ომის შემდეგ აღდგენილი საოცარი ბაღი კონფლიქტის ზონაში

ეთერ კასრაძე კონფლიქტის ზონაში, სოფელ ერგნეთში ცხოვრობს, სადაც ლამაზი ბაღი გააშენა. ადრე ყველაფერი სხვანაირად ლამაზი იყო, აგვისტოს ომის დროს ყველაფერი მიწასთან გასწორდა, გაჩანაგდა, გადაიწვა ეზოები, სახლები... ომის მერე ცხოვრება თავიდან დაიწყო. იყო ტკივილი, იმედგაცრუება. პირველი ნაბიჯები არც ისე მარტივი იყო, მაგრამ გამოვიდა... ქალბატონი ეთერის ბაღში დღეს ისევ ყვავის სისხლისფერი ყაყაჩოები, ულამაზესი ვარდები, სურნელოვანი ლავანდა, ჭრელაჭრულა პეტუნიები. გულს უხარია, თუმცა ფარული სევდა მაინც იგრძნობა იქ მცხოვრებთა თვალებში.

- ჩემი სოფელი მდებარეობს გორის რაიონში. ერგნეთი არის კონფლიქტის ზონა, რადგან ცხინვალთან ძალიან ახლოსაა.
ომამდე ერგნეთში ცხოვრება ყველას უხაროდა, ომის შემდეგ კი დაიცალა სოფელი, ჩიტიც კი არ ჭაჭანებდა და სიჩუმე სუფევდა. საზარელი სანახავი იყო აქაურობა, გადამწვარი სახლები და დარბეული ოჯახები.

- ომის შემდეგ არ გაგიჭირდათ თავიდან ყველაფრის დაწყება?
- თავიდან სოფელში ცხოვრება, რა თქმა უნდა, ურთულესი იყო. შეგრძნება იმისა, რომ შენს მიწაზე ბრუნდები ბედნიერებაა, მაგრამ ამდენი წლის ნაშრომს მიწასთან გასწორებულს რომ ხედავ, საშინელებაა... ფაქტიურად ნულიდან დავიწყეთ ცხოვრება. ბაღის გალამაზებას ერთობლივად შევუდექით, მთელი ჩემი ოჯახით ვიყავით ჩართული ჩვენი ეზოს და კარმიდამოს გაშენებაში.

- რა ყვავილებით დაიწყეთ ეზოს გალამაზე და აღდგენა?
- ჩვენს ეზოში ხარობენ სხვადასხვა სახეობის მცენარეები, როგორც ერთწლიანი, ასევე მრავალწლიანი. სხვადასხვა ფერისა და ჯიშის ვარდები, ლილიები, ბრუგმანსია, ტუხტი, ლავანდა, ლავათერა, ენოთერა, სელი, პეტუნია, ნიგელა და სხვა უამრავი. ზოგადად ყვავილების სიყვარულმა ჯიშისა და სახეობის გარჩევა არ იცის, ყველა სიყვარულით შევარჩიეთ. ეს ყველაფერი აზარტივითაა. რაც მეტი მცენარე გაქვს უფრო და უფრო მეტი გინდადა ვერ ჩერდები.

- მხოლოდ სურვილი არ კმარა, რომ ლამაზი ბაღი გქონდეს. სხვა რა კრიტერიუმია საჭირო, რომ ულამაზესი ბაღი გააშენოს მოყვარულმა მებაღემ?

- მართალი ხართ, ეზოს მოწყობა-გაშენებისთვის მხოლოდ სურვილი არ კმარა. მიზნის მისაღწევად დაუღალავი შრომაა საჭირო. ბაღის გაშენების პროცესი არც ისე მარტივია, შრომასთან ერთად ცოდნასაც მოითხოვს. უნდა იცნობდეთ თითოეულ მცენარეს, რომელს რა პირობები მოსწონს, მზის მოყვარულია, თუ ჩრდილის, ხშირი მორწყვა უყვარს თუ პირიქით. თავიდან შესაძლოა ყველაფერი ისე არ გავიდეს, როგორც ჩვენ გვსურს, მაგრამ გამოცდილება ეტაპობრივად მოვა და ყვავილებიც გაგვანებივრებენ თავისი სილამაზით.

- გამწვანებული, ხეხილიანი, ყვავილებით გალამაზებულიეზო, როგორ მოქმედებს ადამიანის განწყობაზე, ხასიათზე?
- ლამაზად მოწყობილი და გალამაზებული ეზო დადებითად მოქმედებს ადამიანის განწყობაზე.ბუნება, მშვიდი და ლამაზი გარემო საუკეთესო ანტიდეპრესანტია .მიწასთან ურთიერთობა აკეთილშობილებს ადამიანს. როცა მცენარეები გიყვარს, მათ სულიერ არსებებად აღიქვამ, ესაუბრები და ისინიც დადებითი ენერგიით გავსებენ.

- როცა თქვენი შვილები და შვილიშვილები ჩამოდიან, ალბათ ძალიან მოსწონთ თქვენი ეზო. ისინი თუ გეხმარებიან, თუ შეაქვთ წვლილი ეზოს გალამაზებაში?
- როცა ჩემი შვილები და შვილიშვილები მოდიან,ყველას ახარებს ლამაზი ეზოს დანახვა. შვილები მანებივრებენ ახალ-ახალი ყვავილებით და ნერგებით. შვილიშვილები კი აქტიურად მეხმარებიან და უვლიან მცენარეებს.

- რაიონებში რამდენად არის შემოსული ყვავილების და ლამაზი ეზოების კულტურა? ამ კუთხით რას ისურვებდით, როგორი ეზოები გინდათ ჰქონდეთ საქართველოში?
- ლამაზი ეზოს კულტურა ქართლში ყოველთვის იყო. ჩვენთან ეზო არაა დარჩენილი, სადაც ყვავილი არ ყვავის.მეზობლები ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას და ვჩუქნით მცენარეებს.ერთობლივად ვზრუნავთ გარემოს გალამაზებაზე. მინდა გამწვანებული, ფერადი და ხალისიანი მომავალი ქონდეს ჩვენს შვილებს და ჩვენს ქვეყანას.
მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები