ვერ შეგიყვარე ჩემო სახლო, დიდი ბოდიში...

 

ვერ შეგიყვარე ჩემო სახლო, დიდი ბოდიში.
ვერ შევიყვარე შენი აგურის ლამაზი კედელი.
ვერც წითელი ტახტი შევიყვარე.
ვერც უშველებელი მწვანე მცენარე.
ყველა გავლა-გამოვლაზე,
ვიჭყიტები ჩემი ძველი სახლის ფანჯრებში
და ვბუტბუტებ გულში:
ფარდა ჩამოუკიდიათ,
ჭაღი აუნთიათ,
რაფაზე ყვავილი შემოუდგამთ.
ვცდილობ, უფრო ღრმად შევიჭყიტო ჩემი სახლის ძველ ფანჯრებში
და დავინახო მოსიარულე ჩრდილები მათი,
ვინც ახლა ჩემს სახლში ალბათ ვახშმობენ
თამაშობენ
ტელევიზორს უყურებენ...
იყო დრო მინდოდა მქონოდა ბევრი ფული, რომ მეყიდა ახალი სახლი.
ახლა კი ვიცი:
როცა ბევრი ფული მექნება,
ჩემ სახლს ვიყიდი და

იქ მოვკვდები.

ნინო თარხნიშვილი