სამი შვილის დედის ყვავილების კოლექცია გაგაოცებთ

ალბათ მხოლოდ სურვილი არ კმარა იმისთვის, რომ ასზე მეტი ქოთნის და უამრავი სახეობის ეზოს ყვავილი იქონიო. ნინო ასათაშვილი ყვავილების სიყვარულით "გაბრუებულია“, რამაც მისი კოლექციის სიმდიდრე განაპირობა. მისი თქმით, ზამთრის პერიოდში, როცა ყველა ქოთანი სახლში შეაქვს, ოჯახის წევრები ფეხის დასადგმელ ადგილს ძლივს პოულობენ, რის გამოც მცირედ უკმაყოფილებას გამოთქვამენ, თუმცა ნინოს ამ გატაცებაში ხელს არ უშლიან.


- ახმეტის რაიონში სოფელ მატანში ვცხოვრობ, მყავს სამი შვილი, რომლებიც ჩემსავით არ ირევიან ყვავილებზე. მე პირიქით, ბავშვობიდან უზომოდ მიყვარს, განსაკუთრებით ქოთნის ყვავილებს ვაღმერთებ.


- ბავშვობაშიც ასეთი მრავალრიცხოვანი კოლექცია გქონდათ?
- სკოლის ასაკში გერანი და ბალზამინი მქონდა, შემდეგ კი კაქტუსების შეგროვება დავიწყე. დედაჩემი სულ მეუბნებოდა, კაქტუსომანია შეგეყარაო. მახსოვს, ჩემი შვილი პატარა იყო, "ბირკა” რომ მომირბენინა გახარებულმა, კაქტუსი მოგიტანეო. ეს მანია წლები მქონდა, მაგრამ სხვა ყვავილებსაც აქტიურად ვაგროვებდი.


- დღესდღეობით რამდენი ძირი ყვავილი გაქვთ?
- ახლა ასზე მეტი ქოთნის ყვავილი მაქვს, თუმცა ზამთარში ზოგი მიფუჭდება და გაზაფხულზე ახლიდან ვახარებ. განსაკუთრებული მოვლა ორქიდეებს და იებს სჭირდება, სხვა ყვავილებს ჩვეულებრივ ვუვლი, ვრწყავ, მიწას ვუცვლი და ვნამავ.


- ზამთარში ამდენი ქოთანი სახლში შეგავთ?

- ზამთარში ოთახში ყველა კუთხეში ყვავილები მილაგია, გაზაფხულზე გარეთ რომ გამაქვს, ბავშვებს უკვირთ, დიდი ოთახი გვქონიაო.

- არის ისეთი ყვავილი, რომელიც არ გაქვთ და ოცნებობთ, რომ გქონდეთ?
- მგონი, ყველა საოცნებო ყვავილი მაქვს, ანთურიუმი და წყალმცენარეები მინდოდა და ჩვენმა საყვარელმა ნანული ბიცოლამ მაჩუქა. ერთადერთი, რაც მინდა, მწერიჭამიაა და აუცილებლად ვიყიდი. თელავში ცნობილმა მეყვავილემ, ქალბატონმა ფიქრიამაც მაჩუქა იები და რამდენიმე სხვა ოთახის და ეზოს ყვავილი, რის გამოც უზომოდ მადლიერი ვარ. ცრურწმენების არ მჯერა და დედაჩემის სახლიდანაც ხშირად მომაქვს ქოთნიანად ყვავილები.


- ოჯახის წევრები როგორ უყურებენ თქვენს გატაცებას?
- ოჯახის წევრები დიდ სიხარულს ნამდვილად არ გამოხატავენ ჩემი ამ გატაცების გამო, მაგრამ

არც ხელს მიშლიან. ყოველ ნაბიჯზე ყვავილის ქოთანი ხვდებათ და არა მგონია, უხაროდეთ (იღიმის). კაქტუსების მანია ორქიდეებმა ჩაინაცვლა, ჯერჯერობით მხოლოდ სამი ძირი მაქვს, ორქიდეების გარდა იებსაც ვაგროვებ. წელს რატომღაც პელარგონიებით მოვიხიბლე. ახლა 10-12 სახეობის ბალბა მაქვს. განსაკუთრებით მიყვარს ლიტოპსები, რომლებიც მგონია, რომ საერთოდ არ იზრდებიან, მაგრამ მაინც ყოველდღე ვნახულობ.

მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები