როდის სჯობს სამზარეულოში გლუვი და როდის პრიალა ფასადი?


ვერ გადაგიწყვეტიათ, რა ტიპის ფასადი აირჩიოთ თქვენი სამზარეულოსთვის? მოვისმინოთ ექსპერტთა აზრი, რომელია უფრო გამძლე და ადვილი შესანახი? რა ტიპის საფარია უკეთესი პატარა სამზარეულოსთვის და რატომ არის მნიშვნელოვანი სამზარეულო მოწყობის დროს განათების გათვალისწინება.

ფასადის ტიპის შერჩევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია სამზარეულოს მოწყობის დროს. დღეს ადამიანების უმეტესობას დაბურული, გლუვი ფასადი მოსწონს: მოდური და პრაქტიკული. ვერაფერს იტყვი, გლუვი ფასადები ადვილად ერგება ინტერიერის თითქმის ნებისმიერ სტილს: მაღალტექნოლოგიურიდან პროვანსამდე და კლასიკურიდან სკანდინავიურამდე. მოსავლელადაც მარტივია, არ არის საჭირო მუდმივად ხეხვა თითის ანაბეჭდების მოსაშორებლად, ყოველდღიურად მსუბუქი წმენდა საკმარისია.
მოგეხსენებათ, რა მნიშვნელოვანია განათება სივრცეში, სამზარეულოს ზედაპირის სტრუქტურისა და განათების არასწორმა კომბინაციამ შეიძლება აუტანელი ინტერიერი შეგიქმნათ. გლუვი ფასადების შემთხვევაში შეცდომის დაშვება გაცილებით რთულია. არაპრიალა ზედაპირი არ ქმნის სიკაშკაშეს და ამის ხარჯზე გარემო სამზარეულოში მშვიდი და სადაა. თუმცა, ყველა მედალს ორი მხარე აქვს და თუ ერთის მხრივ ყველაფერი ასე მარტივად და იდეალურად არის, მეორე მხრივ შესაძლოა ის არ იყოს შესაფერისი პატარა სამზარეულოსთვის. საქმე ის გახლავთ, რომ სინათლის შთანთქმით გლუვი ზედაპირი ვიზუალურად ავიწროებს სივრცეს, რაც ოთახს უფრო პატარას ხდის. ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ პატარა სამზარეულოს მფლობელებმა.

საწმენდი საშუალებები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა შეირჩეს. გლუვი ფასადი ვერ იტანს მყარ ღრუბლებს და ჯაგრისებს, რომლებმაც შეიძლება დაკაწროს ზედაპირი. ასევე დაივიწყეთ სპირტის შემცველი სპრეი, რამაც შესაძლოა ფასადი დაბუროს. მართალია, მას არ ეტყობა თითის ანაბეჭდები, თუმცა ხშირ წმენდას მაინც საჭიროებს, რადგან ცხიმი, მტვერი და ჭუჭყი შესანიშნავად აღწევს ზედაპირების ფოროვან სტრუქტურაში. რეგულარული წმენდის გარეშე ფასადი შეიძლება დაიფაროს ცხიმიანი საფარით, რომლის მოშორება საკმაოდ რთული იქნება.
რაც შეეხება პრიალა ზედაპირს, ის ძალიან კარგია პატარა ფართისთვის: ის ირეკლავს სინათლეს და ვიზუალურად აფართოებს სივრცეს. ეს უნდა გაითვალისწინოთ, თუ თქვენ გაქვთ პატარა სამზარეულო ბუნებრივი განათების ნაკლებობით.
პრიალა ზედაპირი იცავს სამზარეულოს ჭუჭყის დაგროვებისგან, ის ნაკლებად მგრძნობიარეა მტვრის მიმართ.
სიპრიალეე და ბზინვარება ხაზს უსვამს ფერის სიღრმეს და ექსპრესიულობას. ეს ზედაპირი ყოველთვის შთამბეჭდავად და სოლიდურად გამოიყურება, თუ მას გონივრულად გამოიყენებთ და დაიცავთ თანამედროვე დიზაინის სტილს.

რაც შეეხება მის უარყოფით თვისებებს, პირველი და მთავარი თითის ანაბეჭდებია. თანამედროვე ტექნოლოგიები იცავს სიპრიალეს გაცვეთისა და ნაკაწრებისგან, მაგრამ თითის ანაბეჭდების პრობლემას ჯერ ვერ გაუმკლავდა. ასევე უნდა შეეგუოთ ჭარბ სინათლეს. პრიალა ფასადები მოითხოვს განათების უფრო ფრთხილად დაგეგმვას. სამზარეულოში სინათლე უნდა იყოს დიფუზური, წინააღმდეგ შემთხვევაში ელვისებური ეფექტის თავიდან აცილება შეუძლებელია. ამავე მიზეზით, პრიალა ფასადები არ არის შესაფერისი სამზარეულოსთვის, რომელსაც აქვს სამხრეთი ფანჯრები და ჭარბი ბუნებრივი განათება. და ბოლოს, ასეთი ფასადი ეფექტურად გამოიყურება მაღალტექნოლოგიურ ან თუნდაც სკანდის სტილის ინტერიერში, მაგრამ ის საერთოდ არ მოერგება კლასიკას, ნეოკლასიკას ან პროვანსს.
ჩვენ ჩამოგითვალეთ ყველა ის ფაქტორი, რაც ძირითადად უნდა გაითვალისწინოთ სამზარეულოს შეკვეთის დროს, გადაწყვეტილების მიღება და არჩევანის გაკეთება კი თქვენთვის მოგვინდვია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები