ჩაისა და ყავის სერვიზებთან დაკავშირებული ჩვენი ბავშვობის მოგონებები...

ყავა და ჩაი, როგორც რიტუალი

ყავა და ჩაი რიტუალია და ისეთი რიტუალი მხოლოდ მცირე საახლობლო წრეში რომ უნდა მოაწყო. რამდენჯერ მსმენია,მოიტა, დაასხი, რად გინდა ცერემონიებიო. ხანდახან მართლაც არ გინდა, შენთვის გსურს განმარტოება ყოველგვარი ზედმეტობების გარეშე. გულწრფელად გეტყვით, ყავა ამ რიტუალმა შემაყვარა, თორემ შეიძლება კვირები გავიდეს და ახლოსაც არ გავეკარო. ლამაზი სუფრა, საუკეთესო სერვიზი და ერთი ჩაი/ყავის დალევის შემდეგ უამრავი გასარეცხი ჭურჭელი, მაგრამ ცხოვრება ამად ღირს.
დედას ჩვენი სერვიზები მოგონებების მიხედვით აქვს დახარისხებული. ეს შავი, ოქროთი დაფერილი სერვიზი მისთვის პოლონური მოგონებებია,
ჩინური სერვიზი - ციმბირული გატროლები, "კუზნეცოვი" - ბავშვობა... ეს მოგონებები მემკვიდრეობით გადმოგვეცემა, როგორც ოახის ისტორია. 
რამდენჯერ ყოფილა, ბნელ 90-იანებში დედას ძველი მურაბები გადმოუღია (მურაბებს ბებია აურაცხელი რაოდენობით ამზადებდა შავი დღისთვის თუ რისთვის, ღმერთმა იცის) ასევე ბებიასეულ ბროლის სამურაბეებში, გამოუტანია ჩინური ჩაის სერვიზი, აგვიდუღებია სამოვრით ჩაი და მხოლოდ ჩაისა და მურაბაზე მშვენიერი საღამო გაგვიტარებია.

ნამცხვარი "სიგუა" ჩვენს სახლში არ ცხვებოდა, იყო მცდელობა, თუმცა, შედეგით იმედგაცრუებულებს აღარასდროს მოგვდომნია. დედას პაპისეული ძველისძველი სამოვარი, რომელიც წლების განმავლობაში სახლის დეკორაციად აღიქმებოდა და სენტიმენტებს მოკლებული მამაჩემისთვის "არქიტექტურულ ზედმეტობას" წარმოადგენდა, ბნელ 90-იანებში საჭირო ნივთად გადაიქცა და შეცივნული მეზობლების გამასპინძლების რომანტიკული ინსტრუმენტის სტატუსი შეიძინა. დედა როიალზე უკრავდა, ჩვენ ვუსმენდით, შემთხვევით შემოსწრებული სტუმრები სახალისო ამბებს იხსენებდნენ და ასე გადიოდა ბნელი ღამეები.
ყავის მსგავსად, ჩაიც მხოლოდ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში დავაფასე, როგორც სასმელი, თუმცა ამ სასმელთა გაცილებით დიდი მეგობრობა მაკავშირებს...
ქეთი ადეიშვილის ბლოგი

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები