მრავალშვილიანი პედაგოგის მშვენიერი ბაღი ნორიოში, 300-ზე მეტი ჯიშის ვარდით, ტიტებით და უამრავი სხვა ყვავილით

სამი შვილის დედა მარი ლეკიშვილი პედაგოგია - მრავალი წელია სკოლაში მუშაობს, ბავშვებს ხელოვნებას ასწავლის. თავადაც ხატავს, ქარგავს, ქსოვს, თუმცა ჩვენი ყურადღება მისმა ბაღმა მიიპყრო, რომელიც ნორიოში გააშენა და 300-ზე მეტი ჯიშის ვარდიც გაახარა. მის ბაღში ცხოველებიც ბინადრობენ და მისი შვილები პატარა ასაკიდან შეყვარებული არიან ბუნებაზე, ცოცხალ გარემოზე.

- ჩემთვის მთავარი გატაცება ხელოვნება და ბუნებაა. თურქმენეთში, აშხაბადში დავიბადე და იქვე დავამთავრე სკოლა, რადგან დედა იქიდან გახლავთ. სწორედ იქ, 5 წლის ასაკიდან დამაწყებინა ბებიამ კერვა, ქარგვა, ხატვა. შემდეგ ვისწავლე მოზაიკა, გობელენი,ფარდაგების ქსოვა, თექა.
გარდა ამისა, როგორც გითხარით, ძალიან მიყვარს ბუნება, ცხოველები და მცენარეები.


- როდის დაინტერესდით მებაღეობით?
- მებაღეობით საკმაოდ ადრეული ასაკიდან ვიყავი გატაცებული, კურკიდან ვზრდიდი ნერგებს, ვრგავდი კენკროვნებს, ვამყნობდი მცენარეებს. ხმელი ტოტი რომ ჩამერგო, ფესვებს გამოიტანდა... მოგვიანებით ვისწავლე შტამბების დამყნობა. უშუალოდ ვარდებზე ფიქრი დავიწყე ტრენინგის შემდეგ, რომელიც დაგეგმილი იყო ფერმერ ქალთა ასოციაციის მიერ. ტრენინგის დასრულების შემდეგ საჩუქრად გადმომცეს შესაწამლი აპარატი, სასუქი და შხამ-ქიმიკატები, რომლებიც ბაღის მოვლისას არის აუცილებელი. ამან განაპირობა იდეა, რომ მქონოდა ბევრი მცენარე და შესაძლებლობა მომცემოდა ამ ყველაფრის გამოყენების. ხოლო როცა რაიმეს მოინდომებ, შეუძლებელი არაფერია.


- რომელი მცენარეებია თქვენს ბაღში, როგორ უვლით და ვინ გეხმარებათ?
- ჩემს ბაღში არის შერეული ტიპის მცენარეები, სადაც კი მივდივართ და რაიმე მცენარეს ვნახავ, რაც ჯერ არ მაქვს, ყველაფერი მომაქვს (იცინის). ჩემს ბაღში არის უამრავი ჯიშის მცენარე - ყვავილები, მარადმწვანე მცენარეები, ვაზი, კენკროვნები. ბაღის მოვლის პროცესში ჩართულია მთელი ოჯახი, სხვაგვარად ვერ გამოვა, ბაღის მოვლისას დაგვიანება წამლობის დროს გამორიცხულია. დილით საკმაოდ ადრე მიწევს გაღვიძება, რომ მოვასწრო სამსახურში წასვლამდე მათი მოვლა. საკმაოდ დიდი როლი ითამაშა პანდემიამაც და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სწორად და მიზანმიმართულად თუ იყენებ ინტერნეტს, ძალიან სასარგებლოა და არც ბავშვს აზარმაცებს. ჩემი უმცროსი შვილი ხშირად უყურებდა იუთუბში ტბის გაკეთების ჩანაწერებს, ეტაპებს იმახსოვრებდა. მთხოვა, რომ გამომეყო მისთვის ადგილი, სადაც გააკეთებდა პატარა ტბას.

სიმართლე გითხრათ მეგონა რომ მალე მობეზრდებოდა და მიატოვებდა, მაგრამ საკმაოდ მცდელი გამოდგა, ოღონდ მთლად მარტომაც აღარ მოინდომა გაკეთება, თავისი დებიც ჩართო კეთების პროცესში. რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მაინც დაასრულა ტბა, რომელიც ამშვენებს ჩვენს ბაღს. სიმართლე გითხრათ ზომებმა შემაშინა, რადგან პატარა სულაც არ გამოვიდა, სიღრმე გათვალა, თევზებს ზამთარში როგორიც სჭირდება. ტბაში ჩაშვებილი ჰყავს ლამაზი - დეკორატიული თევზები. რა თქმა უნდა, შანსს ხელიდან არ გავუშვებდი და დუმფარებიც ჩავრგე.


ეზო მეუღლემ დამიბილიკა ლამაზი ქვებით. შეკვეთის მოსატანად ერთად დავდივართ. გოგონებიც ძალიან მეხმარებიან და ჩვენ ერთი გუნდი ვართ, ყველა ჩართული ვართ ამ პროცესში. ყველა გასხლული ვარდის ტოტის დამოუკიდებლად გამზადება დასაკალმებლად ცოტა რთულია, ჩემი შვილები აქტიურად მეხმარებიან.


- როდის დაინტერესდით ვარდებით და რამდენი ჯიშის ვარდი ხარობს თქვენს ბაღში?
- ვარდი ყოველთვის მიყვარდა. ვარდების მოგროვება უნებლიეთ დავიწყე. თავდაპირველად მათ მოვლას გავეცანი. ჩემს ბაღში ხარობს 300-ზე მეტი ჯიშის ვარდი. მუდმივად ძიების პროცესში ვარ, რადგან მახსოვს შუა აზიაში უცნაური ვარდების ფერი, ფორმა და სურნელი, ყოველთვის მინდოდა, ასეთი ვარდი მეც მქონოდა.ზოგი უკვე მაქვს ,ზოგს კი ჯერაც ვეძებ. ეს სენი მეც შემეყარა, რომელიმე ვარდი თუ არ მაქვს, ვერ ვისვენებ, სანამ არ ვიყიდი.

- როგორ უვლით ვარდებს და თუ გაქვთ მოვლის განსაკუთრებული წესები?
- ეს ცოტა რთული პროცესი იყო, მაგრამ მგონი შევძელი. პირველ რიგში უნდა გიყვარდეს მცენარე და გესმოდეს მისი, ამიტომ ვდგები ადრე, რომ სანამ სიმშვიდეა, შემოვიარო ყველა ვარდი, დავაკვირდე, რომ მცირე ცვლილებაც კი არ გამომეპაროს. განსაკუთრებული ისაა, რომ დავიწყე წამლობაზე ფიქრი, თუ რომელი პრეპარატი შემეძლო ჩამენაცვლებინა ბუნებრივით. ყველა წამლის გამოყენება შეუძლებელია, რადგან ფუტკარიც მყავს. სხვადასხვა უცხოენოვანი საიტიდან ვისწავლე ბუნებრივი საშუალებებით წამლობა.

- რას ურჩევთ დამწყებ მებაღეებს?
- მცენარის სიყვარულს და მოთმინებას. წარმოიდგინეთ, ვარდის სილამაზე სრულყოფილად რომ დაინახო, 3-4 წელი უნდა ზარდო და ეფერო. თავიდან ყვავილი ისეთი არ აქვს, როგორიც უნდა ჰქონდეს, სურნელიც კი. რაც მთავარია, არასოდეს დანებდეთ წარუმატებლობას. როდესაც რომელიმე ვარდს ვერ გადავარჩენდი და გამიფუჭდებოდა, თავიდან ვყიდულობდი ან ვაკალმებდი და მეტი დაკვირვებით ვაგრძელებდი მის გამოზრდას. დასახულ მიზანს ყოველთვის ვაღწევდი.


- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ ბაღთან დაკავშირებით?
- ო, გეგმები საინტერესო მაქვს, ამას დრო გვიჩვენებს.


















კომენტარის დამატება