სად დაიწერა ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“ და სხვა ცნობილი ნაწარმოებები...

თბილისში, ვერაზე ბოლო წლებში აშენებულ მრავალსართულიან კორპუსებს შორის, ერთი ძველი სახლი დგას, სადაც 1915-1933 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ქართული საოპერო ჟანრის ერთ-ერთი ფუძემდებელი ზაქარია ფალიაშვილი. კომპოზიტორის ოჯახს ბაქრაძის ქ. #10-ის მეორე სართულის დაახლოებით ათი ოთახი ეკავა. თუმცა იქ არა მხოლოდ ზაქარიას ოჯახი, არამედ მისი ძმისა და მეუღლის ნათესავებიც ცხოვრობდნენ. საოჯახო საქმეში მზარეული და დამხმარეები ჰყავდა და ისინიც აქვე ბინადრობდნენ...

მუზეუმში მისულ დამთვალიერებელს წინ დიდი ფერწერული ტილო "შეხვდება", ელგუჯა ბერძენიშვილის "ლეგენდა სიყვარულზე - აბესალომის სიკვდილი".

ფალიაშვილის პირადი და საოჯახო ნივთების გარდა,

მუზეუმის სტუმარს თვალში მოხვდება ფოტომასალა, სურათები და ხალხური ინსტრუმენტების უნიკალური კოლექციაც, ამავე ინსტრუმენტების ხეში შესრულებული მცირე ზომის ასლები...

ფალიაშვილები წარმოშობით სამხრეთ საქართველოდან, მესხეთ-ჯავახეთიდან იყვნენ. ზაქარიას ოჯახი იმ ქართველ კათოლიკეთა რიცხვს ეკუთვნოდა, რომლებიც ახალციხიდან ქუთაისში დასახლდნენ. ზაქარია სწორედ იქ, 1871 წლის ზაფხულში დაიბადა. პეტრე ფალიაშვილისა და მარიამ მესარქიშვილის მრავალშვილიან ოჯახში, ზაქარია მესამე ბავშვი იყო. ცოლ-ქმარს მუსიკალური ნიჭი ჰქონდა - ორივე მღეროდა. მამა ქუთაისის კათოლიკურ ეკლესიაში მსახურობდა, ხოლო დედა ბავშვების აღზრდით იყო დაკავებული. უჭირდათ, შვილების მოვლა-პატრონობა არ იყო მარტივი. ცოლ-ქმრის 18 შვილიდან 7 სხვადასხვა დროს, მცირეწლოვან ასაკში გარდაიცვალა.



ბავშვობაში ზაქარია და მისი ძმა კათოლიკურ ეკლესიაში გალობდნენ. ზაქარიას წკრიალა ხმა (დისკანტი) ჰქონია. იქვე სწავლობდა ორგანზე დაკვრასაც. დაწყებითი განათლებაც ეკლესიასთან არსებულ სამრევლო სკოლაში მიიღო. მოგვიანებით, ის და ივანე (ვანო) თბილისის კათოლიკეთა მიძინების ეკლესიის წინამძღვარმა ალფონსო ხითარიშვილმა დედაქალაქში წაიყვანა.

თბილისში ზაქარია სამუსიკო სასწავლებელში ლითონის ჩასაბერ ინსტრუმენტთა ფაკულტეტზე სწავლობდა. პარალელურად 40-კაციანი გუნდი ჩამოაყალიბა, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა. მართავდა ქართული ხალხური მუსიკის საღამოებს. თბილისის მოწინავე საზოგადოებამ ასე გაიცნო წარჩინებული ახალგაზრდა და მალე ის მათი დახმარებითა და ფინანსური ხელშეწყობით სწავლის გასაგრძელებლად მოსკოვში გაემგზავრა.

რუსეთის დედაქალაქის კონსერვარტორიაში საკომპოზიციო ფაკულტეტზე სწავლის დასრულებისას, საგამოცდო კომისიამ ასე შეაფასა - "ხუთიანი მიმატებით". 1903 წელს ზაქარიამ იულია უტკინაზე იქორწინა და მასთან ერთად თბილისში დაბრუნდა. მალე წყვილს ვაჟიც შეეძინა, რომელსაც ირაკლი დაარქვეს.

ზაქარია ფალიაშვილის მუზეუმში არსებულ ფოტომასალაში, არა მხოლოდ კომპოზიტორი, არამედ მისი ოჯახის წევრები არიან გამოსახული. ირაკლის რამდენიმე ფოტო მამამისს ჩარჩოში მოუქცევია და ოთახებში კედლებზე გამოუფენია. სხვა მრავალთაგან, განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ერთმა ფოტოსამეულმა, რომელზეც ზაქარია, მისი მეუღლე და ირაკლი არიან აღბეჭდილი. იულია უტკინა მდიდარი ვაჭრის ქალი გახლდათ, პირველი ქორწინებიდან ქალიშვილი ჰყავდა - ანტონინა და ისიც ამ სახლში ცხოვრობდა.

იმავე ოთახში დგას ზაქარიასეული მაგიდა, რვა სკამით. სამოვარი და ჭურჭელიც კომპოზიტორის ნაქონია. ამ ოთახში თავს იყრიდნენ არა მხოლოდ ოჯახის წევრები, არამედ ზაქარიას მეგობრები და მაშინდელი თბილისის ელიტა. ერთ კუთხეშია ზაქარიასეული ორგანიც. ამ ინსტრუმენტისადმი სიყვარული კომპოზიტორს ჯერ კიდევ ბავშვობიდან მოჰყვებოდა.

მუზეუმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ექსპონატია ფონოგრაფი, რომლითაც ზაქარია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩადიოდა და სახალხო მომღერლების შესრულებულ სიმღერებსა და ფოლკლორულ ნიმუშებს იწერდა. ფალიაშვილმა დიდი წვლილი შეიტანა ქართული ფოლკლორის შეგროვება-შესწავლაში და წლების მანძილზე 300-მდე ხალხური სიმღერა ჩაწერა...

ზაქარიას ინტენსიური შემოქმედებითი ცხოვრება, სწორედ ამ სახლსა და პერიოდს უკავშირდება. მის ვაჟ ირაკლის მუსიკა პატარაობიდანვე იტაცებდა. ხშირად დაჰყავდა მამას რეპეტიციებზე და ოპერაში ჩუმად აკვირდებოდა, როგორ დირიჟორობდა ის ორკესტრს. ოთხი წლისა თავისი პატარა თითებით ფორტეპიანოზე უკრავდა.

სწორედ ეს როიალი ინახება სახლ-მუზეუმში. ფანჯრის გვერდით დგას სამუშაო მაგიდაც, შესაბამისი აღჭურვილობით: ლამპა, სამელნე, ქაღალდის საჭრელი დანა, ზარი, საფანქრე, კალმები, შვილის ფოტო და ა.შ. აქვეა სადირიჟორო ჯოხი, რომელიც ზაქარიას ძმისშვილმა, ვახტანგმა აჩუქა.



ცნობილია, რომ ზაქარია ფალიაშვილი ზაფხულობით დილით ადრე დგებოდა და საათობით იჯდა ფორტეპიანოსთან. მუშაობის პროცესში ყოველთვის ედგა ჩაით სავსე ჭიქა. მაგიდაზე დევს საფერფლეც. ამბობენ, კომპოზიტორი ბევრს ეწეოდაო...

მუზეუმის ორი ოთახი მემორიალურია. სამუშაო ოთახში მაგიდისა და როიალის გარდა, დგას თარო, რომელზეც საოჯახო ალბომები აწყვია. ასევე წიგნებისა და ტანსაცმლის კარადა. მასში ზაქარიას სამოსი, ჩიბუხი და ჰიგიენური ნივთებია გამოფენილი.

იქვეა დედისეული სარკეც, რომელსაც მცირე ლეგენდა ახლავს: ჩაიხედავდა ზაქარია სარკეში და იქ დედის სახეს ხედავდაო.

უმეტეს ფოტოზე კომპოზიტორი ქუდითა და ხელჯოხითაა. მუზეუმში გამოფენილ ერთ-ერთ ფოტოზე, ზაქარიას შავ პიჯაკზე გულსაბნევი შევნიშნე. მითხრეს, შვილის სურათიაო. აქსესუარებიდან საქორწინო ბეჭედსა და ამ ბროშს ატარებდა თურმე.

კომპოზიტორის სამუშაო ოთახში სიძველისაგან გაყვითლებული, ქართულ და რუსულ ენებზე შედგენილი აფიშაა გამოკრული. ფალიაშვილის ოპერის გარდა, იქვე ჩამოთვლილია 1921-1922 წწ.-ის სეზონის რეპერტუარიც: "ჰოფმანის ზღაპრები", "ევგენი ონეგინი", "რიგოლეტო".

აფიშის თავზე კი დიდ ჩარჩოში მოქცეულია 6 კომპოზიტორის ფოტო წარწერით "დიდი მუსიკოსები": მოცარტი, ბეთჰოვენი, ლისტი, გუნო, შოპენი და ვაგნერი. როგორც ჩანს, მუსიკოსი მათ შემოქმედებას განსაკუთრებულ პატივს სცემდა.

ამ ოთახში კომპოზიტორის გვერდით ტრიალებდა მისი ერთადერთი ვაჟი. მიუხედავად მცირე ასაკისა, ირაკლი თავადაც ქმნიდა პატარ-პატარა ბავშვურ, მუსიკალურ კომპოზიციებს... "აბესალომ და ეთერის" წერის დროსაც, მამის გვერდით იყო.

ოპერაზე მუშაობის პროცესი უკვე დასასრულს უახლოვდებოდა, როცა 1915 წელს ზაქარია ფალიაშვილის ოჯახს დიდი უბედურება დაატყდა თავს. აგარაკზე იყვნენ. ირაკლის ტანზე მორი დაეცა და ცალი ხელი საგრძნობლად დაუზიანდა. მერე ამ ყველაფერს ქუნთრუშაც დაერთო და... ბავშვის მდგომარეობა ნელ-ნელა უარესდებოდა. შეშფოთებულმა მამამ დასახმარებლად ექიმებს უხმო, მაგრამ ყოველგვარი სამედიცინო ჩარევა უშედეგო აღმოჩნდა...

11 წლის შვილის გარდაცვალებამ ზაქარია ძალიან მოტეხა. აღარაფერი ახარებდა. ნერვიული და გულჩათხრობილი გახდა. მთელ დღეებს შვილის საფლავზე ატარებდა და შინ გვიან ღამით ბრუნდებოდა. იმ პერიოდში ზაქარიას ფორტეპიანოს დანახვაც არ უნდოდა, "აბესალომი" სადღაც კუთხეში მიაგდო და მიივიწყა.

დრო გავიდა და ერთ დღესაც ზაქარია ისევ მიუჯდა ფორტეპიანოს, "აბესალომ და ეთერზე" მუშაობა განაგრძო. 1919 წლის 21 თებერვალს ნაწარმოების პრემიერა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ავტორის დირიჟორობით გაიმართა. იმ დროს აბესალომისა და მურმანის პარტიების შემსრულებლები ვანო სარაჯიშვილი და სანდრო ინაშვილი თავიანთი მოღვაწეობის ზენიტში იყვნენ და პრემიერის მეორე დღეს მათ არიებს მთელი თბილისი მღეროდა...

"აბესალომ და ეთერი" დაახლოებით ათი წლის განმავლობაში იწერებოდა. კომპოზიტორმა ის თავის გარდაცვლილ შვილს მიუძღვნა, წარწერით: "ძეგლად დედისერთა ყრმის ირაკლის უმანკო სულისა, მამამისის ზაქარია პეტრეს ძე ფალიაშვილისგან".



"აბესალომი და ეთერის" შემდეგ კომპოზიტორმა თავისი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ოპერა "დაისი" შექმნა. თავდაპირველად "ღამის თევაზედ, ანუ ორ მიჯნურს" უწოდა, თუმცა 1923 წლის პრემიერამდე, გადაიფიქრა და მოკლე სახელწოდებით - "დაისით" შემოიფარგლა.

ზაქარია ექიმების ხშირი სტუმარი ყოფილა. პატარა გაციებასაც შიშით უმზერდა. ერთხელ, მთელი კვირა იწვა საავადმყოფოში, სანამ ყველა ანალიზმა და გამოკვლევამ კარგი შედეგი არ აჩვენა, მანამდე არ დატოვა იქაურობა. შეიძლება ეს ერთგვარი წინათგრძნობაც იყო, რადგან 1933 წლიდან ზაქარია მართლაც შეაწუხა ჯანმრთელობამ, ჯერ ხელისა და წელის ტკივილი დაეწყო და ამის გამო დირიჟორობა გაუძნელდა. მალე ლენინგრადში კომპოზიტორს თირკმელზედა ჯირკვლის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, მაგრამ სიმართლე დაუმალეს, მკურნალობას აზრი აღარ ჰქონდა, თუმცა თბილისში დაბრუნებულს მაინც ჩაუტარდა შესაბამისი პროცედურები.

ფალიაშვილმა სიცოცხლის უკანასკნელი დღეების ათვლა დაიწყო...

1933 წლის ოქტომბრის უჩვეულოდ თბილ დღეს, ზაქარიამ სახლის ფანჯრიდან გაიხედა და სინანულით თქვა: "ლამის აყვავდეს ყველაფერი და მე კი... ვჭკნები!" ამ სიტყვებიდან მეორე დღეს აღესრულა. მუზეუმში, სამუშაო ოთახში კარადის თავზე შემოდგმული საათი კომპოზიტორის გარდაცვალების დროს უჩვენებს...

1959 წლის 10 ივლისის საქართველოს მინისტრთა საბჭოს დადგენილების თანახმად, გადაწყდა შექმნილიყო ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი. ეს კულტურის მინისტრის თანაშემწის ვაჟა ჩინჩალაძის უშუალო ინიციტივითა და ძალისხმევით მოხდა და ის კომპოზიტორის სახლ-მუზეუმის პირველი დირექტორი გახდა. მუზეუმის ოფიციალური გახსნის თარიღი 1962 წლის 6 ოქტომბერია. დღესდღეობით მუზეუმში 4000-მდე დამხმარე და ძირითადი ექსპონატია. ხშირად იმართება სალონური ტიპის მუსიკის საღამოები, აღინიშნება კომპოზიტორის დაბადების დღე და იკრიბებიან მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები.

ანა კალანდაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები