არეგულირებს წნევას და ხელს უწყობს გახდომას - ეს ჩაი ყველა ოჯახში უნდა იყოს



რატომ უნდა სვათ მწვანე ჩაი უფრო ხშირად


მწვანე ჩაის დადებითი თვისებების შესახებ ხშირად საუბრობენ და თეორიულადაც რა ხანია ვიცით, რომ ის მართლაც ძალიან სასარგებლო რამაა. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რა აქვს მას ასეთი განსაკუთრებული და იმაზეც გავამახვილოთ ყურადღება, თუ რატომ არ შეიძლება მისი გადამეტება და რა დროს არ ღირს მისი მიღება.




მწვანე ჩაი ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს ისეთ დაავადებათა წინააღმდეგ, როგორიცაა ღვიძლის ქრონიკული ანთება, დიზენტერია, სისხლის მომატებული წნევა, მწვავე ნეფრიტი. ჩაი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს (15-30 პროცენტი), ეთეროვან ზეთებს (0,02 პროცენტი), ცილოვან ნივთიერებებს
(16-25 პროცენტი), თავისუფალ ამინომჟავებს, ორგანულ მჟავებს, ფერმენტებს, პექტინურ ნივთიერებას, ნახშირწყლებს და ვიტამინებს. განსაკუთრებით მდიდარია იგი ჩ და P ვიტამინებით. ჩაის კალორიულობა 25-ჯერ მეტია ხორბლის პურთან შედარებით. როგორც გამოკვლევებმა ცხადყო, ჩაი შეიცავს სპეციფიკურ ნივთიერებას - თეოტანინს, რომელსაც უნარი აქვს შეზღუდოს და მოსპოს არა მარტო ლპობის გამომწვევი ბაქტერიები, არამედ სპეციფიკური მიკრობებიც, როგორიც არის დიზენტერიის, ტიფის, პარატიფის ჩხირები, ყვითელი და ოქროსფერი სტრეპტოკოკი.

მწვანე ჩაი მდიდარია ვიტამინებით. აღნიშნულის წყალობით იგი არეგულირებს წნევას, ამცირებს ათეროსკლეროზის განვითარების რისკს, ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, შეუძლია შეამციროს ქოლესტერინის დონე სისხლში. მწვანე ჩაი დადებითად მოქმედებს ადამიანის სისხლძარღვებზე და განსაკუთრებით კაპილარებზე. ის აგრეთვე დადებით გავლენას ახდენს სისხლმბად ორგანოებზე და არეგულირებს სისხლის წნევას. ამავდროულად მწვანე ჩაი უსაფრთხო გასახდომი საშუალებაა.

  • მწვანე ჩაი ანტიოქსიდანტების შესანიშნავი წყაროა, ეს ნივთიერებები კი დაბერებას უშლის ხელს;
  • წვავს ცხიმს და გაძლევთ საშუალებას, ვარჯიში უფრო დიდხანს გააგრძელოთ;
  • ის ახანგრძლივებს სიცოცხლეს; გვიცავს გულ-სისხლძარღვთა დაავადებისგან; ამცირებს ორგანიზმში ქოლესტეროლის მომატებულ დონეს;
  • აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას; ამცირებს წნევას და ამიტომაც, სანამ მწვანე ჩაის სისტემატურ მოხმარებაზე გადახვალთ, კარგად დააკვირდით წნევას. თუ ისედაც დაბალი გაქვთ, მაშინ მაინცდამაინც ნუ მიეძალებით;
  • ამცირებს სტრესს და ტვინს ენერგიასა და ძალას ჰმატებს;
  • იცავს ფილტვებს სიგარეტისა და მისი გამონაბოლქვისგან; აგრეთვე, იმ მავნე ნივთიერებებისგან, რომელიც ხვდება მწეველი ან პასიურად მწეველი ადამიანების ფილტვებში;
  • ორგანიზმს ეხმარება ღვიძლის ალკოჰოლისგან დაცვაში;
  • სასარგებლოა პირის ღრუსთვის, ღრძილებისთვის, კურნავს უსიამოვნო სუნს პირის ღრუში;
  • ხელს უწყობს ძვლების დაცვასა და მათ აღდგენას;
  • აუმჯობესებს ორგანიზმის იმუნიტეტს და იცავს მას სხვადასხვა დაავადებისგან; ყველაფერთან ერთად ებრძვის ბაქტერიებსაც;
  • კანს უფრო გლუვსა და სასიამოვნოს ხდის, ანტიოქსიდანტების წყალობით ებრძვის სიბერეს.


თუმცაღა მწვანე ჩაის დიდი რაოდენობით (დღეში რამდენიმე ჭიქის - 3-ზე მეტის) მიღება უკვე აღარ არის სასარგებლო და უსაფრთხო იმის გამო, რომ ის კოფეინს შეიცავს. გვერდით ჩვენებებში შესაძლოა დაფიქსირდეს: თავის ტკივილი, ნერვიულობა, უძილობა, დიარეა, ადვილად გაღიზიანებადობა, კანკალი, ყურებში გუგუნი, დაბნეულობა და ა.შ. რეაქციაში შედის გარკვეულ მედიკამენტებთან. ასევე სიფრთხილით უნდა გამოიყენონ ორსულობისა და ძუძუთი კვებისას, ანემიისას, ქრონიკული გაღიზიანებისას, მოუწესრიგებელი სისხლდენისას (შესაძლოა სისხლდენის რისკი გაზარდოს), დიაბეტისას (ამ დროს აუცილებელია სისხლში შაქრის შემცველობის კონტროლი), გლაუკომისას (ზრდის თვალშიგა წნევას); მაქსიმალურად დაიცავით ზომიერება.


სალბის სამკურნალო თვისებები

სამკურნალო სალბი (ბევრი მას რუსული სახელწოდების მიხედვით “შალფეიდ” იცნობს) მრავალწლიანი ნახევრადბუჩქოვანი მცენარეა, რომელიც მაის-ივნისში ყვავილობს და ძალიან ბევრი სასარგებლო თვისება აქვს, რის გამოც ღირს მისი შეგროვება ან უკვე გამხმარის გამოყენება.




ნედლეულის შეგროვებას აწარმოებენ ნაყოფის შემოსვლის დროს, ივლისის დასაწყისიდან ოქტომბრამდე. ამ დროს ფოთლებში ეთერზეთის მეტი რაოდენობაა, აშრობენ ჰაერზე, მზეზე ან ჩრდილში 40-50 სმ სისქეზე გაშლილს. შემდეგ გამშრალ ბალახს აცლიან ფოთლებს და ინახავენ მშრალ ადგილას არაუმეტეს 1,5 წლისა.

სალბის ყველა ნაწილი (ღერო, ფოთლები, ყვავილები) შეიცავს ეთერზეთს, ფოთლებში აგრეთვე არის ალკალოიდები, ბევრი სხვა სასარგებლო ნივთიერება და B ჯგუფის ვიტამინები.

სალბის ნაყენებსა და ნახარშებს ძირითადად იყენებენ როგორც ანთების წინააღმდეგ, მადეზინფიცირებელ საშუალებას პირის ღრუში და ყელში გამოსავლებად სტომატიტების, ზედა სასუნთქი გზების კატარის დროს.

ხალხურ მედიცინაში სალბის ფოთლები გამოიყენება გასტრიტების, კოლიტის, ღვიძლის, თირკმელების დაავადების, ბრონქიტების დროს, აგრეთვე როგორც ამოსახველებელი, ხველის შემარბილებელი, შარდმდენი საშუალება.

გამოიყენება პირის ღრუში, ყელში გამოსავლებად. სალბის ნაყენში დასველებული დოლბანდის საფენები გამოიყენება კანის დაზიანების, ჭრილობების, დამწვრობის, მოყინვის დროს.

მიიჩნევა, რომ სალბის ნაყენის მიღება ამცირებს ოფლის გამოყოფას. ამიტომ ურჩევენ მის მიღებას ძლიერი ოფლიანობის შემთხვევაში, განსაკუთრებით კლიმაქტერულ პერიოდში.

სალბის ნაყენის მისაღებად 10 გრ (2 სუფრის კოვზი) ნედლეული მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელი ანადუღარი წყალი, გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წთ, შემდეგ გააცივეთ 45 წთ, გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ. მიღებული ნაყენი გააზავეთ ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ ადგილზე არაუმეტეს 2 დღე-ღამისა.

მის ნაყენს იყენებენ აგრეთვე როგორც კოსმეტიკურ საშუალებას ფერისმჭამელების სამკურნალოდ. ამისათვის ნაყენს შემდეგნაირად ამზადებენ: 1 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს, ადუღებენ არაუმეტეს 5 წუთისა, ხმარობენ თბილი საფენების სახით.

სალბის ფოთლები გამოირჩევა მადეზინფიცირებელი, ანთების საწინააღმდეგო, შემომგარსველი და დამარბილებელი მოქმედებით. გარდა ამისა, სისხლდენის შემაფერხებელი ეფექტი აქვს. სალბის ფოთლების ნაყენი სავლებად გამოიყენება სტომატიტის (პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების), ზემოთა სასუნთქი გზების კატარის (ანთების), ხახის ანთების (ანგინის) დროს. გინეკოლოგიური დაავადებებისას მას შესასხურებლად უნიშნავენ. მეძუძურ დედებში კი ის ლაქტაციას (რძის გამოყოფას) ამცირებს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები