"ახლა ყველაზე ტრენდული სწორედ ასეთი სამკაულია... თუმცა საქართველოში არ აფასებენ"

ნია ჭაჭიაშვილი თვითნასწავლი ხელოვანია. ბუნებრივი ქვებისგან საკუთარი დიზაინით სამკაულს ქმნის, ასევე დაინტერესებულია მეთოჯინეობით. თოჯინების შექმნა სულ ახლახან შეისწავლა. ეს მისთვის განტვირთვის საშუალებაა. როგორც ქალბატონმა ნიამ აღნიშნა, თოჯინების კეთების პროცესში იძულებულია, საკუთარ თავში რაღაც ახალი უნარი აღმოაჩინოს და განავითაროს. ეს პროცესი კი ძალიან მოსწონს და დიდ სიამოვნებას ანიჭებს.

- პროფესიით ბიოლოგი ვარ. დიდი ხნის მანძილზე, როგორც მეცნიერი ვმუშაობდი ბოტანიკის ინსტიტუტში. ამის შემდეგ ამერიკაში ვისწავლე პედაგოგიკა. რამდენიმე ადამიანთან ერთად თბილისში დავაარსე ამერიკული აკადემია. იმის მერე ვმუშაობ იქ. ყოველთვის მიყვარდა სხვადასხვა ნივთის ხელით
გაკეთება. ძალიან მაინტერესებდა ქვები, ამიტომ რამდენიმე წლის წინ დავიწყე ყელსაბამების გაკეთება. სულ ახლახანს ვისწავლე თოჯინების გაკეთება.

- დატვირთული სამუშაო გრაფიკი გაქვთ. როგორ უთავსებთ ერთმანეთს სამსახურს და გატაცებას?
- როცა ძალიან ვიღლები, მაშინ ვმუშაობ ხელნაკეთი სამკაულის ან თოჯინების შექმნაზე. ეს ჩემთვის განტვირთვის საშუალებაა. სამწუხაროდ, ბევრი თავისუფალი დრო არ მაქვს. ეხლა არდადეგებია და მეტი დრო მრჩება ამისთვის.

- რა მასალისგან ქმნით სამკაულს?
- ძირითადად ბუნებრივი ქვებისგან. ეს არ არის იაფფასიანი მასალა. სხვათა შორის, ძალიან ტრენდულია. თუ დააკვირდებით მსოფლიოს ლიდერ ქალებს, ისინი არ ატარებენ ბრილიანტებს, თუმცა არც იაფფასიან ბიჟუტერიას ატარებენ. ანგელა მერკელი, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვებისგან დამზადებულ სამკაულს ატარებენ. რა სამკაულს ატარებს ადამიანი, ეს მისი კულტურის მაჩვენებელია. ბუნებრივი ქვები სხვადასხვა ვარიაციების საშუალებას იძლევა და ძალიან საინტერესოა მასზე მუშაობა. ჩემი აზრით, მცდარია მოსაზრება, რომ მაინცდამაინც ბრილიანტი აჩვენებს ადამიანის კულტურას და გემოვნებას.

- საქართველოში აქტუალური და მოდურია ბუნებრივი ქვები?
- ვფიქრობ, საქართველოში დაუფასებელია ბუნებრივი ქვებისგან შექმნილი სამკაული. ბუნებრივი ქვების შესახებ ალბათ ბევრმა არ იცის, არ აქვთ ინფორმაცია და მიზეზიც ესაა.

- რა არის ის განმასხვავებელი ნიშანი, რითიც უნდა გამოვარჩიოთ ბუნებრივი ქვა?
- ბუნებრივი ქვა მძიმეა, უცვლელი ფერები აქვს და მარადიულია. შეიძლება თაობიდან თაობას უცვლელად გადაეცეს. მე მაქვს ქვები, რომლებიც წინაპრებისგან მერგო და გადავაწყე ჩემი გემოვნების მიხედვით გადამეწყო. ადამიანი იცვითება თორემ ქვა არ იცვითება, ის ყოველთვის ისეთი რჩება, როგორიც იყო.

- როგორ ფიქრობთ ქვას რამე ენერგეტიკული კავშირი აქვს ადამიანთან?
- ამბობენ, რომ გარკვეულ ენერგიას გამოსცემს. არსებობს ფსევდომეცნიერება, რომელიც ამბობს, რომ ყველა ადამიანს, ხასიათს თავისი შესაბამისი ქვა აქვს. მე პირადად ვატარებ იმას რაც მომწონს და ეს კარგ განწყობას მიქმნის. მე მაქვს ბებიაჩემისგან მიღებული სპილოს ძვლის სამკაული, მაგრამ არ ვატარებ, რადგან ვიცი, რომ მოკლულ სპილოსთან არის დაკავშირებული. ეს სამკაული, რომ გავიკეთო ცუდ განწყობას შემიქმნის. ქვები, რომლებიც მიწიდან არის მოპოვებული და მინერალია ისინი ძალიან სასიამოვნოა.

- ყველაზე მეტად რომელი ქვა გიყვართ?
- ძალიან მიყვარს გიშერი. ძალიან ლამაზია ქართული გიშერი, რომელიც ჩვენთან არის გავრცელებული.

- ქვები, რომლებითაც სამკაულს ქმნით, რთული მოსაძიებელია?
- უმეტეს შემთხვევაში ვიწერ, თუმცა აქაც ვყიდულობ. არის რამდენიმე ადგილი, სადაც ბუნებრივი ქვების შეძენა შეიძლება.

- თქვენი პირველი ნამუშევარი გაიხსენეთ...
- პირველი ნამუშევარი იყო მარჯანი, რომელიც დედაჩემმა მაჩუქა, დედას კიდევ - ბებიამ, მას თავისმა ბებიამ და ა.შ. ძალიან ძველი ქვაა. ვერცხლით ავაწყვე და ძალიან ლამაზი გამოვიდა. ალბათ ყველას აქვს სახლში წინაპრებისგან დატოვებული ქვები. ინტერესიც უნდა გამოიჩინო, რომ ახალი სახე მისცე.

- ქმნით ასევე ულამაზეს თოჯინებს. თოჯინების შექმნით როდის დაინტერესდით?
- დიდი ხანი არ არის, რაც თოჯინების შექმნით დავინტერესდი. ქალბატონ ნანა ყაულაშვილთან შევისწავლე თოჯინების გაკეთება. უკვე დამოუკიდებლად ვმუშაობ და ყოველ ჯერზე რაღაც ახალს ვსწავლობ.

- რამდენად საინტერესო და რთული პროცესია თოჯინების შექმნა?
- თოჯინის გაკეთებას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. ბევრი დეტალის გაკეთებაა საჭირო და ბევრ ცოდნას მოითხოვს. კეთების პროცესში იძულებული ხარ შენს თავში რაღაც ახალი უნარი აღმოაჩინო და განავითარო. მაგალითად, მე კერვა არ ვიცოდი და იძულებული გავხდი მესწავლა, რადგან თითოეულ თოჯინას უნდა შეუკერო შესაბამისი სამოსი.

- სამომავლოდ ფიქრობთ, რომ უფრო სერიოზული სახე მისცეთ თქვენს გატაცებას?
- მე ჩემი პროფესია მაქვს, ეს კი ჩემთვის უფრო გართობაა. როცა ვინმეს მოსწონს ჩემი ნამუშევრები, ძალიან მიხარია, მაგრამ სერიოზული სახით ამ საქმეში ჩართვას არ ვაპირებ.

მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები