როგორ ვებრძოლოთ ჩრჩილს?

ჩრჩილთან საბრძოლველი უამრავი თანამედროვე ქიმიური საშუალება არსებობს, თუმცა ყველა ეფექტური როდია, ზოგიერთი მათგანი საკმაოდ ტოქსიკურიცაა. გარდა ამისა, ზოგი საშიშია ალერგიული ადამიანებისთვის. ამ შემთხვევაში გვიწევს მივმართოთ ხალხურ საშუალებებს.

ჩრჩილი აზიანებს შალის ნივთებს, ბეწვს, ტყავს, ხალიჩებს, ქსოვილებს, ბურღულეულს, ფქვილს და ა.შ. პეპლები ნივთებს არ აფუჭებენ, ისინი დებენ კვერცხებს, რომლიდანაც იჩეკებიან ღორმუცელა მუხლუხები. სახლში მფრინავი ჩრჩილის არსებობა იმაზე მეტყველებს, რომ სადღაც ბუდეა, სადაც მაძღარი მუხლუხები ასრულებენ განვითარების ციკლს. ძლიერმოქმედი, რთული ქიმიური პრეპარატები ხშირად ადამიანისთვის არანაკლებ საშიშია, ხოლო მათი სამზარეულოში გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია.

გახსოვდეთ!

ზამთრის ტანსაცმელი არასოდეს შეინახოთ გაურეცხავი, რადგანაც ჩრჩილი ძირითადად აზიანებს იმ ადგილებს, რომლებიც ოფლითა და ცხიმით არის დასვრილი. კარადები აუცილებლად ხშირად უნდა განიავდეს, ხოლო გაზაფხულზე უნდა გამზეურდეს ზამთრის ტანსაცმელი, ქურქები და ხალიჩები.

როგორ ვებრძოლოთ

კარადაში, სადაც ინახება შალის პლედები, თბილი სვიტერები, ქურქები და ქუდები, მოათავსეთ ლიმონის ან ფორთოხლის გამხმარი კანი, მარლის პატარა ტომსიკები ლავანდის თესლით, აბზინდის, ნემსიწვერას, იელის ტოტები, კრაზანის ყვავილები და ფოთლები, ევკალიპტის ფოთლები. მნიშვნელოვანია პერიოდულად ამ მცენარეული საშუალებების განახლება. სასარგებლოა მათი ქურთუკების, პალტოების ჯიბეებში მოთავსება.

ჩრჩილთან ბრძოლაში კარგად დაგვეხმარება კაკლის ტოტები, ფიჭვის ფისიანი ნაფოტები, მიხაკის ყვავილები და წაბლიც კი. წაბლს აგროვებენ შემოდგომაზე, ახმობენ და ათავსებენ ტანსაცმლის კარადაში.

ჩრჩილი ვერ იტანს ახალი საპნის სუნს. არომატული საპნის ნაჭრები შეიძლება მოვათავსოთ თეთრეულის კარადაში არა მარტო სურნელისთვის, არამედ ჩრჩილისგან თავდასაცავად. განსაკუთრებით ეფექტურია მარწყვის საპონი.

ჩრჩილი იშვიათად ჩნდება იმ სახლში, სადაც ნემსიწვერა იზრდება. მისი ფოთლები და ღერო დაზიანებისას გამოყოფს საკმაოდ მკვეთრ სუნს, რომელიც აფრთხობს ჩრჩილს.

ჩრჩილი უფრო სწრაფად მრავლდება წელიწადის თბილ დროს, ამიტომ უმჯობესია, თუ ნივთებსა და პროდუქტებს შევინახავთ გრილ, მშრალ ადგილზე.

ტანსაცმლის კარადაში ჩრჩილი რომ არ გაჩნდეს, მუყაოს ყუთში ან კარადის უჯრებზე, სადაც სამოსს მოათავსებთ, ლავანდის, კედრის ან კვიპაროსის ეთერზეთში დასველებული ბამბა მოათავსეთ.

კომენტარის დამატება