ზაალ ჩიქობავასა და თათა სვანიძის ეკლექტური სახლი


კლასიკური, სადა, დახვეწილი, გემოვნებიანი - ასეთია სახლი, სადაც მსახიობი ზაალ ჩიქობავა ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობს. ხშირად ამბობენ, სახლს ბევრი რამის თქმა შეუძლია თავის მეპატრონეზეო და ამ შემთხვევაში ეს გამოთქმა ნამდვილად ამართლებს. დიასახლისის – თათა სვანიძის ხელი თითოეულ დეტალს ეტყობა. სანათები, ყვავილები და ულამაზესი დეკორატიული ნივთები ბინას კომფორტსა და სიმყუდროვეს ჰმატებს.

- ეს კორპუსი ადრე ცირკის სასტუმრო იყო, მაგრამ ქვეყანა რომ აირია, საცხოვრებელ ბინებად გადაკეთდა. ჩვენ აქ 8 წლის წინ გადმოვედით. რემონტი მე და ზაალმა, ერთობლივად, ჩვენი გემოვნებითა და დიზაინით გავაკეთეთ. ბევრ
კაცს ეზარება, მაგრამ ზაალს ძალიან მოსწონს საოჯახო საქმეებში ჩართვა და სახლისთვის ნივთების შეძენა. ვინაიდან ამ შენობაში სასტუმრო იყო განთავსებული, სახლს საძინებლების გარდა სხვა კედლები არ ჰქონდა, საერთო სივრცე, მთლიანი ფართი იყო, ჩვენ მოგივიწია დაპროექტება, ტიხრების ამოყვანა და ა.შ. ყოველწლიურად ინტერიერის დიზაინში იმდენი ახალი რამ შემოდის, ხანდახან სურვილი მიჩნდება, რაღაცები გადავაკეთ-გადმოვაკეთო, მაგრამ ამ სურვილს დეკორაციების შეცვლით ვიკმაყოფილებ. სულ ვცდილობ განვაახლო და ახალი დიზაინით განვალაგო ავეჯი, რაც საერთო ჯამში იერსახეს ცვლის.




ერთი შეხედვით ბინა კლასიკურ სტილშია მოწყობილი, თუმცა იგრძნობა სხვადასხვა ქვეყნის კულტურის გავლენა.

- ბოლომდე კლასიკური არაა ჩვენი სახლი, ეკლექტურია, რადგან სამზარეულოში უფრო აზიური სტილია, ბავშვების საძინებელი თანამედროვეა, ჩვენი კი - ძველებური.

ჰოლში, რომელიც მისაღების ფუნქციასაც ითავსებს, მაგიდასა და სკამებთან ერთად, დაძველების მეთოდით დამზადებული კარადა დგას. კედელს ეკა ფერაძის ულამაზესი ნახატი ამშვენებს.

- ეს ნახატი რუსთაველის თეატრში გამართულ აუქციონზე ვიყიდე. რომ დავინახე, ისე მომეწონა, ზაალს ვუთხარი, ამის გარეშე შინ არ დაბრუნდე-თქო (იღიმის). ძალიან მომწონს და ვფიქრობ, ინტერიერს მოუხდა.

აქვეა ეგვიპტური კუთხე, სადაც, ბუნებრივია, ამ ქვეყნიდან ჩამოტანილი ნივთებია წარმოდგენილი.




- ეს ფარაონ ხეოფსის სკამის პატარა ანალოგია. აქვეა ძალიან ორიგინალური ნივთი, წიგნის საწმენდი, რომელიც, გამოგიტყდებით, რომ დანიშნულებისამებრ არასდროს გამომიყენებია, მაგრამ ლამაზია, განსხვავებულია და მომწონს.

დიდი მისაღები ორ სივრცედაა გაყოფილი, ერთ ნაწილში მაგიდა დგას სავარძლებთან ერთად, მეორე ნაწილში კი - თეთრი როიალი და რბილი სამეული. ჩემი ყურადღება კრემისფერ ფარდებზე “მიმჯდარმა” მოწითალო ყვავილებმა მიიპყრო, რომლებიც იატაკზე დაგებულ წითელ ხალიჩას კარგად ეხამება.

- ჩემთვის ყველა დეტალს მნიშვნელობა აქვს და ვფიქრობ, უბრალო წვრილმანსაც შეუძლია, თავისი ხიბლი შეიტანოს ინტერიერში, დიზაინში, ჩაცმულობაში და ა.შ. ფარდაზე ყვავილები ჩემი მიმაგრებულია, ახლა ყვავილებია, თორემ მანამდე ჩიტები იყო, უფრო ადრე - პეპლები.

რასაკვირველია, დავინტერესდით, თუ ვინ აჟღერებს ხოლმე ულამაზეს თეთრ როიალს.

- მე ვუკრავ, თუმცა უკვე დიდი ხანია აღარ ვეკარები. ჯერ ვამბობდი, სანამ როიალი არ მექნება, არ დავუკრავ-მეთქი, უკვე მაქვს, მაგრამ ახლაც არ ვუკრავ ხშირად, სამაგიეროდ, ჩემი შვილი უკრავს კარგად, დადის მუსიკაზე და ლაურეატიცაა.

როიალს გვერდს რამდენიმე საუკუნის სკამი უმშვენებს.




- ეს სკამი 1830 წლით თარიღდება, სულ 2 ეგზემპლარი არსებობს, ერთი ერმიტაჟშია და მეორე - ჩვენთან.

მისაღებიდან აზიურ სტილში მოწყობილ სამზარეულოში გადავინაცვლეთ, განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა, ვიტრაჟი-თარო, რომელიც ჰოლისა და სამზარეულოს საერთო კედელშია გაკეთებული. შეიძლება ითქვას, რომ აქ მთელი მსოფლიოდან ჩამოტანილ სუვენირებს ნახავთ, თქვენს ყურადღებას კი რამდენიმე მათგანზე შევაჩერებ.

- ახლახან ირანში ვიყავით და ეს ლარნაკი იქიდან ჩამოვიტანე. ეს კი გახლავთ იმ ტივის ანალოგი, რითიც ნილოსზე გადაჰქონდათ მასალა პირამიდების ასაშენებლად. ეს ბალერინა ნატუკა მურვანიძემ აჩუქა ზალიკოს, ნატუკა ჩვენი მეჯვარე და ნუცას ნათლიაა. ეს ანგელოზები ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით ის მსუქანი (იღიმის). კედელზე რომ ეგვიპტელები კიდია, ეგ სინამდვილეში კაფელია. წარმოიდგინე, ეგვიპტეში ამ კაფელით გაკეთებული აბაზანა იყო, ძალიან მძიმე შესახედი გახლდათ, მე ერთი ცალი წამოვიღე და სუვენირად ჩამოვკიდე.

როცა სამოგზაუროდ მივდივარ, ყოველთვის მომაქვს რაიმე სამახსოვრო ნივთი და, რაღა თქმა უნდა, ყველა მათგანს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მახსენებს იმ კონკრეტულ მოგზაურობას, დღეს და ა.შ. ყოველთვის დახუნძლული ვბრუნდები ხოლმე შინ, მაგალითად, ეს ორი ჟირაფი თურქეთიდან ხელით ჩამოვიტანე, ვერსად ჩავდებდი, ვერ შევფუთავდი, ამიტომ ხელით მომქონდა. უზარმაზარი ხის სპილოს ჩამოტანაც მინდოდა, მაგრამ ტრანსპორტირების ვერანაირი გზა ვერ გამოვნახეთ და ამიტომ ვერ ჩამოვიტანე, თორემ მართლა ძალიან მომეწონა.




თურმე თათას მეგობრებს სამზარეულოში ყოფნა ძალიან უყვართ, მეტიც, ამ ოთახს თათას ლაუნჯს ეძახიან და თუ განსაკუთრებული დღესასწაული არ არის, მისაღებში არც სხდებიან.

- მეგობრები ხშირად გვსტუმრობენ, მიხარია, რომ უყვართ ჩვენთან მოსვლა. ყველას სამზარეულოში უნდა ჯდომა, ხან იმდენი ვართ ხოლმე, ძლივს ვეტევით, მაგრამ მაინც იქ ვამჯობინებთ ყოფნას. მე ჩემი ამოჩემებული ადგილი მაქვს და არავის ვუთმობ (იღიმის).

ისევე როგორც მისაღებში, სანათები და ბრები სამზარეულოშიც შეინიშნება.

- სახლში მხოლოდ ერთი ჭაღი გვაქვს, ისიც სამზარეულოში, ძალიან მომწონს სანათები, ბრები და ყველგან დგას, მათ შორის სამზარეულოშიც.

სამზარეულოს შემდეგ ზაალისა და თათას ულამაზეს საძინებელს ვეწვიეთ. რუხი კედლების ფონზე, თეთრი საძინებელი მართლაც დიდებულად გამოიყურება.




- მინდოდა, არასტანდარტული და არათანამედროვე საძინებელი გვქონოდა. ეს გახლავთ “ლუდოვიკოს” პირველი “გამოშვება”, მერე და მერე შემოვიდა “გაბანტული” ჩუქურთმებით. სხვათა შორის, ამ საძინებლის ყიდვაში გუგა კოტეტიშვილი დაგვეხმარა. რომ ვნახე, გავგიჟდი, ისე მომეწონა, რესტავრაცია გავაკეთებინე, ფერიც სხვა ჰქონდა, უფრო ყვითელი იყო. საბოლოო ჯამში ისეთი გამოვიდა, როგორიც გვინდოდა. რაც მთავარია, ჯანმრთელია, იმიტომ, რომ ნატურალური ხეა.

საძინებლთან თათას გარდერობი-ოთახია, რომლის ორიგინალური კარის დიზაინი თურმე ზაალს ეკუთვნის.

საძინებლებისკენ მიმავალ ჰოლში საინტერესო სკულპტურას “წავაწყდით”.

- ეს გახლავთ ნინო ჩუბინიშვილის “მაგნოლია”. ბათუმის ცნობილ “მაგნოლიაში” დგას ეს სკულპტურები, ერთ-ერთი კი ჩვენი სახლის “ბინადარია”.

სანამ აბაზანაში შევიდოდით, ჩვენი ყურადღება იმ კედელმა მიიპყრო, სადაც ოჯახის წევრების ინიციალებია მიკრული.




- ეს ინიციალები კარზე მინდოდა მიმემაგრებინა, მაგრამ ბოლოს თვითონ კარი შეგვეცოდა და აქ მივუჩინეთ ადგილი.

ოჯახის დიასახლისს ყვავილები რომ უყვარს, ამაზე აივანზე გაშენებული ბაღიც მეტყველებს, თუმცა აღმოჩნდა, რომ თათას არა მარტო ქოთნის, ე.წ. ცოცხალი მცენარეები, არამედ ხელოვნური ყვავილებიც ძალიან იზიდავს, რომლითაც ლამაზად აქვს გაფორმებული მთელი სახლი, მათ შორის აბაზანაც.

- ორი სააბაზანო გვაქვს, ამას გოგოების აბაზანას ვეძახით... იმდენად მიყვარს ცვლილება ინტერიერში, აქაც ხშირად ვცვლი რაღაცებს, ხან ყვავილებს ვალაგებ სხვანაირად, ხან პეპლებით ვანაცვლებ. ერთადერთი, რასაც ადგილს ვერ ვუცვლი, აბაზანაა. დანარჩენს შეძლებისდაგვარად რაღაცას ვუხერხებ...

მიუხედავად იმისა, რომ თათას ლამაზი და კარგად აწყობილ-მოწყობილი სახლი აქვს, ამბობს, დღევანდელი გადმოსახედიდან რაღაცებს სხვანაირად გავაკეთებდიო.

- სამზარეულოს და ჰოლის საერთო კედელს თაღით შევცვლიდი, მექნებოდა დიდი მისაღები სამზარეულოშივე და შუაში გაჩნდებოდა “კუნძული”, აივნის მხარეს კი ვიტრაჟს გავაკეთებდი. ასევე გავადიდებდი გარდერობ-ოთახს, თავიდან პატარად არ მომჩვენებია, მაგრამ უკვე ვეღარ ვეტევი (იღიმის).



ციცი ომანიძე

კომენტარის დამატება