"რემონტამდე ყველას ვურჩევ, მაქსიმალურად მზად იყვნენ მოულოდნელობებისთვის და აღიჭურვონ მოთმინებით..." - გამოცდილი რჩევები 43 კვ.მ. ფართში მოწყობილი მყუდრო და ლამაზი სივრცის დიასახლისისგან

მარიამ ჩუბინიძე ყოფილი ჟურნალისტია, ახალგაზრდა დედა. ამჟამად ერთ-ერთი დიდი გამომცემლობის მარკეტინგის მენეჯერია. ჩვენი ყურადღება მისმა ბინამ მიიპყრო, რომელიც თავისი გემოვნებით ისე მოაწყო, რომ 43 კვადრატულ ფართში ყველაფერი ფუნქციურად და ლამაზად გადანაწილდა. რემონტის და ბინის დიზაინის შესახებ მარიამი თავად გვესაუბრება.

- ჩემი ბინა დიდ დიღომშია, ახალაშენებულ კორპუსში. სულ 43 კვადრატული მეტრი ფართობის. ყიდვისას იყო თეთრი კარკასის მდგომარეობაში, რაც გულისხმობს, რომ დიდი და ძვირად ღირებული სარემონტო სამუშაოები უკვე ჩატარებული იყო. ჩემი ფინანსებიდან გამომდინარე, აღარ მიღირდა გადაგეგმარება. მაგალითად, მე ე.წ. სტუდიოში სამზარეულოს აივნის მხარეს გავაკეთებდი, აქ კი პირიქით, ოთახის
შიდა მხარეს დამხვდა. მაგრამ კომუნიკაციების გადაწყობა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და თან, რადგან მთლიანობაში ეს პატარა ფართი საუკეთესოდ იყო ათვისებული, გადავწყვიტე, აღარაფერი შემეცვალა.
გამიმართლა, რომ ბინა ძალიან კარგად დააგეგმარეს. პირველი ნახვისთანავე ადვილად დალაგდა თავში, სად რისი გაკეთება იქნებოდა კარგი. ბინას ჰქონდა სათავსოებისთვის გამოყოფილი ადგილები, რაც, მოგეხსენებათ, პატარა ფართისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იქ ცხოვრებას გეგმავ და არა გაქირავებას.

პროფესიონალის დახმარება არ დამჭირვებია, მაგრამ დიზაინის განსაზღვრისას ჩემი ფართის ბინების ათასობით ფოტო ვნახე. ყველა დეტალს ვაკვირდებოდი, განსაკუთრებით ისეთ ხრიკებს, რომლითაც, ზოგადად, პატარა საცხოვრებელი ფართების სრულფასოვნად ათვისება ხდება. მაგალითად, რა ფორმა, სად რა ფერი ან დეტალი ანიჭებს სახლს მეტ სივრცეს, სითბოს, სიმყუდროევს, ფუნქციურობასა და კომფორტს. დაგროვილი ინფორმაცია თავითავად დალაგდა და დიზაინიც გამოიკვეთა.

- რამდენად რთული იყო რემონტის პროცესი, რა გახსენდებათ ყველაზე რთულად? 
- რემონტი ჩვენს ქვეყანაში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ძნელად პროგნოზირებადი პროცესია, რადგან ხშირ შემთხვევაში, ჩვენ არ ვქირაობთ კომპანიებს, არ ვაფორმებთ ხელშეკრულებებს და ვართ ნდობის იმედად. ეს კი, ზოგჯერ ამართლებს, ზოგჯერ - არა. მიუხედავად იმისა, რომ მაფრთხილებდნენ, შეიძლებოდა რემონტი დროში გაწელილიყო, თან ძალიან მოულოდნელი და წარმოუდგენელი მიზეზით, მაინც მეგონა, რომ საკუთარი თავისთვის დათქმულ ვადას მაქსიმუმ ერთ თვეს გადავაცილებდი. მაგრამ, შევცდი.

თავიდან ყველაფერი ძალიან კარგად დაიწყო. სამ კვირაში ყველა დიდი საქმე - კედლები, აბაზანა, იატაკი დასრულებული იყო. მეც მივყვებოდი ჩემს, ექსელის ფაილში ჩაწიკწიკებულ გეგმას. თავის დროზე გაკეთდა ელექტროგაყვანილობა, ე.წ. ფრანგული ჭერი; გარე გისოსები (ბინა პირველ სართულზეა), კარები. პარალელურად, ცხადია, დავდიოდი საჭირო ნივთების შესაძენად, ან მეხმარებოდნენ ხელოსნები - თავად ყიდულობდნენ და ვურიცხავდი თანხა. მე დასაქმებული და მარტოხელა მშობელი ვარ, რაც ნიშნავს, რომ რემონტის პროცესში ყველა დეტალს თავად ვმეთვალყურეობდი, და ეს სამსახურის პარალელურად, ძალიან რთული იყო. ამას დაემატა წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რამაც ძალიან გააძნელა სამსახურიდან ბინაში „გაქცევის“ პროცესი. იყო შემთხვევები, როცა დიდი ხნის წინ შეთანხმებულ ხელოსანს ვერ შევხვდი, რადგან საცობს თავი ვერ დავაღწიე. ხელოსნის გაბრუნება კი ნიშნავს, რომ სანამ სხვა შეკვეთას არ დაასრულებს, შენთვის ვეღარ მოიცლის. ამას სხვა საქმის გადადებაც მოჰყვებოდა და ეს იყო ყველაზე დიდი სირთულე.

სამწუხაროდ, ძალიან არაპროფესიონალურად მოიქცა ავეჯის ხელოსანი. თვენახევრიანი ვადა აიღო მთელი ბინის ავეჯი გასაკეთებლად, ავარჩიეთ ყველა მასალა და ორი თვის თავზე ფული დამიბრუნა, ვერ ვაკეთებო (ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, რაც მანამდე დამიმალა. ეს კომუნიკაციის პრობლემა კვლავ დაუძლეველია ბევრი ხელოსნისთვის). სხვა ხელოსნის მოძებნას და ამ პროცესის კიდევ თავიდან გავლას ერთი თვე დასჭირდა.
ეს არ იყო საკმარისი და უკვე ავეჯის მონტაჟს რომ ვაპირებდით, მეზობლისგან წყალი ჩამოვიდა და გარემონტებული სახლის ერთი ნაწილი საგრძნობლად დააზიანა. კედლების სათანადო გაშრობას და შემდეგ რემონტს, ცხადია, დრო დასჭირდა და საბოლოოდ, ივნისის ნაცვლად, ბინაში დეკემბერში გადმოვედი.

აღარაფერს ვამბობ ხელოსნების ერთი ნაწილის აბსოლუტურად გაუგებარი მიდგომების წინააღმდეგ ბრძოლაში დაკარგულ დროსა და ნერვებზე. მაგალითად, ალბათ, ბევრი ქალი დამქირავებელი გაიხსენებს ასეთ ფრაზებს: კაცი დამალაპარაკე; ოჯახის უფროსი დამალაპარაკე; გამოცდილი ვარ, შენზე უფროსი ვარ და მე ვიცი, რა იქნება შენთვის კარგი და ა.შ.
ამიტომ, რემონტამდე ყველას ვურჩევ, მაქსიმალურად მზად იყვნენ მოულოდნელობებისთვის, აღიჭურვონ მოთმინებით და თუ დრო ითმენს, ისეთ დროს დაგეგმონ რემონტი, როცა სარემონტო სამუშაოების მონიტორნიგს ყოველ დღე, დღეში რამდენჯერმე შეძლებენ.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ უმნიშვნელოვანესია საკუთარი ფინანსური მდგომაროებისა და სურვილების სათანადოდ შეფასება. რას ვგულისხმობ იცით? ძალიან დიდია ხოლმე ცდუნება და შეიძლება მოხდეს, რომ ერთ საოცნებო ნივთში დიდი თანხა გადაიხადო და მერე იმდენ რამეზე ვეღარ იმყოფინო ფინანსები, რომ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანო. აუცილებელია პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა - ანუ რა გინდა და გჭირდება პირველ ეტაპზე, შემდეგ ეტაპზე. ზოგადად ყველამ და მეც ძალიან კარგად ვიცით, რომ რაც გავაკეთე, იმაზე ბევრად ლამაზი, ძვირფასი, საოცნებო ბინა შეიძლებოდა გამეკეთებინა, მაგრამ დღეს, კონკრეტული მოცემულობით, მაქსიმუმი იყო ეს და ეს შევძელი.

ამიტომ, ავითვისე მხოლოდ ადგილობრივი ჰიპერმარკეტების პროდუქცია და ყველასთვის კარგად ნაცნობი „ელიავას ბაზრობა“.
ჩემს შემთხვევაში, ძალიან დამეხმარა ჩემი დის გამოცდილება. მან მეუღლესთან ერთად ცოტა ხნის წინ დაამთავრა სახლის რემონტი და მათი რჩევები ფასდაუდებელი იყო ჩემთვის. ისეთი მასალების შეძენისას, რომელთა ხარისხიანობის არაფერი გამეგებოდა, სწორედ მათი გამოცდილება და მხარდაჭერა დამეხმარა. მირჩიეს, რა შემთხვევაში ჯობდა ძვირად ღირებული პროდუქციის ყიდვა და სად შეიძლებოდა დაბალფასიანით „გაძრომა“. მაგალითად, ის, რომ იატაკი, მილები და კიდევ რაღაც პროდუქტები სჯობს ხარისხიანი და მაღალბიუჯეტური, რადგან მათი გაფუჭება ნიშნავს მერე უფრო მეტ დახარჯულ თანხას და დროს. ამიტომ, ასეთი კეთილისმსურველი და გამოცდილი ადამიანების ყოლა გვერდში, ასვეე ძალიან მნიშვნელოვანია პირველი რემონტის პროცესში.

- ფერები, ავეჯი, ტექსტილი - როგორ შეარჩიეთ, რა გაითვალისწინეთ, რა პრიორიტეტები გქონდათ?
- ბუნებით ე.წ. რისერჩერი ვარ. რამდენიმე პროფესია მაქვს და ყველგან ჩემი საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ძიება და კვლევაა. დიდი და ეფექტური იდეები უეცრად არ მებადება. ჩემს შემთხვევაში, ის ძიების და მოძიებული მასალის სწორად გადამუშავების შედეგია.
დიზაინზე მუშაობის დროსაც ასე იყო. როგორც გითხარით, იმდენი ფოტო და ვიდეომასალა ვნახე, რომ მაღაზიებამდე მისვლისას უკვე ვიცოდი, რა ფაქტურა, რა ფერი, რა მასალა, რა რაოდენობა მჭირდებოდა. ჩემი ბინა, საბოლოოდ, კლასიკურ სტილში გადაწყდა - ღია ფერის კედლები და ხის ფაქტურის იატაკი, თავისთავად დეკორში საკმაო ლავირების საშუალებას გაძლევს. ცხადია, ვერ გაექცევი ტრენდებსაც. მაგალითად, სამზარეულოს მწვანე ფერი, რომელიც ახლა ძალიან ტრენდულია, კარგად დაემთხვა ჩემს ფიქრებს მყუდრო და ნათელ სამზარეულოზე. ამიტომ, დიდხანს აღარ ვეძებე და არჩევანი მალე გავაკეთე. ძალიან მიყვარს ჩემი სამზარეულოს კაფელი და ლიმონისფერი ე.წ. ფუგა. ორიგინალურიცაა და თან სამზარეულოში სხვა ფერების თამამად შემოტანის საშუალებასაც მაძლევს.

ძალიან მომწონს, ასევე, ტრენდული ჩალის და ჩალისფერი მასალები: კალათები, სანათები, ქოთნები, ფარდაგები, მატიკები. ერთი სული მაქვს, მცენარეები როდის დაიკავებენ თავიანთ ადგილს ჩემს ბინაში.

- თუ ხართ კმაყოფილი შედეგით და თუ იქცა ეს სახლი უკვე თქვენს შინაურ გარემოდ? 
- პერფექციონისტი ვარ და ასეთ დროს ცოტა ძნელია, ბოლომდე და ყველა დეტალით კმაყოფილი იყო. ბინა რომ დალაგდა, რაღაც ხარვეზები გამოჩნდა, თუმცა ამ ეტაპზე, როცა ერთდროულად, უკვე კარგი დაღლილი და გადასვლის სურვილით ანთებული ხარ, ამ დეტალებზე ნერვების შლა აღარ ღირს.
ეს ბინა პირველი ნახვისთანავე გახდა ჩემი. საკმაოდ დიდხანს ვეძებდი სახლს, თითქმის ორი წელი. ძალიან ცოტა ბინაზე დამწყდა გული. ზოგიერთი უბრალოდ მომწონდა, ზოგი - ძალიან, მაგრამ რაც ამ ბინაში პირველი შემოსვლისთანავე ვიგრძენი (თან არ დაგავიწყდეთ, ნაგვით სავსე თეთრი კარკასი იყო, რომ ვიყიდე), ეს იყო მართლაც საოცარი შეგრძნება: მახსოვს, მაშინვე წარმოვიდგინე, როგორ ვჯდები ტრანსპორტში სამსახურიდან გამოსული, მივუყვები საკმაოდ დიდ გზას და მივდივარ სახლში, რომელსაც ჰქვია ყველაზე ბედნიერი სიტყვა - შინ. ამ განცდას ვეძებდი 2 წელი და ახლა უკვე შინ ვარ.
ყველას ვუსურვებ ამ ბედნიერ შეგრძნებას!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები