"ბინა შეიძლება იყოს როგორც წარმატების, ასევე უბედურების მომტანი... იმ სახლში ვინც ცხოვრობდა, ყველა ავადმყოფობდა" - ცნობილი ასტროლოგის რჩევები სახლის ენერგეტიკაზე 


ცნობილ ასტროლოგ მიხეილ ცაგარელს შინ ვეწვიეთ და მისი ბინის დათვალიერებასთან ერთად, სხვა საინტერესო ამბებზეც ვესაუბრეთ - ასტროლოგი გვირჩევს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ ბინის შეძენის დროს, რისი ცოდნაა საჭირო, როცა ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვიღებთ.

- ახალი საცხოვრებლის შერჩევისას აუცილებლად გასათვალისწინებელია ასტროლოგიური ფაქტორი. ჯერ ერთი, უნდა გაარკვიოთ, ასტროლოგიურად რომელი პერიოდია კარგი თქვენთვის სახლის, მიწის და ა.შ. შესაძენად. მერე იმ პერიოდში უნდა იპოვოთ ამ საქმის განხორციელებისთვის კარგი დღე, რომელიც პლანეტების განლაგებას უკავშირდება, რადგან განსხვავებული პლანეტარული წყობა სხვადასხვა შესაძლებლობას მოგვცემს სწორი შენაძენის კუთხით. ასევე
გასათვალისწინებელია ქალაქის ზონები იმიტომ, რომ ბინის ყიდვის შემთხვევაში, ერთი ადამიანისთვის შეიძლება კარგია სამხრეთ-აღმოსავლეთი მხარე, მეორესთვის კი დასავლეთი მხარეა უმჯობესი. უნდა ჩაერთოს ნუმეროლოგიის პრინციპებიც. მაგალითად, რომელ ნომერ სახლში ჯობს იცხოვროთ, ან რა უნდა იყოს ბინის ნომერი. თითოეულ ადამიანს, დაბადების თარიღიდან გამომდინარე, გარკვეული ნუმეროლოგიური კოდი აქვს და ის კოდი უნდა შეესაბამებოდეს იმ ბინის ნომერს, სადაც ცხოვრობ.



- როდესაც ბინას მეუღლეები ყიდულობენ, ვის ზოდიაქოს ვითვალისწინებთ?

- პირველ რიგში, ვითვალისწინებთ, ვინ არის ოჯახში შემომტანი და მთავარი მოქმედი პირი, ვისზეც არის ოჯახი დამოკიდებული. ჩვენ ბინა ამ პრინციპით შევიძინეთ იმიტომ, რომ მაშინ მე ვიყავი ძირითადი შემომტანი, ჩემი მეუღლე არ მუშაობდა. რა თქმა უნდა, გავითვალისწინე ბევრი დეტალი. მაგალითად, შემოსასვლელი კარი აღმოსავლეთ მხარეს იყურება, როგორც წესი და რიგია, მათ შორის ფენ შუის პრინციპის მიხედვით. რიცხვი შვიდი, ღვთიური ენერგიის მატარებელი და ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ის ჩემი ბინის ნომერია. მეხუთე სართული, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ხუთიანი ჩემი ძირითადი რიცხვია, ე.წ. სულის რიცხვი და ა.შ. აქედან გამომდინარე, ამ ყველაფერმა პოზიტიური შესაძლებლობები მოგვცა.



- ვთქვათ, ბინა ნაყიდია უკვე და მეპატრონემ მერე გადაწყვიტა, ცვლილებები შეიტანოს ფენ შუის მიხედვით, ეს შესაძლებელია?

- თუ ბინას კარი აღმოსავლეთ მხარეს არ აქვს, ხოლო ფენ შუის მიხედვით თქვენ გიწერიათ, რომ ფინანსური შესაძლებლობების განვითარებას ხელს უწყობს შემოსასვლელი კარი სწორედ აღმოსავლეთ მხარეს, ამ შემთხვევაში რა ვქნათ? არადა, უკვე გადახვედით ახალ სახლში. უნდა გამოვიყენოთ ფენ შუის ატრიბუტიკა - თილისმები, ამულეტები... დაბადების თარიღის მიხედვით უნდა დავადგინოთ, შემოსასვლელ ზონაში რომელ მხარეს უნდა დაიდოს ესა თუ ის ატრიბუტი, რომ გააძლიეროს ფინანსური მხარე. დავუშვათ, პრობლემები გაქვთ პირად ურთიერთობებში. აქაც არსებობს ფენშუის თილისმა - ორი თევზის გამოსახულება. მაგრამ უნდა იცოდეთ, საძინებლის რომელ ზონაში უნდა დაიდოს ეს სიმბოლიკა, რომ მან გააძლიეროს სიყვარულის ენერგია.



- გქონიათ შემთხვევა, როცა შედიხართ უცხო სახლში და ხვდებით, რომ ის ბინა „მათი“ არ არის?

- მათი კი არა, ჩემი რომ არ არის, ხშირად მაგასაც ვხვდები (იცინის). ასეთ ადგილზე რაღაცა მაწუხებს... სახლში კი არა, რესტორანში რომ შევდივარ, შეიძლება უცებ მოვტრიალდე და გამოვიდე. უკვირთ ხოლმე, რა მოხდაო. არ მომეწონა ენერგეტიკა და მორჩა! როცა ენერგია მაწუხებს, ეს ნიშნავს, რომ ის მე მაბინძურებს. რასაკვირველია, შევხვედრივარ უამრავ ოჯახს, რომლებსაც სერიოზული პრობლემები ჰქონიათ. მაგალითად, გვქონდა შემთხვევა, აბაზანაში ოთხივე მხარეს სარკე ეკიდა, რაც ყოვლად დაუშვებელია. იმ ადამიანს ღამეები არ ეძინა, რა წამლებს არ სვამდა და არაფერმა უშველა, სანამ მხოლოდ ერთი სარკე არ დავატოვებინე. მერე დაიწყო ძილი. სარკე კიდევ ცალკე თემაა, მით უმეტეს, როცა ერთმანეთს უყურებს სარკეები. ისინი იმდენად დიდ ენერგიას ატრიალებენ, რომ ადამიანი ვერ ისვენებს. კიდევ ერთი მაგალითი, ბავშვს ეძინა საწოლზე, რომელიც ნიშის ქვეშ იდგა. ასეთ ადგილზე საწოლის დადგმა არაფრით არ შეიძლება. ეს იწვევს სხვადასხვა სახის დაავადებას, ფსიქიკურ, ნევროზულ აშლილობებს და მშობლები ვერ იგებდნენ, რაში იყო საქმე. როცა ბავშვი ბებიასთან მიდიოდა, გადასარევად გრძნობდა თავს, დაბრუნდებოდა შინ და ავად ხდებოდა. ამ ნიშიდან გამოვიყვანეთ თუ არა, მომენტალურად მოუწესრიგდა ბევრი რამ. ყოფილა შემთხვევა, ოჯახს საერთოდ ბინა შევაცვლევინეთ ცუდი ენერგეტიკის გამო. იმ სახლში ვინც ცხოვრობდა, ყველა ავადმყოფობდა. გავარკვიეთ, რომ ტერიტორია, სადაც სახლი აშენდა, ენერგეტიკულად დაბინძურებული იყო. დღეს არც იმას ითვალისწინებენ, რომ სასაფლაოების გვერდით არ შეიძლება ცხოვრება. ბევრი ადამიანი ფსიქიკურად იშლება იქ არსებული უარყოფითი ენერგიისგან და ვერ ხვდებიან, რის გამო ავადდებიან.

- ბევრ ოჯახში ბებია-ბაბუის დანატოვარი ძველი ნივთები ინახება. ზოგს ნაჩუქარი რელიკვიები აქვს. როგორ გავარჩიოთ, მათი ცუდი ან დადებითი ენერგეტიკა?

- მაგის დადგენა ძნელი არ არის. მაგალითად, ერთ საზოგადოებისთვის ცნობილ ოჯახში უდავოდ უნიკალური სურათები აქვთ, მაგრამ ერთი მათგანი ძალიან არ მომეწონა. მხატვრულად კარგად შესრულებულ ნახატზე ცუდი სიუჟეტი იყო ასახული, კერძოდ, გემი ტალღებში დაიმსხვრა და ზღვაში ადამიანები იხრჩობიან. მრავალი წლის წინ ვთხოვე, რომ ეს სურათი სახლიდან გაეტანათ, რადგან უბედურების მომტანი იქნებოდა. ქალბატონმა ყურად იღო ჩემი რჩევა, თუმცა მეუღლე თხის რქა იყო და ნაკლებად სჯეროდა ასეთი რამის. მან ხელი აიქნია და მითხრა - მოიცა ერთიო... შემდეგ არც ისე კარგად წარიმართა მათი ცხოვრება... ნივთებს დიდი მნიშვნელობა აქვს. პირველ რიგში, რა უნდა ვქნათ? თუ ოჯახს მამაპაპური ნივთი აქვს, ან შთამომავალს დანატოვარი სამკაული უკეთია, ყოველთვის ვეუბნები: ჯერ განსაზღვრეთ, ვის ეკეთა ან ვისი ნივთი იყო. თუ ის ოჯახი ბედნიერი, მოსიყვარულე და წარმატებული იყო, კი ბატონო, ატარეთ. დავუშვათ, ანტიკვარულ სარკეს ყიდულობენ, ის შეიძლება ხშირად უბედურების ფაქტორი გახდეს იმ შემთხვევაში, თუკი სარკე ოჯახში ძალადობის ან მკვლელობის მოწმეა. სარკე ამ ენერგიას აუცილებლად ირეკლავს, ის ენერგიის გადამტანია. თქვენ ამას სახლში მიიტანთ, ჩამოკიდებთ და ვერ გაიგებთ, საიდან ძლიერდება თქვენს სახლში აგრესია. თუ სერიოზული დაავადების მქონე წინაპარი ქვას ან მინერალს ატარებდა, არ შეიძლება მერე სხვამ ატაროს იგივე მინერალი. დიდია იმის ალბათობა, რომ წინაპრის დაავადებები მასზე გადავიდეს, რაც არ უნდა ახლობელი იყოს - თუნდაც შვილი ან შვილიშვილი.



ბინა არის როგორც წარმატების, ასევე უბედურების მომტანი და ამ საკითხს სერიოზული ყურადღება სჭირდება. თუ გვერდიგვერდ მდგარი სამი კორპუსიდან ორი მაღალია და მათ შორის დგას დაბალი კორპუსი, სადაც თქვენ ცხოვრობთ, კარიერაში წინ ვერ წახვალთ, ყოველთვის იქნებით გაჭედილი და ვერ მიხვდებით, რატომ. მაღალი კორპუსები გჭედავთ. ეცადეთ, რომ თქვენი სახლი არ იდგეს გზაჯვარედინზე, ეს პრობლემებს იწვევს და ავის მომასწავებელია. ნაცხოვრები ბინის შემთხვევაში, გაარკვიეთ ვინ ცხოვრობდა, თუ ავადმყოფები იყვნენ, ან იქ მკვლელობა მოხდა, ჯობს, ასეთი ბინა არ შეიძინოთ. ყურადღება მიაქციეთ ნუმეროლოგიას. თქვენი დაბადების წელი, თვე და რიცხვი შეკრიბეთ, დავუშვათ, მიიღეთ 41. ესეც შეკრიბეთ, საბოლოოდ მივიღეთ 5, ე.ი. მეხუთე სართული და მეხუთე ბინა გადასარევი იქნება. შეგვიძლია ვარიაცია ავიღოთ, ორი ხუთიანი - 10 ნომერი მაინც რომ იყოს ბინა, უკვე კარგია. ასეთი დეტალები გასათვალისწინებელია. ბინის შიგნით ფერებიც ისე უნდა გადაწყვიტოთ, რომ იცოდეთ, მაგალითად, მწვანე ადუნებს და აძინებს, ამიტომ სამუშაო კაბინეტი მწვანე ფერში არ უნდა გქონდეთ, ტვინი კარგად ვერ იმუშავებს. კაბინეტში კარგია ნარინჯისფერი ტონი, ამ ფერს მივცეთ პრივილეგია, ის გონების ენერგიას აღვივებს და ა.შ.

სახლის მეპატრონემ შეიძლება დიზაინერის შრომა ჩართოს ბინის მოწყობაში, რომელიც ლამაზად და კომფორტულად გააკეთებს ყველაფერს, მაგრამ ენერგეტიკული კუთხით არასწორად. მაგალითად, სასადილოში წყლის ონკანი და გაზქურა გვერდიგვერდ არ შეიძლება იდგეს. ეს ნიშნავს, ცეცხლის სტიქია - გაზი და წყლის სტიქია - ონკანი, სულ ბრძოლაში იქნებიან ერთმანეთთან, ამიტომ ხან ერთი გაფუჭდება, ხან მეორე და მიზეზს ვერ მიხვდებით. თუ კერძო სახლს ყიდულობთ, რომელსაც თავისი ბაღი აქვს, ეს კიდევ ცალკე თემაა: შესასვლელი კარი სად უნდა იყოს, სახლის უკან ბორცვებია თუ რა არის? ჩამოდის თუ არა მდინარე? ყველა დეტალს ვერ აღვწერ, ამიტომ ვიმეორებ, ბინის ყიდვის დროს ყურადღება მიაქციეთ ზონას და ადგილმდებარეობას. საერთოდ, ბევრი ნიუანსია, რაც ადამიანმა არ იცის და სასურველი კი არა, აუცილებელია იცოდეს. შედეგი კარგია მაშინ, როცა პირველ რიგში, ასტროლოგი, ფენშუის სპეციალისტი და გნებავთ დიზაინერიც, ერთად იმუშავებენ.

- დავუბრუნდეთ თქვენს სახლს და თქვენს პირად სივრცეს... თქვენთვის გამორჩეული და მნიშვნელოვანი ნივთების შესახებ გვიამბეთ, რომლებსაც ერთად მოუყარეთ თავი მაგიდაზე.

- დავიწყოთ 4 ძირითადი მინერალით: ყვითელი ქვა ციტრინი უნიკალურია იმიტომ, რომ აძლიერებს ინტუიციას, გონებამახვილობას, აღვივებს კომუნიკაბელურობას; ქრიზოპრაზი, სხვათა შორის, ღამე საინტერესოდ ანათებს, მით უმეტეს მთვარის შუქზე, მთლიანად თეთრდება. მისი მეშვეობით შეგვიძლია გავაძლიეროთ კარიერული განვითარების შესაძლებლობები. ოღონდ, უნდა ვიცოდეთ სად დაიდოს იგი; წითელი ქვა, ე.წ. წითელი იასპი ლიდერების ქვად ითვლება. ეს არის ვერძის ზოდიაქოს ნიშნის ქვა. ხელს უწყობს ენერგიის მატებას, აძლიერებს ორგანიზატორულ მონაცემებს და ძალიან კარგია სასიყვარულო პარტნიორული ურთიერთობებისთვის; და კიდევ ერთი, ლურჯი ქვა - ვეფხვის თვალი, ანუ კირჩხიბთა ქვა, რომელიც აძლიერებს საოჯახო, სანათესავო ურთიერთობას და პატრიოტიზმს, ეროვნულ ფასეულობებს ამკვიდრებს ოჯახში. ეს ქვები ჩემს სამუშაო მაგიდაზე დევს. ყველა ქვას თავისი თილისმური და ამულეტური მნიშვნელობები აქვს, ამიტომ უბრალოდ ქვის ტარება ან ქონა მარტო იმიტომ, რომ ის ლამაზია, არ ღირს.



გადავიდეთ ატრიბუტებზე, რომლებსაც ვიყენებ - ტიბეტური ზარი მნიშვნელოვანი ხმის და ვიბრაციის გამომცემია. ძალიან კარგია მისი მოსმენა სამსახურის მერე, როდესაც სახლში მოდიხარ და უამრავი სიბინძურე გაქვს „თავზე დაყრილი“. ზარი საოცრად ასუფთავებს და წმენდს ადამიანის აურას და ბიოველს. ასევე მნიშვნელოვანია ტიბეტური ჯამი, ისიც წმენდს შიდა ენერგოარხებს. მისი ხმა ვიბრირებს ხელზე და მთელი ვიბრაცია მერე გადადის სხეულზე. ხმები იცვლება იმისდა მიხედვით, თუ რა ენერგეტიკა ტრიალებს, ანუ რომელი აურის ნაწილია დაბინძურებული.

გვყავს ე.წ. ჩინური ბუდა. თუ მის მუცელს 300-ჯერ მაინც დაადებ ხელს, ეს ბედნიერების მომტანია. ჩინელები ასე თვლიან. ყოველ შემთხვევაში, სიკეთისა და კეთილშობილების გამოსახულებაა, ცუდი არაა, რომ ადამიანს ჰქონდეს, სასიკეთო ვიბრაცია აქვს.

ორი ზარიდან ერთი არის დაბალი ტონალობის, ასუფთავებს ქვედა ჩაკრებს და ქვედა სხეულის ენერგოზონებს. ჩვენ გვაქვს 7 ძირითადი და 12 დამხმარე ენერგეტიკული ცენტრი. მეორე ზარი არის ზედა ჩაკრების დამხმარე. კარგია ამ ზარის ხმებით ოთახის შემოვლა კვირაში 2-3-ჯერ მაინც საათის ისრის მიმართულებით. ეს ხმები არ უყვარს, ასე ვთქვათ, ნეგატიურ ძალას და ტრადიციულად ამ ხმებს გაურბიან.

აქ არის ინდური გამოსახულება განიშა - სიბრძნის, სიყვარულის და ფინანსური ბარაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლო. ფენ შუის ატრიბუტია სამფეხიანი ბაყაყი პირში ფულით. უნდა ვიცოდეთ, რომელ ზონაში დავდგათ, რაც ადამიანის პირადი რუკის მიხედვით განისაზღვრება. სხვათა შორის, ამ სახის, ოღონდ უზარმაზარი (დაახლოებით 2 მეტრის) ბაყაყი გერმანიაში, „აუდის“ ცენტრის შესასვლელ ფოიეში დგას, მისთვის სპეციალურად წყალიც მოაწყვეს. როგორც იქ მითხრეს, სამფეხიანი ბაყაყი არის კომპანიის ფინანსური წარმატების ერთ-ერთი ფაქტორი.

რასაკვირველია, გვაქვს ხარის ფიგურა - წლის გამოსახულება. ხარმა უნდა იგრძნოს, რომ ჩვენ პატივს ვცემთ, რათა მისი მხრიდანაც პატივისცემა დავიმსახუროთ. წლის მმართველი სიმბოლო უნდა გვქონდეს, რომ იგი არ გავანაწყენოთ. არსებობს სხვადასხვა სახის ქარის მუსიკები, რომელთა დახმარებით სახლს ვასუფთავებთ საათის ისრის მიმართულებით იმიტომ, რომ ათასი ენერგეტიკა გროვდება ბინაში მტვრის და ა.შ. სახით. უარყოფით ენერგიებს ნებისმიერ სახლში ყოველთვის შეუძლია შემოსვლა და დაბუდება, ამიტომ დროდადრო გაწმენდა აუცილებელია.

ნანული ზოტიკიშვილი

კომენტარები

მარინა 2023-01-23 09:09
ნამდვილად არსებობს დადებითი ენერგეტიკით და უარყოფითითაც სახლი, საწოლის ადგილი, ნივთები.
იზა 2021-10-10 21:08
შესაძლოა ყველაფერს არ ეთანხმებოდეთ, მაგრამ ყველაფერი რომ არსებობს და აქვს მისი ძალა და ენერგეტიკა, ეს უდავოა. მაშ, რატომ არის უმიზეზოდ ადამიანი ცუდად. უამრავი მიზეზია იმისთვის, რომ გვჯეროდეს ყველაფრის. ყველაფერი არსებობს და ყველაფერს შეუძლია ზეგავლენის მოხდენა ადამიანზე.
ჯუმბერ 2021-10-09 08:40
უფალო, დაგვიფარე ცრუმორწმუნე ურწმუნოთა აზრების თავს მოხვევისგან.

რა საცოდავი, ჩია სულის, გონებისა და აზრის ყოფილა ეს ვაჟბატონი და ნახევარი საქართველო ამის რჩევებს ითვალისწინებს. ვაი საქართველოვ! რატომ ეკლესია ჩუმად არის და არ ებრძვის ამ სულიერად მომწამვლელ ანტიქრისტეს?! მთავარანგელოზო, მიქაელ, გიხაროდენ, რამეთუ დაცემულნი, შენის შფარველობით, ვეღარ წაგვაქცევენ! დიდება შენდა, უფალო!
ტოტო 2021-10-09 08:32
ბინის,ან სხვაგან ენერგეტიკული ბალანსის ან დისბალანსის შეგრძნება ნამდვილად რჩეულთა ხვედრია.
შორენა 2021-10-08 12:29
მემინდა თკვენი დახმარება მიხეილ შეგიზლია დამეხმაროთ როცა მზადვიქნებიამისთვის?? ეხლა ემიგრაციაშივარ და იმუტომ

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები