როგორ შევარჩიოთ და მოვუაროთ ყვავილებს, რომ ჩვენი აივანი თუ ეზო წლის ყველა დროს ყვაოდეს - რჩევები ულამაზესი ბაღის მფლობელისგან

ნატო კობალაძე მოყვარული მებაღეა და თბილისთან ახლოს მშვენიერი ბაღი გააშენა. მისი რჩევების საშუალებით შეგიძლიათ თქვენი აივანი თუ ეზო ნამდვილ საოცრებად აქციოთ. რომელი ყვავილები უნდა შევარჩიოთ, რომ აივანზე სივრცეც გამოჩნდეს და ვიზუალურადაც მეტი ეფექტი ჰქონდეს, როგორ უნდა მოვიქცეთ, რა ყვავილები დავრგოთ, რომ წლის ოთხივე სეზონზე ჩვენს სახლში უწყვეტი ყვავილობით გავაოცოთ მნახველი - ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე ქალბატონი ნატო გვიპასუხებს.

- ყვავილები ბავშობიდან მიყვარდა. უფრო მეტად გამიღრმავდა ეს სიყვარული, როცა ნაკვეთიანი სახლი შევიძინეთ და ცენტრიდან ქალაქის განაპირას გადავედი საცხოვრებლად.


- რამდენი ხნის წინ დაიწყეთ თქვენი ბაღის

გალამაზება, რა ეტაპები გაიარეთ?
- 15 წელია ბაღის გაშენება დავიწყე. ამ ხნის განმავლობაში ჩემმა ბაღმა ბევრჯერ იცვალა ფორმა და იერსახე. ხან უწყლობით გამიხმა უამრავი რამ, ხან დაუდევრობით თუ გამოუცდელობით, მაგრამ ყველა ეტაპი ძალიან კარგად მახსენდება. მიხაროდა თითოეული ახალი ნაცნობი თუ უცხო ნერგის დარგვა. ერთხელ ისეც მოხდა, რომ დიდი სიხარულით ნაყიდი ყვავილის ნერგი სარეველა აღმოჩნდა და დღემდე ვებრძვი, მაგრამ ვერ მოვსპე. მაშინ ინტერნეტის საშუალება არ იყო და ძალიან მეხმარებოდა რუსული ჟურნალები, რომელიც თვეში ერთხელ გამოდიოდა და თითქმის ყველა ნომერს ვყიდულობდი. რჩევების მიღებაც მიყვარს და გაცემაც. თუ ვინმეს სჭირდება რაიმე რჩევა, დიდი სიამოვნებით ვეხმარები. ვფიქრობ, ყველა ბაღი პატრონს ჰგავს, აქედან გამომდინარე ორი ერთნაირი ბაღის გაშენება შეუძლებელია. ყველა თავისებურად მშვენიერია, ამიტომ ძალიან მიყვარს სხვისი ბაღების დათვალიერებაც.


- ამდენი დაკიდებული ულამაზესი ყვავილი გაქვთ. გვასწავლეთ, როგორ უნდა მოვიქცეთ რომ მსგავსი სილამაზე შევქმნათ?
- ეზოს ყვავილების გარდა განსაკუთრებით მიყვარს აივნის დასაკიდი ყვავილები. უამრავი სახეობა არსებობს. წლების განმავლობაში მხოლოდ ჟურნალებში ვათვალიერებდი. საბედნიეროდ, ახლა ჩვენთანაც შეიძლება უკვე ყველაფრის შეძენა და გამრავლება. უამრავ სათბურს თუ სანერგეს აქტიურად შემოაქვთ სხვადასხვა სახეობის, ულამაზესი მცენარეები და დიდი არჩევანია.

შეგვიძლია ყვავილების კომპოზიციები გავაკეთოთ, ამისათვის ერთად ირგვება ის ყვავილები, რომელთაც სჭირდება ერთნაირი მორწყვის რეჟიმი, განათება და ერთდროულად ყვავილობენ. მაგალითად, პეტუნია, ლობელია, დიხონდრა, ან ბალზამინა და ტორენიები. აქტიური ყვავილობისთვის და კარგი ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია 10 დღეში ერთხელ მცენარის კვება უნივერსალური მინერალური სასუქებით და დროული შეწამლვა სხვადასხვა მავნებლისა თუ დაავადებების წინააღმდეგ. უმჯობესია, პროფილაქტიკის მიზნით თავიდანვე იზრუნოთ ამაზე.



- როგორ მრავლდება ეს ყვავილები?
- ერთწლიანი ყვავილები ადვილად მრავლდება თესლით და დაკალმებითაც. მრავალწლიანის გამრავლება უფრო დაკალმებით ჯობია. ყვავილობამდე აქტიური ზრდის პერიოდში.

- როგორ უნდა მოვუაროთ, რაა პირობები უნდა შევუქმნათ?
- მცენარის კვება შეიძლება, როგორც ფესვიდან, ასევე ფოთლებზე შესხურებით. მხოლოდ - უფრო სუსტი კონცენტრატით. სასუქის მიცემამდე მცენარე აუცილებლად უნდა იყოს მორწყული, რათა ფესვებამდე შეძლოს მინერალების ათვისება.

მერი ბლიაძე

კომენტარები

lela 2016-09-17 20:48
dzalian lamazia tu hamovedi tbilichi aucileblad minda vnaxo tkveni bagi
ნათ 2016-09-10 17:19
ულამაზესი ბაღი ,ყვავილები .დიდი შრომის შედეგი . არჩვეულებრივ ,უკეთილშობილეს პიროვნებას , ქალბატონ ნატოს ვუსურვებ ბედნიერებას და უამრავ სიხარულს.მე ვამაყობ იმით ,რომ ჩემს მოკრძალებულ ყვავილებს ამშვენებს თქვენი ნაჩუქარი ყვავილი. გაიხარეთ.
ჟუკა 2016-09-10 10:27
უმშვენიერესია, მართლა მოვიხიბლე! მოწამვლასთან დაკავშირებით კითხვა მაქვს , თუ შეიძლება. იცით პატარა ეზო მაქვს ბავშვებს ვერ ვარიდებ დიდი ხნით, მაინტერესებს შეწამვლიდან რამდენ ხანს არის საშიში მცენარეებზე შეხება?
ფლორისტი 2016-09-08 23:47
არაუშავს, ფოტოებია ისეთი... თვითონ ამბობენ ყველაფერს
ფლორისტი 2016-09-08 23:45
ქალბატონ ნატოს მართლაც ულამაზესი ეზო და საოცრად მოვლილი მცენარეები აქვს. მის ბაღში სტუმრობა ერთი სიამოვნებაა. საუცხოო ფოტოებია, მაგრამ რეალში გაცილებით უფრო ლამაზი და მშვიდი გარემოა მასთან

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები