"ჩემს ბაღში ოჯახის ყველა წევრის სახელზე თითო მცენარე მაინც არის და ამით უფრო ძვირფასია ჩემთვის..."

დალი ებრალიძე პროფესიით ფსიქოლოგი და ეკონომისტია, თუმცა ეს ორივე სპეციალობა მისთვის დამხმარე სპეციალობებად იქცა და სამუშაო სფეროდ ჟურნალისტიკა არჩია. ამბობს, რომ ყვავილების სიყვარული დედისგან გამოჰყვა. დღეს ფოთში ულამაზესი და საოცარი მცენარეებით, ყვავილებით დამშვენებული ბაღნარი აქვს. აქვს მარადიული ოცნება უფრო ლამაზ ბაღზე. არ უშინდება ექსპერიმენტებს და ნოვაციებს.

- როდის იგრძენით, რომ ყვავილებთან და მცენარეებთან განსაკუთრებული დამოკიდებულება და სიყვარული გაკავშირებდათ?
- დედას ჰყავდა ბიცოლა, საოცარი ქალი, მისი სახლის კიბეებზე მუდმივად ყვაოდნენ პელარგონიები (ბალბებს ეძახიან ჩვენში) და ჩინური ვარდები, ვფიქრობ, სწორედ მისი დამსახურებაა,

რომ ამ ორი ყვავილის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, ვცდილობ, პატარა კოლექციები შევაგროვო. მისი გამოზრდილი ჩინური ვარდი 46 წელი ყვაოდა და მისი გარდაცვალების შემდეგ, ჩვენთან დაიდო ბინა. სწორედ ის იყო ჩემი პირველი ყვავილი. შემდეგ უკვე ძალიან გამიმართლა, მყავდა ბოტანიკის არაჩვეულებრივი მასწავლებელი - გოგუცა ჯუღელი, რომელმაც არა მხოლოდ უნიკალური კაბინეტი მოაწყო სკოლაში, მთელი სკოლა ყვავილებით ჰქონდა გაფორმებული. ზაფხულში, როცა დასასვენებლად არ მივდიოდი, მას ვეხმარებოდი ამ ყვავილების მოვლაში. სწორედ მან მასწავლა ქლოროფიტუმის გამრავლება, ხე-მცენარეების დაკალმება... მამამ ბოსტანში პატარა ნაკვეთი გამომიყო და იქ ექსპერიმენტებს ვატარებდი - პირველად კარტოფილი დავთესე. ცოტა სიტყვა გამიგრძელდა, მაგრამ რა ვქნა, ყვავილებზე რომ ვიწყებ საუბარს, ვეღარ ვჩერდები. უკვე სამსახურშიც ყველას დავაწყებინე ყვავილებზე ზრუნვა, ფრიად გადამდები „დაავადებაა“.



- რა მცენარეები და ყვავილები გააშენეთ ბაღში?
- ცხოვრების ყველაზე რთული მომენტები მცენარეებმა გადამატანინეს. მამას გარდაცვალების შემდეგ სახლში ფაქტობრივად ყველა მცენარე დაიღუპა და ყველაფერი თავიდან დავიწყეთ... პალმებით, რადგან პალმები განსაკუთრებით უყვარდა. ავსტრალიური ფინიკის პალმა ჩემი სიამაყეა - მხოლოდ 23 წლის არის და უკვე გიგანტია. სეზონზე 40-45 ზედმეტ ტოტს ვაშორებთ. ეზოს ერთ ნაწილში მხოლოდ ასეთი დიდი ტანის, მარადმწვანე მცენარეები გვაქვს, რადგან ცხოველებიც ძალიან გვიყვარს და ძაღლი გვყავს, რომელიც ყვავილებს ემტერება, ამათ კი ვერ ერევა. ფოთი, მოგეხსენებათ, სუბტროპიკული მცენარეებისთვის სამოთხეა, შესაბამისად ეზოში გვაქვს ვაშინგტონი, ლიმონი, მანდარინი, ფეიხოა, მუშმალა... როდესაც სურნელოვან ყვავილებზეა საუბარი, ჩემი ფავორიტი ციტრუსის სურნელია, მას არაფერი შეედრება. ციტრუსების ყვავილობის დროს არა მარტო ეზო, სახლიც მთლიანად გაჯერებულია მათი სურნელით.

რამდენიმე ძირი ძველი ვარდი მაქვს (რომელთა სახელები ჯერ ვერ დავადგინე), სწორედ ამ ვარდებით დაიწყო დედამ ბაღის გაშენება. ბაბუა მსახიობი მყავდა და ხშირად გასტროლებზე დადიოდა, ერთ-ერთი ასეთი გასტროლიდან ჩამოუტანა დედას პირველი კამელია... მოკლედ, ჩემს ბაღში ოჯახის ყველა წევრის სახელზე თითო მცენარე მაინც არის და ამით უფრო ძვირფასია ჩემთვის.


გამომდინარე იქედან, რომ ფოთი ზღვისპირა, სანავსადგურო ქალაქია, ძალიან ბევრი უცხო ყვავილი შემოჰქონდათ ყოველთვის, ისეთები, რომელთაც დღესაც კი ყვავილების ბევრი მოყვარული მხოლოდ ინტერნეტით იცნობს. ამიტომ, როცა რაღაც უცხო ყვავილის ფოტოს დადებენ და იტყვიან, ჩემ გარდა არავის აქვსო, მეცინება. ნაკლებად ნახავთ ყვავილს, რომელიც საქართველოში უკვე არ არის შემოტანილი, უბრალოდ, ადრე როგორღაც ასე მასიურად არ ვიყავით გატაცებულები და არ ვიცით. არც ის ვიცით, რომ მამულაშვილის გარდა ჩვენი საკუთარი დავით ოსტინიც გვყავდა - ლომინაძე, რომელიც ფოთთან ახლოს, სუფსაში ცხოვრობდა. არაჩვეულებრივი ვარდების ჰიბრიდები გამოჰყავდა. სამწუხაროდ, მისი გარდაცვალების შემდეგ ეს საქმე არავინ გააგრძელა და მისგან მხოლოდ უსახელო, მაგრამ არაჩვეულებრივი ქართული ვარდები დაგვრჩა.


არ შემიძლია კიდევ ერთი, ჩემი საყვარელი მცენარე - კალისტემონი არ გაგაცნოთ, რომელიც ჩვენთან ავსტრალიიდან ჩამოვიდა. დასავლეთ საქართველოში ის ღია გრუნტშიც კარგად ხარობს, აღმოსავლეთში უმჯობესია ქოთანში იყოლიოთ და ცივ ოთახში გამოაზამთროთ. უპრობლემო ყვავილია, არც მავნებელი უჩნდება და, თუ თავიდან კარგ მიწაში ჩარგავთ, არც საკვებს მოითხოვს, ულამაზესი ყვავილობა აქვს - წითელი ჯაგრისები ოქროსფერი თავებით. ჩვენთან წელიწადში 2-3-ჯერ ყვავილობს, თან მარადმწვანეა.

ცოტას წავიტრაბახებ ჩემი ზეთისხილით - არ ვიცოდი, როგორ გაიხარებდა ჩვენთან, მაგრამ იმდენად მინდოდა, შევიძინე. გაამართლა, პატარა ნერგიდან ულამაზესი ხე გაიზარდა, შარშანწინ ნიშანიც მომცა და ორი ცალი ნაყოფი მოისხა. ძალიან პატარა, თეთრი, ვარსკვლავივით ყვავილები აქვს; როცა ყვავილებს ყრის, მთელი ეზო გადათეთრებულია, ვარსკვლავთცვენა გეგონებათ.
არ შემიძლია არ ვახსენო ბრუგმანსია სამხრეთ ამერიკიდან. იგივე ანგელოზის საყვირი. ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი და ამასთან სურნელოვანი მცენარე. ყვავილებს ღამე შლის და შესაბამისად, სურნელსაც ღამე აფრქვევს. პირველ წელს გაუჭირდა ზამთრის გადატანა ეზოში, ბოლომდე მოიყინა, მეგონა დავკარგე, მაგრამ გაზაფხულზე ისევ გამახარა. მეორე ზამთარი კი გაცილებით იოლად გადაიტანა. დღეს საკმაოდ დიდი ტანისაა, 15-20 ყვავილს შლის ყოველდღიურად.
დეკორაციებს დიდად არ მივდევ, რადგან ვთვლი, რომ თითოეული ყვავილი თავისთავად დეკორაციაა და დამატებით გაფორმებას არ საჭიროებს. დიდად არც მოხატული ქოთნები მიყვარს - ქოთნის სილამაზემ ყვავილი არ უნდა დაჩრდილოს, ბუნებრიობას არაფერი სჯობს.



- ლამაზი ეზოს გაშენება დიდ ძალისხმევას და მონდომებას მოითხოვს.
- ბაღის გაშენება და მოვლა მატერიალურთან ერთად დიდ შრომით რესურსსაც მოითხოვს, მით უმეტეს, თუ ეგზოტიკური ყვავილები გიყვართ და მუდმივად ძიებაში ხართ. სამსახურიდან მუდამ შინ მიმეჩქარება, არ მიყვარს, როცა შაბათ-კვირა სადმე წასვლა მიწევს, რადგან ამ დროს ჩემს ყვავილებს ვაკლებ და დედას მარტოს უწევს მუშაობა. ვინაიდან ფოთში მაღალი ტენიანობაა და ხშირი წვიმებიც გვაწუხებს, სარეველებიც იოლად მრავლდება და ყველა ჯურის მავნებელიც. ამიტომ ეზოს მუდმივი ყურადღება სჭირდება. დღეს ეს პროცესი გაცილებით გაიოლებულია, ვინაიდან „მცენარეთა დაცვის“ ქსელს ყველგან აქვს ფილიალი და ყველა საშუალება უკვე რეგიონებშიც ხელმისაწვდომია (ადრე ყვავილების მიწასაც კი თბილისიდან მიგზავნიდნენ). ყველა მცენარეს სპეციფიკური მოვლა და კვება სჭირდება, ამიტომ, როცა რაიმეს შეძენას გადაწყვეტთ, უმჯობესია, ჯერ მასზე ინფორმაცია მოიძიოთ და დარწმუნდეთ, რომ მის მოვლას შეძლებთ. თუკი ეზო გაქვთ, მრავალწლიანი ხე-მცენარეებით დაიწყეთ, უკვე შემდეგ შეარჩიეთ ბუჩქები და ერთწლიანი ბალახოვანი ყვავილები. მართალია, ერთწლიან ყვავილებს მუდმივი ზრუნვა სჭირდებათ (დათესვა, პიკირება, გადარგვა...), სამაგიეროდ ფანტაზიისთვის კარგ გასაქანს იძლევა, მუდმივად შეგიძლიათ ეძიოთ, ცვალოთ, შეუხამოთ თქვენს ბაღს, გემოვნებას და ხასიათსაც კი. მე უფრო ინგლისური ბაღების სტილი მომწონს - ბუნებრივი, მკაცრად დაგეგმილი ქაოსი, ფერთა აფეთქება, ამიტომ ერთწლიანი მცენარეები ძალიან მიყვარს. „დავარცხნილი“ ბაღი ვერასდროს მექნება, ეს ჩემს ხასიათში არ ზის, მინდა ყველაფერი მქონდეს, ყველაფერი ვცადო, კიდევ კარგი, დიდი ეზო არ მაქვს...



- თვლით, რომ ეს ბაღი თქვენი საოცნებო ეზოა თუ წინ გაქვთ კიდევ გეგმები რაც შეცვლის და უფრო გაალამაზებს მას?
- მე ჩემი საოცნებო ბაღი ჯერ არ მაქვს, და არც არასდროს მექნება, მაგრამ მაქვს მარადიული ოცნება უფრო ლამაზ, უფრო მრავალფეროვან ბაღზე და იმედია, რომ ყველა ყვავილი, რომელიც მომწონს, ერთხელ მაინც აყვავდება ჩემს ბაღში. ახლა შოკოლადის კოსმოსზე ვოცნებობ, მექსიკური ყვავილია, გადაშენებული ეგონათ და ერთი ძირი იპოვეს. გაამრავლეს და დღეს უკვე ბევერ ბაღში ნახავთ. მთლად შოკოლადისფერია და, როგორც ამბობენ, სურნელიც შოკოლადის აქვს.



- ესთეტიური სილამაზის გარდა, რატომ უნდა ჰქონდეს ადამიანს გამწვანებული, ყვავილებიანი ეზო? რა ფაქტორებზე ახდენს ეს გავლენას?

- ჩვენს ქვეყანას იმდენად მადლიანი მიწა და ბუნება აქვს, დანაშაულიც კია, ყველა ეზო ბაღნარი არ იყოს. ყვავილების გასამაგრებლად რომ ჯოხს დავასობ, ისიც კი ხარობს და ყვავის. გული მტკივა, ცარიელ, გავერანებულ თუ ბეტონით გადაგლესილ მიწებს რომ ვუყურებ. ხომ შეიძლება, სახლში იქნება, თუ ეზოს გარეთ, სახლის წინ ერთი ბუჩქი მაინც დარგო, შენი კუთხის შესაფერისი, ისეთი, რომელსაც დიდი მოვლა და ყურადღება არ სჭირდება. აქ ხომ ჩვენ ვცხოვრობთ, ჩვენი შვილები იზრდებიან, არაფერი ისე არ დაგიცავთ ზაფხულის ხვატისგან თუ მავნე გამონაბოლქვისგან, როგორც მწვანე საფარი. გაგიკვირდებათ, მაგრამ სახლის უკან, სადაც ძირითადი ეზო მაქვს, ყოველთვის 2-3 გრადუსით ნაკლები ტემპერატურაა, ვიდრე სახლის წინ, სადაც ეზოს სიმცირის გამო ყვავილები უფრო ქოთნებით მიდგას. ქარისგანაც უფრო დაცულია და ქუჩის ხმაურიც ნაკლებად მაწუხებს, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის ცენტრში ვცხოვრობ. რა თქმა უნდა, როგორც ყველაფერი, ბაღის მოწყობაც შრომასთან ერთად მატერიალურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ თუ სურვილია, მინიმალური თანხებითაც შეიძლება პატარა ყვავილნარის გაშენება. მითუმეტეს დღეს, როდესაც სოციალურ ქსელებში უამრავი ჯგუფია შექმნილი, სადაც ერთმანეთს არა მხოლოდ რჩევებს და გამოცდილებას, არამედ მცენარეებსაც ვუზიარებთ. სწორედ ამისთვის შეიქმნა ჩვენი ჯგუფიც - ჩვენი ბაღი - Consolida (სოსანი) და სწორედ ამან გვიკარნახა ფოტოკონკურსის - საქართველო ჩვენი ბაღია, იდეა. თუმცა ეს სხვა თემაა და აღარ გავაგრძელებ, ვინც დაინტერესდება, იოლად გვიპოვის.

- რას ურჩევთ დამწყებ მებაღეებს?
- დამწყებ მებაღეებს ვურჩევდი, თავიდან ისეთი მცენარეები შეარჩიონ, რომელთაც მსგავსი პირობები და მოვლა სჭირდებათ. და, რაც მთავარია, მებაღე, ისევე, როგორც კულინარი, უნდა იყოს თამამი. არ არსებობს მზა რეცეპტი თქვენი ყვავილნარისათვის, თითოეული თქვენგანი შემოქმედია და ყველა ბაღი, პატარა ქოთანში შექმნილი მინიატურაც კი, ხელოვნების ნიმუშია. ამიტომ იყავით თამამები, ნოვატორები - დათესეთ, დააკალმეთ... მერე რა, თუ დღეს არ გამოგივიდათ, ხვალ აუცილებლად გამოგივათ და აუცილებლად იპოვით თქვენს ყვავილს, რომელიც ზუსტად ისე გაგეფურჩქნებათ სულში, როგორც დოჩანაშვილის ალექსანდროს - კაქტუსი.


მერი ბლიაძე

კომენტარები

ქეთო მინჯორაია 2018-08-02 09:21
აფხაზეთიდან ვცხოვრობ ზუგდიდში.ვგიჟდები ყვავილებზე და ბოსტანზე გამომდინარე აქედან მიიღეთ ჩემგან უდიდესი კომპლიმენტები. გისურვებთ წარმატებებს
ეკა 2018-04-18 09:48
აღწერა
მინდა თქვენთან ახლოს ცხოვრება რომ ვისწავლო მოვლა.ძალიან მიყვარს ყვავილები და მინდა მქონდეს ლამაზი ბაღი.
ულამაზესი ბაღი გაქვთ.
ირინა 2016-07-08 18:32
ძალიან ლამაზი ყვავილებია ბევრი მათგანი პირველად ვნახე ფოტოზე! წარმატებებს ვუსურვებ.
ეკატერინე შეროზია 2016-07-02 14:53
ულამაზესი ბაღია,თავისი მეავალფეროვნებით.ალბათ არ არსებობს ყვავილის ჯიში,რაც არ ყვავის თქვენს მშვენიერ ეზოში.წარმატებები თქვენ!
Inga 2016-06-23 23:33
Garda yvavilebis sikvarulisa, daliko chveni yovlismcodnecaa. Ar arsebobs mcdnare romelzc informavia ar qondes. Magari xar daliko.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები