"ყველაფერი, რაც რემონტისთვის არის საჭირო, ჩემი ხელით მაქვს ნაყიდი" - სოფო ხალვაშის ოცნების სახლი

ცნობილი მომღერალი სოფო ხალვაში წლებია ბათუმში საქმიანობს. სოფომ ბათუმში ბინა შეიძინა, სადაც სულ ახლახან გადავიდა საცხოვრებლად. მომღერალი რემონტის საკითხში აქტიურად იყო ჩართული და ყველაფერი საკუთარი გემოვნებით მოაწყო. რემონტის დასრულების შემდეგ მან “შინს“ უმასპინძლა.


- სახლი ჩემთვის არის ყველაფერი, ცოცხალი ორგანიზმი. ჩემი გრაფიკი ცოტა უცნაურად არის გადანაწილებული. ხან დიდი დროს ვატარებ სახლში, ხან პირიქით, ისე მიყვება საქმე ერთმანეთს, რომ მენატრება სახლი. ზოგჯერ ვხუმრობ ხოლმე, ხომ შეიძლება ეს ყველაფერი ზომიერად იყოს გადანაწილებული და ნორმალურ ადამიანად ვიგრძნო თავი. ძალიან მიყვარს, როცა სახლში ჩემს შვილებთან ერთად ვატარებ დროს. სასიამოვნოა ოჯახურ გარემოში დასვენება, განტვირთვა. ჩემი მეგობრებიც ხშირად გვსტუმრობენ და ეს ძალიან მახარებს.

- სულ ახლახან გაარემონტეთ სახლი. როგორ მოაწყვეთ და რა სტილს მიანიჭეთ უპირატესობა რემონტის დროს?
- დიახ, ეხლა შევიძინეთ სახლი და გამოვედით ბათუმში. დიზაინის საკითხში დამეხმარა ძალიან კარგი ადამიანი და არქიტექტორ-დიზაინერი თათა სვანაძე. ერთობლივი ძალებით ინტერიერი ისე შევქმენით, რომ მეც ძალიან კმაყოფილი ვარ და თათაც. სახლს ულამაზესი ხედები აქვს, რაც ყველაზე ძალიან მომწონს. სულ ახლახან გადმოვედით და ჯერ შეგუების მომენტი გვაქვს მეც, მიშიკოსაც და ბავშვებსაც.

- რაც შეეხება უშუალოდ რემონტის საკითხს, რამდენად აქტიურად იყავით ჩართული ამ პროცესში?
- ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული არა მარტო დიზაინის, არამედ რემონტის საკითხშიც. ყველაფერი, რაც რემონტისთვის არის საჭირო, ჩემი ხელით მაქვს ნაყიდი. ყველა დეტალმა ჩემს ხელში გაიარა. სწორედ ამიტომ არის ეს სახლი ასე ძვირფასი ჩემთვის.


- რა ფერები ჭარბობს თქვენი სახლის ინტერიერში?
- შემოსასვლელი და მისაღები ოთახი მთლიანად არის ლურჯში და ნაცრისფერში დაგაწყვეტილი. სამზარეულო არის ნაცრისფერი თეთრში, ჩემი საძინებლის კედლის ფერებიც ნაცრისფერში გადადის. ბავშვების ოთახისთვის უპირატესობა თეთრს და ღია ყავისფერს მივანიჭე.

- როგორი განათება გიზიდავთ?
- აი, განათება ძალიან ლამაზი მაქვს. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ კარგ განათებას, მომწონს ნათელი და კაშკაშა ოთახები. განათება ისე გადავანაწილე, რომ საჭიროების შემთხვევაში დაბალი განათებაც იყოს და პირიქით, უფრო ნათელიც. მაქვს სანათი, რომელიც შუქს არ იძლევა, ოთახი ჩაბნელებული უნდა იყოს, რომ ოდნავ ბჟუტავდეს. მას ვიზუალური დატვირთვა უფრო აქვს, ვიდრე გასანათებელი.

- აღნიშნეთ, რომ სახლი თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია. თუ გაქვთ კონკრეტული კუთხე გამოყოფილი სადაც ყველაზე კომფორტულად და მყუდროდ გრძნობთ თავს?
- ჩემს სახლში ყველგან კომფორტულად ვგრძნობ თავს, რადგან ყველა დეტალი ჩემი გემოვნებით და სურვილით არის გაკეთებული, ყველა კუთხე ძალიან მიყვარს. რემონტის საკითხში მაქსიმალურად ვიყავი ჩართული, ამიტომ თითოეულ კუთხე-კუნჭულში სასიამოვნოდ და კომფორტულად ვგრძნობ თავს.

- ყველაზე მეტად რა დეტალი მოგწონთ თქვენს სახლში?

- წინ გვაქვს ძალიან დიდი ვიტრაჟი, საიდანაც ხელისგულივით მოსჩანს ბათუმის ულამაზესი ხედი. ძალიან სასიამოვნოა და მიყვარს იქ ჯდომა. ეს არის ერთ-ერთი დეტალი, რომლითაც ძალიან კმაყოფილი ვარ.

- სამზარეულოში ფუსფუსი თუ გიყვართ და რამდენად კარგი დიასახლისი ხართ?
- ძალიან მიყვარს სამზარეულოში ტრიალი. შესაბამისად სამზარეულოც ჩემზე მორგებული გავაკეთე, ისეთი, სადაც სიამოვნებით ვიტრიალებ და კომფორტულად ვიგრძნობ თავს.
გამიჭირდება ჩემს თავზე საუბარი, მაგრამ სხვები მეუბნებიან, რომ კარგი დიასახლისი ვარ და გემრიელი კერძები გამომდის.

- მცენარეებით თუ გაალამაზეთ სახლი?
- ალბათ არ არსებობს ადამიანი, ვისაც მცენარეები და ყვავილები არ უყვარს. ჩემს სახლსაც ამშვენებენ ლამაზი მცენარეები. მაგრამ, რომ გითხრათ ყველაფერი ვიცი ყველა მცენარის და მათი მოვლის შესახებ-თქო, მოგატყუებთ. თუმცა რაც მარტივად მოსავლელი მცენარეა მაქვს, ვახარებ და მახარებენ.

- როგორ ფიქრობთ არის ეს სახლი თქვენი ოცნების სახლი? ყველა თქვენს მოთხოვნას აკმაყოფილებს?
- ალბათ არის ოცნების სახლი, რადგან ძალიან მომწონს. როგორც მინდოდა და ვოცნებობდი ყველაფერი ისე გავაკეთეთ. თუმცა წინ მაქვს დიღმის სახლი, რომლსაც ისევე გავაკეთებ ჩემი გემოვნებით, როგორც ბათუმის სახლი გავაკეთე. თუ რამე ოცნება დამრჩა, ალბათ იმ სახლში განვახორციელებ.

მერი ბლიაძე

კომენტარები

nino 2017-09-02 22:17
mshvenieri saxlis mshvenieri diasaxlisi.icxovret bednierad tkvens mkudro saxlshi ketili survilebit
almasxani 2017-08-24 02:10
sofo abanoshi rogor iban isic gadagego
ნანა 2017-08-21 15:39
ძალიან მომეწონა,მყუდრო სახლია,ყოჩაღ თათა,ასეთი პატარა გოგო როგორი პროფესიონალი ხარ!
ლიზიკო 2017-08-20 17:24
სოფოსნაირი კოხტა ბინაა, ელეგანტური.
ლილე 2017-08-17 19:57
ფანტასტიური ბინაა.ეტყობა პროფესიონალის ხელი.უბრალოდ ფოტოები უნდა გადაღებულიყო დღისით, მზიან ამინდში.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები