რომელია ეკოლოგიურად ყველაზე საშიში სამშენებლო მასალები

რემონტი ყოველთვის უკავშირება არეულობას, ხარჯებს, უძილო ღამეებს, მაგრამ შედეგით ხშირ შემთხვევაში ყველა კმაყოფილია. ისეც ხდება, რომ რემონტის დროს ჩვენ მხოლოდ ვიზუალურ მხარეს ვაქცევთ ყურადღებას და ნაკლებად ვითვალისწინებთ, რამდენად საშიში შეიძლება იყოს ჩვენი ჯანმრთელობისთვის ესა თუ ის მასალა. რა უნდა გავითვალისწინოთ და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როდესაც გვინდა, რომ რემონტი ეკოლოგიურად სუფთა მასალებით გავაკეთოთ, რა კრიტერიუმებით უნდა შევარჩიოთ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მასალები და რას გვთავაზობთ დღეს ბაზარი.
ამ თემაზე ლანდშაფტის არქიტექტორი ირაკლი კირკიტაძე გვესაუბრება:

- იმისთვის, რომ სახლის რემონტი ეკოლოგიურად სუფთა გამოგვივიდეს

და სახლში ჯანსაღი გარემო შევქმნათ, აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ მასალის ტიპს და წარმომავლობას. რაც უფრო ახლოს დგას ბუნებრივთან, მით უკეთესია მისი გამოყენება. მაგალითად, სამზარეულოს ზედაპირის გაკეთებისას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ქვის ფორებს, რაც უფრო ნაკლები ფორები აქვს ქვას, მით უფრო კარგია, რადგან მასში საჭმლის კეთების დროს პროდუქტიდან გამოსული წვენი და ნარჩენი ნაწილაკები აღარ მოხვდება. ალბათ ყველა დამეთანხმება, ვის ქვის მაგიდასაც დიდი ფორები აქვს, რომ მისი გაწმენდა დიდ ძალისხმევას მოითხოვს და თითქმის შეუძლებელიც კი არის.
მოსახლეობის უმეტესობა ფინანსების დაზოგვის მიზნით ქვის ზედაპირის ნაცვლად ხელოვნურ მასალას ირჩევს, რაც სამწუხაროდ, ეკოლოგიურის მაგივრად, მხოლოდ ეკონომიური გამოდის.
ასევე შეგვიძლია სახლის გადახურვაზეც ვიმსჯელოთ. საქართველოში ძალიან პოპულარულია აზბესტის მასალით გადახურვა (ე.წ. შიფერი). ეს მასალა, მისი მავნე თვისებების გამო, ევროპის ყველა ქვეყანაშია აკრძალული. მზის გულზე გახურებისას (ალბათ შემჩნეული გექნებათ, როგორ ასდის ოხშივარი) გამოყოფს ნივთიერებას, რომელიც პირდაპირ კიბოს გამომწვევ მიზეზად არის დასახელებული. სამწუხაროდ, საქართველოში ამ პრობლემის გადაჭრა ჯერჯერობით იდეის დონეზეც კი არ დგას.
ზოგიერთ ქვეყანაში კვლავ პოპულარულია კრამიტით (თიხისგან დამზადებული ფილები) გადახურვა, რომელიც ეკოლოგიურად საკმაოდ სუფთა და ბუნებრივი მასალისგან, ზედმეტი ქიმიური ჩარევის გარეშე არის დამზადებული.

- რა კრიტერიუმებით უნდა შევარჩიოთ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მასალები?
- ამისათვის პირველ რიგში მისი წარმომავლობა უნდა განვსაზღვროთ. რომელი ქვეყნის ნაწარმია და რამდენად სუფთა მასალისგანაა დამზადებული. ვეცადოთ, "დსპ"-ს მაგივრად "მდფ"-ი გამოვიყენოთ და თუ არჩევანის გაკეთება მაინც "დსპ"-ზე გვიწევს, ვეცადოთ ყველა ღია წიბო დავახურინოთ სპეციალური ლენტით.

- რა მასალით ჯობს ჭერის გაკეთება და რას გვთავაზობს დღეს ბაზარი?
- მას შემდეგ, რაც თაბაშირ-მუყაო აქტიურად გავრცელდა, მთელ მსოფლიოში მას აქტიურად იყენებენ. ხშირად ამ მასალას ხის თხელი ფილებითაც ანაცვლებენ, რაც თაბაშირ-მუყაოს კარგი შემცვლელია იმ განსხვავებით, რომ თუ კარგად არ არის დამუშავებული, ანუ ხარისხიანად არ არის ნაკეთები, ადვილად ფუჭდება და მალე გასდის ექსპლუატაციის ვადა. ასევე შეგვიძლია შევარჩიოთ გასაჭიმი ჭერებიც, რომელსაც ბევრი ევროპული ქვეყანა წარმატებით აწარმოებს. სამწუხაროდ, ამ მასალას შედარებით დიდი ბიუჯეტი სჭირდება.

- რა მასალებით არის შესაძლებელი კედლების რემონტი და რომელია ყველაზე უსაფრთხო?
- სამწუხაროდ, ურბანულ სამყაროში, სადაც მოსახლეობა რამდენიმე მილიარდს აჭარბებს და ქალაქებში მილიონობით ადამიანი ერთად ცხოვრობს, ხის სახლის აშენება დიდი კომფორტია. ასევე დიდი ხარჯიც. მაგრამ შეგვიძლია გამოვიყენოთ ბეტონის ცივი კედლები, რომელიც ძირითადად თაბაშირ-მუყაოთი იფუთება, კარგი გარეგანი დამუშავების შემთხვევაში ადამიანს ზიანს აღარ აყენებს. უნდა შეირჩეს ადგილები, სადაც სასურველია, რომ თაბაშირ-მუყაოს ნაცვლად პირდაპირ გაილესოს კედლები. ასეთი ადგილებია სამზარეულო და აბაზანა. ასევე სწორად უნდა შეირჩეს საღებავი, მიაქციეთ ყურადღება, რა აწერია შეფუთვას, უკვე გახსნილი ხომ არ არის? ეცადეთ, შეიძინოთ ბრენდულ მაღაზიებში, სადაც მეტი გარანტიაა იმისა, რომ ნამდვილად იმას ყიდულობთ, რაც შეფუთვაზე აწერია.

- რა დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრებს? ასევე გვითხარით ხის კარ-ფანჯრებზე?
- მეტალო-პლასტმასის და ალუმინის კარ-ფანჯრები 21-ე საუკუნის მასალაა, რომელიც აქტიურად გამოიყენება როგორც კერძო, ისე მრავალსართულიანი სახლების შემინვისთვის. მათი დიდი უპირატესობა სხვა მასალებთან შედარებით ის არის, რომ აქვს დიდი ექსპლუატაციის ვადა. ხის კარ-ფანჯარა, რომელიც ეკოლოგიურად სუფთაა, განსხვავებით ზემოაღნიშნულებისა, მეტად ატარებს სუფთა ჰაერს, არ ახდენს შიდა სივრცის სრულ კონსერვაციას, კარგი დამუშავების გარეშე შედარებით მალე გამოდის მწყობრიდან და გამოსაცვლელი ხდება.

- ყველას არ აქვს საშუალება შეიძინოს ძალიან ძვირადღირებული სარემონტო მასალები, რას ურჩევთ მათ, ვისაც სურს, რომ სახლი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მასალებით მოაწყოს და ეს დიდ თანხებს არ უკავშირდებოდეს?
- დავიწყოთ კედლებით. თუ იყენებთ იაფ თაბაშირ-მუყაოს, ეცადეთ იყიდოთ შედარებით კარგი საღებავი და აუცილებლად გამოიყენეთ გრუნტი, რომელსაც შპალერის გაკვრის შემთხვევაში წაუსვამთ კედელზე. იატაკზე გამოიყენეთ ლამინატი, მაგრამ ეცადეთ, რომ ხარისხი საშუალოზე მაღალი მაინც იყოს და მალე არ გაფუჭდეს. ყოველთვის გამოიყენეთ მაღალი ხარისხის საღებავი, ამაში ფულს ნუ დაზოგავთ, თორემ შედეგით კმაყოფილი ვერ დარჩებით, ვიზუალური მხარე ყოველთვის ბევრ რამეს წყვეტს. გამოიყენეთ მეტალო-პლასტმასი, თუ ამის საშუალება გაქვთ, ოღონდ ხშირად გაანიავეთ სახლი. ეცადეთ საძინებლები მოაქციოთ აღმოსავლეთ მხარეს, დილის მზესთან ერთად გაღვიძებაზე ჯანსაღი არაფერია.

სალომე გორგოშიძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები