ეს ორი მცენარე ერთად რომ მოათავსოთ ფანჯრის რაფაზე, ორივე მათგანი შეწყვეტს ყვავილობას... - ოთახის მცენარეები, რომლებიც არ უნდა დააწყვილოთ

ოთახის ყველა მცენარეს როდი შეუძლია სხვა მცენარესთან თანაცხოვრება. ზოგჯერ ერთი კონკურენციას უწევს მეორეს სინათლის ან ტენის მოპოვებაში, ერთი სიტყვით, არსებობენ მცენარეები, რომლებიც ვერ ეგუებიან წყვილად ყოფნას. მცენარეების ოთახში სწორად განთავსება მათი ზრდა-ყვავილობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ამიტომ, სანამ ამა თუ იმ მცენარის ყიდვას გადაწყვეტთ, კარგად გაარკვიეთ მისი ინდივიდუალური შესაძლებლობები და არ მიუჩინოთ ადგილი კონკურენტთან.

ფიკუსი და კაქტუსი

მიუხედავად იმისა, რომ ფიკუსი არ ითვლება რთულად მოსავლელ მცენარედ, ყველამ კარგად ვიცით, რომ მას ძალიან უყვარს სინათლე და წყალი. კაქტუსები კი მინიმალური მორწყვის შემთხვევაშიც
შესანიშნავად გრძნობენ თავს.
ერთად განთავსების შემთხვევაში ფიკუსი კონკურენციას გაუწევს კაქტუსს ტენის და წყლის გამო, კაქტუსი კი ვერ იტანს ტენიან ადგილებს და ვერც უხვ წყალს. შედეგად, მათი ერთობა უარყოფითად აისახება ორივე მათგანზე.

ორქიდეა და გერანი

ორქიდეა ლამაზი ეგზოტიკური ყვავილია, რომელიც განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. ის ტროპიკული მცენარეა და ძალიან უყვარს წყალი და ტენი, ამიტომაც მას განსაკუთრებული გრუნტი და სუბსტრატები სჭირდება. გერანი კი საკმაოდ ამტანი და სხვადასხვა პირობების მიმართ მდგრადი მცენარეა, თუმცა მას შედარებით მშრალი ჰავა უყვარს, ამიტომ ამ ორი მცენარის ერთმანეთის სიახლოვეს განთავსება მიზანშეწონილი ნამდვილად არ არის.

ფიკუსი და ია
ფიკუსი ვერც იასთან თანაცხოვრებას იტანს, წყლისა და სინათლის მოყვარული საკმაოდ დიდი ზომის ფიკუსი უბრალოდ დაჩრდილავს ასევე სინათლის მოყვარულ პატარა იას.

კალათეა და კაქტუსი
კალათეა უბრალოდ ეთაყვანება სინათლესა და ტენს, კაქტუსი კი ბევრ ტენს ვერ გუობს, ამიტომ, თავადაც მიხვდებით, რომ ამ ორ მცენარეს საერთო აბსოლუტურად არაფერი აქვს.

სანსევიერია და ია

სანსევიერია ცნობილია იმით, რომ გაუსაძლის პირობებშიც კი ძალუძს გადარჩენა, ექსტრემალური პირობები, ანუ მინიმალური რაოდენობის წყალი მისთვის დამღუპველი არ არის. იებს კი უხვი მორწყვა და ზომიერი ტენიანობა სჭირდებათ იმისთვის, რომ თავი კომფორტულად იგრძნონ.

ანთურიუმი და ორქიდეა
ეს ორი მცენარე ერთად რომ მოათავსოთ ფანჯრის რაფაზე, ორივე მათგანი შეწყვეტს ყვავილობას. რომც იყვავილონ, ძალიან მალე დაჭკნებიან. მათი მეზობლობა ხანგრძლივად რომ გაგრძელდეს ანთურიუმი უბრალოდ დაკარგავს სიცოცხლის უნარს, დასცვივა ფოთლები და აღარ იარსებებს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები