„არასოდეს უგინო მონადირეს თოფი და ძაღლი!“ - რჩევები დამწყები მონადირეებისთვის

ნადირობის წესები და აუცილებელი რჩევები დამწყებ მონადირეებს

ნადირობა ერთ-ერთი პირველია, რაც ადამიანმა ისწავლა და რითაც ოჯახს არჩენდა. ქალებისა და ბავშვების მიერ შეგროვებული ხილი, ფესვები და მოლუსკები საკმარისი არ იყო, რათა გვარის გადარჩენა უზრუნველეყოთ. პალეოლითის მცხოვრებნი თითქმის ორი მილიონი წლის განმავლობაში არსებობდნენ ნადირობით. მას მოჰყვა შრომის დანაწილება კაცებსა და ქალებს შორის. ცხადია, პირველყოფილი ადამიანი თავდაპირევლად საკვების მოპოვების მიზნით ნადირობდა, შემდეგ კი ევოლუციასთან ერთად მისი დამოკიდებულებაც შეიცვალა. დღეს, ალბათ, მხოლოდ საკვების მოპოვების მიზნით არავინ ნადირობს, ეს სპორტი დღეს გართობის, განტვირთვის, მეგობრებთან ბუნებაში

ერთად გასვლის კარგი მიზეზია. ნადირობის დღევანდელი რეალიების შესახებ, მონადირე შოთა კეკელია გვესაუბრება:



- რა აუცილებელ უნარ-ჩვევებს უნდა ფლობდეს კარგი მონადირე?

- პირველ რიგში კარგი მონადირე მიზანსწრაფული უნდა იყოს. ისიც კარგად უნდა ესმოდეს, რომ ყოველი ნადირობა ვერ დასრულდება დიდი ნადავლით. თუმცა, ამის გამო გული არ უნდა გაიტეხოს, უნდა ახსოვდეს, რომ ნადირობის ღმერთი ოჩოპინტრე მასაც აუცილებლად მოუმართავს ხელს ნადირობაში. აუცილებელია მოთმინების უნარი, სისხარტე და გემბედაობა.

- ივანე ჯავახიშვილის დასკვნით, ნადირობას “მარტო კერძო გართობის თვისება არ ჰქონდა, არამედ სამხედრო ვარჯიშის მაგიერი იყო”. - რამდენად უკავშირებთ ომს და ნადირობას ერთმანეთს?

- ნადირობასა და ომს შორის ნამდვილად არსებობს სიმბოლური კავშირი. ორივე რისკთან არის დაკავშირებული. ორივე მათგანი ურთიერთბრძოლის ნაირსახეობად შეგვიძლია განვიხილოთ. ორივეს სპეციალური იარაღი სჭირდება, შესაბამისად მეომარი და მონადირე კარგად აუღებს ალღოს ბრძოლასაც და ნადირობასაც.



- როგორ უნდა შეირჩეს ნადირობისთვის საჭირო იარაღი?

- ძვირფასი სანადირო იარაღის მწარმოებელთა შორის არის რამდენიმე სახელი, რომლებსაც მოწიწებით წარმოთქვამს ყველა, უბრალო მონადირეც და იარაღის საქვეყნოდ ცნობილი კოლექციონერიც. მათ შორის „ჰოლანდ-ჰოლანდს“ გამორჩეული ადგილი უჭირავს. ზოგადად, ინგლისი სანადირო იარაღის წარმოების კუთხით უკვე დიდი ხანია ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. შესაბამისად, ინგლისური თოფები ყველა მონადირის ოცნებაა.

- როგორ უნდა გამოიყენოს იარაღი დამწყებმა მონადირემ? სიფრთხილის რა ზომები უნდა დაიცვას?

- იარაღი და ტყვია-წამალი შეინახეთ უსაფრთხო ადგილას, უცხოებისა და ბავშვებისთვის ხელმიუწვდომლად. შენახვისას იარაღის სასხლეტი ბლოკირებული უნდა იყოს სპეციალური საკეტით. იარაღი უნდა ინახებოდეს საკეტის მქონე კარადაში. არ მიიღოთ და არც სხვას გადასცეთ დატენილი იარაღი. არ მიაყრდნოთ იარაღი მანქანას, ხეს ან სხვა საგანს. ბარიერზე გადასვლისას ჯერ გადახსნილი იარაღი გადადეთ (მიწაზე) და მერე თქვენ გადადით. კარგად შეაფასეთ სამიზნე სროლამდე. არ ისროლოთ სილუეტის, ჩრდილის ან გაურკვეველი ხმის მიმართულებით. იარაღის დატენვამდე შეამოწმეთ ლულები (განსაკუთრებით ზამთარში, როცა ლულაში თოვლის მოხვედრის შესაძლებლობაა). თუ ვაზნამ გიმტყუნათ, არ გადახსნათ იარაღი 5 წამის განმავლობაში (შესაძლებელია ნაგვიანები გასროლა), თოფის გადახსნისას სავაზნეები მიმართეთ უსაფრთხო მიმართულებით და არა თქვენკენ. გამოიყენეთ მხოლოდ თქვენი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები. არ ენდოთ ჩამკეტ ღილაკს. ისევე როგორც ნებისმიერი მექანიზმი, დამცველიც შეიძლება მწყობრიდან გამოვიდეს და უკონტროლო გასროლა მოხდეს. კარგად დაათვალიერეთ სივრცე, რომელიც სამიზნის უკანაა. წყლის ზედაპირმა ან სხვა მყარმა საგანმა ტყვიის ტრაექტორიას შეიძლება მიმართულება შეუცვალოს.



- როგორია ძაღლის როლი ნადირობაში? როგორ უნდა შევარჩიოთ ნამდვილად ერთგული მეგობარი?

- მსოფლიოში მონადირე ძაღლების 100-მდე ჯიშია ცნობილი. მათი საშუალებით მოიპოვებენ ძვირფასი ბეწვეულის 60%-ზე მეტს და დიდი რაოდენობით ხორცის მომცემ ნადირ-ფრინველს. განასხვავებენ თანამედროვე მონადირე ძაღლების რამდენიმე ჯგუფს:

ყეფიები - მათ იყენებენ ტყიან და ტყეველიან ზონებში ნადირ-ფრინველის მოსაპოვებლად. მოძებნის შემდეგ ისინი ყეფით აჩერებენ ნადირს მონადირის მისვლამდე. საქართველოს დასავლეთ რაიონებში (აჭარა, გურია) არსებობს ყეფიას მსგავსი ძაღლი - „მეკვერნე“, ანუ „ჩაქირი“, იგი ტანად პატარაა, ყურებაცქვეტილი, აქვს მოწითალო თვალები.

მადევრები - მათ იყენებენ ტყიან და ტყეველიან ზონებში კურდღელზე, მელაზე, მგელზე, ტურასა და ჩლიქოსნებზე სანადიროდ. ისინი ყეფით სდევენ ნადირს კვალზე, სანამ მონადირე გადაუჭრის გზას;

მწევრები - მათ იყენებენ კურდღელზე, მელაზე, მგელზე, წვრილფეხა ჩლიქოსნებზე სანადიროდ ღია, გაშლილ ადგილებში. მახვილი მხედველობა საშუალებას აძლევს, ადვილად დაეწიოს და შეიპყროს ნადირი.

სოროს ძაღლები - მათ იყენებენ მელაზე, მაჩვზე, ენოტისებურ ძაღლზე სანადიროდ, სოროში ებრძვიან ნადირს, გარეთ დევნიან ან სოროშივე ახრჩობენ.

მეძებრები - საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობენ და ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფია. იყენებენ ჭაობის, ტყის, ველისა და წყალში მცურავ ფრინველზე სანადიროდ, ეძებენ ყნოსვით, აქვთ დამახასიათებელი ნაბული, უჩვენებენ ფრინველის ადგილსამყოფელს;

სპანიელები - ანუ ფრინველების მადევრები. ეძებენ ყნოსვით, ამოაფრენენ ნაბულის გარეშე, მოკლული ფრინველი თვითონვე მიაქვთ პატრონთან.

ასე რომ, კარგი ასისტენტი და ნამდვილი მეგობარი ნადირობაში შეგიძლიათ შეარჩიოთ იმის მიხედვით, თუ რის მოსანადირებლად მიბრძანდებით.

- კიდევ რას ურჩევთ დამწყებ მონადირეებს?

- ეს რჩევები მონადირეების საიტზე დიდი ხნის წინ ამოვიკითხე, შემდეგ ამოვბეჭდე და ყოველი ნადირობის წინ ვკითხულობ, ვფიქრობ, აქ ყველაფერია, რაც მონადირემ უნდა გაითვალისწინოს.



1. მონადირე ბუნების მეგობარია, მოუფრთხილდი შენი სამშობლოს ბუნებას და მის შვილებს.
2. ნუ მოკლავ გაზაფხულზე დედალს, ის შემოდგომაზე მთელ ბუდობას გაზრდის.
3. არასოდეს მოკლა გასართობად და უმიზეზოდ ნადირ-ფრინველი!!! ყველა მათგანი ბუნების განუმეორებელი შვილია.
4. ებრძოლე ბრაკონიერს!!! ის არა მარტო ბუნების, არამედ სამშობლოს მტერიცაა.
5. ნურასოდეს მოიპოვებ იმაზე მეტ ნადავლს, რაც საკმარისია შენთვის და რაც კანონით არის დადგენილი.
6. არასოდეს უგინო მონადირეს თოფი და ძაღლი!
7. გახსოვდეს, თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოეპყარი, როგორც დატენილს.
8. ნებისმიერ შენობაში შესვლისას, ტყვიები ამოალაგე და თოფი გადახსენი.
9. არასოდეს იარო სანადიროდ ნასვამმა, თავსაც ხიფათს შეამთხვევ და სხვასაც.
10. არასოდეს ესროლო სხვისი ძაღლის მიერ აფრენილ ფრინველს პატრონის ნებართვის გარეშე.
11. საფარიდან ნადირობისას, არავითარ შემთხვევაში არ ისროლო ხმაურზე! სანამ არ დაინახავ, რას ესვრი.
12. არ დატოვო საფარი, სანამ თავკაცი ნიშანს არ მოგცემს.
13. ერთობლივ ნადირობას ხელმძღვანელობს ნადირობის თავკაცი, გამოცდილი და ადგილმდებარეობის მცოდნე მონადირე, დაემორჩილე მას.
14. არასოდეს წახვიდე ნადირის მოსაპოვებლად რისკზე, მით უმეტეს თუ ეს ზიანს მოგიტანს შენც და სხვასაც.
15. ასწავლე ბუნების სიყვარული და ნადირობის დაწერილი თუ დაუწერელი კანონები ახალგაზრდა თაობას.

სალომე გორგოშიძე

კომენტარები

მონადირეებ-ს 2020-05-15 15:13
მონადირე ბუნების მეგობარი კი არა მტერია. ტყეში ნადირი აღარ დატოვეს, როგორ იკადრებენ ღორის და ცხვრის მწვადებს, მაინცდამაინც ირმის და ტყის ქათმის ხორცით უნდა ამოიყორონ მუცელი. ასე რომ ეგ 15 წესი ჯერ თქვენ გაიაზრეთ კარგად, რატომ არ უნდა ხოცოთ გარეული ცხოველები და მერე ასწავლეთ სხვებსაც

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები