როგორ მოვაწყოთ აგარაკზე დასასვენებელი კუთხე

გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად დასვენება მრავალი ადამიანისათვის აგარაკზე გასვლასა და მწვადის შეწვასთან ასოცირდება. ჩვენ ვეცდებით შემოგთავაზოთ რამდენიმე ვარიანტი, რომელიც თქვენს დასვენებას აგარაკზე მართლაც რომ იდეალურს გახდის. ჩვენი რჩევები ძირითადად იმ ადამიანებს გამოადგებათ, რომლებიც დასასვენებლად აგარაკს მიაშურებენ, თუმცა იმ ადამიანებმაც შეიძლება გამოიყენონ, რომლებიც მანქანებით მდინარის პირას მიდიან სათევზაოდ.

 

პუფი
რბილი პუფი მართლაც რომ შესანიშნავი ნივთია იმისათვის, რომ კომფორტულად მოკალათდეთ ბუნების წიაღში და გემრიელად მოისვენოთ. გირჩევთ თქვენს მდელოზე და მაყალთან რამდენიმე ასეთი ლამაზი პუფი მოათავსოთ, რაც თქვენს აგარაკს დამატებით კომფორტსა და სილამაზეს შესძენს.


ასეთი

პუფები იკერება ან ტყავისგან ან ისეთი სინთეტიკური მასალისგან, რომელიც კარგად იტანს წყალს და ჭუჭყს. ასე რომ, ამ მხრივ საშიშროება ნამდვილად არ არსებობს.
თუ ოჯახში პატარა ბავშვები გყავთ, ეცადეთ, რომ შეარჩიოთ ისეთი პუფები, რომლებიც შეკერილი იქნება ჰიპოალერგიული მასალისგან.


თუ თქვენ პუფისთვის ადგილის მიჩენას მაყალთან ან ცეცხლთან ახლოს ხშირად აპირებთ, მაშინ ცეცხლგამძლე ქსოვილისგან შეკერილი პუფი შეარჩიეთ.

შეზლონგი
თუ აგარკზე გაქვთ აუზი ან სიახლოვეს არის წყალსაცავი, მაშინ შეზლონგი თქვენთვის უბრალოდ აუცილებელი ატრიბუტია. შეზლონგზე მოკალათებულს შეგიძლიათ კომფორტულად გაირუჯოთ, ხოლო თუ გარუჯვა არ გიყვართ, მოათავსეთ ის ჩრდილში, მოკალათდით გემრიელად და წაიკითხეთ თქვენი საყვარელი წიგნი ან ისარგებლეთ აიპადით.


შეზლონგების ფართო არჩევანს ვაწყდებით, არსებობს ხის, პლასტმასის, ალუმინის, ნაჭრიანი. ნატურალური ტილოთი ან რომელიმე სხვა ნაჭრით დამზადებული შეზლონგი სათუთ მოპყრობას საჭიროებს.

ბაღის მაგიდა და სავარძლები


აგარაკს განსაკუთრებულ სიმყუდროვეს სძენს სპეციალური სააგარაკე ავჯი, რომელიც ძირითადად ხისგან ან ჩალისგან მზადდება. ძალიან იშვიათად გვხვდება ლითონის ან ქვის მაგიდა და ასევე სავარძლებიც.
მოწნული ავეჯის უპირატესობებზე საუბარი შორს წაგვიყვანს, თუმცა მთავარს მაინც გეტყვით - ასეთი ავეჯი თავისი ელასტიურობისა და მოხერხებულობის ხარჯზე დიდხანს ინარჩუნებს თავის პირვანდელ სახეს.

ასევე ის არის ძალიან მჩატე და მისი გადატანა ერთი ადგილიდან მეორეზე არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. კიდევ ერთი მთავარი უპირატესობა ამ შემთხვევაში არის ის, რომ მოწნული ავეჯი ფანტასტიკურად უძლებს ყველანაირ კლიმატურ პირობებს და ამის გამო ის ძალიან მოსახერხებელია.


თუმცა, გვინდა შეგახსენოთ, რომ სააგარაკე ავეჯის შეძენის დროს პირვლ რიგში ყურადღება უნდა მიაქციოთ იმ ფაქტორს, რამდენად კომფორტული და მოხერხებულია ის და მხოლოდ ამის შემდეგ დავუკვირდეთ, როგორი ის ვიზუალურად და არის თუ არა ექსკლუზიური.


ყველაზე იაფი ვარიანტი კი პლასტმასის სკამები და მაგიდაა, რომელიც აბსოლუტურად უპრობლემო მოსავლელია, მჩატეა. მისი მთავარი უარყოფითი მხარე ის არის, რომ არ არის მყარი, ვერ უძლებს სიმძიმეს, ამიტომ ასეთი სკამების და მაგიდის ყიდვისას უნდა იცოდეთ, რომ ძალიან ფრთხილად უნდა მოეპყრათ.

საქანელა
საქანელა, იგივე ჩამოსაკიდი სავარძელი ნებისმიერი აგარაკის განუყრელი ატრიბუტია. ეს ის ადგილია, რომელში მოკალათების შემდეგაც თავს იგრძნობთ აბსოლუტურად მშვიდად, კომფორტულად და რაც მთავარია, ჰაეროვნად. ჰაეროვანი და ლამაზი საქანელა თქვენს ვერანდასა თუ ტერასას კიდევ უფრო მოხდენილს გახდის.


ასევე აქტუალურია აგარაკზე ჰამაკი, ის თითქოს საქანელის ერთ-ერთი ნაირსახეობაა.

ჰამაკი, როგორც წესი, ორ ხეზე იკიდება. არსებობს დაწნული და ნაჭრის ჰამაკები, ორივე ძალიან კომფორტული გამოსაყენებელია, თუმცა მისი შეძენის დროს აუცილებლად დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ ხარისხს, ქსოვა უნდა იყოს რაც შეიძლება მჭიდრო, ნაჭერი კი - რაც შეიძლება გამძლე.

კომენტარები

lali 2016-05-30 12:56
აგარაკი მქონდეს და ვიცი როგორც მოვაწყობდი :)

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები