აქ სულ სხვა საქართველო დაგხვდებათ - ჩაძირული ტაძარი და ცოცხლად დამარხულთა სოფელი

ზაფხულის შვებულება აუცილებელი არ არის, ზღვის სანაპიროზე გაატაროთ. საქართველოში უამრავი ადგილია, რომელიც სანახაობითაც გაგაოცებთ და საოცრად ამაღლებულ განწყობასაც შეგიქმნით. ამჯერად ფშავ-ხევსურეთის ულამაზეს ადგილებს - შატილს, მუცოს, ანატორსა და არდოტს „შეგახსენებთ“.


ეს მარშრუტი აუცილებლად ჟინვალის წყალსაცავით დაიწყეთ. სამწუხაროდ, მის შესახებ ახალგაზრდებმა ბევრი არაფერი იციან. ცნობილია, რომ წყლის დაგუბებისას მის ქვეშ მოექცა ქალაქი და მასში არსებული ტაძარიც. როდესაც წყალსაცავში წყლის დონე იკლებს, ამ ტაძრის გუმბათი ჩნდება.
იმ ადგილას, სადაც დღეს ჟინვალის წყალსაცავია, შუა საუკუნეების მდი
დარი, ქართული ქალაქი ჟინვალი მდებარეობდა თავისი ციხე-კოშკებით, გზებითა და სასახლეებით. იქ ცხოვრება პრესტიჟულად მიიჩნეოდა, შეღწევა და დასახლება ჭირდა, გათხრების დაწყებისთანავე გამოჩნდა მათი ნასახლარები. მსოფლიო სავაჭრო გზაჯვარედინზე მდებარე ეს მდიდარი სავაჭრო-სახელოსნო ქალაქი, რომელშიც დიდვაჭრები მიმოდიოდნენ, მთელი კავკასიის კარს აკონტროლებდა. წყალსაცავის აგებამდე ამ ადგილებში არქეოლოგიური კვლევების მიუხედავად, 7-8 ეკლესია გაუთხრელი დარჩა, წყალმა დაფარა აუარება ბრინჯაოს, რკინისა და ოქროს სამკაული და იარაღი.


ჟინვალის კაშხალთან ჩაიძირა მდინარის აქეთ და იქით სანაპიროზე მდებარე ქალაქის ჭიშკარიც და XII საუკუნის "ჯვარიპატიოსნის" სახელობის ტაძარი, რომელიც 6 თვე წყალშია მოქცეული, 6 თვე კი წყლისგან თავისუფლდება.

შატილამდე გზას ხუთი-ექვსი საათი მაინც სჭირდება, აქ ამოსულს გრძელი გზაც გავიწყდება და დაღლაც. შატილში სულ სხვა საქართველო გხვდებათ: ზურმუხტისფერი მთებით, კამკამა ლურჯი ცით, რძისფერი ღრუბლებით, მთებსა და კლდეებს შორის მოქცეული ხევსურული კოშკებითა და სოფლებით, უფრო სწორად, ნასოფლარებით. ციხე-ქალაქი შატილი შუა საუკუნეებში (X-XI სს) აუშენებიათ. მის გასაშენებლად სტრატეგიული ადგილია შერჩეული. ციხე-ქალაქის კოშკები და ბრტყელ სახურავიანი სახლები ერთდროულად პირუტყვის სადგომიც იყო, საცხოვრებელიც და თავდაცვითი ნაგებობაც. შატილი ერთი მთლიანი ქვა-ციხეა: ციხე-ქალაქის პირველ სახლში შესულ ადამიანს შეეძლო ოჯახ-ოჯახ სოფლის თავში ისე ასულიყო, რომ გარედან ის ვერავინ დაინახა. შატილი, ძველი ქართული სამშენებლო ხელოვნების არქიტექტურული ძეგლია.


მუცო - უძველესი და ულამაზესი ნასახლარია არაჩვეულებრივი არქიტექტურით, გარდა ციხე-კოშკებისა მუცო თავისი მკაცრი და ულამაზესი ბუნებით გამოირჩევა, გარშემო ულამაზესი მთის პეიზაჟით და ქვემოთ მდინარე არღუნით. მუცო საუკუნეთა განმავლობაში დაუმარცხებელი ციხესიმაგრე იყო. ის ისეთ მიუდგომელ, კლდოვან მთაზეა განლაგებული, შორიდან კლდეზე შეზრდილი ჰგონია მნახველს. მუცოს კომპლექსი მეორეა სიდიდით შატილის შემდეგ. გასული საუკუნის 30-იან წლებამდე ჯერ კიდევ დუღდა სიცოცხლე, აქ დაახლოებით 40-მდე ციხე-კოშკი იყო, რომელთაგან რამოდენიმეა შემორჩენილი და ისინიც საფუძვლიანადაა შესაკეთებელი. მუცო ”კლდესა და კლდეს შორის გამომწყვდეული ქვეყანაა” სადაც ხევსურეთის წარსული იმალება, ის დღესაც გმირულად ებრძვის დროს. იგი საქართველოს ყველაზე სავალალო მდგომარეობაში მყოფ ისტორიულ ძეგლთა სიაშია შეტანილი. მისი რესტავრაცია-აღდგენისთვის მრავალი პროექტი დაიწერა, თუმცა დღემდე არცერთი არ განხორციელდა.




ანატორი - იდუმალების ბურუსით მოცული სოფელი-აკლდამა, შატილიდან სამ კილომეტრში. უწინ აქ სიცოცხლე დუღდა. ახლა აკლდამები ჰყვებიან გარდასულ ამბებს. სოფელს ჭირი მოსდებია, ერთბაშად ბევრი ხალხი დაუხოცავს. შეშინებული მოსახლეობა თურმე გამოსავალს ეძებდა. მოუძებნიათ კიდეც - როგორც კი დაავადების სიმპტომები გამოაჩნდებოდათ, უსიტყვოდ მიდიოდნენ აკლდამაში (განურჩევლად სქესისა და ასაკისა), კარს ქოლავდნენ, თაროზე წვებოდნენ და ასე ელოდნენ სიკვდილს. მოტივაცია სხვისთვის სიცოცხლის შენარჩუნება იყო. არც ერთ აკლდამას არ აქვს კარი, მხოლოდ სარკმლიდან შეგიძლიათ თვალი შეავლოთ აკლდამების შიგთავსს. ეს აკლდამები გვიამბობს ადამიანების ისტორიას, რომლებმაც სხვისი კეთილდღეობის მიზნით თავის ცოცხლად დამარხვა გადაწყვიტეს.








არდოტი პირიქითა ხევსურეთში, მდინარე ანდაქსის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს და კლდეზე ნაგებ სოფელს წარმოადგენს. არდოტი ქვემოდან თითქმის არ ჩანს. მაღლა უნდა აუყვე და ზემოდან დახედო. სოფელი ზღვის დონიდან 1820 მეტრზე. სოფელში მდებარეობს XIX საუკუნის ეკლესია, ზვიადაურების კოშკი და ღვთისმშობლის ჯვარი. სოფელში უკვე რამდენიმე წელია აღარავინ ცხოვრობს. მხოლოდ მახლობელი სოფლებიდან ქრისტიანული რიტუალების შესასრულებლად იკრიბებიან ზაფხულობით, ძველი ეკლესიის ნანგრევებთან.

კომენტარები

ქეთი 2017-08-17 17:52
ჩვენი დიდი სიამაყე და დიდი ტკივილი.სამწუხაროა რომ მხოლოდ
ნასახლარები დარჩა.
neli 2017-08-05 00:05
ულამაზესია, რამხელა ისტორიაა. ჩემი წინაპრების ადგილი.

კომენტარის დამატება