"პატრულის თანამშრომლები, ჟურნალისტები ბარე ხუთჯერ მეტნი იყვნენ ერთად აღებული, ვინემ ჩემი სტუმრები." - ზურა შევარდნაძის განცხადება "გარდენიას" დალუქვის შემდეგ

რამდენიმე დღის წინ გარდენია შევარდნაძე რეგულაციების დარღვევის გამო ჯერ დააჯარიმეს, შემდეგ დალუქეს. რასაც ზურა შევარდნაძის დიდი აღელვება და წყევლაც კი მოჰყვა.
არ ელოდა საზოგადეობა მისგან ასეთ რეაქციას, ამიტომ შეფასებაც არაერთგვაროვანი იყო.
დღეს, ზურა შევარდნაძე პირველად აკეთებს საჯარო განცხადებას ამ თემასთან დაკავშირებით, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ყვავილებზე, ბროწეულებზე, შემოდგომის ყვითელ ფოთლებზე, ძველ გურულებზე ვერ დავიწყებ წერას მანამდე, სანამ ამხელა ემოციის შემდეგ, არ ვიტყვი რა იყო და როგორ. გულწფელად გამომდის ხოლმე მოყოლა და ახლაც ასე შევეცდები.
ნიუიორკიდან ჩამოფრინდა ჩემი ორი მეგობარი, გიორგი და
რადმილა, საქართველოში ჯვრის დასაწერად, ჩემთან დაბინავდნენ. მთხოვეს რომ სვეტიცხოვლიდან მოვიდოდნენ 20 სტუმრით.
ვერ ვუთხარი უარი. ლამაზი სუფრა გავუშალე ჩემ საკუთარ სახლში და არა საჯარო სივრცეში გარდენიაში. სახლი იურიდიულადაც ჩემი პირადი საკუთრებაა და გამიჯნულია ბაღისაგან რეესტრშიც ასეა გატარებული. ყველა სტუმარი იყო პისიარ ტესტით შემოწმებული.
რათქმაუნდა გავიხარეთ ერთმანეთის ნახვით, ფოტოების, ვიდეოების გადაღებასაც არავინ მორიდებია.
ძალიან მალე ატყდა რაც ატყდა, გაივსო ბაღი და სახლი სამართალდამცავებით, პატრულის თანამშრომლებით, ჟურნალისტებით. ბარე ხუთჯერ მეტნი იყვნენ ერთად აღებული, ვინემ ჩემი სტუმრები. ძალიან გავნერვიულდი, ძალიან. ვფიქობ გადაამეტეს.
რა თქმა უნდა დავარღვიე კანონი, რა თქმა უნდა რეგულაცია დავარღვიე და ვუმასპინძლე სტუმრებს. ამიტომ ჯარიმაც გადავიხადე და ოთახიც დალუქეს. ზუსტად მაქვს გაცნობიერებული, რამხელა საფრთხის ქვეშ ვართ ყველანი, მაგრამ ზრდილობასა და პასუხისმგებლობას შორის გაძრომა არ ყოფილა იოლი საქმე, მე ამჯერად არ გამომივიდა. უსიამოვნებაში ჩავაგდე სტუმრებიც და საკუთარი თავიც.
რაც მოხდა მოხდა, იმედი მაქვს არავინ დავაზიანე და დავაზარალე, მე კი ჩეთვის ჩემი დასკვნები გავაკეთე, მაგრამ ალბათ სხვებისთვისაც ჭკუის საწავლი იქნება ეს ამბავი და ჩემსავით არ შეცდებით.
ჩემს მეგობრებს სიხარულით სავსე ცხოვრებას ვუსურვებ, რასაკვირველია, გაფრინდნენ უკვე.
მე კი თქვენი ნებართვით გავაგრძელებ მყნობას, დარგვას, თესვას, მივხედავ ბაღს... "

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები