რომელია საუკეთესო ფერი სამზარეულოსთვის და რომელი ფერი გვიფუჭებს ხასიათს?


შესაძლოა სამზარეულოს შეღებვა მუქ ვარდისფრად ან ხასხასა მწვანედ გნებავთ, ეს თქვენი ნებაა, ვერავინ დაგიშლით, თუმცა არსებობს პროფესიონალების მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციები ფერთა გამის შერჩევასთან დაკავშირებით.
არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, თუ რა მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამზარეულოს ნებისმიერი ოჯახის ყოველდღიურ ცხოვრებაში, ეს არის ადგილი, სადაც მთელი ოჯახი იყრის თავს, ამიტომ მისი გაფორმება და კეთილმოწყობა ძალიან სერიოზული ამოცანაა.
კითხვაზე, თუ რა ფერის უნდა იყოს ყველაზე მყუდრო სამზარეულო, დეკორატორები ერთხმად აღნიშნავენ, რომ მაგალითად, ხორცისფერი ძალიან მოსაწყენი ფერია ამ სივრცისთვის, ასევე არავინ გაუწევს რეკომენდაციას ყავისფერს ან აგურისფერს.

რაც შეეხება წითელ ფერს, სამზარეულოს შემთხვევაში ის ხშირად გამოიყენება ტანდემში შავთან. წითელი საკმაოდ ინტენსიური ფერია, რომელიც გარკვეულწილად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე, აღვიძებს მას და ასევე უღვიძებს მადას, აი, რატომ შეიძლება ხშირად შეხვდეთ წითელ ფერს რესტორნებში. თუ სამზარეულოს გაკეთებას შავ-წითელ ფერში გადაწყვეტთ, ეს ფაქტორი აუცილებლად გაითვალისწინეთ.
ნარინჯისფერი, წითელთან შედარებით, უფრო მეგობრულ და პოზიტიურ ფერად ითვლება, თუმცა ეს ფერიც საკმაოდ ამბიციურია.
ვარდისფერი კი რომანტიკული, ნაზი, კეთილი და ქალურია.
ყვითელს, როგორც წესი, უფრო ჩაბნელებული, ვიწრო სივრცისთვის ირჩევენ ხოლმე. ყვითელი განწყობის ამაღლების და სიცოცხლის ფერია.
მწვანე კომფორტის, სიმშვიდის ფერია, ბევრად უნივერსალური, ვიდრე ცისფერი. ამ ფერის გამოყენებას დიზაინერები საძინებლისთვის უფრო გვირჩევენ.

თეთრი მსუბუქი, სუფთა ფერია, რომელიც ადამიანში ენერგიას და ოპტიმიზმს აღვიძებს, სივრცეს ვიზუალურად ზრდის. ეს ის ფერია, რომელსაც ერთხმად უწევენ რეკომენდაციას სამზარეულოს მოწყობის შემთხვევაში. არ არის აუცილებელი მაინცადამაინც მკაცრი თეთრის გამოყენება, არსებობს მისი სხვადასხვა სახის ელფერი, ასევე თეთრთან ერთად სხვა ბევრი ფერის გამოყენებაა შესაძლებელი.
შავი და ნაცრისფერი კი ის ფერებია, რომელთა გამოყენება სამზარეულოს შემთხვევაში ნამდვილად არ არის მიზანშეწონილი.
თუ ფიქრობთ, რომ თეთრი ნეიტრალურია და შესაძლოა მოსაწყენი იყოს, შეგვიძლია დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ ნეიტრალური მოსაწყენს არ ნიშნავს. მისი გახალისება ძალიან მარტივად არის შესაძლებელი, ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სწორედ ის მკვეთრი ფერები, რომელთა გამოყენებაც ცალკე არ არის რეკომენდებული, მაგალითად შავი, ნაცრისფერი, ყავისფერი და ა.შ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები