თბილისის ობსერვატორია - ისტორიული შენობა, სადაც ახალგაზრდა სტალინი მუშაობდა

1899 წლის დეკემბერში, იოსებ სტალინმა, მაშინ ჯერ კიდევ იოსებ ჯუღაშვილმა თბილისის მაგნიტურ-მეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში დამკვირვებლად დაიწყო მუშაობა. მანამდე თბილისის სასულიერო სემინარიის მოსწავლე, ამიერკავკასიაში მცხოვრები რუსი მარქსისტების გავლენით რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება, რის გამოც სემინარიიდან გარიცხეს.
ახალგაზრდა დამკვირვებელი სიბეჯითით გამოირჩეოდა, ამიტომ მალე უფლება მისცეს, სხვათა ცხრილებიც გადაემოწმებინა. გეოფიზიკურ მეცნიერებათა ისტორიის მუზეუმში დაცულია ერთი ცხრილი, რომელსაც ხელს სოსო ჯუღაშვილი აწერს. ასე იქცეოდა ყველა დამკვირვებელი. არსებობს ჩანაწერი, სადაც ბიბლიოთეკის თანამშრომელი მოშკინა იხსენებს, როგორ ციოდა დეკემბრის იმ დღეს, როცა სტალინი სამუშაოდ უნდა მიეღოთ. ქალი ასევე საუბრობს
იმაზე, რომ ის იყო ძალიან გამხდარი და შავი ბლუზა ეცვა. ფანჯარასთან ახლოს, დაბალ სკამზე მორიდებულად იჯდა და შეკითხვებს პასუხობდა. სტალინი დამკვირვებლებისთვის განკუთვნილ ფლიგელში მარტო ცხოვრობდა, მისი ხელფასი 20 მანეთი ყოფილა. სტალინმა ობსერვატორიაში 1899 წლიდან 1901 წლამდე იმუშავა. ჯუღაშვილის ხელმოწერილი ცხრილების უმეტესი ნაწილი გორის მუზეუმს გადაეცა.

ობსერვატორიის დაარსების ისტორია
მე-19 საუკუნის დასაწყისში გერმანელმა მეტეოროლოგმა და ასტრონომმა ადოლფ ფონ კუპფერმა საქართველოში რუსეთის მეფისნაცვლის წინაშე საკითხი დააყენა, რომ თბილისში ობსერვატორია აშენებულიყო მეტეოროლოგიური სამუშაოების საწარმოებლად. ხელმძღვანელი იქნებოდა კუპფერის ყოფილი მოსწავლე ანდრია შესტაკოვი, რომელიც იმ პერიოდში თბილისის გიმნაზიის უფროსი მასწავლებელი იყო. ასეც მოხდა.

თბილისის პირველი მაგნიტურ-მეტეოროლოგიური ობსერვატორია ქალაქის განაპირას, სოლოლაკის მთის ძირში 1837 წელს აშენდა, რისთვისაც მეფისნაცვალმა 12 ათასი რუბლი გამოყო. ობსერვატორიამ მცირე ხანს იმუშავა. ახალი შენობა 1844 წელს, მთაწმინდაზე მამადავითის მთის ძირში აიგო. რამდენიმე წელიწადში, თბილისის განაშენიანების გამო მაგნიტური დაკვირვებები ვეღარ ტარდებოდა, ამიტომ ობსერვატორიისთვის ახალი ადგილის ძებნა დაიწყო. ავლაბრის ტერიტორიაზე ააშენეს მესამე ობსერვატორია, სადაც დამკვირვებლად მუშაობდა გერმანელი ასტროფიზიკოსი არნოლდ მორიცი. იგი 1847 წელს გამოგზავნეს თბილისში.

მეცნიერების განვითარებასთან ერთად, ასტროფიზიკოსმა ევროპული ტიპის ობსერვატორიაზე დაიწყო ფიქრი. მან შეარჩია თითქმის დაუსახლებელი ტერიტორია, დღევანდელი აღმაშენებლისა და თამარ მეფის გამზირის კუთხესთან. გერმანელი კოლონისტები ამ ადგილებს ნელ-ნელა ითვისებდნენ. მორიცმა სახსრები სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის გავლენით მოიძია. 1862 წელს ობსერვატორიის მშენებლობა დასრულდა და პირველ მაისს პირველი მონაცემები ჩაინიშნეს. არნოლდ მორიცი ობსერვატორიის „სტატსკი სავეტნიკად“ დაინიშნა (იგივე დირექტორი). დღეს სწორედ, ამ უნიკალურ შენობაშია განთავსებული გეოფიზიკურ მეცნიერებათა ისტორიის მუზეუმი, რომელიც საინტერესო არქიტექტურით გამოირჩევა.

შენობა უნიკალურია იმით, რომ ნაგებობას ცენტრში მბრუნავი კოშკი ჰქონდა. ამბობენ, რომ მორიცი არავის ანდობდა კოშკში ასვლას და დაკვირვებას ყოველთვის თავად აწარმოებდა. შენობის ასაგებად მორიცმა გერმანელი ინჟინერი ფერდინანდ ლემკული მოიწვია. მაშინ აიგო სხვა დამხმარე შენობებიც. ობსერვატორიას ულამაზესი ბაღი ამშვენებდა, რომელსაც განსაკუთრებულად უვლიდნენ. თურმე საკმარისი იყო, მორიცს ქაღალდის ერთი ნაკუწი შეემჩნია, რომ მაშინვე შენობიდან გამოვიდოდა და ქაღალდს აიღებდა.

მუზეუმში შემორჩენილია მე-18-19 საუკუნეების სინოპტიკური რუკები, ბაროგრაფი, ჩარხი, სადამკვირვებლო ხელსაწყოები, მეტეოროლოგიური ნაშრომები, მხატვრული ლიტერატურა სხვადასხვა ენაზე... შემონახულია უამრავი დაკვირვების მასალა, ცხრილები, წიგნები თანამშრომელთა გვარებითა და ხელფასის მითითებით დალაგებულია წლების მიხედვით. როგორც წესი, ობსერვატორია ყოველი წლის ბოლოს ანგარიშს პეტერბურგში გზავნიდა.

გეოფიზიკურ ობსერვატორიას (ეს სახელი 1924 წელს დაერქვა) 1947 წლიდან სამეცნიერო კვლევითი სტატუსი ჰქონდა. 50-იანი წლების დასაწყისში, როცა კვლევითი სამუშაოების საწარმოებლად ინსტიტუტის შექმნის საკითხი დადგა, ამის შესახებ თხოვნა სტალინთან გაიგზავნა. იმ დროს მომუშავე თანამშრომლებს ეჭვიც არ ეპარებოდათ, რომ ბელადი მათ ყურადღებას მიაქცევდა და ეს საკითხი მის მეხსიერებაში თავისებურ ემოციას აღძრავდა. 1953 წლის 11 თებერვალს, სტალინმა ხელი მოაწერა ბრძანებას ინსტიტუტის დაარსების შესახებ. იმავე წლის 5 მარტს კი, ის გარდაიცვალა. დღეს, ამ შენობაში ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი ფუნქციონირებს, ხოლო მუზეუმს - ყოფილი ე.წ. სადამკვირვებლო ოთახი აქვს დათმობილი.

ნანული ზოტიკიშვილი

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები