა სჭირდება, მაგალითად, ჯიპი. პატარა მანქანა ვერ წაიყვანს. სადაც გინდათ, ნებისმიერ კუთხეშია მისი წაღება შესაძლებელი. დაშლის ან დაზიანების ვარიანტი გამორიცხულია. გაკეთებულია კაპიტალურად და წარმოიდგინეთ, მანქანაზე ძლიერადაა შეკრული. ყველა საფრთხე გათვლილია. თუმცა, მგზავრობისას 50 კმ/სთ-ზე მეტი არ უნდა განავითარონ. 100 კმ/სთ-ით რომ იაროთ, არ შეიძლება იმიტომ, რომ ეს მისაბმელია.

- თუ საიდუმლო არ არის, რა ჯდება საშუალოდ ერთი სახლის აწყობა?
- 25 000 ლარი.

- როგორ აწყობთ ინტერიერს?
- ეს არის ჩემი პროექტი, თავიდან ბოლომდე. თუმცა, დამოკიდებულია მყიდველზე. შეიძლება მას უკვე მოწყობილის ყიდვა უნდოდეს და მე მერე ვუკვეთავ და დავდგამ ავეჯს, შეიძლება მხოლოდ სახლი წაიღონ და თავად მოაწყონ. ავეჯს მე არ ვამზადებ.

- საინტერესოა, თქვენ თუ იცხოვრებდით ასეთ სახლში?
- მე დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი. ვინც დაინახავს, ბავშვი, ქალი, მოხუცი, ყველას მოსწონს და უნდა ასეთ სახლში ცხოვრება. ჩემი პროფესია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ დროს ვისვენებ და ყველაზე დიდ სიამოვნებას ვიღებ.

თამარ იაკობაშვილი

კომენტარები

დალი 2019-07-27 16:48
ნეტავ ასეთი სახლები მისცა უსახლკაროებს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები