პედაგოგის მიერ მოწყობილი ნამდვილი წალკოტი ზუგდიდში აღგაფრთოვანებთ

თაკო ტყებუჩავა პროფესიით პედაგოგია, თუმცა ამ ეტაპზე დროებით უმუშევარია. ჰყავს მეუღლე და ხუთი წლის ბიჭი. მისი საოცნებო პროფესიაა ბოტანიკოსობაა, ალბათ ეს ოცნება მცენარეების და ყვავილების სიყვარულმა განაპირობა. თაკო ზუგდიდში ცხოვრობს, სადაც ულამაზესი წალკოტი გააშენა. უთვალავი ყვავილია თავმოყრილი მის ბაღში, რომელთა მოვლა დიდ შრომასaა და ძალისხმევასთან არის დაკავშირებული, თუმცა იგი ყველა საქმეს წარმატებით ართმევს თავს.

- რა ადგილი უკავია ყვავილებს თქვენს ცხოვრებაში? როდის გაგიტაცათ ამ საქმიანობამ?
- ყვავილები არის ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. როგორც ჩემი ოჯახის წევრებს, ისე მივიჩნევ. დილიდან საღამომდე მათთან
ვატარებ დროს და სხვაგან წასვლაზე, დასვენებაზე ხშირად ვამბობ უარს, რადგან მათ ვერ ვტოვებ. ყვავილები ბავშვობიდან მიყვარს, ყოველთვის გვქონდა სახლში ლამაზი ბაღი. დედასაც უყვარს ყვავილები და ბებიას ჰქონდა ულამაზესი ბაღი, მთელი დღე თავის ბაღში ფუსფუსებდა. მეუბნებიან, ბებიას დაემსგავსეო.

ყვავილებთან ურთიერთობა ჩემთვის სასიამოვნო პროცესია. შემიძლია მთელი დღე გავატარო მათთან. ხშირად მაძლევენ შენიშვნას, როცა ყვავილზე ვიტყვი ”მყავს”, მყავს კი, არა გაქვსო. მე კი ასე არ ვფიქრობ. ისინი ცოცხალი არსებები არიან, იზრდებიან, სუნთქავენ, გრძნობენ და აზროვნებაც კი შეუძლიათ. უამრავი მეცნიერული ცდა და კვლევაა ჩატარებული იმის დასამტკიცებლად, რომ მცენარე გონიერია. მაგალითად, სუკულენტს თუ ფოთოლს მოაწყვეტ, ჩარგავ ქოთანში, ჩაუსხამ წყალს და კარგად მოუვლი, დალპება, მაგრამ თუ მშრალ სილაზე დააგდებ და არც მორწყავ და დაივიწყებ, ის იბრძვის გადარჩენისთვის. იმისთვის, რომ არ გადაშენდეს, გვიტოვებს შვილს.

- როდის დაიწყეთ ამ ბაღის გაშენება?
- ბაღი ყოველთვის გვქონდა, ამიტომაც ბავშვობიდან მიყვარდა ყვავილები. ტრადიციაა, სამეგრელოში ყველა ოჯახს უნდა ჰქონდეს ლამაზი მინდორი და ბაღი. არ არსებობს ჩემთვის კარგი და ცუდი ყვავილი. ყველა ყვავილი მინდა, რომელიც არ მყავს და ვაგროვებ ბავშვობიდან. ზოგს ვყიდულობ, ზოგს ვცვლი, მჩუქნიან. ვყიდი კიდეც და სანაცვლოდ ახალს ვყიდულობ. ასევე ჩემი მეუღლე მიკეთებს სიურპრიზებს და საზღვარგარეთიდან მიწერს თესლებს.

თავიდან ჩვეულებრივი ბაღი იყო, მერე ნელ-ნელა შევიტანე ცვლილებები და დეკორაციები. გამოუსადეგარ და ძველ ნივთებს შევძინე ახალი სიცოცხლე და სხვა დანიშნულება გამოვუნახე. ბაღი გაფორმებული მაქვს კოკედამებით. ასევე მაქვს მინი-ბაღები, რომლის გაკეთებაშიც მეხმარება ჩემი შვილი და თამაშ-თამაშით ვაკეთებთ. მომწონს ბონსაები და დავიწყე მათი გაზრდა. ასევე ვამზადებ ქოთნებს და ვაფორმებ სხვადასხვა დიზაინით.

- რა ყვავილები ბინადრობენ თქვენს ბაღში?
- მაქვს როგორც ქოთნის, ისე ბაღის ყვავილები. ბეგონიები, ბალზამინები, სუკულენტები, კაქტუსები, გვიმრა, დეკემბერა, ცელოზია, პალმები, ბალბები, პელარგონიები, იები, პეტუნიები, დეკორატიული წიწაკები, დეკორატიული გოგრა, ალსტრომერია, გლადიოლუსი, ვარდები, ჯიჯლაყა, კალაკოლციკი, კლეომა, ლანთანა, სელი, ბამბა, გეორგინა, კანა, ვერბენა, კამელია, იასამანი, ლიბოცედრუსი, პასიფლორა, ლონიცერა, კლეომა, ჰიბისკუსები, დილის ვარდი, ტუხტი, მირაბილისი, ჰოსტა, კალა და კიდევ ბევრი ერთწლიანი და მრავალწლიანი ყვავილები.

- დღის განმავლობაში რა დროს უთმობთ მათ მოვლას? ალბათ მარტივი არ არის ამდენი მცენარის მოვლა...
- ლამაზი ბაღის პირველი წესია, აუცილებლად უნდა გიყვარდეს ყვავილები. სეზონს გააჩნია, არის დრო, მთელი დღე ბაღში რომ გიწევს ყოფნა. ბაღი სულ ფორმაში რომ იყოს, სულ უნდა დაათვალიერო, დაზიანებული ფოთლები და ტოტები უნდა მოშორდეს, უნდა დაათვალიერო, მავნებლები ან სხვა დაავადება ხომ არ შეეყარა და პრევენციის მიზნით შეწამლო. ნიადაგი უნდა გაანოყიერო, ყვავილები გასხლა და მისცე სასურველი ფორმა, უნდა მორწყა და დანამო. უნდა იცოდე რომელ ყვავილს, როგორი გარემო, პირობები უყვარს და იმის მიხედვით დარგო.

- მძიმე სამუშაოების შესრულებაც გიწევთ?
- დიახ, მიწევს დაბარვა, გათოხვნა, გამარგვლა. ჩვენთან ცუდი მიწაა, მჟავიანია და ხშირად მოითხოვს განოყიერებას, მაგრამ ეს შრომა სასიამოვნოა, როცა შედეგად სასურველ ბაღს ელი.

- ნიადაგს როგორ და რამდენ ხანში ერთხელ ანოყივრებთ?
- ნიადაგი, როგორც წეღან აღვნიშნე, ჩვენთან ცუდია და მიწევს ხშირად განოყიერება, გააჩნია ყვავილებს. აზალიებს და ჰორტენზიებს უყვართ მჟავიანი ნიადაგი, მაგრამ არის ყვავილები სადაც კირი შემაქვს, ასევე ნაკელი.

- შემოდგომაზე რა სამუშაოებია ჩასატარებელი ბაღში?
- შემოდგომაზე აუცილებლად უნდა მოშორდეს დაზიანებული და დამჭკნარი ფოთლები და ტოტები, რომლებიც იწვევენ დაავადებებს, ხდება მცენარეების გასხვლა, გადარგვა. ასევე არაჩვეულებრივი პერიოდია დასაკალმებლად.

- არის ეს თქვენი საოცნებო ბაღი?
- ეს არ არის ჩემი საოცნებო ბაღი, აქამდე ჯერ ბევრი რამ აკლია. ჯერჯერობით ზრდის ეტაპზე ვართ და ყოველ წელს ვიზრდებით. ჩემს საოცნებო ბაღში უნდა იყოს ყველა სახეობის ყვავილი და ბევრი ლამაზი დეკორაციები.


მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები