ხევსურული ბალადა, ანუ სურათები მიღმახეველი პოეტის მურღვა არდოტელის ცხოვრებიდან

ნიკო ზვიადაურს, თიკუნით მურღვა არდოტელს, წლების წინ პირიქითა ხევსურეთის საზღაპრო და საარაკო სოფელ არდოტში, მისივე ოჯახში შევხვდი. სწორედ მაშინ “მოვიწამლე” ხევსურეთით და მეგობრობის ლიბოც ასე გაიჭრა.

გაზაფხულზე, თოვლი რომ აიკრიფება და დათვიჯვრის უღელტეხილი გაიხსნება, მაშინვე არდოტისკენ ვიღებთ გეზს, შემოდგომით კი, ვიდრე სითეთრის მდუმარება მოიცავს მთათა საუფლოს, ისევ მურღვას არწივის ბუდისებრ სამოსახლოს მივაშურებთ ხოლმე.

ერთ მშვენიერ დღეს, მორიგი სეზონურ-ტრადიციული სტუმრობის შემდეგ, ვიფიქრე, ჩემიცა და ხევსურთ სალოცავებიც გამიწყრებოდნენ, თუკი ჩვენს რჩეულ მასპინძელზე, მისგან განაგონარსა თუ საკუთარი თვალით ნანახ-განცდილზე სხვათაც არ მოვუთხრობდი. მისი

ხეობის ამბების მურღვაზე უკეთესი მოამბე კი ვინ იქნებოდა, მაგრამ ძნელად წარმომედგინა, რაგვარად უნდა დამეყოლიებინა ამ საქმეზე. უჩვეულო მორიდებულობისა და კრძალვის გარდა, მთის ურთულესი და უმკაცრესი გარემოც ერთი წამით მოცალეობას არ აძლევს მურღვა არდოტელს - მეუღლისა და სამი მცირეწლოვანი შვილის პატრონს. მაგრამ მურღვას სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ის “მიწის ჩხვერასა და ლექსების ბუბუნსაც” ასწრებს და წლის ნებისმიერ დროს მის კარს მიმდგარი ყველა ჯურისა და რჯულის ადამიანის მასპინძლობასაც. ზვიადაურთ საგვარეულო სახლის კარი მურღვას გულივით მუდამ ღიაა “ღვთის საჩუქრისთვის” - სტუმრისთვის. სტუმარმასპინძლობის ადათი უმაღლესია ამ ღირსეული ხევსურისათვის, რომლის თვალი და გონი წინაპართა თითქმის ოც თაობას გადასწვდენია. დაუჯერებელია, მაგრამ უნდა ირწმუნოთ, იმიტომ, რომ მურღვა დღესაც მათი ანდერძ-ნაამაგარით არსებობს, მათ ნამუხლარ მიწას არ წირავს და საგვარეულო კოშკის - დარღვეული მურღვათ ციხის “მოწვერვასაც” აპირებს.

ერთ დღესაც სოფლისა და ოჯახის პრობლემების მოსაგვარებლად თბილისში ჩამოსული მურღვა, ღვთის განგებით, ჩემთან სტუმრად მოხვდა, მეგობრობის ხათრი ვერ გატეხა და მისი უძვირფასესი დროის რამდენიმე საათიც ასე დაეთმო ჩვენი საფიცარი კუთხის გულის საგონ ამბებს. აი, რა მიამბო მურღვა არდოტელმა:

მე ძველი გვარით ჭინჭარაული ვარ. ჭინჭარას პირველი შვილი მურღვა იყო, რომელიც ძველ დროს მონადირე ყოფილა არდოტში. თავისი წასვლის ნიშნად გუდანის ჯვარში სკამი დატოვა, იმ სკამზე მისი ხელის ზომაა. სულ შვიდი სკამიდან მეორე ჩვენი - მურღვათ სკამია, იმის ნიშნად, რომ ჩვენ ვიყავით გუდანელ პირველ ჭინჭარას შთამომავლები. ჩემს წინაპარს გიორგი ერქვა, მურღვა მერე ფშავლებმა შეარქვეს. მურღვა მღვრიეს, გაჯავრებულს, გაფოთებულს ნიშნავს, ისეთს, კაცს რომ აღარ დაინდობს, მამულს თუ ვინმე ართმევს. ფშავურად მურღვაა, ხევსურულად - მირღვა.

დედის მხრიდან ბებია მყავდა ნანა ზვიადაური. ის მე არ მახსოვს, ან როგორ მემახსოვრება, მშობიარობას გადაჰყვა, დედაჩემი დარჩა შვიდი წლისა. არდოტში ცხოვრობდა და როცა არდოტს გამოეყო სოფელი ანდაქი, ანდაქში გადავიდნენ.

დედაჩემის დედის მამა იყო ურჯუკათ წიქათ ბაისერი. 1910 წელს დაღუპულა, 82 წლისა. მცოდნე კაცი, უზარმაზარი რჯულისა და ადათის მქონე.

მამის მხრიდან პაპაჩემი 1940 წელს დაღუპულა, მამაჩემი 20 წლისა ყოფილა მაშინ. ცული დაირტყა მუხლში და ეტყობა, ინფექცია შეეჭრა. რჯულის კარგი მცოდნე იყო და თან ძალიან დიდი იუმორის მქონე. ხევსურები ამბობდნენ თურმე, რომ “იმედურა ხუმრობას აკარგვინებს მთელ საცოდინარსო, მაგან რომ არ იხუმროს, მაგისთანა მერჯულე კაცი აქ არ არისო”. მაგრამ ისეთი იყო, ვინც გაუგებდა, იმ ხუმრობაში რაღაცას იპოვიდა. აჩვენებდა, ვითომ ხუმრობდა, სინამდვილეში ამ ხუმრობით ეუბნებოდა, გადასცემდა სათქმელს ხალხს - აგებინებდა, რა უნდა მომხდარიყო, რა უნდა გაეკეთებინათ მათ.

მამის დედა იყო ხახიაური ლელა, გაგას ქალი ხახაბოდან. მე მას მოვესწარი. ძალიან კარგი ბებო მყავდა, სულ ზურგით მატარებდა. როცა წამოვიზარდე, ალბათ, 6 წლისა ვიქნებოდი, პირველად მას ვეჭიდავე და წავაქციე დაახლოებით 90 წლის ბებო. მახსოვს, როგორ მიხაროდა, ვმღეროდი, ბებო წავაქციე-მეთქი და აღარ ვუშვებდი, აღარ ვშორდებოდი, ქვეშ მყავდა მოგდებული ეს კარგი ბებო, ტკბილი ბებო. ძლივს მომაშორეს... არ მეგონა, თუ ამხელა ადამიანის წაქცევა შემეძლო.

ბებოჩემი მეანდრეზე ქალი იყო, ბევრი რამ იცოდა. იცოდა სულით ტირილი, ხმით ტირილი. ახლა ხმით ტირილი სხვა არის, სულით ტირილი კი სულში წასვლაა, ქადაგივით გალაპარაკებს, მკითხავივით რაღაცას გადმოსცემ მკვდართა ყოფნის შესახებ ამ სამზეოზე და ძალიან რთულია. ამ დროს ადამიანი, ფაქტობრივად, უგონოდ რჩება, თავის თავს აღარ ეკუთვნის. ასეთი ძლიერი და მცოდნე ქალი იყო ბებო. სამწუხაროდ, მე მაშინ პატარა ვიყავი, ბარისახოს სკოლაში ვსწავლობდი და რომ გადავედი, აღარ დამხვდა... არდოტშია დაკრძალული ბერიდედა... ცოტა დიდი რომ ვყოფილიყავი, მისგან ძალიან ბევრი რამის ჩაწერას შევძლებდი.

გადმოცემებით მაინც კი შემომრჩა რაღაცები ზოგი მამისგან, ზოგი ბიძაჩემი ხაძეგასაგან - ესეც ზედმეტი სახელია, ქისტური სახელი, ისე კი ხვთისო ექვივნა, იმედურათ ხვთისო. ძალიან გულიანი კაცი იყო, მთებში დაიღუპა.

ბებოს ერთი ქალი და ორი ვაჟი ჰყავდა, სულ ასწავლიდა თავის შვილებს ძველ ამბებს, ანდრეზებს. მოყოლაში ხანდახან ღამეები თეთრად უთენდებოდათ. ცნობილია, რომ ადრე ხევსურეთში სასმელს საერთოდ არ სვამდნენ, ძალიან იშვიათად და ხაძეგა-ალექსანი ამ მხრივ იყვნენ ცნობილები - შეეძლოთ ძალიან პატარა არყიან ბოთლაზე, ჟიპიტაურზე, ზამთრის დიდი ღამე გაეთენებინათ. ამ დროს დედაც გვერდით ჰყავდათ. თუ რომელიმე შვილი თხრობისას შეცდებოდა, ბებოჩემი ყოველთვის მკაცრად ექცეოდა, უსწორებდა შეცდომებს, ეგრე კი არა, ესე იყოო...

პაპაჩემის ძმა იყო ლევანთ ნიკო. იმ დროს, თიანეთ-დუშეთის მაზრის (ორი რაიონის) პოლიციის უფროსის მოადგილე. მისი ბეჭედი ახლა ჩემთან ინახება. არა მარტო თიანეთი და დუშეთი, მთელი ქისტეთის მთები - არიშკის, მაისტის, მითხოს, ხილდიხაროსა და წყალსიქითის თემებიც მის გამგებლობაში შედიოდა. ძალიან მაგარი კაცი ყოფილა.

ცნობილი ამბავია, ხევსურებმა იციან, ქისტებმა რომ ქისტები დაიჭირეს, თავიანთმა მოსამართლეებმა კი ვერ დაიხსნეს ისინი. ბოლოს არდოტში მოსულან და ლევანთ ნიკო წაუყვანიათ. შესულა ლევანთ ნიკო და თავისივე ხალხი გაათავისუფლებინა ქისტებს; ქისტებისგან დაიხსნა ის ქისტები, ვინც დაჭერილი ჰყავდათ. დიდად გავლენიანი კაცი იყო და სამწუხაროა, რომ უბედბოლოოდ წავიდა. სწორედ მისი სულის სახელი მქვია. მართალია, მე ალექსათ ნიკო ვარ, მაგრამ ხანდახან ლევანთ ნიკოსაც მეძახიან.

მურღვას მამა


მე-10 კლასში ვიყავი, უკვე სკოლას ვამთავრებდი და თავი დიდი მეგონა. ერთხელ მამაჩემს შევხვდი. მე ხელი გავუწოდე, მამამ შემომხედა (ძალიან ლურჯი თვალები ჰქონდა მამას) და შეღიმებული სახე თითქოს გაეყინა: “ - შვილო, ხო არ გაირყვენიო”, - მითხრა და მეც დავუშვი ხელი. ისე, რომ მამისთვის არც მიკოცნია და არც ხელი ჩამომირთმევია ოდესმე. აი, ასე იყო. შეიძლება, ვინმეს გაუკვირდეს, რატომ იყო ესე?! სამაგიეროდ, ხათრი ძალიან დიდი მქონდა და მაქვს, იმიტომ, რომ იმ სითბოს და მოფერებას სხვანაირად ვგრძნობდი - ქცევით, როგორ აჩქამდებოდა, ამით ყველაფერს ვგრძნობდი. მშობელთან ბუნებრივია, შვილი ვერასოდეს მივა. კაი კაცი იყო მამა, ხალხმაც იცოდა და მეც ვიცოდი.

მოფერებით დედა კი გვეფერებოდა, მაგრამ არც ის გვაპატიებდა რამეს. დედა და მამა ჰგავდნენ ერთმანეთს. “სახელის გულისთვის ხართ დაჩენილებიო, - გვეტყოდა დედა, - და სახელს გაუფრთხილდითო, გახსოვდეთ, ვისი შვილები ხართ, ვინ გყავდათ წინაპრებიო!” დედა ობლობით გაზრდილი იყო, მაგრამ დღესაც შეგიძლიათ იკითხოთ, როგორი იყო: ძველი ამბების მცოდნე, გადმომცემი, დამრიგებელი, წყნარი ქალი. ახლაც კი არ ვარ კარგად მიმხვდარი, მშობლებმა რამხელა ამაგი გამიწიეს და გაგვიწიეს შვილებს. ყველას გვასწავლეს. იმ დროს ხომ უჭირდათ: სკოლაში გვასწავლეს, უმაღლესში, და თავის თავზე გადაიტანეს მთის ყველა გაჭირვება, რომ კაცებად და ქალებად დავრჩენილიყავით ამ სამზეოში. ამიტომ არა გვაქვს უფლება, სხვა გზით ვიაროთ. მამა 61 წლისა დაიღუპა, დედა - 73-ისა, სოფელ გამარჯვებაში. მე არ ვიყავი იქ, რომ ჩავედი, უკვე დაკრძალული დამხვდა. ვერ გამაგებინეს, დააბარეს, მაგრამ ჩემთანამდე არ მოიტანეს ამბავი.

დიდი ხანია, დედა სიზმარშიც აღარ მინახავს. თუ რაღაც საქმე მაქვს გასაკეთებელი და თვითონ ვერ ვიგებ, რა და როგორ წარვმართო, სიზმარში მშობლების ხილვით ვგებულობ, რა უნდა გავაკეთო. შემოდგომით ცუდად ვიყავი. ხილვა იყო თუ რა იყო, არ ვიცი, რაღაცნაირად სხვა სამყაროში გადავედი თითქოს და მამაჩემი გამომეცხადა: ვუყურებ, მამაჩემი დგას. მეც წამოვდექი. გამაფრთხილა: ამხელა კაცი ხარ, თავს და ოჯახს მიხედე, ზედმეტად ხალხს ნუ Hყვებიო. მე კიდევ ასეთი გული მაქვს, მთლიანად უნდა დავიხარჯო. ვერ კი ვხარჯავ ამ გულს რაღაცნაირად, მინდა, ყველას თან გადავყვე, სხვებიც მაძლევენ ამ სიალალის გამო შენიშვნას. მამას პირობა მივეცი - თავსაც მივხედავ, ოჯახსაც და სიცოცხლესაც-მეთქი. გონს რომ მოვედი, ვკანკალებდი და რაღაცნაირად მრცხვენოდა მამაჩემის.

მე სამ წლამდე არდოტის წმინდა გიორგის, ჭალაურს მიმაბარეს ჩემმა მშობლებმა: ის იყო ხევსურული ნათლობა - აბა, მირონს არავის ატანდნენ. ისე, ამ უპატრონო ქვეყნისთვის ვიღაცა კი უნდა ყოფილიყო, რომ მოენათლა კაცი ქრისტიანად. ალბათ, ნაკურთხი წყალი იყო, რითიც მომნათლეს, ასევე საკლავით და მიმაბარეს ჯვარს: “ - გაზარდე დავლათიანი, დღიანი, სოფლისად, თემისად, მამულ-წყლისად, საქართველოსად გამოსადეგი და მტრისთვის თავის შამკვლელიო”, – იტყოდნენ ხევისბერები და საკლავს დაკლავდნენ, სისხლს მოგისვამდნენ და ვალდებული იყავი, გასულიყავი ომში. ჩემი ნათლია ყოფილა აბრამიშვილი შურა, სკოლის მასწავლებელი. 1963 წელს არდოტში დაწყებითი სკოლა იყო და იქ ასწავლიდა. მახსოვს, პატარა ბალღს შაქარი მომიტანა, კუთხვი შაქარი... მოგიყვებით სიმართლეს და მერე ეს ნათლია სულ მენატრებოდა.

პატარას ცხენის რბოლება მიყვარდა. ზვავის გამატეხვის პროფესიონალიც ვიყავი. გავაკეთებდი კორკომიჭას (გუნდას) და დავაგორებდი მთიდან. ერთხელ ძმის გამოტეხილმა ზვავმა კინაღამ მიმსხვერპლა, ბოლომდე მტკიცედ ვიდექი და ველოდებოდი, როდის დამეძგერებოდა. ძლივს ამომიყვანეს იქიდან, ვიხრჩობოდი, მაგრამ ისიც კარგად მახსოვს, რკინისბალთიანი ქამარი მქონდა და გამწარებული იმ ბალთას ვეძებდი.

ნელ-ნელა კაკბებზე ნადირობა დავიწყე. პატარა ვიყავი, ლექსებსაც ზეპირად რომ ვამბობდი და ვაცინებდი ხალხსა. ჩემი მასწავლებლის ქორწილი ყოფილა და იქ ვიყავი, ალბათ, ოთხი წლისა. ჩემი ბიძაშვილის ცოლის დაც იყო, ისიც ჩემხელა და მაცეკვეს იმასთან. ვცეკვავდი ცალ ფეხზე. როგორ ვიცეკვე, არ მახსოვს, ეტყობა კარგად. როგორც ჩანს, მერე ეს გოგო, ჩემი პატარა მეწყვილე, მომეწონა, გამოვსულვარ წყალზე და ვამბობ თურმე: “ელისო, ელისო, წყალზე ნიკო გელისო”. წყაროც იქვე იყო, შეხვედრაზე ვიწვევდი ეტყობა.

წლები რომ გემატება, საქმე უფრო მეტი ჩნდება მთაში. მაგრამ წერას მაინც ვახერხებდი, ყველგან ვწერდი: სიპებზე, ქვებზე, ლამზე... მე-4 კლასში ბარისახოში გადმოვედი. საორგანიზაციო კუთხე გვქონდა, კედლის გაზეთი გამოდიოდა და იქ იბეჭდებოდა ჩემი ლექსები. პირველი ლექსი რაიონის გაზეთში 1977 წელს, ქართული ენის პრობლემები რომ იყო, აი მაშინ, ბელა წვერაძემ დამიბეჭდა. ლექსი ასე იწყებოდა: “ერთი ენა მაქვს ქართული, ქართული ენის ჭირიმე. დავკარგოთ?! რას მეუბნებით, რად დავიმუნჯო პირი მე...” მეორე ლექსი, “ციხის სიკვდილი”, ზვიადაურთ ციხე, არდოტის ციხე რომ დაინგრა, 1979 წლის 29 ივლისის დილის 9 საათზე, იმას ვუძღვენი. აი, ეგრე ნელ-ნელა შემოვყევი რაიონიდან. მერე უნივრსიტეტში ჩავაბარე 1984 წელს. იქ “პირველი სხივი” გამოდიოდა და მანდ ვბეჭდავდი, პარალელურად - “ახალგაზრდა კომუნისტში”, როსტომ ჩხეიძესთან “ჩვენ მწერლობაში”, ალმანახებში, რუსთავშიც ვბეჭდავდი, თან პოეტებთან, ჩემი სულის მსგავს ადამიანებთან მოვხვდი ახლოს. მე და ჯაფარიძე ზურაც ასე დავმეგობრდით. კარგ სამეგობროში ვიყავი, მაგათგან ვცოცხლობდი, ვირჩენდი იარებს...

არდოტში სოფლის დაცარიელება, ალბათ, 80-იანი წლებიდან დაიწყო, რაც იმ დროს უგზოობამ გამოიწვია. გამუდმებით გვპირდებოდნენ, გზა იქნებაო, ხალხი უკანაც გადმოსახლდა, მაგრამ მაინც ისევ ისე გრძელდებოდა. 90-იან წლებში, როგორც იქნა, შევიყვანეთ არდოტში გზა და სოფელიც ამან გადაარჩინა, თორემ სულ დაცარიელდებოდა - ოთხი ოჯახი იყო და თერთმეტი ოჯახი დავბრუნდით ბარიდან. მაშინ ოჯახები ზოგს არ გვქონდა, მაგრამ მაინც დავბრუნდით, სოფელი რომ აგვეღორძინებინა, გაგვემაგრებინა. მერე საქმე ისე წავიდა, ზოგს სიმტკიცე არ აღმოაჩნდა, ბუნებრივ სირთულეებს ვერ გაუძლო, ზოგმა - სხვადასხვა პრობლემას და ისევ ბარისკენ წამოვიდნენ. სოფელი მაინც დაცარიელდა. ახლა ოთხი ოჯახიღა ვართ. ერთი სული რომ არის, იმასაც ოჯახი ჰქვია. ისე კი ოჯახით, ფაქტობრივად, მე ვარ. მთელ მიღმახევის ხეობაში არდოტში ჩემი ბავშვებიღა არიან, შატილში - აპარეკასები.

სოფლის უმთავრესი გასაჭირი ისევ და ისევ გზაა. შარშან ხელით გავაკეთეთ, ჯარის ბიჭები მოგვეხმარნენ, ტრაქტორი არ გვქონდა და მუცოს ზევით პრაქტიკულად არ გაწმენდილა. ყველაზე საგანგაშო გზის პრობლემაა, სხვა არაფერი გვინდა. მისასვლელ-მოსასვლელი ყოველთვის დიდი სირთულეა. იქ ისეთი სხვა რა უნდა ითხოვო კაცმა.

ერთი მცირე ჰესიც რომ ყოფილიყო პატარა წყაროებზე, ეგ დარჩა და დარჩა ჩემს ოცნებად... ვეღარ შევწვდი... ხიდი გავაკეთე ლადო ვარდოსანიძის დახმარებით. ურბანისტთა ასოციაციის თავმჯდომარე იყო მაშინ. ძალიან დიდი სიკეთე გაგვიკეთა. ერთ საღამოს იყო ჩემთან, არდოტში და მაშინ ვთხოვე. მაშინვე გაითავისა ჩვენი ხევ-წყლის ტკივილი და ოცნება - სამ თვეში ყველაფერი რეალობად აქცია (მას შემდეგ აღარ მინახავს, წერილებს კი მწერდა მთაში). მაგ ხიდმა და გზამ ხეობა გადაარჩინა, მეც გამაჩერა იქ და სხვაც.

ახლა შეგიძლია იარსებო, იცხოვრო იმ პირობებში, მიხვიდე, მოხვიდე, ზაფხულში სტუმარი ამოვიდეს. ჭირია, ლხინია, რაც ადამიანს გადახდება თავს, უკვე ყველაფერს ხვდები ამ გზით. უგზოობა ყველაზე დიდი პრობლემაა მთისთვის.

ზამთრის სარჩო-საბადებელი სექტემბრის ბოლოს თბილისიდან მიმაქვს. ხილიც კი მიმაქვს ტომრებით, ბავშვებს რომ არ შემოაკლდეთ და, ბუნებრივია, სტუმრისთვისაც მქონდეს. იქ მეურნეობა მაქვს, საქონელი მყავს დაახლოებით სამოცი სული და იმას ვუვლით. თავის ბავშვების მასწავლებელიც ვარ. უნდა წამოვიყვანო, მებრალებიან ეგენიც, მთელ იმ მთებში მარტოები არიან გამოკეტილი. 

პირველი ნაწილის დასასრული

იხილეთ მეორე ნაწილი

კომენტარის დამატება