რას გვირჩევს ცნობილი დიზაინერი, როგორ მოვაწყოთ სახლი, რომ ბედნიერად ვიცხოვროთ?

“სახლის ინტერიერის დიზაინზე მუშაობისას ჩემი შემოქმედების წყარო თავად დამკვეთია, - გაგვიმხილა ინტერიერის დიზაინერმა ლალი თოიძემ, რომელიც ცნობილი კომპანიების ოფისებსა და ბინებს აფორმებს, - მუშაობას დამკვეთთან ურთიერთობის აწყობით ვიწყებ, ვიგებ იმას, თუ როგორია მისი ცხოვრების წესი, პროფესია, მისწრაფებები, სხვადასხვაგვარი შეხედულება და კონცეპტუალური დამოკიდებულება ცხოვრებისადმი. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ჩემთვის გასაგები გახდეს, თუ როგორ შევუქმნა საცხოვრებლად კომფორტული ზონა”. შრომის პროცესში დიზაინერი საკუთარ ამოცანას პირველ რიგში იმაში ხედავს, რომ იფიქროს კონკრეტული ადამიანისთვის ისეთი სივრცის შექმნაზე, რომელიც მას ბედნიერებას მოუტანს, და სწორედ ეს განსაზღვრავს

მთელ შემოქმედებით პროცესს. ლალი თოიძე უშუალოდ მონაწილეობს ინტერიერის შექმნის ყოველ ეტაპზე - დაპროექტებიდან განხორციელებამდე. ლალის თანამედროვე ინტერიერზე, ქართველი მომხმარებლის მოთხოვნილებებსა და დიზაინერულ “ხრიკებზე” ვესაუბრეთ.



- რამდენად აქტუალურია ინტერიერის დიზაინი ჩვენს თანამედროვე ყოფაში?
- დღეისათვის ინტერიერის დიზაინი საკმაოდ აქტუალური და მოთხოვნადიც გახდა, მაგრამ ის არქიტექტურის მსგავსად მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. მიუხედავად ამისა, ყველა, ვინც კი რაიმე ახალს აკეთებს, ცდილობს, რომ ეს ყველაფერი ესთეტიკური იყოს. შესაძლოა, ყველას არ ჰქონდეს მხატვრული ხედვა ან ფასეულობები, მაგრამ როდესაც უხსნი, ყოველთვის სწორ არჩევანს აკეთებენ, ამ მხრივ მაინც გვაქვს საქმე კარგად. არ ვიცი, რისი ბრალია - გენეტიკის თუ მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და ტრადიციების, მე არ შემხვედრია ქართველი ოჯახი ან დამკვეთი, რომელსაც გემოვნება არ ჰქონდა. შესაძლოა სხვადასხვა პროფესიის ხალხს პროდუქტიული შემოქმედებითი პროცესის დაწყება უჭირს, მაგრამ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, საუბრისას თავადაც მაწვდიან ხოლმე საინტერესო და ხშირად ყურადსაღებ იდეას, ამ მიმართულებით იწყებენ ფიქრს და ფანტაზია ეხსნებათ, ხშირად ხუმრობენ კიდეც, ლალის სკოლა გვაქვს გავლილიო.



- როგორია შემოქმედებითი პროცესი, თუ გაქვთ შთაგონების წყარო?
- შთაგონების წყარო სხვადასხვა მაქვს. თუ ფერწერაში ვმუშაობ, სულ სხვა პროცესები მიმდინარეობს და თუ ინტერიერის დიზაინზე - ჩემი შთაგონების წყარო თავად ჩემი დამკვეთია.

არასოდეს არ ვიწყებ მუშაობას ჩაკეტილ სივრცეში, ყოველთვის ურთიერთობის აწყობით ვიწყებ, ვიგებ იმას, თუ როგორია პიროვნების ცხოვრების წესი, პროფესია, მისწრაფებები, მისი შეხედულებები და კონცეპტუალური დამოკიდებულება ცხოვრებისადმი. მე მას უნდა შევუქმნა საცხოვრებლად კომფორტული ზონა, ეს ჩემი უმთავრესი მიზანია, იდეაფიქსიც კი. რა თქმა უნდა, ყველაფერი გემოვნებიან, ესთეტიკურ ჩარჩოებში უნდა მოექცეს. არ ვიცი, შესაძლოა გამამტყუნონ სხვა დიზაინერებმა, მაგრამ მოდა არასოდეს არის ჩემთვის გადამწყვეტი. რასაკვირველია, ვითვალისწინებ მოდურ ტენდენციებს, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მაგალითად, მყოლია დამკვეთი, გვისაუბრია და მივმხვდარვარ, რომ ვერ იქნებოდა ბედნიერი იმ დროისათვის მოდურ მინიმალიზმში, ეს ალბათ გააუბედურებდა კიდეც, მაშინ როდესაც სახლი ჩვენი ციხე-სიმაგრეა, მით უმეტეს 21-ე საუკუნისთვის დამახასიათებელ პრობლემებით სავსე, სტრესულ გარემოში. შესაბამისად, რაღაც კონკრეტულმა ადგილმა აუცილებლად უნდა შეასრულოს განტვირთვის ფუნქცია. ოჯახი და ბუნება - ეს ორი სივრცე დარჩა, სადაც შეიძლება დასვენება, განტვირთვა და ენერგიის აღდგენა მეორე დღისათვის. ამიტომაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინტერიერს, რომელიც კომფორტულ და შენთვის მოსაწონ გარემოს უნდა გიქმნიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დამატებით სტრესს მოგიტანთ.



- როგორ მოქმედებთ პატარა სივრცის შემთხვევაში?
- ამ დროს უფრო საინტერესოა მუშაობა. უნდა იფიქრო, რაღაცები მოიგონო. როდესაც პატარაა სივრცე, გონებრივი სამუშაო მეტია, იძულებული ხარ სასწაულებიც კი მოახდინო, ზოგჯერ შედეგი თავადაც გაოცებს, საბოლოო ჯამში ყველაფერი იკეცება, სადღაც შედის, გამოდის, ძალიან საინტერესოა - ყველაფერი მოძრაობს და ტრანსფორმირდება.

ერთ ოჯახში ოთხი ბავშვი ჰყავდათ. ბავშვებისთვის ორი საძინებელი იყო განკუთვნილი, გოგონებისთვის და ბიჭებისთვის. პატარა სივრცე ჰქონდათ, ამიტომ ტრანსფორმირებადი ავეჯი განვათავსეთ: ბევრი ვიფიქრეთ და ძალიან საინტერესო შედეგამდე მივედით. როდესაც ოთახში შედიხარ, დგას ერთი საწოლი და მაგიდა. შემდეგ ყველაფერი ტრანსფორმირდება, გამოდის მეორე საწოლი, წიგნის თაროები და ყველა სხვა სათავსო, ერთი საწოლიდან 4 უჯრა და ასე შემდეგ, ოთახი ივსება.



- და ეს ყველაფერი თქვენი მოგონილია?
- კი, ავეჯი თავიდან ბოლომდე ჩემი მოგონილია. როდესაც სივრცე პატარავდება, მერე უკვე დიზაინერი ერთვება მთელი თავისი ფანტაზიით, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ სამუშაოდ დიდი სივრცე მირჩევნია, უფრო მეტის გაკეთების საშუალებას გაძლევს და ეფექტიც უფრო დიდია.

- დეკორატიული თვალსაზრისით, რა არის მოდაში და საერთოდ, რა დატვირთვა აქვს დეკორს ინტერიერის დიზაინში?
- პანოები, ფარდაგები, კერამიკა, ბევრი რამ. ზოგადად, დეკორი ინტერიერის შემადგენელი ნაწილია და სწორედ ის სძენს მას ინდივიდუალურობას, მისი მეშვეობით ახერხებ პირადი, სხვებისგან გამორჩეული სივრცის შექმნას. სწორედ გამოყენებითი ხელოვნების დეტალები ეხმარება დიზაინერს, რომ შეუქმნას კონკრეტულ ადამიანს მისი პრივატული სივრცე, ვიღაცისთვის კერამიკა იქნება მისაღები, ვიღაცისთვის - ლითონი, ვიღაცისთვის - ყველაფერი ერთად.



- ყველაზე ხშირად რა შეცდომას უშვებს რიგითი მომხმარებელი?
- როდესაც არ გელოდება. გაისეირნებს მეუღლესთან ერთად და რაღაც ავეჯს, ყიდულობს, რომელიც შემდეგ მთლიანად ვარდება საერთო გარემოდან. მაშინ რაღაც აქსესუარებით ამართლებ მის არსებობას ინტერიერში, რაღაცებს იგონებ, რაც, თავისთავად, ხელოვნურია. შესაძლოა ეკლექტიკური სტილის შექმნაც, მაგრამ ყველა შემთხვევაში ვერ იზამ ამას, ზოგჯერ უარსაც ვამბობ ხოლმე ამგვარ ავეჯზე, მაგრამ ზოგჯერ მომხმარებელს იმხელა თანხა აქვს მიცემული, ვცდილობ დავინდო და გამოსავალი მოვძებნო. მქონია ასეთი შემთხვევაც, როდესაც მეგობართან ან სადღაც ნანახ ინტერიერს მთხოვდნენ, მაგრამ საუბრისა და ახსნის შედეგად ყოველთვის გაუგიათ, რა ესაჭიროება იმ კონკრეტულ გარემოს, რა სტილი და ა. შ.

- თუ გქონიათ ურთიერთობა დამკვეთთან გარკვეული წლების შემდეგ?
- მყავს დამკვეთები, რომლებიც წლების შემდეგ მხვდებიან და მეუბნებიან, რომ უბედნიერესი წლები გაატარეს ჩემს მიერ მოწყობილ ინტერიერში. ყოველივე ამას ერთადერთი რამ განაპირობებს: უზომოდ მიყვარს ადამიანები და ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, რომ შემიძლია მათთვის კომფორტული გარემოს შექმნაზე ვიზრუნო.

- როგორია თანამედროვე მოდური ტენდენციები ინტერიერის დიზაინში?
- ამჟამად აღმოსავლური სტილი აღარ არის მოდაში, მიუხედავად თავისი რომანტიზმისა და პრივატულობისა, ცხოვრების აჩქარებული ტემპის გამო ადამიანს აღარ აქვს დრო სახლში საჯდომად, აღმოსავლური ტკბობის დრო არ არის.



ეპოქის შესაბამისად, სკანდინავიური სიცივე უკვე მისაღები გახდა ქართული რეალობისთვისაც, გარკვეულწილად მინიმალიზმიც. ბოლო პერიოდში თბილისმა ადვილად შეითვისა ლოფტის სტილი, მოირგო ინდუსტრიული სტილი, ის უკვე სახლებშიც გვხვდება და ძალიან მოსწონთ კიდეც. კიდევ არის ბევრი მიმართულება, რომელიც ასე თუ ისე თანამედროვეა და ჩვენს რეალობას მოერგო.

- რას ნიშნავს ეკოლოგიურად სუფთა სახლი?
- როდესაც ინტერიერზე მუშაობა დავიწყე, ჩემი პირველი პროექტი თავიდან ბოლომდე ეკოლოგიურად სუფთა მასალაზე იყო გათვლილი. ვცდილობდი, ინტერიერში შემეტანა ჩვეულებრივი ქვა, სადაც ხის ფაქტურა მჭირდებოდა - ნამდვილი ხე და ა. შ. სამწუხაროდ, ეს ყოველივე ისევ სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთან მიდის, რადგან ეკოლოგიურად სუფთას დიდი ფასი ადევს. არადა, შესაძლებელია, იცხოვრო ეკოლოგიურად სუფთა სახლში და ძვირიც არ დაგიჯდეს. საზღვარგარეთ დიდი ხანია ბუნებრივი მასალის მეორადი გადამუშავება და ამ მასალის სახლის მშენებლობასა თუ დიზაინში გამოყენება დაიწყეს. სამწუხაროდ, ამგვარი მასალის წარმოება ჩვენთან არ ხდება, შემოტანა კი ძვირი ჯდება. ამგვარ წარმოებას საკმაოდ დიდი პერსპექტივა ექნებოდა საქართველოში, მცირე ზომის საწარმოც ეყოფოდა, რაც მომგებიანიც იქნებოდა. ასეთი წარმოება არ გულისხმობს ბუნებაში უხეშ ჩარევას - იმ ეკოლოგიურად სუფთა მასალაზე ვსაუბრობთ, რომელსაც მშენებლობებისა და რემონტის დროს ყრიან - ეს იქნება ძვირფასი ქვა თუ ხე და ა. შ.

- თუ არსებობს ისეთი ხელოვნური მასალა, რომელსაც არაფრით არ ურჩევდით მომხმარებელს?
- კი, როგორ არა. მაგალითად, არაფრით არ შეიძლება აზბესტის ნაწარმით გადახურვა, აგრეთვე არ ვურჩევდი ბეტონის აქტიურად გამოყენებას, მაგალითად ჰაიტექის სტილი ვიზუალურად ულამაზესია და ეფექტური, ძალიან მომწონს, მაგრამ იმ რაოდენობით ბეტონს მოითხოვს, ალბათ თუ შემიკვეთავენ, თავს შევიკავებ. სახლი თავიდან ბოლომდე ბეტონშია შეფუთული, დიზაინშიც უამრავი ბეტონია, თან მინიმალური მოპირკეთებით. შესახედავად ნამდვილად ძალიან ლამაზი და შთამბეჭდავია, მაგრამ ბეტონში ცხოვრება არც ისე სასურველია.

თეა იაკობაშვილი

 

ეს და ბევრი სხვა საინტერესო სტატია იხილეთ ჟურნალ "შინის" მე-5 ნომერში.

კომენტარები

Nini 2020-10-13 13:26
Rogor gavigo qalbatoni lali nomeri
Mari 2019-12-03 17:35
Rogor gavige qalbatoni lalis nomeri ???
mari 2017-06-21 14:42
rogor sheidzleba qalbaton lalis davukavshirde?
tea 2017-02-20 15:04
saintereso da gasatvaliscinebeli rchevebia.seicleba zustad ase ara, magram axali inspiracia damebada.
ნათია 2016-10-27 13:06
რა კოშმარია. ეს დიაზაინერის შექმნილია? :(

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები