ლანდშაფტის არქიტექტორის რჩევები, როგორ უნდა დაგეგმოთ და გაალამაზოთ ბაღი სწორად

გამწვანებული და ათასფერი ყვავილებით გაფორმებული ეზოების კულტურა დღითი დღე აქტუალური ხდება საქართველოში. რა აუცილებელი კრიტერიუმები უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბაღი ფუნქციური, მყუდრო, ამავე დროს ლამაზი და თვალწარმტაცი იყოს, როგორ მოვამზადოთ ნიადაგი, რა ყვავილები ჩავრგათ, რომ მთელი წლის განმავლობაში თავიანთი უხვი ყვავილობით დაგვასაჩუქრონ. "შინის" მკითხველს ამ და სხვა საინტერესო თემებზე რჩევებს ლანდშაფტის არქიტექტორი თამარ თავართქილაძე უზიარებს.


- არსებობს ეზოს გაშენების სამი ძირითადი პრინციპი. ეს არის ფუნქცია, ანუ რა ფუნქციური დატვირთვა უნდა ჰქონდეს ბაღს. ასევე უნდა გავითვალისწინოთ სტილი და ადგილმდებარეობა. ეს სამი არის მთავარი

კრიტერიუმი, რისი შერწყმითაც უნდა დაიდოს საუკეთესო შედეგი. პირველ რიგში ძალიან სწორად და ზუსტად უნდა განვსაზღვროთ ის, თუ რისთვის გვინდა ეს ეზო, რატომ ვაკეთებთ, რა დანიშნულება უნდა ჰქონდეს ამ ეზოს ჩვენთვის მომავალში? პირველ რიგში მყუდროდ და კომფორტულად უნდა იგძნო თავი. როგორი ლამაზი ეზოც არ უნდა გავაშენოთ, თუ პრაქტიკულად მოსახერხებელი არ იქნება, მას ვერ გამოვიყენებთ და მხოლოდ ნახატის დანიშნულება ექნება. როცა ზუსტად განვსაზღვრავ ფუნქციურ დატვირთვას, ამის მერე ვიწყებ სტილის შერჩევს.

 

მსოფლიოში ბევრნაირი სტილია ჩამოყალიბებული. მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ადგილმდებარეობა, რაც განსაზღვრავს მიკროკლიმატურ პირობებს, ნიადაგის მდგომარეობას. ყველაფერს ამას კარგად რომ შევისწავლი, ამ კომპონენტების სინთეზით ხდება შემდეგ ეზოს დაგეგმარება. ლანდშაფტის არქიტექტურა გულისხმობს სივრცის სწორად გადანაწილებას, როგორი კონცეფცია უნდა შედგეს, სად რა კუთხე განვათავსო. თავიდანვე მცენარეზე ფიქრს არ ვიწყებთ. თავდაპირველად ვფიქრობთ, რომელი კუთხე რითი დავტვირთოთ, მცენარეების კომპოზიციებით, მოსასვენებელი კუთხით თუ საჩრდილობელით. უნდა განვსაზღვროთ, როგორ დავაკავშიროთ ბილიკები. ბილიკების თვითნებურად დაკავშირება არ ხდება, მას გააჩნია ფუნქციები, აკავშირებს ზონებს ერთმანეთთან, გადასაადგილებლად კომფორტული უნდა იყოს. ამ დაგეგმარების შემდეგ, როცა გადავწყვეტ, რომელ კუთხეს რა ფუნქცია მივანიჭო, შემდეგ ვიწყებთ ფიქრს მცენარეების კომპოზიციაზე, როგორი მცენარეები გვინდა ჩავრგოთ. უნდა გავითვალისწინოთ, რომელ მცენარეს როგორი პირობები უყვარს და ამის მიხედვით შევარჩიოთ მცენარეთა ასორტიმენტი.

სანამ ბაღის გაშენებას გადაწყვეტთ კარგი იქნება, ყველა კუთხე-კუნჭული კარგად დაიაროთ, შეისწავლოით რომელი კუთხიდან რა ხედი იშლება, სად გესიამოვნებათ ჩამოჯდომა და დასვენება, როლემი ხედის ცქერა უფრო განიჭებთ სიამოვნებას და ა.შ. ყოველივე ამის შემდეგ იწყება სამუშაოები. პირველ რიგში უნდა დალაგდეს ტერიტორია, გავიტანოთ დარჩენილი სამშენებლო მასალები და გამზადდეს ნიადაგი.

- სარემონტო სამუშაოების დროს საგრძნობლად ზიანდება ნიადაგი. როგორ უნდა მოვამზადოთ დასათესად და გავანოყივროთ იგი?
- პირველ რიგში ნაგვისგან უნდა გასუფთავდეს. შემდეგ უნდა მოიხსნას მიწის ზედა ფენა, რადგან არსებული მიწა უკვე გამოფიტულია. უნდა გაფხვიერდეს, გადაიბაროს და შემდეგ შევიტანოთ განოყიერებული ტყის მიწა ნაკელით გადაზავებული. აუცილებელია დავიცვათ პროპორცია სამი ერთთან შეფარდებით. დაახლოებით 30 სმ-ის სისქეზე უნდა დავყაროთ ეს მიწა (გარკვეული პერიოდის შემდეგ, თუ მივხვდებით, რომ ნიადაგი გამოიფიტა, ხდება მისი გადახალისება და ახალი მიწის შეტანა). ამის შემდეგ ხდება მცენარეების შეტანა. როდესაც გამზადდება მცენარისთვის ორმო, იმ ორმოს ძირში ისევ ეყრება ნაკელიანი მიწა და ამის შემდეგ ირგვება უკვე მცენარე.

სანამ მცენარის ნარგავებს შევიტანთ, მანამდე აუცილებელია დამთავრდეს ყველა სამშენებლო პროცედურა, მაგალითად ბილიკები, პატარა ხიდები, მცირე არქიტექტურული ფორმები, შადრევანი, აუზი და სხვა. ბოლო ეტაპია ბალახის დათესვა ან დაგება. ბალახი უკვე საერთო ფონს უკეთებს და სულ სხვა ელფერს მატებს ბაღს.


- თავდაპირველად ბაღში რომელი ყვავილები შეგაქვთ?
- ყველა ეზოს დაპროექტება არის ინდივიდუალური. გადაწყვეტილების მიღება ხდება ინდივიდუალური მიდგომით. როცა სასურველი ეფექტის მიღება გვინდა, აუცილებელია მრავალწლოვანი მცენარეების გამოყენება. თუ ვგეგმავთ, რომ ამ ეზოს უნდა ჰქონდეს მთელი წლის დატვირთვა და არა სეზონური, მაგალითად აგარაკზე, სადაც მხოლოდ 2-3 თვეს ვატარებთ, აუცილებლად საფუძველი უკეთდება მარადმწვანე მცენარეებს, მაგრამ მარადმწვანე მცენარეების მუდმივად ცქერაც მოსაბეზრებელია, რადგან ის თავის სახეს არ იცვლის. ძალიან კარგია, როცა ეზოს ვახალისებთ სხვადასხვა სეზონზე მოყვავილე მცენარეებით. სასაიმოვნოა, როცა შემოდგომაზე რაღაცა წითლდება, შიშვლდება ხეები, სცვივა ფოთლები, გაზაფხულზე ახალი ყლორტი გამოდის და განიშნებს, რომ გაზაფხული მოვიდა. ყოველთვის ვცდილობთ მარტო მარადმწვანე მცენარეებით არ დავტვირთოთ ბაღი, რადგან იმ ემოციას ვერ მივიღებთ, რასაც სხვადასხვა სეზონზე მოყვავილე მცენარეებით ვიღებთ.

შემდეგ ვრგავთ ერთწლოვან მცენარეებს, რადგან ერთწლიან ყვავილნარს ყველაზე დიდხანს შეუძლია ყვავილობა და ეზოს გალამაზება. მრავალწლოვანი მცენარე, რაც არ უნდა ლამაზი ყვავილობა ჰქონდეს, დიდხანს ვერ ყვავილობს.


- არსებობს ისეთი ყვავილი, რომელიც ზამთარშიც ყვავილობს?
- კი, როგორ არა. არის ზამთრის მცენარეები. თებერვლის ბოლოს ყვავილობს მრვალწლოვანი მცენარე ბერგენია, ქართულად ბადანი ჰქვია, რომელიც შემოდგომაზე უნდა დაირგოს. მარტის დასაწყისში თოვლშიც კი აქვს ყვავილები და ულამაზესია, მისი ფოთოლი მარადმწვანეა და მასაც ღირსეული შესახედაობა აქვს, როცა არ ყვავილობს, მაშინაც კი თვალწარმტაცია. რაც შეეხება ერთწლოვან ყვავილებს, შეიძლება დაითესოს ადრე გაზაფხულზე, მაგრამ უფრო სწორი მიდგომა იქნება, თუ ჩითილებში გამოვიყვანთ და როდესაც მოძლიერდება, გაზაფხულის ბოლოს დავრგათ. ისინი შემოდგომის ბოლომდე გაახალისებენ და გაალამაზებენ ეზოს. მათ რიცხვს მიეკუთვნება ტაგეტესები, რომლებიც არის როგორც ყვითლები, ისე მოწითალო, ან ჭრლელი ფერის, ძალიან კარგ ეფექტს იძლევა. ასევე არაჩვეულებრივია ვერბენების ასორტიმენტი. მთელი ზაფხული და შემოდგომა ისეთ ეფექტს იძლევა, რომ ღირს მათი გახარება. ულამაზესი და ამავე დროს აქტუალურია პეტუნიები - კონტეინრებსაც ძალიან ამშვენებს და აივნებსაც. აივნებს ძალიან უხდება ამპელური მცენარეები, რომლებიც არის გადმოკიდებული. კიდევ ბევრი მცენარის ჩამოთვლა შეიძლება, დღეს ქართულ ბაზარზე ყვავილების ძალიან დიდი არჩევანია. საკმაოდ მდიდარი ასორტიმენტი გვაქვს და ჩვენი ქვეყნის კლიმატიც გვაძლევს საშუალებას მრავალი ჯიშის ყვავილი გავახაროთ.

- თბილისში ბევრია ადგილი, სადაც იცის ძლიერი ქარი. მსგავს ადგილებში ბაღის გაშენების დროს როგორ იქცევით?
- არსებობს ქარისგან დამცავი ხეები. მაგალითად ალვის ხეები. კეთდება ზოლი და ამის ფონზე ირგვება მცენარეები. ქარის დროს მაინც ვითვალისწინებთ, რომ მაღალი მცენარეები და ყვავილები არ დავრგათ, ადვილად რომ არ გაფუჭდეს. ვრგავთ დაბალ ბუჩქოვან, ჰორიზონტალურად განვითარებულ მცენარეებს, მათი არჩევანიც ძალიან დიდია.


- დღესდღეობით როგორი სტილია აქტუალური?
- დიზაინში უფრო აქტუალურია მინიმალისტური სტილი. სიჭრელე ნაკლებად მოსწონთ. ფერთა გამა უნდა იყოს მშვიდი და წყნარი. მწვანე ბუჩქოვან სისტემას ანიჭებენ უპირატესობას. აქტუალურია ალპინარიუმები. ეს არის ქვებით და მცენარეებით მოწყობილი პატარა გორაკი. შეიძლება ეს გაკეთდეს, როგორც მარადმწვანე, ისე ფოთოლმცვენი მცენარეებისგან. უნდა იყოს ჰორიზონტზე განვითარებული და არა ვერტიკალურად. აუცილებელია შეირჩეს ერთნაირი პირობების მოყვარული მცენარეები. სწორედ ასეთი საკვანძო საკითხების გადასაწყვეტად მყავს მებაღე, დენდროლოგი, მასთან ერთობლივი მუშაობით ის პეიზაჟი და ნახატი, რომელიც მე შევქმენი, იღებს სასურველ სახეს.


- რამდენად ხელმისწვდომია ლანდშაფტის დიზაინერის მომსახურება საქართველოში?
- ეს ალბათ ფუფუნების საგანია, რადგან იაფი სიამოვნება ნამდვილად არ არის. ზოგჯერ ადამიანებს უნდათ აცდნენ ამ ხარჯს, თუმცა საბოლოოდ არანაკლები ხარჯი აქვთ, როცა არასწორად დარგული მცენარეები უფუჭდებათ. როცა თავად აშენებენ ბაღს, წინასწარ დაგეგმარება არ ხდება, თავიდანვე ვერ ითვალისწინებენ ყველა დეტალს, მოსწონთ რაღაც მცენარე, ყიდულობენ, რგავენ და აღმოჩნდება, რომ სასურველი ადგილი ვერ შეურჩიეს. ზოგს რამდენჯერმე უფუჭდება. ბევრჯერ მცენარის ყიდვა კი დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

- ალბათ სისტემატიურ მოვლას საჭიროებს ბაღი?
- როგორი ძვირფასიც არ უნდა იყოს ჩვენი გაშენებული ბაღი, რამხელა თანხებიც არ უნდა დაიხარჯოს მასზე, თუ შემდგომ არ აქვს მას მოვლა, ძალიან მალე გაფუჭდება. მცენარე იბადება, იზრდება, გვინდა-არ გვინდა მას უჩნდება მავნებელი, დაავადება, ამ დროს სჭირდება მიხედვა, მკურნალობა, სასუქი. ასე რომ, ბაღს მუდმივად სჭირდება ყურადღება, განახლება, ხელის შევლება.


- ახსენეთ, რომ ბოლო ეტაპია ბალახის დათესვა. როგორ ითესება ბალახი?
- თქვენ რასაც მეკითხებით, ეს უკვე მებაღის კომპეტენციაა და მეც მასთან გავდივარ კონსულტაციას, თუმცა შევეცდები გაგცეთ პასუხი (იღიმის). ბალახის მოწყობის რამდენიმე პრინციპი არსებობს. ერთი არის თესლით გახარება, მეორე საშუალებაა ჭანგა ბალახი, რომელიც ბელტებად იჭრება, მესამე ხელოვნური გაზონი, გამოყვანილი ბალახი, რომელიც ხალიჩასავით იფინება. დათესილი ბალახი ძალიან ლამაზად გამოიყურება, უბრალოდ საკმაოდ რთული დასათესი და მოსავლელია, რადგან დათესვის წინ ძალიან კარგად უნდა მიწას გასუფთავება, დამუშავება, გაცრა. პატარა ღორღიც კი არ უნდა დარჩეს, თორემ ის ამოდის თესლში და შესამჩნევი ხდება, ამიტომ ნიადაგს უნდა განსაკუთრებული მომზადება. შემდეგ ითესება ბალახი და სანამ კორდად გადაიქცევა და ფესვი მოძლიერდება (რასაც 6 თვე სჭირდება), ტკეპნისადმი გამძლე არ არის, ამიტომ სათუთად უნდა მოვუაროთ, რომ არავინ გაიაროს, არ დააზიანოს. შემდეგ სჭირდება სასუქის შეტანა, ხშირი მორწყვა. დათესილ ბალახს თუ მოვლას მოვაკლებთ, მაშინვე ეტყობა. რაც შეეხება ბელტს, იგივე ჭანგას, რომელშიც გამოერევა სარეველა ბალახი და ამიტომ ხშირად იწუნებენ, ყველაზე გამძლეა. ჩვენს პირობებში ძალიან კარგად ადაბტირებული და კლიმატზე მორგებულია. თუ ბალახს მუდმივი და რეგულარული კრეჭვა აქვს და არ გავზრდით 6 ან 8 სანტიმეტრზე მეტს, სარეველა ამ დროს ვერ ასწერებს დაყვავილებას და ვეღარ მრავლდება. ასე, რომ ჭანგა ბალახში გამორეული სარეველა იმდენად საშიში არ არის როგორიც ჰგონიათ. რულონური ბალახი თავიდანვე ძალიან ეფექტური და ლამაზია. აქვს ხასხასაფერი, არ გამოერევა სარეველა, მაგრამ ძალიან რთული მოსავლელია და დიდი ძალიხმევას საჭიროებს. არ აქვს თვითაღდგენის უნარი. თუ რომელიმე ადგილას გაფუჭდა უნდა დავამატოთ ბალახი და შევავსოთ ეს ადგილი. მოითხოვს მუდმივი ყურადღების ქვეშ ყოფნას.


- ძალიან ბევრ მებაღეს სერიოზულ პრობლემებს უქმნის ყვავილებში აღმოცენებული სარეველა ბალახი. როგორ ვებრძოლოთ მათ?
- შხამქიმიკატები მცენარეებსაც აზიანებს. ძირითად შემთხვევაში უნდა მოხდეს მათი ხელით ამოძირკვა, როგორც ბოსტნებში. ბაღი არ არის მარტივი მოსავლელი. მუდმივად სჭირდება მიხედვა და მოვლა. თუ ადამიანს უყვარს ეს საქმიანობა, მისთვის სასიამავნოც იქნება მოვლის პროცესი და ყოველთვის გამონახავს ამისთვის დროს. ბოლო წლების განმავლობაში ვგრძნობ და ეს ძალიან სასიხარულოა ჩემთვის, გაიზარდა მოთხოვნილება გამწვანებულ, ლამაზ ბაღებზე, რაც ჩვენს კულტურაზე და ეკონომიკურ მდგომარეობაზე მეტყველებს.
მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები