ცეკვავენ, იმალებიან და გარდაიქმნებიან - ქოთნის უცნაური ყვავილები

ოთახის მცენარეები სამყაროში სულ უფრო ახალი და უცნაური მცენარე ჩნდება, ფლორის წარმომადგენლებს შორის უნიკალური შესაძლებლობების მქონე ყვავილებიც იყრიან ხოლმე თავს.
შეძლება ამის შესახებ არც არასდროს გსმენიათ, თუმცა არსებობენ მცენარეები, რომლებიც ცეკვავენ, იჭერენ მსხვერპლს, იმალებიან, იცვლიან ფერსა და ფოთლების განლაგებას. მოდით ვნახოთ ზოგიერთი მათგანი.

ვარდის ხე/ავტოგრაფის ხე

ეს მცენარე კარგად წმენდს ჰაერს და შენობაში ჟანგბადის დონეს ზრდის. იდეალურია ოფისის ან სახლის დეკორისთვის. ძალიან ადვილი მოსავლელია, თუმცა მისი უნიკალურობა ამაში როდი მდგომარეობს. მცენარეს ამშვენებს განსაკუთრებული სილამაზის დიდი, პრიალა ფოთლები, ზომაში 20 სმ-მდე. ფოთლები
იმდენად სქელი და უხეშია, რომ მასზე საკუთარი სახელის ამოტვიფრაც კი არის შესაძლებელი. ამიტომაც არის, რომ ამ მცენარეს ავტოგრაფების ხეც უწოდეს.

ლიტოპსები/ცოცხალი ქვები

ძალიან მალე მრავლდებიან, ერთ წელიწადში შესაძლოა ქოთნის მთელი ზედაპირიც კი შეავსონ. ლიტოპსი სუკულენტია, რომელიც გარეგნულად ქვას წააგავს, ამიტომაც არის, რომ მას მეორენაირად ცოცხალ ქვასაც უწოდებენ. პატარა ლიტოპსის სიმაღლე 3-4 სმ-ს არ აღემატება. პერიოდულად ისინი სკდებიან და ამოდის ან ახალი ყვავილი, ან ფოთლები. ლიტოპსი სუკულენტია, უდაბნოს ყვავილი, ამიტომ მას მხოლოდ ღარიბი ნიადაგი და პერიოდული მორწყვა სჭირდება. არანაირი სასუქი. ამ მცენარის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მას შეუძლია მიმიკრiია, ანუ შეუძლია გაიმეოროს ის საერთო ფონი, სადაც არსებობს. ასეთი სტრატეგია თავის დროზე თავის გადარჩენის გამო შეიმუშავეს, ცხოველებს ადვილად რომ არ შეემჩნიათ. წარმოშობიდან გამომდინარე კი, მოგეხსენებათ, ლიტოპსი უდაბნოს მცენარე, მას ძალიან გრძელი ფესვები აქვს წყლის მისაღებად და ხანგრძლივი უწყლობის პერიოდში შეუძლია მიწაში ჩასვლა წყლის მოსაძებნად.

ქრისტია

ამ იშვიათ მცენარეს აუცილებლად სჭირდება ყოველდღიურად წყლის შესხურება, ფოთლების დანამვა და ასევე უხვი მზის სინათლე. ინდოეთსა და ტაილანდში ეს ულამაზესი და უიშვიათესი მცენარე სარეველასავით იზრდება.

კალანჰოე დეგრემონა

ეს საკმაოდ პოპულარული სუკულენტია, რომელიც თავად ფესვიანდება. ამ მცენარეს პრაქტიკულად არანაირი მოვლა არ სჭირდება. ყველაზე ადვილად მოსავლელი სუკულენტია.

ესხინანტუსი


ამ მცენარეს ოთახში, როგორც წესი, დასაკიდ კაშპოში ახარებენ. მისი ყვავილი ძალიან ჰგავს ამოწეულ ტუჩსაცხს. ამიტომ ამ მცენარეს ხანდახან ტუჩსაცხ ყვავილსაც უწოდებენ. მოსავლელად საკმაოდ რთულია, თუმცა ძალიან ლამაზია.

სელაგინელა

ეს გახლავთ ჯადოსნური მცენარე, რომელსაც აქვს უნარი სრულად გახმობის შემთხვევაში აღდგეს. მას წყლის გარეშეც შეუძლია არსებობა დაახლოებით 50 წელი. უწყლობის დროს მცენარე მრგვალდება, ბურთის ფორმას იღებს და ასე შეუძლია დაელოდოს წყალს წლობით. მოხვდება თუ არა წყალი, მაშინვე იშლება და მყისიერად ცოცხლდება.

მორცხვი მიმოზა

მორცხვი მიმოზა იმის მტკიცებულებაა, რომ ყვავილი ცოცხალი არსებაა. ამ მცენარეს აქვს უნიკალური თვისება, შეხების დროს ფოთლები ჩაიკეცოს. თუ ნახევარი საათის განმავლობაში არავინ შეეხება, ფოთლები კვლავ გაეშლება.

დესმიდიუმი/ მოცეკვავე მცენარე

ეს ეგზოტიკური მცენარე ნამდვილი აღმოჩენაა მათთვის, ვინ უცნაურ მცენარეებს აგროვებს. მზის სხივების მოხვედრის დროს მცენარე ფოთლებს საუცხოოდ ათამაშებს, თითქოს ცეკვავს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები