მაკო გნოლიძის "ფსიქოლოგიური" კეთილი თოჯინები

მაკო გნოლიძე პროფესიით ფიზიკოსი და ფსიქოლოგ-სოციოლოგია, თუმცა საკუთარი პროფესიით არასოდეს უმუშავია. თოჯინების გაკეთება სამი წლის წინ დაიწყო. დღეს უკვე 27 თოჯინის ავტორია. ქალბატონი მაკო ხშირად იღებს მონაწილეობას გამოფენებში, ფესტივალებზე, თუმცა თოჯინები არასოდეს გაუყიდია. დღეს უკვე თვლის, რომ დადგა დრო საკუთარი ნამუშევრების რეალიზებაც მოახდინოს.

- ბავშვობაში ძალიან კარგად ვძერწავდი. მომწონდა და დაინტერესებული ვიყავი ხელსაქმით. ვიცოდი ქარგვა, კერვა, ქსოვა. ეს ყველაფერი დედისგან და ბებიისგან ვისწავლე. რამდენიმე წლის წინ ვნახე ერთ-ერთი უკრაინელი ქალბატონის ნამუშევრები, ისე მოვიხიბლე, გადავწყვიტე, მეც გამეკეთებინა თოჯინები. საქართველოშიც თუ კეთდებოდა
თოჯინები, არ ვიცოდი. თუმცა საქართველოშიც არის რამდენიმე ძალიან წარმატებული მეთოჯინე.


- როცა პირველი თოჯინა გააკეთეთ, კმაყოფილი დარჩით შედეგით?
- იაპონელი კაცი გავაკეთე, ხელში საკურას ტოტით და იაპონური ჩაის სერვიზით. თავის გაკეთება რომ დავიწყე, ვიფიქრე, თუ არ გამომივა, თავს დავანებებ-მეთქი. ასე ვთქვათ, პატარა გართობა წამოვიწყე. შედეგით კმაყოფილი დავრჩი. მარტო მე არ მომეწონა, მეგობრებს, ოჯახის წევრებს, ახლობლებსაც ძალიან მოეწონათ. შემდეგ ტანი გავაკეთე, კიდურები. ისეთი საყვარელი თოჯინა გამოვიდა, რომ აღფრთოვანებული დარჩა ყველა. მეც, როგორც პირველი ჩემი ნამუშევარი, განსაკუთრებით მიყვარს.
თოთოეულ თოჯინას, რომელსაც მვქმნი, თავისი ისტორია აქვს. როდესაც მათ ქმნი, ცდილობ, რომ ვიღაცა კონკრეტულ პიროვნებას მიამსგავსო და დაუკავშირო, ეს იქნება ზღაპრული პერსონაჟი თუ უბრალოდ ნაცნობი ადამიანი. ისინი ცოცხალი არსებებივით უნდა აღიქვა, რადგან მათ ცოცხალ ხასიათს და გამომეტყველებას უქმნი, ცდილობ გავდეს რეალურს და არა გაშეშებულ, ხელოვნურ არსებას. რადგან ეს ხელოვნების ნიმუშია, ვცდილობ თავისი შესაფერისი ხასიათი ჰქონდეს. პროფესიით ფსიქოლოგი ვარ და ჩემი პროფესია მეხმარება, შესაბამისი ხასიათი შევურჩიო თოჯინას. როცა აკეთებ პიეროს, მას უნდა ჰქონდეს მოწყენილი სახე. გაღიმებული და გაცინებული პიერო არ გამოვა.

- სწავლის და ძიების პროცესში რა სირთულეებს აწყდებოდით?
- საქართველოში ძალიან ბევრი მასალა შემოდის, მაგრამ ძირითადად უხარისხო. ძირითადი პრობლემა ეს იყო. მაგალითად, თოჯინის ხარისხიანი თმა თუ გინდა, უნდა გამოიწერო. უხარისხო თმას არ აქვს ბუნებრივი ეფექტი, უსიცოცხლოა.

- კონკრეტული ადამიანი, პიროვნება თუ გამოგიძერწავთ?
- არა, პორტრეტულ თოჯინებზე არ ვმუშაობ. ამ დროს ძალიან კარგად უნდა იცნობდე ადამიანს, იცოდე მისი ხასიათი. მხოლოდ თვალები და ცხვირი ხომ არ უნდა გავდეს? მთავარია ხასიათი ჰქონდეთ ერთნაირი. იყო შემთხვევები, მირეკავდნენ და მთხოვდნენ, კონკრეტული ფეხბურთელის, ან მსახიობის თოჯინა გამეკეთებინა, მაგრამ ამაზე ყოველთვის უარს ვამბობ, თავს ვარიდებ.

- მუშაობის დროს, თქვენი ხასიათი, განწყობა თუ აისახება თოჯინების სახეზე?
- ძალიან იშვიათად ვარ მოწყენილი. მით უმეტეს, როცა თოჯინას ვაკეთებ, ეს იმხელა თერაპიაა ჩემთვის, იმხელა სიამოვნებას ვიღებ ამ დროს, რომ არ შეიძლება მოწყენილი ვიყო. რაც შემიქმნია, იმ თოჯინებიდან, მხოლოდ ორს აქვს მოწყენილი სახე. ერთია გოგონა, რომელიც დგას თოვლში და გაყინული ბარტყი უჭირავს ხელში და ეფერება. მეორეა თოვლის ბაბუა, რომელსაც ძალიან სერიოზული სახე აქვს. დანარჩენი ყველა მხიარული და ლაღია, ყველას კეთილი ღიმილი აქვს.
როცა დამთვალიერებელი ამ ყველაფერს უყურებს, თოჯინების სასიამოვნო, მხიარული განწყობა მათზეც გადადის. ძალიან მიხარია, როცა ამბობენ, რომ ჩემს თოჯინებს კეთილი სახეები და ღიმილი აქვთ.

- თქვენ ითავსებთ დიზაინერის ფუნქციასაც, რადგან მათ უკერავთ ტანისამოსს. როგორ ურჩევთ მათ შესაფერის სამოსს?
- ეს გემოვნების ამბავია. მთავარია ფერები კარგად შეურჩიო და შეახამო. თოჯინას ხასიათიდან გამომდინარე შეურჩიო სტილი. ყოველთვის ვცდილობ ტანზევე მოვარგო სამოსი. საწყის ეტაპზე კეთდება კარკასი. ეს კარკასი მოძრავი არ არის, ამიტომ უკვე შეკერილ კოსტიუმში ხელს ვერ გააყრევინებ. ამიტომ ზედვე ვარგებ ტანისამოსს. მე არ ვკერავ მანქანაზე. ყველაფერი კეთდება ხელით. ნაკერები ისე უნდა გაკეთდეს, რომ მცირე ხარვეზიც არ ეტყობოდეს.

- დაახლოებით რამდენი თოჯინა გექნებათ გაკეთებული?
- ჯერ მხოლოდ სამი წელია, რაც თოჯინებს ვაკეთებ. ახლა 27-ე თოჯინაზე ვმუშაობ. ამ ეტაპზე მეფის მასხარას ვაკეთებ.

- როდისმე გიცდიათ, რომ მოსწავლეები აგეყვანათ და თქვენი ცოდნა მომავალი თაობისთვის გაგეზიარებინათ?
- დიახ, მყავს მოსწავლეები. ვასწავლი როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად. ვცდილობ მაქსიმალურად გავუზიარო მათ ჩემი ცოდნა და გამოცდილება. ბედნიერი ვიქნები, თუ ეს ხელოვნება განვითარდება საქართველოში და წინ წავა.

მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები