"ჩვენს სახლს ამერიკელები "არწივის", ხოლო ქართველები "ტარიელისა და ვეფხვის" სახლს ეძახიან" - ქართველი წყვილის უჩვეულო ეზო ფილადელფიაში

ჯანჯალიების ოჯახი საქართველოდან ამერიკაში 2018 წელს გაემგზავრა. სამხედროების წყვილი იქ სამ შვილთან ერთად დასახლდა. დღეს უკვე საკუთარი სახლი აქვთ, გარშემო დიდი ეზოთი. ჯანჯალიებს აღნიშნული ტერიტორიის კეთილმოწყობა და საქართველოს მინიმოდელის შექმნა აქვთ დაგეგმილი.

ფატი ჯანჯალია:

- მე და ჩემი მეუღლე სამხედროები ვართ. ზაზა ოფიცერია, მე - უფროსი სერჟანტი. ჩემმა მეუღლემ შეიარაღებულ ძალებში 28 წელი იმსახურა, მე - 18. სამშობლოს სამსახურში არ დავღლილვართ, მაგრამ ამ წლების შემდეგ გადავწყვიტეთ, ოჯახისა და შვილებისთვის მიგვეხედა. იმ დროს ჩემი ძმა უკვე ამერიკაში ცხოვრობდა. გადავწყვიტეთ, "მწვანე ბარათი"
შეგვევსო და თუ გაგვიმართლებდა, ჩვენც წავსულიყავით. პირველ წელს ვერა, მაგრამ მეორე წელს მთელი ოჯახი ამერიკაში, ფილადელფიაში ჩამოვედით. ჩემი გოგონები იმ დროს მეათე და მეთერთმეტე კლასში სწავლობდნენ, ბიჭი კი იმ წელს შევიდა სკოლაში. გამართული საბუთებით ყველაფერი გაადვილდა. სამხედროები ვართ, წესრიგს შეჩვეულები, მაგრამ მაინც რთული აღმოჩნდა ადაპტაცია-შეგუება. თუმცა ბავშვები სკოლას მალევე შეეჩვივნენ, არც სწავლა გასჭირვებიათ. საქართველოში ბავშვები გაცილებით დატვირთულები არიან და მრავალფეროვან განათლებას იძენენ, ვიდრე აქ ხდება. სწავლის დასრულების შემდეგ საქართველოში ახალგაზრდები სამსახურს ვერ შოულობენ, საკუთარი თავის პოვნა უჭირთ და ესაა პრობლემა, თორემ ჩვენ ასჯერ უფრო განათლებულები ვართ.

- საქართველოში სად ცხოვრობდით? სად გადაიკვეთა თქვენი და თქვენი მეუღლის გზები?

- ქუთაისში გვქონდა სახლი, მაგრამ წარმოშობით სამტრედიელები ვართ. მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი სამტრედიაში გავიცანით. თანაცხოვრების განმავლობაში 22 სახლი გვაქვს გამოცვლილი. ჩემი მეუღლე 26 წლისა უკვე ოფიცერი იყო. ის თავისი საქმის პროფესიონალია. მე ტექნიკური უნივერსიტეტის კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე. ქორწილი აპრილში გვქონდა და ზუსტად ერთ კვირაში საცხოვრებლად კოდაში გადავედით, მაშინ ზაზა იქ მეთერთმეტე მექანიზებულ ბრიგადაში მსახურობდა. იმავე წლის ზაფხულში უკვე დიპლომი ავიღე. მალე ორსულად დავრჩი. მაშინ მეუღლემ მითხრა, ცხოვრებაში ბევრჯერ მომიწევს საცხოვრებლის შეცვლა და თუ გინდა, სულ ჩემ გვერდით იყო, შენც სამხედრო კარიერას უნდა მიჰყვეო. თავიდან წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ ის დაჟინებით მოითხოვდა, გადაწყვეტილება მიმეღო - ჯარში წავსულიყავი და მასთან ერთად მემსახურა. ასეც მოვიქეცი და ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იყო. ჩვენთან წარმატებული ოფიცრები წლობით ვერ ნახულობენ ოჯახებს, რადგან განვითარებისა და გამოცდილების დასაგროვებლად, არაერთი სამსახურის შეცვლა უწევთ. როგორც გითხარით, 22 საცხოვრებელი სახლი მაქვს გამოცვლილი და წარმოიდგინეთ, მე რომ სამხედრო არ გავმხდარიყავი, მეუღლე თავის შვილებთან ურთიერთობას მოაკლდებოდა, მათ აღზრდაში ვერ იქნებოდა ჩართული და უამრავი პრობლემა შეიქმნებოდა. თუმცა, თავიდან 3-4 თვე გამუდმებით ვტიროდი. მიჭირდა სამხედრო რეჟიმთან შეგუება, მაგრამ მერე ისე შევისისხლხორცე, ვეღარც კი წარმომედგინა, სხვაგვარად როგორ უნდა ყოფილიყო. ჩემსავით მეუღლე ბევრმა "გაასამხედროვა", ჯარში ოჯახური გარემოც შეიქმნა და საქმეც კეთდებოდა. ვფიქრობ, ასეთი მიდგომა ყოველთვის ამართლებს, ოჯახები არ დაინგრევა, ცოლ-ქმარი ერთად იქნება, სითბოც შენარჩუნდება და ასეთი წყვილების ნახვა სხვა თანამშრომლებზეც დადებითად მოქმედებს.

- ამერიკაშიც თქვენი პროფესიით დასაქმდით?

- არა, 1 წელი უხელფასო შვებულება გვქონდა აღებული. მეუღლემ ტაქსიზე დაიწყო მუშაობა, რაც მისთვის იოლი არ იყო. შემდეგ ტრაილერის მძღოლად დასაქმდა და ფინანსური მდგომარეობა გაგვიუმჯობესდა. 2 წელი ქირით ვცხოვრობდით. ეს არ არის ადვილი, თითქოს ყველაფერი გაქვს, მაგრამ მაინც რაღაც გაკლია და იქაურობას საკუთრებად ვერ აღიქვამ. ამერიკაში თუ ყველაფერს კანონიერად და ზედმიწევნით ასრულებ, გადასახადებს იხდი და ა.შ., სახელმწიფო ყველანაირად მხარში გიდგას. სახლის ყიდვაზე რომ დავფიქრდით, მაკლერს დეტალებში გასარკვევად დავეკონტაქტეთ. ვფიქრობდი, თუ ისეთ სახლს ვიყიდდით, რომელსაც ეზო ექნებოდა, ჩემი მეუღლე თავს უკეთ იგრძნობდა; საქართველოდან შორს მყოფს, მიწასთან ურთიერთობით შინაგანი აფორიაქება დაუბალანსდებოდა. 2-თვიანი ძებნის შემდეგ მაკლერმა დამირეკა, - შენი ოცნების სახლი ვიპოვეთო. მართლაც, მივედით ადგილზე, რომელიც ამერიკელ სპორტსმენ ცოლ-ქმარს ეკუთვნოდა. მათ 4 შვილი და ძაღლები ჰყავდათ. იყო არაჩვეულებრივი სახლი, ეზო და მდინარე. თან ქართულ ეკლესიასთან ახლოს, სადაც მეუფე საბა მსახურობს. იქვეა ქართული წერა-კითხვის, ცეკვის წრე, ხალხური სიმღერის სტუდია. ჩემი ბიჭი იქ დადის, ფანდურზე უკრავს და კონცერტებზეც გამოდის. ამ ყველაფერმა დიდი გავლენა იქონია ჩვენს გადაწყვეტილებაზე.


- საკუთარი სახლი დიდი ეზოთი ნამდვილად შთამბეჭდავი და კარგი შენაძენია. ვიცი, რომ ეზოს მოწყობაზე ზრუნავთ და იქ ქართულ თემაზე შექმნილი ხის ქანდაკებები დგას. ამაზე მომიყევით.

- ამერიკაში საოცრად ლამაზად კეთილმოწყობილი ეზოებია. ამაზე თითოეული ოჯახი ზრუნავს, უფრო სწორად - სახელმწიფო გავალებს. შენ თუ ეზოში ბალახს ან ბუჩქს არ გაკრეჭ, ამაზე ჯარიმებია დაწესებული. ჩვენს ეზოში ბევრი მცენარეა, მათ შორის იყო ორი უზარმაზარი 200-წლოვანი მუხის ხე, რომელზეც თავის დროზე სახლის მეპატრონემ გაიხუმრა, - ამ ხეებზე აბრაამ ლინკოლნი დაცოცავდაო. ბავშვები ეზოში რომ თამაშობდნენ, სულ მეშინოდა, რომელიმეს გამხმარი ტოტი არ დასცემოდა. ბიჭი ფანდურზე რომ დამყავს, იქ ერთგან ხეზე ამოტვიფრული ბუ ვნახე, ძალიან მომეწონა და იდეა გამიჩნდა, შინ რამე მსგავსი მეც გამეკეთებინა. ახალნაყიდ სახლში რომ შევედით, მაშინვე ქართული დროშა დავკიდეთ, მაგრამ რაღაც მაინც მაკლდა. ხეზე ამოტვიფრულ ბუსთან შემსრულებლის - ვიაჩესლავ კუზემას ტელეფონის ნომერიც იყო მითითებული. დავრეკე და ხეზე ჭრის უკრაინელი ოსტატი აღმოჩნდა, რომელსაც ვუთხარი, რომ ეზოში მდგარ ორ დიდ ხეზე ფიგურების გაკეთება მინდოდა. როცა მოვიდა და მსჯელობა დავიწყეთ, რა გაგვეკეთებინა. მეუღლე დაჟინებით იმეორებდა, რომ რამე ქართული თემატიკა უნდა ყოფილიყო. ბევრი მსჯელობის შედეგად უკრაინელმა ოსტატმა ერთ ხეზე არწივის ფიგურის გამოთლა გვირჩია. საერთოდ, ეს ფრინველი ამერიკაში ბევრი ბანკის, გუნდისა თუ ორგანიზაციის სიმბოლოა. ამ ემბლემას ვერ დაადებ, თუ პროდუქტი ან კომპანია საუკეთესო არ არის; მეორე ხეზე "ვეფხისტყაოსნის" ერთ-ერთი სცენის "გაცოცხლება" გადავწყვიტეთ, კერძოდ - მიხაი ზიჩის ნახატის მიხედვით, ტარიელისა და ვეფხვის შერკინება, რომელზე მუშაობაც უკრაინელმა ხის ოსტატმა დაახლოებით 2 თვის წინ დაასრულა და ამ 4-მეტრიანი ფიგურის სანახავად ბევრი მოდის, სურათებს იღებენ. ბავშვებმა "ვეფხისტყაოსანზე" კითხვების დასმა დაიწყეს და ამ ნაწარმოებით დაინტერესდნენ. ამავდროულად, ვინც მოდის, ვუხსნით, რომ ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაა; რომ ეს არის ქართველი კაცი, რომელიც ვეფხვებს ხელით ახრჩობდა და რომ ის ქართველი კაცის სიდიადის სიმბოლოა. ჩემი მეუღლე საკმაოდ მაღალი და დიდი კაცია, ალბათ მის შემხედვარეს ეჭვიც არავის შეეპარება ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში (იღიმის). სამომავლოდ ლომის "გაკეთებას" ვაპირებთ. საერთოდ კი მინდა, ქართული ეზო მქონდეს, სადაც იქნება თონე და სხვადასხვა მოსასვენებელი ადგილიც. აქ მერიაში შეგიძლია დაარეგისტრირო შენი სივრცე, სადაც ფილადელფიაში ჩამოსულ სტუმრებსა და ადგილობრივებს შეუძლიათ ვიზიტი. ვფიქრობთ, ეს ადგილი მსგავს სანახაობრივ, კრეატიულ ადგილად დავარეგისტრიროთ. ვნახოთ, ჩანაფიქრი რამდენად გამოგვივა. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები