ორიგინალური დეკორატიული ნივთები შემოქმედი ქალბატონისგან


ინტერიერის დიზაინში დეკორატიული ნივთების მნიშვნელობაზე არაერთი არქიტექტორი და დიზაინერი საუბრობს. სწორედ დეკორი ანიჭებს ინდივიდუალურ და განუმეორებელ ხიბლს ნებისმიერ ინტერიერს. მხატვრები დეკორატიული ნივთების შექმნისას მრავალფეროვან მასალას იყენებენ, რაც უნიკალურ ელფერს სძენს ნებისმიერ სივრცეს. დღეს ჩვენ მხატვარ ნატალია გვინჩიძეს გაგაცნობთ, რომლის დეკორატიული ნამუშევრები ერთი ნახვით ხიბლავს მნახველს და განწყობას უმაღლებს.



- როგორია თქვენი შემოქმედებითი ბიოგრაფია?

- ჩემი შემოქმედებითი ბიოგრაფია იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებლიდან დაიწყო და სამხატვრო აკადემიაში გაგრძელდა. აკადემიის დამთავრების შემდეგ ვმონაწილეობდი გამოფენებში... უკანასკნელი გამოფენა რამდენიმე წლის წინ გვქონდა სამ მხატვარს ერთად

- მინანქრის, ქანდაკებისა და ბატიკის ძალიან საინტერესო გამოფენა გამოვიდა და საზოგადოების მოწონებაც დაიმსახურა.



ადრე ხშირად იმართებოდა სეზონური გამოფენები და მხატვრებს საკუთარი ნამუშევრების საზოგადოებისთვის წარდგენის საშუალება ეძლეოდათ, ეს ხელს უწყობდა ცოცხალ კომუნიკაციას, ახლა კი ჩაკეტილები ვართ ჩვენ-ჩვენს სახელოსნოებში. ჩვენმა ნამუშევრებმა საგამოფენო დარბაზებიდან ინტერნეტში გადაინაცვლა - ყველა იქ ათვალიერებს. გამოფენების რაოდენობაც შემცირდა, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან გამოფენები ერთგვარი დღესასაწაული იყო მხატვრებისთვის, ამაღლებულ განწყობას გიქმნიდა, მოდიოდნენ მნახველები, იყო შეფასებები, დადებითიც და კრიტიკულიც, რაღაც გახარებდა, რაღაცას ითვალისწინებდი.



- თქვენი ნამუშევრები მასალათა მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რა მასალებს იყენებთ?

- თავიდან ძირითადად გობელენზე ვმუშაობდი, სადიპლომო ნამუშევარიც გობელენში გავაკეთე. ფარდაგებსაც ვქსოვდი, მაგრამ ყოველთვის მაინტერესებდა შერეული მასალა, ამიტომ გობელენი და რკინა - თბილი და ცივი მასალა დავაკავშირე, და კარგი შედეგიც მივიღე. ბევრს მოეწონა და მეც განვაგრძე ექსპერიმენტები სხვადასხვა მასალასა და ტექნიკაში. ალბათ შემოქმედებითი ძიების ხიბლიც იმაშია, გამუდმებით გაინტერესებდეს, რა გამოგდის, რა შედეგი მოჰყვება სხვადასხვა ექსპერიმენტს. ამგვარად დავაკავშირე გობელენი და ბატიკა, ბატიკა და რკინა... მაგალითად, სანათებს ძალიან მოუხდა სპილენძი და ბატიკა, კერამიკა, ვიყენებ მინასაც.



- როგორც ვხედავ, თბილ ფერებს ანიჭებთ უპირატესობას.

- ალბათ ჩემს ხასიათშია თბილი ტონები. ღია პასტელურ ფერებს ნაკლებად ვიყენებ, შეიძლება მომეწონოს და რაღაც გავაკეთო ამ ფერებში, მაგრამ მერე ისევ სიღრმეებისკენ მივდივარ, ღრმა ფერებს ვუბრუნდები.



- სანათზე მუშაობისას რა ეტაპებს გადიხართ?

- ზოგჯერ ვუყურებ არსებულ მასალას, რაღაც საინტერესო და ორიგინალურ დეტალს, და ის მკარნახობს შემდგომ ქმედებას. ზოგჯერ დამკვეთიც აკონკრეტებს სასურველ ფერებს ან თემატიკას. ჯერ იქმნება ესკიზი, შემდეგ გადავდივარ აბრეშუმზე, ვიყენებ როგორც თხელ, ასევე სქელ აბრეშუმს. სანათებს ძირითადად ცივი ტექნოლოგია უხდება. მერე სპეციალური ტექნიკით იხატება კონტურები, კონტურების მიხედვით კი ტონალობას ვანიჭებ, ზოგჯერ “დაღვრილ” ეფექტებს ვაძლევ აკვარელის მსგავსად. როდესაც სანათის ქუდს შევხედავ, უკვე ვიცი, რა კომპოზიციას მოითხოვს, რა მოუხდება.



- თუ არ ვცდები, თქვენი ქალიშვილი სოფიო ბერიანიძეც თქვენთან ერთად მუშაობს.

- არა, ვერ ვიტყვი, რომ ერთად ვმუშაობთ - ჩემმა შვილმა კომპიუტერული გრაფიკა დაამთავრა და თავისი პროფესიით მუშაობს. სამსახურის შემდეგ, თავისუფალ დროს მინანქარს უთმობს. ერთად შევქმენით საიტი, სადაც ორივემ განვათავსეთ ჩვენი ნამუშევრები. მეუღლეც მხატვარია, ამიტომ ხშირად გვაინტერესებს ერთმანეთის აზრი, გვიჩნდება კითხვები, ვმსჯელობთ კონკრეტულ პრობლემებზე და ა.შ.

თეა იაკობაშვილი

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები