ბაღი ბუფერულ ზონაში - რაზმაძეების სავიზიტო ბარათი

გელა რაზმაძე 66 წლისაა. მისი სოფელი კარბი, სადაც ულამაზესი ბაღი გააშენა, გორის რაიონში მდებარეობს და ბუფერულ ზონას მიეკუთვნება. ეს არის ისტორიული სოფელი შესანიშნავი არქიტექტურული ძეგლებით და ნაგებობებით (3 ციხეკოშკია და 3 ეკლესია). სოფელში ჩამოედინება მდინარე პატარა ლიახვი. კარბი ზღვის დონიდან 860 მეტრზე მდებარეობს. აქ მცენარეების გასახარებლად არაჩვეულებრივი ჰავა და კლიმატია. როგორც ბატონმა გელამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ეს ადგილი მისთვის მშობლიური და ყველაზე საყვარელი ადგილია მთელ სამყაროში.

- ჩემი ეზო დაუღალავი შრომის შედეგია
და სამ ათეულ წელს ითვლის. პროფესიით აგრონომი ვარ და მცენარეები და მათი მოვლა ჩემი საყვარელი საქმეცაა და შემოსავალიც.

- თავდაპირველად რა ყვავილები გააშენეთ ეზოში?

თავდაპირველად ვარდები და ბზები მქონდა. რაიმე კონკრეტული მოვლის მეთოდი არ მაქვს, ვსხლავ გაზაფხულობით და ვრწყავ, ხშირად შემაქვს ბაღში ორგანული სასუქი.

- პირველი ნაბიჯები ყოველთვის სირთულეებთან არის დაკავშირებული. თქვენს შემთხვევაში როგორ იყო?

- სირთულეები არ მქონია, თუმცა ბაღის გაშენებას ბევრი შრომა და ჯაფა სჭირდება. ამავე დროს სახსრებიც. თავდაპირველად შვილები რომ პატარები მყავდა, ავუშენე  აუზი. გარედან რიყის ქვით არის ამოყვანილი და შიგნიდან მოზაიკურად კაფელით იყო გაკეთებული, ასევე შადრევნით და ფერადი განათებით იყო გაფორმებული. შვიდი ტონა წყალს იტევს. დროთა განმავლობაში შიდა მხარე დაზიანდა, თუმცა აღვადგინეთ და ახლაც მოქმედია.

ამის შემდეგ ხის წნელით დავწანი ფაცხა საქეიფოდ და თავშესაქცევად, სადაც მრავალი სალხინო სუფრა გაშლილა. ესეც დროთა განმავლობაში დაზიანდა, დავშალე და ხელახლა გავაკეთე რკინის მასალით. ზედ გადადიოდა სურო, ყველაზე ძნელი მისი ფრთხილად მოშორება იყო ხის გამხმარი წნელიდან, რომ არ დამეზიანებინა. ახლა ეს ფაცხა მთლიანად დაფარულია სუროთი. დაახლოებით 30-35 წელია ჩვენს ეზოს ამშვენებს და პაპანაქება სიცხეშიც კი საოცრად გრილა.

ჩვენი ეზო ეტაპობრივად მშვენდებოდა სხვადასხვა ფანტაზიის ნაყოფით. გავაკეთე პატარა აუზი წყლის დუმფარებისთვის და შემდეგ მარმარილოს ნატეხი ქვით შადრევანი, რაც საოცარ მოწონებას იმსახურებს ხალხში. ეზოში მრავლადაა დასაჯდომი და მოსასვენებელი ადგილები, რაც ყველასთვის საყვარელ ადგილად აქცევს ჩვენს ეზოს.

- როგორც ვხედავ, თქვენს ეზოში მრავალწლიანი და მარადმწვანე  მცენარეები ჭარბობს...

- მცენარეეს რაც შეეხება, თავიდან თითქმის ყველანაირი ყვავილი გვქონდა და მუდამ ყვაოდა ჩვენი ეზო. ახლა კი დროის უქონლობის გამო ძირითადად მრავალწლიანი მცენარეებით და მარადმწვანე ნარგავებით არის დამშვენებული. ბზები და ჩიტავაშლა მაქვს მრავლად, ასევე ვარდები, შროშანები. მთელ ეზოს თავზე ხეივანი აქვს გადავლებული საუკეთესო ყურძნის ჯიშებით - გორული მწვანე, ჩინური, თავკვერი. მაქვს უნიკალური 60-წლიანი ვაზები, რასაც აღფრთივანებაში მოყავს მნახველი. ასევე გვაქვს ხილის ბაღი ყველანაირი ჯიშის ხეხილით. ჩვენ ადგილობრივი მაცხოვრებლები ვართ და მთელი ოჯახი ჩართული ვართ როგორც ეზოს, ისე ხილის მოვლაში. გამწვანებული და ლამაზი ეზო ჩვენი ოჯახის სავიზიტო ბარათია. ჩვენს ოჯახში ბევრი საპატიო ადამიანია ნამყოფი და დიდ სიამოვნებას მანიჭებს, როცა ჩემი სტუმრები კმაყოფილები და აღფრთოვანებულები მიდიან ჩემი ოჯახიდან. ადრე, დაახლოებით 25 წლის წინ გორის რაიონში  ჩატარდა ეზოების სილამაზის კონკურსი და ჩემმა ეზომ მეორე ადგილი დაიკავა და პრიზიც ავიღეთ, თუმცა მას მერე ბევრი რამე შეიცვალა და უფრო მეტად არის გალამაზებული ჩვენი ეზო.

- თქვენს კუთხეში მრავლად არის მოვლილი და გამწვანებული ეზოები?

- ძალიან მწყდება გული, რომ ქართლში და საერთოდ აღმოსავლეთ საქართველოში  ეზოებს ნაკლბ ყურადღებას აქცევს ხალხი, ვიდრე დასავლეთ საქარელოში. არ თვლიან ალბათ საჭიროდ ეზოს მოწყობაში ენერგია და დრო დახარჯონ, რაც ძალიან ცუდია. ჩემთვის ეზო უმთავრესია და მისი მოვლა მამშვიდებს და ენერგიით უფრო მეტად მავსებს.

- არის ეს თქვენი საოცნებო ბაღი?

- ჯერ ყველაფერი წინ არის. მე და ჩემს შვილს გვაქვს კიდევ რაღაც გეგმები ჩვენი ეზოს გასალამაზებლად, ტურისტების დასაინტერესებლად. თუ შევძელით და განგებამ ინება, კიდევ ბევრ ლამაზ ადგილს შევმატებთ ჩვენს ბაღს და საინტერესოს გავხდით ჩვენთან სტუმრობას.

მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება