როგორ შევინახოთ ზამთრის სამოსი

 

დროა, ზამთრის სამოსი კარადაში შევალაგოთ და საზაფხულო გადმოვალაგოთ. გასწავლით, როგორ შეინახოთ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ისე, რომ ფორმა არ დაკარგოს.

არასწორი შენახვისას სამოსმა და ფეხსაცმელმა შეიძლება დეფორმაცია განიცადოს და უსიამოვნო სუნიც შეიძინოს. ნუ შეინახავთ ტანსაცმელს პოლიეთილენის პაკეტებში და მით უმეტეს, ნუ დაპრესავთ მათ. იქ ჰაერი ვეღარ იმოძრავებს და შეიძლება სამოსს ცუდი სუნიც გაუჩნდეს და ჩრჩილიც.

შალის ნივთები
შენახვამდე თბილი სვიტერები აუცილებლად უნდა გარეცხოთ. მათი საკიდზე ჩამოკიდება დაუშვებელია, ფორმას დაკარგავს. აკურატულად დაკეცეთ და მუყაოს ან პლასტიკატის ყუთში მოათავსეთ. არ დაგავიწყდეთ ყუთში ჩრჩილის

საწინააღმდეგო საშუალების ჩადება.

ქურთუკები, პალტოები
ქურთუკები, პალტოები და მანტოები უმჯობესია, საკიდზე ჩამოკიდოთ და ბამბის ან სხვა ჰაერგამტარი პაკეტი ჩამოაცვათ. თუ დასაკიდი სამოსისთვის ადგილი არ გაქვთ, ზედა სამოსი ისე დაკეცეთ, რომ სარჩული გარედან მოექცეს, ნაჭრის ტომრებში მოათავსეთ და კარადის თაროებზე გაშლილად დადეთ.

ბეწვის სამოსი
განსაკუთრებულ პირობებს საჭიროებს ბეწვის სამოსის შენახვა. ზოგიერთ ქიმწმენდასა და ბეწვის სალონებს აქვს შესანახი განყოფილება, სადაც თქვენი ძვირფასი სამოსი შეგიძლიათ მთელი ზაფხულის განმავლობაში ჩააბაროთ.

გახსოვდეთ, რომ ბეწვი შენახვის განსაკუთრებულ ტემპერატურას საჭიროებს. ამასთანავე, მას აუცილებლად სჭირდება ტომარა და საკიდი. კარადა, რომელშიც ბეწვის ქურქს შეინახავთ, უნდა ნიავდებოდეს და არ უნდა იყოს სინესტე. პერიოდულად ბეწვის ქურქიც უნდა გაანიავოთ, მაგრამ მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს.

ფეხსაცმელი
შენახვამდე ფეხსაცმელი უნდა გაწმინდოთ და კარგად გაამშრალოთ. ზოგჯერ ფეხსაცმელს სპეციალური ჩასაფენი მოჰყვება, შენახვისას ფორმა რომ არ დაკარგოს, თუ ასეთი არ მოგეპოვებათ, გაზეთით ჩაანაცვლეთ. ჩატენეთ ფეხსაცმელში დაკუჭული გაზეთი, რათა ფორმა შეინარჩუნოს.

ფეხსაცმელი აუცილებლად მუყაოს ან პლასტიკატის ყუთში უნდა შეინახოთ. დაუშვებელია მისი პოლიეთილენის პაკეტში შენახვა.

თუ სამოსსა და ფეხსაცმელს სწორად შეინახავთ, ისინი არაერთ სეზონზე მოგემსახურებიან.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები