"ყვავილებთან ორი დღე რომ არ მივალ, მოწყენილები არიან, როგორც მივალ, გახალისდებიან" - მამალაშვილების ბაღი თელავში

ეთერ მამალაშვილი თელავში ცხოვრობს, სადაც ისეთი ბაღი გააშენა, დამთვალიერებლები შორიდანაც სტუმრობენ. ქალბატონი ეთერი თავის ბაღის შესახებ თელავიდან გვესაუბრა...
- ადრე სოფელ წინანდალში ვცხოვრობდით, სადაც ულამაზესი ეზო გვქონდა. შემდეგ გავყიდეთ და დაახლოებით ექვსი წელია თელავში გადმოვედით. მართალია ექვსი წლის წინ გადმოვედით, მაგრამ ბაღს მანამდეც ვაშენებდით და ვუვლიდით... შეიძლება ითქვას, რომ ყვავილების სიყვარულით გადმოვსახლდით აქ! არასოდეს დამითვლია რამდენი სახელობის ყვავილი მაქვს, რადგან შეუძლებელი იქნება, იმდენად ბევრია! თოვლი როგორც კი გადნება, ერთ-ერთი ჯიშის ყვავილები უკვე იშლებიან, შემდეგ ყვავიენ - ტიტები, ენძელები, ლილიები და
იქედან მოყოლებული გვიან შემოდგომამდე ათასნაირი ყვავილები ჰყვავის...

- აბათ მოვლას დიდი დრო სჭირდება...
- ნამდვილად დიდი დრო მიაქვს... თითოეულთან უნდა მიხვიდე და მოუარო, მოეფერო... ყვავილებს ძალიან უყვართ მოფერება! როგორც კი ინათებს, ყვავილებს ჯერ ერთი ფანჯრიდან გადავხედავ, შემდეგ მეორედან, ჩავდივარ და ვეფერები, როგორც ადამიანებს ისე ველაპარაკები... ჩემი მეუღლე ამბობდა ხოლმე, ყვავილებთან ორი დღე რომ არ მივალ, მოწყენილები არიან და როგორც მივალ, გახალისდებიან და გაცოცხლდებიანო. მეც რომ გავალ და სახლში დავბრუნდები, მგონია რომ ყვავილები უპატრონოდ არიან მიტოვებული. მითუმეტეს, რომ ჩემი მეუღლე ძალიან უვლის და ზოგჯერ ღამის სამ საათამდეც კი რწყავს...


- თქვენი ძირითადი დრო ყვავილების მოვლას მიაქვს... თუ აქციეთ ეს საქმიანობა შემოსავლის წყაროდ?
- არავითარ შემთხვევაში! არცერთი ყვავილი გასაყიდად არ მემეტება. თუ გავიგებ რომ სადმე ყვავილი იყიდება, შეიძლება თბილისშიც წავიდე ერთი ძირი ყვავილისთვის, მაგრამ თვითონ რომ გავყიდო წარმოუდგენლად მიმაჩნია... შეიძლება ვაჩუქო ვინმეს, ეს არ მენანება, გაყიდვა კი არაფრით! შვილს როგორც ვერ გავყიდი, ისევეა ყვავილები.
ძალიან ხშირად ყოფილა ყვავილი დამითესია, თან გადავყოლილვარ მოვლით და არ ამოსულა... ცოტა ხნის წინ კი ქვებზე ამოვიდა ყვავილები, რამაც ძალიან გამაოცა და ყველას ვაჩვენებ ვინც კი მოდის.

- ალბათ უამრავი ხალხი მოდის თქვენი ბაღის სანახავად...
- დაიხ, ნამდვილად ძალიან ბევრი ხალხი მოდის... საიდან აღარ მოდიან დასათვალიერებლად. ერთხელ ისეთი შემთხვევაც იყო, რომ გარედან დადიდიოდნენ და ათვალიერებდნენ. ჩემმმა მეუღლემ შემოიპატიჟა, შიგნიდან ნახეთო და უთქვამთ, გაგიჟებულები ვართ, ადრე ვიცოდით რომ არსებობდა მამულაშვილების სახელგანთქმული ბაღიო, მეუღლეს ხუმრობით უპასუხია, ახლა მამალაშვილის ბაღია ცნობილიო... იმხელა ტერიტორია არ გვაქვს, მაგრამ რაც გვაქვს, ყვავილებით სავსეა!
ვისაც სურვილი აქვს, ყველას სიამოვნებით ველოდებით ჩვენი ბაღის გასაცნობად!

მანანა გაბრიჭიძე










კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები