”ზუსტად ვიცი, იტირებდა სიხარულისგან...” - პაპის მარანი, რომელიც შვილიშვილებმა გააცოცხლეს და ტურისტულ ობიექტად აქციეს

თიკა დუღაშვილი პროფესიით ჟურნალისტი და მუსიკისმცოდნეა. ცოტა ხნის წინ, 10-წლიანი ჟურნალისტობის შემდეგ, მოულოდნელად საქმიანობის სფერო შეიცვალა - თავის დიდ ოჯახთან - დებთან და ძმასთან ერთად პაპის ძველი მარანი გააცოცხლა და ტურისტულ ობიექტად აქცია. ახალგაზრდებს დიდი იმედი აქვთ, რომ მათი წამოწყება გაამართლებს მოლოდინს და პაპის ძველ მარანში ტრადიცია არ შეწყდება.
თიკა დუღაშვილი


- როგორ გაჩნდა მარნის ,,გაცოცხლების’’ და ბიზნესსაქმიანობად გამოყენების იდეა?
- იდეა რამდენიმე წლის წინ გამიჩნდა, Erassmus-ის პროექტის ფარგლებში ვცხოვრობდი ჰოლანდიაში. ეს მართლაც უნიკალური პოექტია, რომელიც კულტურათა გაცვლას ემსახურება. გარდა იმისა,
რომ ვმუშაობდი ჰოლანდიის საზოგადოებრივ მაუწყებელში, მქონდა საკმაო დრო, რომ უკეთ გამეცნო ეს ქვეყანა. ჩავილაგებდი საგზალს და ჩემი ველოსიპედით ვსტუმრობდი პატარა ქალაქებს. უამრავი მეგობარი შევიძინე. ხშირად მეპატიჟებოდნენ სახლში და ადგილობრივი კერძებით, ტკბილეულით მიმასპინძლდებოდნენ. ვხვდებოდი მეთევზეებს, მხატვრებს, მათზე ვწერდი და ვაქვეყნებდი ჟურნალებში. მოკლედ, ეს იყო სულ სხვა თვალით დანახული ჰოლანდია და ცხოვრების წესი, განსხვავებული, პოპულარული "Red light district"-ისგან. ვიფიქრე, რატომ არ შეიძლება გავაკეთო ისეთი ტურისტული ობიექტი, რომელიც ჩვენს რეალურ ყოფაცხოვრებას ასახავს, ეს ხომ უფრო საინტერესოა?!
საქართველოში რომ დავბრუნდი, ჩემი იდეა ოჯახს გავუმხილე. საბედნიეროდ, ჩვენ ვართ ერთი დიდი ოჯახი ( 2 და მყავს და 1 ძმა), ერთ მუშტად შეკრული, რომელსაც ერთად ყველაფრის კეთება შეგვიძლია. რა თქმა უნდა, სიამოვნებით დამთანხმდნენ.

ამ სფეროში უკეთ რომ გავრკვეულიყავი, გავიარე ტურიზმის კურსები, ვარ სერთიფიცირებული გიდი. მთელი ზაფხული ვმუშაობდი გიდად, მინდოდა უშუალოდ გამეცნო ის სეგმენტი, ვინც საქართველოს სტუმრობს. თავიდან მამა ამ ყველაფრის მიმართ სკეპტიკურად იყო განწყობილი, მაგრამ არ იმჩნევდა. პირველი ჯგუფის ვიზიტის შემდეგ კი დაიჯერა, ახლა თავის ფუნქციაც დაინახა ამ ყველაფერში და მნიშვნელობაც. ამბობს, რომ მეორედ დაიბადა, ძალიან მონდომებულია. ჩვენ ხომ მასპინძლობა - მისი საყვარელი საქმიანობა, - ბიზნესად ვაქციეთ?!

- პაპას დროს რამდენად დატვირთული იყო მარანი და რა გახსენდებათ ამ სივრცეში უფრო ხშირად?
- პაპა არაჩვეულებრივი მეღვინე იყო. მასთან მოდიოდნენ და ჭკუას ეკითხებოდნენ. თავადაც ჩვენი სახლის გვერდით, ღვინის მარანში მუშაობდა. ღვინის დამუშავების ტექნოლოგია, საწარმოო პროცესი, - ყველაფერი რაც მან იცოდა, მამას გადაულოცა, მამაც აგრძელებს ამ ტრადიციას და ახლა უკვე ჩემი 25 წლის ძმაც სრულიად ჩართულია საქმეში.
პაპას დროს ჩვენი ეზო ყველაზე აქტიური იყო. ის თითქმის სულ მარანში იყო, უვლიდა და ეფერებოდა ღვინოს, საჭმელსაც კი იქვე მიირთმევდა. მარანში გვაქვს ზედაშეები - ეს სალოცავი ქვევრებია. ბებო ყოველ შაბათს ქვევრზე სანთელს ანთებდა, ეს ჩვენი ოჯახის რიტუალია, რომელსაც დღეს უკვე ტურისტებს ვაჩვენებთ.
დღევანდელი გადმოსახედიდან, ვფიქრობ, პაპა ყველაზე კარგი ბიზნესმენი იყო. არც ინტერნეტი ჰქონდა, არც ფეისბუქის გვერდი, მაგრამ მისი ღვინო დაღესტანში იყიდებოდა. ჩვენი სოფელი დაღესტნის საზღვართან მდებარეობს და ძირითადად რუსეთში ყიდდა ღვინოს. უფრო ხშირად ლეკები მოდიოდნენ, თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ, დისტრიბუტორები, რომლებსაც ღვინო და არაყი მიჰქონდათ. მახსოვს, გვეხუმრებოდნენ ხოლმე გოგოებს, ლეკები ღვინოსთან ერთად დაღესტანში წაგიყვანენო, ჩვენც ვიმალებოდით შეშინებულები...

- უფრო ტურისტულ სივრცედ არის ჩაფიქრებული თუ კომერციული დატვირთვა აქვს მეტი, - რა მოლოდინები გაქვთ და ამ ეტაპზე რა შედეგები მიიღეთ?
- უპირველეს ყოვლისა, მინდა ჩვენს დამოკიდებულებაზე ვისაუბრო ამ საქმის მიმართ. ჩვენ სიტყვა "ტურისტიც’’ არ მოგვწონს, მამაჩემი მათ საკუთარ პირად სტუმრებად მიიჩნევს. ეს არის ჩვეულებრივი სახლი და ჩვენთან მოდიან სტუმრები, ათვალიერებენ და ეცნობიან ჩვენი ცხოვრების წესს. ჟანრი ზუსტად არ ვიცი, ჯაზია თუ კლასიკა, მაგრამ ჩვენ ჩვენს იდეას მივყვებით, არავის არ ვბაძავთ და ფაქტია, გაამართლა. დიდი ხანი არაა, რაც გავხსენით და უკვე წარმოუდგენელი შედეგი დავდეთ, თქვენ წარმოიდგინეთ, ახალი წლის ივენთებისთვის ვემზადებით.
რა მოსწონთ ჩვენთან? - სითბო და ადამიანური ურთიერთობები. უამრავი რესტორანია, სადაც შეიძლება მიირთვან, მაგრამ თბილისიდან 160 კილომეტრს გადიან იმიტომ, რომ ნახონ რეალური ცხოვრება, მოამზადონ საჭმელი ჩვენთან ერთად, ღვინო გადაიღონ. რამდენიმე დღის წინ, ჩემმა ერთმა ტურისტმა მთხოვა, ერთი სურვილი მაქვს, - მინდა რომ ვნახო სახლში რა წიგნები გაქვთო. ავიდა მეორე სართულზე და ერთი საათი არ ჩამოსულა, კითხულობდა... ეს არის ჩვენი იდეა, თავი იგრძნოს შინ...

- ვინ იზრუნა ინტერიერზე, ექსტერიერზე, დიზაინზე...  
- ჩვენი ტურისტული ობიექტი არ იქნებოდა არაფერი, რომ არ გვქონდეს ბაღი, ხეხილი და სივრცე, რომელიც კარის ზღურბლიდან უკვე კარგად განაწყობს ჩვენს სტუმარს. ამ ყველაფერზე დედა ზრუნავს, მას შემდეგ, რაც 5 შვილი გაზარდა, ყვავილები გახდა მისი ზრუნვის ობიექტი. გვაქვს საუცხოო ვარდის ჯიშები, ყვავილების უმრავლესობა მე ჩამოვიტანე ჰოლანდიიდან. ინტერიერის დიზაინის ნიჭი ჩემს უფროს დას, - თამუნას აქვს, ამიტომ მისი იდეებით ვხელმძღვანელობთ.
ვინაიდან ჩვენს სტუმრებს არასდროს არ უნდათ წასვლა, გაჩნდა დასაძინებლის მოთხოვნაც. გუშინ გავიგეთ, რომ გავიმარჯვეთ პროექტში "აწარმოე საქართველოში’’ - ძალიან გვიხარია და ვფიქრობთ, რომ ეს პროექტი სულ სხვა მასშტაბებს შესძენს ჩვენს საქმეს. ვფიქრობთ, თუ ყველაფერი ასე კარგად წავიდა, უახლოეს ხანში მოსასვენებელიც გვექნება.

- ძირითადად ვინ არიან თქვენი სტუმრები და რა შთაბეჭდილებით ბრუნდებიან?
- რადგან სულ ორი კვირაა რაც ვარსებობთ, ჯერ არც გვქონდა დრო და მგონი არც საჭიროება, რომ ტურისტების მოზიდვაზე გვეზრუნა. ძირითადად ჩამოდიან რუსეთიდან. გვყავდა ფრანგები, ჩეხები... შთაბეჭდილებები არის ასეთი - მე თქვენ მიყვარხართ, მე დავბრუნდები, მინდა თქვენთან ვიცხოვრო და ასე შემდეგ, მეუხერხულება საკუთარ თავზე საუბარი...

- ეს უფრო აგროტურიზმია, როდესაც სტუმარი არა მხოლოდ დამთვალიერებელია, პროცესშიც არის ჩართული... ეს სფერო ბოლო დროს მეტ პოპულარობას იძენს...
- როგორც უკვე აღვნიშნე, ჯერ არ ვიცით, რა ჟანრი ვართ. ტურიზმი ძალიან დიდი და საინტერესო სივრცეა, სადაც შეგიძლია ყველგან გაცურო. ალბათ ეს არის რაღაც სოციალური ტურიზმი, აგროტურიზმიც. რაც შეეხება საკვებს, მოვიხმართ მხოლოდ ნატურალურ პროდუქტებს, ზოგი რამ ეზოშიც გვაქვს, რაც არ გვაქვს, ვიძენთ ადგილობრივებისგან. გვაქვს პურის გამოცხობის, არყის გამოხდის, ჩურჩხელის მასტერკლასები. უფრო დიდი გეგმებიც გვაქვს, ივენთების მოწყობისთვის ვემზადებით, ქორწილის ორგანიზების იდეაც გვაქვს, მთაში და ასე შემდეგ. ზამთარში გვინდა ბუხარი ავანთოთ, პლედები, გიტარა, მარანი - ოცნებები გვაქვს...

- პაპა რას გეტყოდათ, ახლა რომ ენახა თქვენი მარანი ?
- ამ შემთხვევაში მე მთელი ჩემი ოჯახის სახელით ვსაუბრობ, ეს პროექტი არ იქნებოდა წარმატებული, რომელიმე რგოლი რომ აკლდეს. ყველას ჩვენი ფუნქცია გვაქვს ამ საქმეში და ზოგადად ამ ყველაფრის უკან დგას ჩვენი პაპა, მისი ხედვა და იდეები. შინაგანად ჩვენ ყველაფერს თითქოს მისთვის ვაკეთებთ. გვჯერა, რომ ეს სწორია გზაა, ასე ვთქვათ, ჩვენს რელსებზე ვართ და არ გადავდივართ, ვაკეთებთ, რაც ვიცით და ასე ვაგრძელებთ ტრადიციას, რომელიც სრულიად უნიკალურია, ნატურალური და ჰუმანური...
ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციას და თან ამით სიხარულს ვანიჭებთ სხვებს, უკეთესი რა უნდა გაგვეკეთებინა?!
ხშირად ვეუბნებით ერთმანეთს, ნეტა ეხლა პაპა ხედავდეს ამ ყველაფერს!..
ზუსტად ვიცი, იტირებდა სიხარულისგან, ისე, როგორც ჩვენს დანახვაზე ტიროდა სიხარულით, თბილისიდან რომ ჩავდიოდით და აკანკალებული ნიკაპით, აცრემლებული დიდი ცისფერი თვალებით გვეუბნებოდა - მოხვედით, შვილო?

ლელა ზურებიანი

კომენტარები

მამუკა 2017-11-14 10:29
დიდ წარმატებას გისურვებთ თქვენს ახლადწამოწყებულ საქმეში. თუ მისამართსაც გაგვიმხელთ, აუცილებლად გესტუმრებით ხოლმე...
ბებიაშენის ცუმპა რამ 2017-11-13 15:03
ho სულ ინგლისურ ენოვანი წიგნები გქონდა ხომ რომ კითხულობდა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები